Google+

სიახლეები

28.08.2010
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების დეტალებს საქართველოს პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში ჩავიდა და მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების დეტალებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევის ადგილი მოინახულა და საქნახშირის მაღაროს თანამშრომლებს პირადად შეხვდა. პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, გარდაცვლილთა ოჯახებს თანაუგრძნო და მთავრობის წარმომადგენლებს საგანგებო დავალებები მისცა. ხელისუფლებას მან თითოეული დაზარალებულის იდენტიფიკაცია და მათთვის ფინანსური კომპენსაციის გამოყოფა დაავალა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მაღაროელების დაღუპვა დიდი ტრაგედიაა. ამიტომ, აუცილებელია მსგავსი ტიპის მაღაროებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა, მაღაროში ჩასვლის წინ კი, სპეციალისტებისთვის საგანგებო ინსტრუქტაჟის ჩატარება.

"როგორც ჩანს ინსტრუქტაჟი არ ტარდება. სავენტილაციო სისტემები გაკეთებულია, თუმცა, მიმდინარე წელს ეს აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. მარტში ოთხი ადამიანი დაგვეღუპა, ახლა - სამი. მსგავსი რამ ერთხელ რომ მოხდება, ეს შემთხვევითობაა, მაგრამ იმავე წელიწადში მეორე ასეთი შემთხვევა, უკვე პრობლემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დისციპლინა მორყეულია. ამდენი წელია ხალხს არ უმუშავია, ბევრი გამოცდილია, ბევრიც გამოუცდელი, ისიც კარგად მესმის, რომ ეს გმირული და, ამავდროულად, სარისკო პროფესიაა, ხალხი ამით ოჯახებს არჩენს, მაგრამ მაღაროში ყოველი ჩასვლის წინ, თითოეულ თანამშრომელს უსაფრთხოების წესები უნდა გამოვკითხოთ. ჩვენ, ქართველებს გვგონია, რომ ყველაფერი სხვათა შორის ხდება. ეს ასე არ არის. ქარხნის გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან მისი ფუნქცია პიკს აღწევს. მესმის, რომ უსაფრთხოების ზომები, პრინციპში, დაცულია, მაგრამ დისციპლინის გარეშე, არც ერთი ნორმა არ იმუშავებს. ამ პატარა, ჩვენთვის ძალიან საყვარელი ქალაქისთვის 7 ადამიანის დაღუპვა, უდიდესი დანაკარგია. მე დავავალებ მთავრობას, რომ აქ მუდმივად იყვნენ უსაფრთხოების ინსპექტორები, რათა მათ თქვენთან ერთად აკონროლონ უსაფრთხოების ნორმები. ეს დიდი საწარმოა და წესები მკაცრად უნდა იყოს დაცული. ასევე უნდა მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაცია, რათა გავიგოთ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს უსაფრთხოების მხრივ", - განაცხადა მაღაროელებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დაზარალებულთა მკურნალობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი სამკურნალოდ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა მიუღებლად მიაჩნია და ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ავადმყოფები, რომლებიც სწორედ ამ დაწესებულებაში გადაჰყავთ სამკურნალოდ, არსებულ პირობებში არ უნდა იყვნენ. პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა მინისტრს ალესანდრე კვიტაშვილს უკვე ელაპარაკა.

რაც შეეხება ტყიბულს და ამ საწარმოს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პირობებში,  მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"მომხდარი წარმოუდგენლად დიდი ტრაგედიაა. აქ იმდენად პატარა საზოგადოებაა, რომ ტყიბულისთვის შვიდი ადამიანი დაღუპვა, დიდ ქალაქში ერთ დღეში ასობით ადამიანის დაღუპვის ტოლფასია. განსაკუთრებით, გამოცდილ ხალხს მინდა გთხოვოთ, რომ ახალგაზრდებს მეტი ელაპარაკოთ უსაფრთხოების წესებზე. რაც შეეხება გარდაცვლილთა ოჯახებს, მათი წევრები უნდა დავასაქმოთ, მათ შვილებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სწავლაში, თუ ოჯახში ავადმყოფია, მკურნალობის ხარჯები უნდა დავფაროთ. მოკლედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ამ ისედაც გაუბედურებულმა ოჯახებმა, მარჩენალის დაკარგვის სიმძიმე არ იგრძნონ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის გუბერნატორს შეხვდა და ტექნიკური პროფესიების სპეციალისტთა დეფიციტზე ილაპარაკა. წელს სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარების სურვილი არც ერთ აბიტურიენტს არ ჰქონდა, რაც პრეზიდენტის თქმით, შეშფოთებას იწვევს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს, ამ მიმართულებით, სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვს.

"სამთო-საინჟინრო ფაკულტეტებზე წელს არც ერთმა აბიტურიენტმა არ ჩააბარა, რადგან ამ სისტემის პროფესიული სასწავლებლები არ არის. ამ სფეროში რეალური საქმეცაა და რეალური ხელფასებიც, სპეციალისტებს სანთლით ვეძებთ, ჩვენ კი, ქართველი ინჟინრების, ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და პროდუქციის შემქმნელების მომზადების ნაცვლად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ვამზადებთ. ჩვენ აქ შევქმნით ბაზას, თქვენ კი შეგვიკვეთეთ და სპეციალისტები მოგვიმზადეთ. ხალხი აზრზე უნდა მოვიდეს, რადგან მოდის აყოლა არაფერს გვარგებს - აქ არის საქმე, აქ არის ხელფასი და აქ არის მომავალი. ტექნიკური უნივერსიტეტი, პრაქტიკულად, ცარიელია, ხელფასები საინჟინრო დარგებში 2000-3000 ლარია, მაგრამ მაინც არავინ არ მოდის. ამდენი საერთაშორისო ურთიერთობის, საერთაშორისო სამართლისა და სამედიცინო სფეროს სპეციალისტი კი, ჩვენ არ გვჭირდება - ამ დარგების სპეციალისტების სრულად დასაქმება შეუძლებელია. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების, მართვის, ავტომატიზაციისა და ამ საქმის ინჟინრები, რომლებიც მაღალ ხელფასზე იმუშავებენ. სახელმწიფომ თუ არ თქვა რა დარგებს აფინანსებს, არაფერი არ გამოვა. ამიტომ, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებთ ხელს, ლიბერალური მიდგომით საქმე წინ არ წავა. ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფო პოლიტიკა და გვაქვს კიდეც - დავაფინანსებთ მხოლოდ იმას, რაც სახელმწიფოსა და ხალხს სჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)