Google+

სიახლეები

26.08.2010
მიხეილ სააკაშვილი სადამრიგებლო საათის პროგრამაში მონაწილე პედაგოგებს შეხვდა

 მოგესალმებით!

მადლობას მოგახსენებთ ამ შეხვედრისთვის;

გადავხედე სადამრიგებლო საათის პროგრამას. ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ალბათ ძალზე მნიშვნელოვანია სკოლებში დამრიგებლის ინსტიტუტის აღდგენა; 

კარგად იცით, რომ ბოლო რამდენიმე წელია დამრიგებლის ინსტიტუტი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. რეალურად საქართველოს სკოლებში დამრიგებლებს არც მატერიალური წახალისება და არც ავტორიტეტი მუშაობისთვია აღარ გააჩნდათ; ჩემს ბავშვობაში დამრიგებელი იყო დიდი ავტორიტეტი ბავშვებისთვის. ამის პირობები საქართველოში აღარ იყო. გადავხედე სადამრიგებლო საათის პროგრამას, საინტერესო საკითხებია,  მნიშვნელოვანია, თუკი ამ საკითხებს ბავშვები შეისწავლიან - საუბარია, ბუნების გაფრთხილებაზე , პირად ჰიგიენაზე, დროის ყადრზე და მის გაფრთხილებაზე.  წარმოდგენილია ოთხი კლასის პროგრამა, ეს ის ასაკია, როცა ბავშვი პიროვნებად  ყალიბდება. მეც  და თითოეულ თქვენგანს კარგად გვახსოვს, რაც გვასწავლეს პირველიდან მეოთხე კლასში. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი აღმოაჩენს სამყაროს, უნდა ახლის სწავლა, ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ვინ აღმოჩნდება მის გვერდით, ის განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.

მსურს ვისაუბრო განათლების სისტემაზე საქართველოში, ეს არის მთავარი თემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ ანუ  მშობლებს გვაწუხებს - თუ რამდენად კვალიფიციურ ცოდნას იღებენ ჩვენი შვილები სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და რამდენად გამოადგებათ ეს ცოდნა ცხოვრებაში.

ჩატარდა გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში, ჩვენ გავართულეთ გამოცდები, იცით დაემატა ერთი გამოცდა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა ვერ ჩააბარა გამოცდა. აღმოჩნდა, რომ  აბიტურიენტთა უმეტესობა ირჩევს ჰუმანიტარულ პროფესიებს.

მინდა გვესმოდეს, რომ ეხლა კი არ მოხდა გაუარესება, გასულ წლებთან შედარებით, პირიქით, ჩვენ გავართულეთ და მივუახლოვეთ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს თანამედროვე ბაზარს და თანამედროვე ეკონომიკას.

გუშინ ტელევიზიით ვიხილე სიმპატიური გოგო- ბიჭები როგორ იძლეოდნენ ინტერვიუებს, მინდა  მათ და მათ მშობლებს დავუსვა ასეთი კითხვა -რისთვის აბარებენ მათი შვილები უმაღლეს სასწავლებლებში?

თუ გოგონები აბარებენ იმისათვის, რომ კარგად გათხოვდნენ და დიპლომიანი სარძლოები იყვნენ, მაშინ თავიდანვე გამოუწეროთ დიპლომები, ვასწავლოთ ჭრა კერვა, საჭმელების კეთება, კარგი მანერები, საერთოდ არ არის მაშინ საჭირო უმაღლესი სასწავლებელი, რა საჭიროა მაშინ ფილოლოგიურზე, ან სხვა ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს  ეხება ბიჭებსაც.

ძველ დროში ბებია  და ბაბუა არჩენდა ახალგაზრდას მთელი ცხოვრება, ეს დრო დამთავრდა. ახლა ახალგაზრდების უმეტესობა თავად არჩენს მის ოჯახს, ბებიასაც და ბაბუასაც. თანამედროვე მსოფლიოს აქვს მოთხოვნები, პირველი ეს არის ტექნოლოგიების წინსვლა.

რატომ მიდის  ჩინეთი წინ ასე სწრაფად და რატომ გაუსწრო შედარებით სხვა ქვეყნებს. იმიტომ რომჩინეთის პოლიტბიურო შედგება ინჟინრებისგან. და მათ მშვენივრად გაიგეს, რომ ეს პროფესია ძალზე მნიშვნელოვანია.  

სად აბარებენ ჩვენი ბავშვები ყველაზე მეტად? - საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო  ურთიერთობები. ვინმემ ამიხასნას რატომ? მე მაქვს დამთავრებული ეს ფაკულტეტი, რა სისულელე უნდათ ამ ფაკულტეტზე. თუმცა ალბათ მეც მივეცი ამის მაგაალითი. მაგრამ მაშინ როცა მე ამ ფაკულტეტზე ვაბარებდი საქართველო იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა დღესაც გვჭირდება კვალიფიციური დიპლომატები, იურისტები, სამართლის სპეციალისტები, ვინაიდან ამხელა ბორცვს უმკლავდებით და საოცრებებს ვახდენთ საერთაშორისო არენაზე  ჩვენი შეზღუდული რესურსებით. წარმოიდგინეთ ამხელა რუსეთის აპარატი და ჩვენი პატარა სამინისტრო თავისი სპეციალისტებით, რომლებიც გმირულად იბრძვიან. მაგრამ ეს ხალხი გვჭირდება ცოტა, ეს ხალხი თანამედროვე მსოფლიოში ისე ვერასოდეს გაიკვლევენ გზას, როგორც კარგი მათემატიკოსები, ინფორმატიკოსები, ფიზოკოსები, ინჟინრები, არქიტექტორები, ერთი სიტყვით დამთავრდა ის დრო, როცა მეტროსადგურზე გამოკრული იყო აბრა "სტომატოლოგიისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი", ეს ნიშნავდა თუ კარგი იურისტი ვერც გამოხვალ, კბილის ამოღებას მაინც ისწავლი.  დაივიწყეთ  საერთაშორისო სამართალი, იურისპლუდენცია, ეკონომიკა, სრულიად მეორეხარისხოვანია დღევანდელ მოთხოვნებთან ეს პროფესიები. დღევანდელი მოთხოვნები სკოლის დონეზე ეს არის კომპიუტერი და უცხო ენა, უფრო ზემოთ, ეს არის კონკრეტული პროფესიის დაუფლება. კარგი იურისტი კარგია, გარწმუნებთ,  იმდენი უმუშევარი იურისტი დადის ამერიკასა და ევროპაში და სანთლით ეძებენ კარგ ინჟინრებს. ასე, რომ მინდა ეს საფრთხე კარგად გავათვიცნობიეროთ.

მომავალი წლიდან ყველა სახელმწიფო დაფინანსება წავა საბუნებისმეტყველო პროფესიებზე. ჩვენ არ გვჭირდება უმუშევრების ბრიგადების წარმოშობა საქართველოში, ჩვენ გვჭირდება განათლებული ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში  თავის ქვეყანაში იპოვნიან გასავალს.

ბოლო შვიდი წელია, რაც საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ყველა სტატისტიკა ამას ამბობს. ახალგაზრდებს გაუჩნდათ პერსპექტივა.

ჩვენ შემოგვაქვს კომპიუტერის აუცილებელი სწავლა, ჩამოვიყვანეთ 500 ინგლისურის სპეციალისტი,შემოგვაქვს კომპიუტერები, პირველ წელს შემოვიტანთ 3000 ცალს.

პირველ რიგში შევარჩიეთ ტურისტული ზონები,ღარიბ ოჯახში შეტანილი კომპიუტერი წარმოადგენს სერიოზულ ფასეულობას.

მასწავლებელთა სერთიფიცირება არ არის თვითმიზანი.წელს მოხდა მასწავლებელთა ზოგადი სერთიფიცირება,მომავალ წელს ამას დაემატება კომპიუტერი და ინგლისური.

წელს ვინც გავიდა გამოცდაზე, მინდა მათ მივესალმო, ვინც ჩააბარა და მათაც, ვინც ვერ ჩააბარა, ეს არ არის მათი ბრალი, ჩვენ მათ დავეხმარებით.

ყველამ ვინც ჩააბარა, მათ 75 ლარი თვეში ემატებათ ხელფასი. მომავალში მასწავლებლებს ინგლისურის და კომპიუტერის ელემენტარული ცოდნაც მოეთხოვებათ და არა ძირეული.

რუსეთი არის ავტორიტარული, ფეოდალური ჩამორჩენილი სახელმწიფო და ჩიხში შესული ქვეყანა. ამიტომ ჩვენი ინფორმაციის წყარო დღეს არის ინგლისური, ძალიან გამიხარდება, რომ ჩინურიც ვისწავლოთ.

 მეც ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობ. ვინც მინიმალურ დონეზე ისწავლის ინგლისურსა და კომპიუტერს, იმ პედაგოგს ავტომატურად კიდევ 75ლარი დაემატება, ანუ სულ დანამატი 150 ლარს შეადგენს.

ასევე დამრიგებელს 62ლარიდან  75ლარამდე დაემატება -გააჩნია სტაჟს ჩვენ ყველანაირად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს ხელფასი კიდევ გაიზარდოს.

ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. სწავლა ყველგან იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 15 ივლისს და არა ისე, თუ ვის როდის მოეხასიათებოდა,

რომელი სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს როდის უნდოდა დასასვენებლად წასვლა. ყველაფერი უნდა იყოს გასაგები ყველასთვის ვინ სად მიდის და ვინ რა პროდუქტს იღებს.

პირველ სექტემბერთან დაკავშირებით არის ნოსტალგია, მაგრამ პირველი სექტემბერი უკავშირდება საბჭოთა კავშირის ტემპერატურას, რადგან ჩვენ ვიყავით მისი შემადგენელი ნაწილი.

გადასახედია ზოგადი პროგრამა, რომელშიც ბევრი რამ იყო ფორმალურად შენარჩუნებული,მაგალითად ფიზკუტურის გაკვეთილები.

ეს გაკვეთილები იყო გაკვეთილებს შუა, იქ სადაც არ არის შხაპი და არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები ბავშვებს ვაჯენდით ფიზკულტურის შემდეგ სხვა გაკვეთილზე, ეს არის სადიზმი.

უნდა შემოვიღოთ სპორტის გაკვეთილები ყველა ნორმის დაცვით,თავისი ფორმის გამოცვლით თავისი შხაპის მიღებით და ჰიგიენის დაცვით.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი თაობა და ამისთვის გვჭირდება სპორტის განვითარებული ლიგები. ჩვენ გავაკეთეთ უამრავი სპორტის სასახლე,

ავაშენეთ ათასამდე ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ვაშენებთ საციგურაო მოედნებს, სათხილამურო ტრასებს.ეს არ უნდა იყოს ფუფუნება.

 მე და დიმიტრიმ ვილაპარაკეთ და ჩვენ შემოგვაქვს ქართული ცეკვის გაკვეთილები სკოლაში.რეალურად ფუფუნება გახდა ცეკვაზე ბავშვის შეყვანა, ელემენტარულად თავის ქორწილში მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა ცეკვა. მე ნამდვილად ვერ შევძელი და მრცხვენია. იმედია ახლა მაინც გავზრდით თაობას,რომელიც ამას შეძლებს.

უამრავი უმუშევარი ყოფილი მოცეკვავე არსებობს საქართველოში, რომელიც სიამოვნებით იმუშავებს. 2011წლიდან ეს საგანი ყველა სკოლაში შემოვა.

ვაძლიერებთ საბუნებისმეტყველო სწავლებას. გადავედით ორ სემესტრიან სწავლებაზე. ათასგვარი უბედურება დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა, კოლეჯების სისტემა არის გადასახედი და განსავითარებელი.

 ბავშვებს ემუქრებოდნენ, რომ თუ ცუდად ისწავლიან, მათ გააგზავნიან პროფტექნიკურ სასწავლებელში. სინამდვილეში ყველაზე უფრო წარმატებულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც პროფესია აირჩიეს და არჩენენ ოჯახებს. ისინი გონებაჩამორჩენილები არ არიან, ძალიან კარგად უყურებენ ცხოვრებას.

საავიაციო უნივერსიტეტში არის იურიდიული ფაკულტეტი. რა უნდა ამ ფაკულტეტს ამ ინსტიტუტში. არ არის საჭირო ამდენი უნივერსიტეტი საქართველოში.

თავის დროზე ჩავჩეხეთ, ახლა ისევ მომრავლდა,სარეველა ბალახივით არის. ჩვენ გვჭირდება ახალი უნივერსიტეტი და ვმუშაობთ ამაზე,

 სასურველია ის იყოს თბილისის გარეთ და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, ეს იქნება საშვილიშვილო საქმე. ის იქნება ორიენტირებული ტექნოლოგიებზე.

ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვქმნით პატარა ჯგუფს, რომელიც იმუშავებს ტექნოლოგიებზე. ათასგვარი სარეველა უნივერსიტეტები უნდა დამთავრდეს.

თუ ამ უნივერსიტეტს აქვს შენობა და ბაზა ასწავლოს ბავშვებს რაღაც პროფესია და არა საერთაშორისო სამართალი. რა აუცილებელია ბაკურციხეში იყოს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ იმ პროფესიებში, რომლებიც არ გვჭირდება წარმოვშობთ უცოდინარ კადრებს, თან წარმოვშობთ ილუზიას, რომ იმან კიდევ ამ პროფესიით უნდა იმუშაოს. ვფიქრობ, რევოლუციიდან  შვიდი წლისთავზე ამაზე ლაპარაკი არაღ უნდა მიხდებოდეს. ჩვენ ამას დავამთავრებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

ჩვენ გვჭირდება უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი. ჩვენ გვყავს უამრავი ჯარისკაცი და არ გვყავს ოფიცერთა კადრები;  ჩვენ გვჭირდება მშენებლის კადრები, რატომ უნდა გვჭირდებოდეს უცხოელი არქიტექტორების მოწვევა, როცა უამრავი ნიჭიერი ქართველი არსებობს, როგორც კი ცოტათი გავუხსენით გზა, უამრავ საინტერესო ნახაზს ქმნიან.   ამ ადამიანებს ფანტაზია, წარმოსახველობა და მიბაძვის უნარი აქვს, მაგრამ ნახაზები როგორ კეთდება არ იციან, მათთვის ეს არავის უსწავლებია. თუ არ ვასწავლით, ეს ნახაზი ისევ წავა უცხოელ კონსტრუქტორებთან, რომელსაც უხდით ორჯერ მეტს იმაში, რაც უნდა შექმნას ქართველმა.

მე გამოვხატავ ჩემს გულისთქმასა და ჩემს გულისწყრომას იმაზე , რაც ხდება. ეს საკითხები ძალიან მაღელვებს. განათლების სისტემაში, ისევე როგორც ყველა იმ სისტემაში, რომელიც განიცდის რეფორმირებას, ჩვენ გვქონდა მიღწევები და გვქონდა შეცდომებიც. შეცდომები ხშირად გვქონდა იმიტომ, რომ პროფესიონალებს არ უგდებდით ყურს. ამიტომ მინდა, რომ როცა სემინარებზე ყველა ერთად შეიკრიბებით, მინისტრი მზად იქნება დაგიგდოთ ყური იმისათვის, რომ ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ.  განათლების სამინისტროს დღეს ძალიან მაღალი დონის მინისტრი ყავს. სექტემბრიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ვქმნით ვირტუალურ ლაბორატორიებს, იმედია სასწავლო წლის ბოლოს ყველა სკოლაში იქნება კარგად აღჭურვილი ლაბორატორია. თანამედროვე ახალგაზრდა არის ძალიან მომთხოვნი, მას იმდენი ინფორმაცია მიდის სხვადასხვა ადგილიდან, რომ მას ისეთი მასწავლებელი ესაჭიროება, რომელიც მხად იქნება ყველა გამოწვევისთვის.  აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ბავშვი არ დადის სკოლაში, ტელევიზორს უყურებს, კომპიუტერთან არის მიმჯდარი, შესაბამისად მას მეტი მოთხოვნები აქვს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვი იმდენად გაიზარდა, რომ აქეთ შეიძლება აგვამაღლებინოს ჩვენი დონე, ეს გეხებათ თქვენ და მეც. ამომრჩეველი მეც მთხოვს მუდმივად, ჩათვალეთ, რომ თქვენი მოსწავლეები არიან თქვენი ამომრჩევლები, ყველა მათგანი მასწავლებელს თხოვს მუდმივად მეტს. ადრე პატარა დააკამაყოფილებდა მას და ეხლა ათჯერ მეტის მოსმენა ჭირდება. საქართველო უნდა გაძლიერდეს, გაძლიერების გზა და სიღარიბის დაძლევის გზა გადის განათლებაზე.

ყველა გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს ჩვენ ვაძლევთ უფასო სახელმძღვანელოს. სახელმძღვანელოებზე ფასების ხელოვნურად ცვლას, ხელი მოვუჭირეთ, ასევე საგამომცებლო ბიზნესს. ბუზღუნებენ, ჩემი საყვარელი გამოთქმაა -ცივი წყალი დალიონ. რაც მთავარია, სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ხელის მოთბობა ჩვენი ბავშვების ხარჯზე არ შეიძლება.

დღემდე მახსოვს ის,რაც  მეხუთე კლასში მსოფლიო ისტორიაში ვისწავლე. ასევე  სამოქალაქო თავდაცვაში, ერთადერთი რაც მასწავლეს -ატომური ბომბი რომ აფეთქდება, ცხვირსახოცი უნდა გაშალო და ცხვირი ჩარგო მიწაში. ეს არ არის ის, რაც ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს, მან უნდა იცოდეს გაცილებით მეტი, ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ ქვეყანას ბომბავდნენ, სერიოზული აგრესორი დგას ჩვენი საზღვრების შიგნით, ჩვენ უნდა შევქმნათ ტოტალური თავდაცვის სისტემა საქართველოს ყველა სოფელში.

ჩვენ პოლიციის განყოფილებებში იარაღი საკმარისზე მეტი გვაქვს საწყობებში იმისათვის, რომ ხალხს დავურიგოთ, მაგრამ ეს ყველაფერი სამოქალაქო თავდაცვის დონეზე უნდა იყოს მომზადებული.ესეც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ყველაფერი, რასაც ახალს გავიგებთ, უნდა დავნერგოთ. მასწავლებლებისთვის ახალ ინოვაციებზე დავაწესებთ ფულად პრემიებს. ყველაფერი რაც კი შევინარჩუნეთ, ეს არის თქვენი დამსახურება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამას ხელს არ უწყობდა, სახელმწიფო არ გვქონდა და სახწელმწიფო პოლიტიკა ცოტა უხერხული იყო იმასთან მიმართებაში, რაც ჩვენ გვქონდა. ბოლო რამდენიმე წელია ვატარებთ რეფორმებს, ყველაფრისთვის ვერ მოვიცალეთ, დავუშვით შეცდომებიც,  ეს ბუნებრივია, როცა ამხელა მანქანის ამოძრავებას იწყებ. ახლა ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, გვაქვს ზუსტი მიმართულებები, "ა" წერტილიდან "ბ" წერტილამდე სწავლით როგორ უნდა მივიდეთ, რა სახის ამოცანა აქვა საგანმანათლებლო სისტემას, ეს ყველაფერი ექვემდებარება კორექტირებას.

ვიწყებთ სერიოზულ გადამზადებას,ხდება მათი სერთიფიცირება,  ჩამოვიყვანეთ ინგლისური ენის მასწავლებლები, ლაბორატორიებს ვქმნით, სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ ტექნიკურ ცპეციალობებს, ყველა გაჭირვებულს ვურიგებთ წიგნებს. სიღარიბე არ უნდა იყოს ჩაკეტილი წრე ყველაზე სწორი გზა არის განათლება. წიგნები, კომპიუტერი, უცხო ენა,  წამოვა სხვა თაობა, საქართველოში აღარ იქნება სიღარიბე, ეს  მნიშვნელოვანია.

მინდა გისურვოთ წარმატება, თქვენს საქმეში!

ჩვენ კი, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში - საქართველოს მომავლის საქმეში ვისურვოთ წარმატება.

ჩვენ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და მექნება შესაძლებლობა მოვისმინო თქვენი გულისნადები და გასაჭირი.

დიდი მადლობა!       




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)