Google+

სიახლეები

21.08.2010
საქართველოს მენტალური რევოლუცია

ეკონომისტი

21 აგვისტო

შვიდი წელი გავიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ გრძელი გზა განვლო.

ფანტანები ცეკვავენ, ბავშვები თამაშობენ და ოჯახები სეირნობენ ბათუმის ხუთ მილზე გაშენებულ ზღვისპირა ბულვარზე, რომელიც პალმებით, ჰამაკებითა და სათამაშო მოედნებით არის გაწყობილი. სულ რაღაც ერთი დეკადის წინათ, აჭარა, საქართველოს გამოუცდელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, რომლის რეგიონალური დედაქალაქი არის ბათუმი, წარმოადგენდა ასლან აბაშიძის პირად ფეოდალურ სამფლობელოს. ასლან აბაშიძე უფრო ფლობდა ქვეყნის ამ მხარეს, ვიდრე განაგებდა მას. ის ქუჩაში არასოდეს გადიოდა დაქირავებული ბანდიტების მთელი ჯარის გარეშე და კეტავდა ქუჩებს, როდესაც მის ბიჭს მოესურვებოდა ლამბორჯინით სეირნობა. აჭარა მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს ბლოკპოსტებით და ეკონომიკაც იყო უმოქმედო.

დღეს კი, საქართველოს ეს უმშვენიერესი დასასვენებელი კურორტი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების გამოფენაა; არის პრეზენტაცია და რეკლამა იმ გარდაქმნისა, რომელიც შეიძლებოდა აფხაზეთს (სეპარატისტული რეგიონი საქართველოს ჩრდილოეთით) ჰქონოდა იმ შემთხვევაში, რუსეთს რომ მისი ანექსია არ მოეხდინა, რომელსაც ორი წლის წინათ რუსეთ-საქართველოს მცირეხნიანი ომი მოჰყვა. 

ისევე, როგორც ნებისმიერ რეკლამაში, ბათუმის შემთხვევაშიც სრული სურათი ერთდროულად არ ჩანს. ზღვის სანაპიროდან მოშორებით კარგად ჩანს სიდუხჭირის და დაუსაქმებლობის ნიშნები საქართველოში. მაგრამ ცვლილება ამ ადგილას მართლაც რომ რეალურია - არა მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, რესტორნებისა და კაზინოების გამო, რომლებიც სავსეა თურქი მოთამაშეებით, არამედ იმის გამო, თუ როგორ ხდება დღეს აჭარის ადმინისტრირება. 

აჭარის გუბერნატორმა, 38 წლის ლევან ვარშალომიძემ გაცილებით მეტი გააკეთა აჭარისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის. როდესაც ის ჯინსებში გამოწყობილი, მარტო, დაცვის გარეშე გამოდის სასეირნოდ ბათუმის ძველ ქალაქში, ადგილობრივები მიდიან მასთან და მადლობას უხდიან. ამას ისინი ძალდატანების გარეშე აკეთებენ. ბატონი ვარშალომიძე იმ ქართველების პლეადის წარმომადგენელია, რომლებიც  ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოჩნდნენ საქართველოში 2003 წელს. საქართველო დღეს არის ახალგაზრდა, პრაგმატული თაობის ხელში, რომელმაც გადააგდო საბჭოთა ხანის პერსონალური კულტები, პრივილეგიები და პარანოია.

ქართველი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი წერდა: "საბჭოთა ადამიანი არის დაუნახავი ცვლილებების, დეგრადაციისა და პროგრესული დეფორმაციის პროდუქტი, ამ ცვლილებების ჯაჭვის გარღვევა რთულია. ალბათ ეს ცვლილებები შეუქცევადია". არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ არის თავისუფალი საბჭოთა მემკვიდრეობისაგან, მაგრამ საქართველომ გაცილებით მეტი გააკეთა ამ ჯაჭვის გასაწყვეტად. 

გია ყანჩელი, 75 წლის ქართველი კომპოზიტორი ამბობს: "ძველად, ჩემი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები ცდილობდნენ არ ყოფილიყვნენ საბჭოურები, მაგრამ ახალი თაობა განსხვავებულია. ისინი კი არ ცდილობენ, ისინი უკვე თავისუფალი არიან ძველი ზეწოლისა და ტყუილებისაგან".

საქართველომ ბევრი გადაიტანა სტალინის დროინდელი რეპრესიების გამო. მაგრამ საბჭოთა პერიოდის ბოლო ხანებში მან ისწავლა ბრძოლა შესაბამისი წესებით და ეცადა ამ სისტემისაგან სარგებელი ენახა. ის გახდა საბჭოთა იმპერიის სათამაშო მოედანი, ღვინის, კულტურის და გართობის წყარო.  მას შემდეგ, რაც იმპერია დაიმსხვრა, საქართველო გადაიქცა ნახევრად განადგურებულ ქვეყნად - უფუნქციო და გაპარტახებული ბანდტიზმისა და ეთნიკური კონფლიქტების ნიადაგზე. 2003 წლისთვის ძალადობა უმეტესწილად შეწყდა, მაგრამ ქვეყანა კვლავ რჩებოდა სუსტ და კორუმპირებულ სახელმწიფოდ. 

დღეს საქართველომ თავისი თავი გადააქცია კავკასიის ვარსკვლავად. ის ნაკლებად კორუმპირებულია სხვა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მისმა ლიბერალიზებულმა ეკონომიკამ გაუძლო რუსეთის ემბარგოს. პოლიცია საქართველოში არ იღებს ქრთამს და ელექტრო ენერგია აქ ფუფუნებად აღარ ითვლება. და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს აღარ უკვირს ქვეყნის ასეთი წარმატება. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია კი მათ გონებაში ხდება. 

საქართველოს გარდასახვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან არასაბჭოურ ქვეყნად 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციასთან ერთად დაიწყო - მაშინ, როდესაც 36 წლის მიხელ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა 75 წლის ედუარდ შევარდნაძე გადააყენეს. ეს არ იყო დიქტატურიდან თავისუფლებაზე გადასვლა, რაც მოხდა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში. ბატონი შევადნაძე არ გახლდათ დიქტატორი და ზოგიერთი რეფორმატორი მისი პროტეჟეც კი იყო. ლევან რამიშვილი, ქართველი ექსპერტი, რომელიც ხელმძღვანელობს თავისუფლების ინსტიტუტს, ამბობს, რომ ეს თაობების და სოციალური გარდაქმნაა, რაც თითქმის კულტურული რევოლუციის ტოლფასი იყო. 

ეს დანამდვილებით იყო ელიტის შეცვლა. ახალი თაობის წარმომადგენლები, ისეთი, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, მუშაობდა და განათლებას იძენდა დასავლეთში.  სხვები მოღვაწეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათი უმეტესობა 40 წელზე ნაკლების იყო. ყველა იყო თავისუფალი საბჭოთა ბიუროკრატიული ბარგისაგან და დამუხტული იმ ენერგიით, რომ კვლავ დაიბრუნებდნენ თავიანთ ქვეყანას და ააშენებდნენ თანამედროვე სახელმწიფოს.

ამ რევოლუციის ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ არა ტრადიციულად მამოძრავებელი ძალის დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობა, არამედ პატარა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებნი, რომლებშიც ოჯხური სტრუქტურა და ინდივიდუალიზმი ბევრად ძლიერი იყო, ხოლო საბჭოთა წესები, ბევრად სუსტი. მმართველთა ახალ კლასი არ მიისწრაფვოდა ნებართვა აეღო თბილისის ინტელიგენციისგან, რომელიც უდიდეს ძალაუფლებას ფლობდა საბჭოთა პერიოდის ბოლო ხანაში. მიხეილ სააკაშვილისგან რევერანსების ნაკლებობით გაღიზიანებულები, ბევრი მათგანი დაუპირისპირდა მის კანონს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ახალი მმართველობა ამოქმედდა, მას დაურეკა ძალიან ცნობილი თეატრის დირექტორმა, რომელმაც სთხოვა გაეთავისუფლებინა მისი რამდენიმე მსახიობი, რომლებიც ჩხუბში მთვრალები დააპატიმრეს. ბატონმა მერაბიშვილმა უარი თქვა მათ გათავისუფლებაზე, რითაც დაარღვია განსაკუთრებული ურთიერთობა კულტურულ ელიტასა და სახელმწიფო მმართველებს შორის.  

რეფორმატორებმა ასევე უარი თქვეს იმ პოპულარულ ლეგენდაზე, რომელსაც ქართველთა განსაკუთრებულობა ერქვა, რომლის გამოც საქართველოს ინტელიგენცია და მათი ოპონენტი ნაციონალები იბრძოდნენ თავისუფლების მოპოვების ადრეულ ეტაპზე, (რომლის აღორძინებასაც კვლავ ცდილობს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი). დასავლეთში განათლებამიღებულმა ახალგაზრდა ლიდერებმა უარი თქვეს უგრძელეს სუფრებზე, რომლებიც გაჯერებული იყო სიმღერებით და სადღეგრძელოებით, რასაც სინამდვილეში უსაქმურობის ზეიმი ერქვა. მათ  მშრომელი, დინამიური, ევროპული ქვეყნის ისტორიის ალტერნატიული ისტორიის პროვოცირება მოახდინეს. ერთხელ, მიხელ სააკაშვილმა ასე აღწერა საქართველო - "შვეიცარია, სინგაპურის ელემენტებით". 

საქართველოს მოდერნიზირება იყო ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში სასტიკიც კი. გია სულხანიშვილი, ბიზნესმენი და წარსულში მერაბ მამარდაშვილის სტუდენტი ამბობს: "მთავრობამ აიღო ნაჯახი და საბჭოთა სისტემის გადმონაშთებს დაერია, დაამსხვრია ის მენტალიტეტი, სადაც ყვაოდა ნეპოტიზმი, თვალთმაქცობა და უსაქმურობა". ცვლილება უფრო მეტად არის თვალში მოსახვედრი, როდესაც საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს ვადარებთ, მათ შორის რუსეთსაც. "საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში იყო კანონები, მაგრამ იყო არაოფიციალური კანონებიც, რომლებიც ოფიციალურს სჯაბნიდა. ეს კანონები უმეტესწილად აღარ არსებობს", - ამბობს სულხანიშვილი. 

რეფორმატორებმა ერთ ღამეში აღმოფხვრეს 15 ათასიანი პოლიცია და შეცვალეს ის 2,300 კაციანი, ამერიკული მოდელის მქონე საგზაო პატრულით. ახალი წვევამდელები მოტივირებული იყვნენ არა მხოლოდ მაღალი ანაზღაურებით და ახალი მანქანებით, არამედ იმ ფაქტით, რომ მათი ახალი უფროსები არ იღებდნენ ქრთამს. დაითხოვეს ყველა მინისტრი, 30 ათასი ბიუროკრატი, მთავრობამ გაჭრა წითელი ლენტი, მოახდინა ყველაფრის პრივატიზირება -სასტუმროებით  დაწყებული და საავადმყოფოებით დამთავრებული. მიღებული  ფული კი, ახალი გზების მშენებლობას მოახმარა.

უმეტესად ლიბერალიზაცია დაიწყო ლიბერტალიანული ტემპერამენტის ბიზნესმაგნატის კახა ბენდუქიძის ინიციატივით, რომელმაც მისი ფორტუნა რუსეთში ააწყო იქამდე, ვიდრე ვლადიმერ პუტინმა ბიზნესზე ზეწოლა დაიწყო. ბენდუქიძე ამბობს, რომ საქართველო ისეთი გაღარიბებული ქვეყანა იყო, რომ მხოლოდ რადიკალური რეფორმებით თუ მოხერხდებოდა მისი ამ ჩიხიდან გამოყვანა. მაგრამ ის ასევე აცნობიერებდა, რომ ეკონომიკურ რეფორმას სჭირდებოდა კაცობრიობის მხარდაჭერა და ასევე საჭირო იყო განათლების ისეთი პროექტები, რომლებიც მოახდენდა ახალი ეროვნული ელიტის გენერირებას. 2007 წელს მან თბილისში დააარსა თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც ისწავლება სამართალი, ენები და ბიზნესი. თითოეული კურსდამთავრებული ვალდებულებას იღებს დააფინანსოს ახალი სტუდენტი, რითიც ქართულ საზოგადოებაში დებს ინვესტიციას. 

არის ეს ვირტუალური დემოკრატია? 

2003 წელს ენერგიულმა, ახალგაზრდა, ინგლისურად მოლაპარაკე მიხეილ სააკაშვილმა ძველი, საბჭოთა სტილის ნომენკლატურაში თვალსაჩინო ცვლილება მოახდინა. დღეს კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა წამოვიდა, იგივე მენტალიტეტის, ისეთივე ლიბერალური, პატრიოტული და დასავლური მენტალიტეტის მქონე, როგორიც მათი პრეზიდენტია. ისინი თავიანთ ქვეყანას აღიქვამენ არა როგორც მეწველ ძროხას, არამედ როგორც ძირითადი სამსახურის და უსაფრთხოების უზრუნველმყოფელს.

გადამწყვეტი მომენტი, როგორც ზოგიერთი მათგანი ამბობს, დადგა 2007 წლის ნოემბერში, როდესაც მიხელ სააკაშვილმა, იგრძნო რა, რომ ძალაუფლებას კარგავდა, პოლიცია გააგზავნა რუსთაველზე საპროტესტო აქციის ჩასახშობად და სატელევიზიო არხის დასახურად. მთავრობამ მაშინ თქვა, რომ ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავიდან აეცილებინა სახელმწიფო გადატრიალება. მაგრამ მათმა გადაწყვეტილებამ შოკი მოჰგვარა როგორც საქართველოს, ასევე მთელს მსოფლიოსაც. 

შორენა შავერდაშვილი, ამერიკული განათელბის მქონე, ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილი მაშინ ძალაუფლების შენარჩუნებაში უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე რეფორმების განხორციელებით. "ის ჯერ გაცივდა, შემდეგ კი ზურგი შეაქცია საქართველოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ტრანსფორმირების გაგრძელება". სააკაშვილის რამდენიმე ყოფილი მოკავშირე, დღეს მის ოპონენტად იქცა. 

ქაღალდზე ასეა - საქართველოს აქვს დემოკრატიის შესაბამისი ყველა ინსტიტუტი. სინამდვილეში, მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს რეალური ძალაუფლება. პარლამენტი, სადაც დომინანტი პარტია არის მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გახდა ოდნავ მეტი, ვიდრე რეზინის შტამპი. პოლიცია და სასამართლო ანგარიშვალდებულია პოლიტიკოსების წინაშე. ძირითადი გადაწყვეტილელების მიღებაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი ვიწრო წრე, რომელთა ძალაუფლებაც ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია და არ შეესაბამება მათ თანამდებობებს. დემოკრატიული პროცედურები ხშირად ეწირება მედროვეობას - კატასტროფულად ასეა, იმ შემთხვევაში როდესაც ორი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება თავს დასხმოდა სამხრეთ ოსეთს მძიმე საარტილერიო ცეცხლის გახსნით, რამაც რუსეთს მისცა საქართველოში შემოჭრის მიზეზი. 

ამ სიტუაციას ვერაფრით ვერ ეხმარება ვერც ოპოზიციის მრავალფეროვნება, რომელიც უფრო ხშირად ისე მოქმედებს, რომ ახდენს არა მთავრობის, არამედ საკუთარი თავის დისკრიმინაციას, რასაც ემატება სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეც. ჯერ კიდევ, როგორც ქალბატონი შავერდაშვილი ამბობს - "მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად არ გავძლიერდეთ". ბიზნესმენები ფრთხილობენ ოპოზიციის დაფინანსებას ან რეკლამის განთავსებას ანტისამთავრობო არხებზე. 

მიხეილ სააკაშვილი მოდერნისტი უფროა, ვიდრე დემოკრატი. ახლა საქართველოს იმისათვის, რომ მისი რეფორმები შეუქცევადი გახდეს, დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის გარდა, სჭირდება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ბატონი მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ბრძანების დონეზე ვერ მოხდება, ის უნდა გახდეს ტრადიციებით გამყარებული და აღიარებული მთელი ქართული საზოგადოების მიერ. ასე რომ, მას სწამს, რომ ახლა ყველაზე მეტად მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ მოახდინოს სამართლიანობის ადმინისტრირება. ეს არგუმენტი არის უფრო მეტად სახიფათო მისი დამაჯერებლობის გამო.   

ძალიან ბევრი პერსონალური ძალაუფლება არის კონცენტრირებული მიხელი სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის, მისი საპატიო შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში. ეს ბოროტისმომასწავებელია ისეთი ქვეყნისათვის, სადაც ძალაუფლება არ შეცვლილა მშვიდობიანად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი ძალაუფლებას პარლამენტში და პარლამენტის მიერ ნომინირებული პრემიერმინისტრის ხელში გადაიტანს, მაგრამ მიხელი სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ დისკუსია კონსტიტუციური რეფორმების თაობაზე შეზღუდულია. ისინი შიშობენ, რომ სააკაშივლი პუტინის მაგალითს მიჰყვება და 2013 წელს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დარჩება. თუკი ის ამას გააკეთებს, ის გარისკავს თავისი მემკვიდრეობის განადგურებას. 

მთელი ამ პროგრესის მიუხედავად, საქართველოს მომავალი მაინც მყიფეა. ომის შემედეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან მაინც არ არის ნორმალიზირებული. რუსეთის სამხედრო ძალების არსებობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. ასევე არსებობს რისკი, რომ ბატონი სააკაშვილი გამოიყენებს ამ საფრთხეს თავისი საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისათვის. ამ წლის დასაწყისში, სატელევიზიო არხმა, რომელსაც პრეზიდენტის მეგობარი აკონტროლებს, მოახდინა მოდელირებული გადაცემის ტრანსლაცია, სადაც ასახული იყო რუსეთის მიერ კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოზე. ამ გადაცემამ საქართველოს მოსახლეობაში დიდი პანიკა გამოიწვია. ამ ფილმმა, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციით, წინასწარ იყო შეთანხმებული მიხეილ სააკაშვილთან (თუმცა არხი ამ ინფორმაციას უარყოფს) და რომელსაც უნდა მოეხდინა საზოგადოების მობილიზაცია, პირიქით, გაამწარა ის. ეს გონებრივი დარტყმა, რომელიც საქართველოში მოხდა, ხელს შეუშლის ქვეყნის ვითარების შემობრუნებას.

25 ივნისს, პოლიციამ კორდონი შემოარტყა ცენტრალურ მოედანს გორში, სტალინის დაბადების ადგილს და შუაღამისას ჩამოაგდო ყოფილი დიქტატორის ძეგლი, რომელმაც გაუძლო საბჭოთა კავშირის ჩამოშლას და რუსების მიერ საქართველოს დაბომბვას 2008-ში. ამ ფაქტს ჯერ არც ზეიმი მოჰყოლია და არც პროტესტი, საქართველომ გზა გააგრძელა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)