Google+

სიახლეები

16.08.2010
საქართველოს პრეზიდეტმა მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან მიხაი გიმპუსთან ერთად ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა.  
ორი ქვეყნის მეთაურებმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრად მყოფი ქართველი, ბელარუსი და  მოლდაველი ბავშვები მოინახულეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან არიან.
მიხეილ სააკაშვილმა და მიხაი გიმპუმ ახალგაზრდებს სიტყვითაც მიმართეს და საქართველოს შესახებ მათი შთაბეჭდილებებიც მოისმინეს.
მოზარდებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ძველი კავშირების გაღრმავება და მეგობრობის განმტკიცება. პრეზიდენტის განცხადებით, სამყარო ფართოვდება და ადამიანი ახალ მეგობრებს იძენს, თუმცა ძველი კავშირები არ უნდა დაიკარგოს. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა მისი "არტეკში" ყოფნის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიოტთა ბანაკები პიონერთა ბანაკებისგან დიდად განსხვავდება და მათი შედარება მასში ღიმილს იწვევს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ ანაკლიის ბანაკთან ახლოს მავთულხლართებით აღმართულია კედელი, სადაც ტანკები დგანან. პრეზიდენტს  მიაჩნია, რომ ადამიანებს მავთულხლართები არ უნდა ჰყოფდნენ, ხოლო პლიაჟებს - კედლები.

"ერთხელ სადღაც მივფრინავდი და ერთ ჟურნალისტს ლეგოს პატარა სურათი ჰქონდა. მინდოდა ჩვენთან ასეთი ბანაკი ყოფილიყო. ასე რომ, პრეზიდენტებიც პატარა ბავშვები არიან, რომლებმაც არა მარტო საუბარი და დაპირებების მიცემა, არამედ რაღაცის შენებაც იციან და კეთებაც. მე მინდა ყველას მოგესალმოთ, მივესალმო ჩვენს სტუმრებს ბელარუსიდან და მოლდოვიდან. ჩვენ აქ გვყავდა ბავშვები სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მივესალმები ბელარუსის პრეზიდენტს, ჩვენს დიდ მეგობარს და მეზობელს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ბელორუსები, მოლდაველები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და ზოგადად, ყველა ერი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ვითარება, ახალი მეგობრები და ნაცნობები უნდა შევიძინოთ, თუმცა არ შეიძლება ძველი მეგობრების დავიწყება, რადგან მათთან ბევრი რამ გვაკავშირებს. თქვენ მთელი საქართველოს სტუმრები ხართ. დაახლოებით 2 კილომეტრში აღმართულია კედელი, რომლის მიღმა ტანკები და რაკეტები დგას. ამ კედლის მიღმა ასობით კილომეტრზე ხალხი არ არის, იქ იმ ხალხს არ უშვებენ, ვინც იქ უნდა ცხოვრობდეს. სულაც არ მინდა რომ ხასიათი გაგიფუჭოთ. მოლდოვა არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ ძალიან გვგავს. ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა, ერთნაირი ეკონომიკური ვითარება. 5 წლის წინათ საქართველოში თითქმის არაფერი არ იყო. სულ რამდენიმე წელია, რაც ეს ბანაკები აშენდა. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია ამის გვჯეროდეს. დარწმუნებული ვარ, მოლდოვა დღეს სწორედ ამ ეტაპზეა. ეს ძალიან კარგი ერია, მეგობრული, ნიჭიერი, თბილი, ასეთივეა ბელორუსი ხალხი. ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ. მართალია ჩვენი ტერიტორია სრულად დამოუკიდებელი არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს და მას ხელიდან არ გავუშვებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ყველას წარმატება უსურვა.

მიხაი გიმპუმ ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოლდოვას სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონის დახმარებისა და მოლდოველი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანისთვის.
"აქ ყოველთვის ცხოვრობდნენ ადამიანები, ვისთვისაც მეგობრობა წმიდათა წმინდა გრძნობაა. თქვენ თქვენი ქვეყნების მომავალი ლიდერები ხართ და უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს მეგობრობა. დედამიწა დიდია და ის ყველას ეყოფა. ჩვენ ღმერთმა ყველაზე მთავარი რამ მოგვცა, ეს არის თავისუფლება. სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, ვისაც თავისი მიწა ბევრი აქვს, მაგრამ სხვისი მიწის მიტაცება სურს. ეს არ უნდა გაიმეოროთ. უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება თავისუფლებაა", - აღნიშნა მიხაი გიმპუმ ახალგაზრდებთან საუბრისას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)