Google+

სიახლეები

26.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდა

ძალიან კარგია, რომ მოგისმინეთ და მინდა რამდენიმე საკითხზე მეც გესაუბროთ.

უწინარესად, მიხარია, რომ სამინისტრო ჩამოყალიბდა სრულფასოვან უწყებად.

სწორია, რომ ციხეები უნდა იყოს ცალკე გამოტანილი და პრობაცია პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელისუფლებო უწყებებს უნდა გაემიჯნოს, რათა პატიმრები ნეიტრალურ მდგომარეობაში იყვნენ. საპატიმროს შიგნით სახელმწიფოს მხრიდან არასწორი, არამართლზომიერი მანიპულირება არ ხდებოდეს. 

საპატიმროებში ორი მთავარი გამოწვევა გვქონდა. პირველი იყო ის, რომ საქართველოში დანაშაული ციხის შიგნიდან იმართებოდა. ძირითადი რაოდენობა ეგრეთწოდებული მანქანის "ვაზვრატების", ნაქურდალი ნივთების უკან მიყიდვის, გატაცებებისა და გამოსასყიდი თანხის მოთხოვნა ხდებოდა ციხეების შიგნიდან. ციხეებში იყო მობილური ტელეფონები, იყვნენ კანონიერი ქურდები, სხვა კრიმინალური ავტორიტეტები და ასევე ციხის თანამშრომლები, რომლებიც კრიმინალურ ქმედებებში აქტიურად იყვნენ ჩართული.

მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და უნდა ვაღიარო, რომ, სამწუხაროდ, ამ სისტემას მე ვერ შევცვლიდი. მაშინ ჩვენ ეს სისტემა შევავიწროვეთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული, ძალიან სუსტი იუსტიციის სამინისტრო ვერაფერს ვერ შეცვლიდა.

ჩვენ შევძელით ის, რომ ციხიდან დანაშაული აღარ იმართება. ეს დაგვიჯდა ძალიან დიდი შეტაკების ფასად.

მაშინ დავნიშნეთ ბაჩო ახალაია, რომელიც მაშინ 25-26 წლის გახლდათ. მან მაშინვე  მოახდინა კანონიერი ქურდების იზოლაცია, ისინი ცალკე საკნებში გადასვა, ეგრევე დაიწყო მობილური ტელეფონების ჩახშობა და დაიწყო გარედან ნარკოტიკების შეტანისა და ინფორმაციის გაცვლის შეჩერება. ჩვენ გაგვაფრთხილეს იმის თაობაზე, რომ იქნებოდა ბუნტი, მაგრამ ბაჩო ამას არ შეუშინდა. მართლაც მოხდა ბუნტი და მას ძალის გამოყენება მოუწია.

დღეს მეცინება როცა ბაჩო ახალაიას ემტერებიან, რადგან მას ზუსტად ის ხალხი ებრძვის, რომელიც აქტიურად არის დაკავშირებული კრიმინალთან. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, ვლაპარაკობ მარგინალიზებულ ნაწილზე (ყველა არჩევნებზე ჩანს, რომ მათ არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ), საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებს, აქტიურად არიან დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.

ჩვენ ეს ვიცით და ეს არ არის ჩვენი მხრივ სპეკულაცია.

ავსტრიის პოლიციამ გამოაქვეყნა დიდი ანგარიში, სადაც ნათლად არის ნაჩვენები, რომ საპროტესტო აქციებს თბილისში აფინანსებდა ქართული ორგანიზებული დანაშაული ავსტრიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ამ აქციების ესთეტიკა - საკნები, ქურდები, ტელევიზიით გამომსვლელთა ქურდული ჟარგონი.

საზოგადოების პატარა ნაწილი ყოველივე ამას წამოეგო და ამან აქტიურად გაიტაცა.

ჩვენ ამას შევხვდით ცივსისხლიანად, რადგან მე ვიცი კრიმინალები საბოლოო ჯამში არიან მშიშრები. კრიმინალების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური აქციები აუცილებლად ჩაფლავდებოდა და საზოგადოებას ვერავინ ვერ მოახვევდა თავს საკნების, გალიებისა და ქურდების ლოგიკას.

თუმცა ის, რომ ამას აფინანსებდა ქართული მაფია, მათ შორის, უცხოური ცენტრების დახმარებით, ეს დადასტურებულია ავსტრიის პოლიცის მიერ, ამაზე წერდა ევროპული პრესა. ვფიქრობ, უნდა რცხვენოდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამასთან ღიად იყვნენ ასოცირებული.

მიმაჩნია, რომ ამომრჩეველმა მათ ბოლო არჩევნებზე გამოუტანა ვერდიქტი და ასე იქნება მომავალშიც.

ჩვენ აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და თქვენ იცით, რომ ხათუნა კალმახელიძე 29 წლის იყო, როდესაც მინისტრად დაინიშნა. მანამდე მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაჩო ახალაიაზე უკვე მოგახსენეთ, რომ 26 წლის იყო თანამდებობაზე დანიშვნისას.

გიგი უგულავა 29 წლის იყო, როდესაც მერად დავნიშნე. მან ორ არჩევნებზე დაადასტურა საკუთარი ლეგიტიმურობა.

ჩვენ გვყავს რამდენიმე მინისტრი, რომელიც 30 წლამდე ასაკისაა.

ეს არის ზუსტად ის, რომ პოლიტიკაში მოდის ახალი თაობა, რომელსაც ისიც არ აქვს რაც ჩვენ გვქონდა - არც პიონერები ყოფილან, არც კომკავშირლები, მათ ზუსტად არც ის ახსოვთ ვინ იყო ვლადიმერ ლენინი. ისინი მომართული და ორიენტირებული არიან საქართველოს მომავალზე და არ არიან შებოჭილი სხვადასხვა სტერეოტიპებითა და დოქტრინებით. ამ დეპარტამენტში არის ხალხი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. მათ გადაწყვეტილებებზე ათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული. ამასთან, აქ 25-26-27 წლის ადამიანებსაც ვხედავ, ჩემი ხნის ხალხსაც და უფრო მოზრდილებსაც. თავისთავად გამოცდილებაც ბევრ რამედ ღირს, მათ შორის, შეცდომების გამოცდილებაც.

ნიკა გილაური ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე რამდენჯერმეა მინისტრად ნამუშევარი.

ამავდროულად, გამოცდილებასაც თავის ხიბლი აქვს. მაგალითად, როდესაც ციხეების სისტემა ჩავიბარე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შევარდნაძემ იქ იმისათვის გამაგზავნა, რომ კისერი წამემტვრია. მაშინ პარლამენტში ყველა, ვინც რეფორმატორებს ვერ იტანდა, გზას მილოცავდა: წადი კისერი წაიტეხეო.

მაშინდელი გამოცდილებით ვიცი, რომ შეუძლებელ ამოცანასაც უნდა შეეჭიდოს ახალგაზრდა. გამოცდილება ერთგვარი მუხრუჭებისა და კომპლექსების შემცველიცაა. 

ამიტომ, როდესაც ვიღაც წამოგაძახებთ თქვენს ახალგაზრდობას, იცოდეთ, რომ ამას  უბრალოდ ბოღმა ადამიანები აკეთებენ. ისინი ფრუსტრირებული არიან საკუთარი წარუმატებლობით და თქვენს წარმატებაში ხედავენ საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს. საქართველოში შესაძლებლობა ყველა ადამიანს საკუთარი ნიჭის შრომისუნარიანობისა და დამსახურების მიხედვით ეძლევა.

აქ ხართ ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობთ, თუმცა შესაბამისადაც მოგეთხოვებათ. ვინც არ გაამართლებს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ვემშვიდობებით. იცით, რომ ჩემს ყველაზე ახლო მეგობრებს დავმშვიდობებივარ სახელმწიფო აპარატებში, ზოგიერთ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეც აღგვიძრავს. მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ სახელმწიფო, ჩვენი პრინციპები და ფასეულობები არის მთავარი.

ამას ეფუძნება მეორე, ის, რაც ციხეების სისტემაში არის მნიშვნელოვანი - სოციალური დაცვის საშუალება, რასაც თქვენ აკეთებთ. დაზარალებული არიან არა მხოლოდ ის ოჯახები რომელთაც ზიანი მიადგათ, არამედ  ის ოჯახებიც, საიდანაც ეს დამნაშავეები წარმოდგებიან. ის, რომ თქვენ პრაქტიკულად ამ ოჯახებს მოაშორეთ მათი შენახვის ტვირთი და ეს სახელმწიფომ იტვირთა, ძალზე მნიშვნელოვანია.

ხუთი მილიონი იხარჯება მარტო პატიმართა მკურნალობაზე, მაშინ, როდესაც ჩემი მინისტრობის დროს, ხუთი მილიონი მთელი ციხეების ბიუჯეტი იყო. ვიცი, რომ არც ეს არის საკმარისი, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, ბევრად მეტია.

ის, რომ არ შედის ე.წ. პერედაჩები ციხეში, ეს მნიშვნელოვანია.  კვება, პრაქტიკულად, ისეთვეა, როგორც ჯარში. შესაძლოა, არც იყოს სამართლიანი, რომ ჯარისკაცი და დამნაშავე, რომელმაც ზარალი მიაყენა მოქალაქეებს, ან კაცი მოკლა ერთნაირად იკვებებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, სამართლიანია, რათა პატიმართა ოჯახები არ დაიჩაგრონ. ისედაც დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიდანაც ეს პატიმრები არიან, ეს ტვირთი არ უნდა დააწვეთ.

ჩვენ ორი მთავარი პრობლემა მოვხსენით, დანაშაული აღარ იმართება ციხეების შიგნიდან და მეორე, ციხეებში პატიმრებს აღარ ინახავენ ჩვენი მოქალაქეები.

ეს ორი მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომელიც თქვენი დამსახურებით მოხდა.

მესამე, რასაც უნდა მივაღწიოთ, არის ჰუმანიზაცია ციხეში. ის, ვინც არ უნდა იყოს ან შეიძლება არ იყოს ციხეში, აუცილებლად უნდა ავაცილოთ მას. ციხე განათლების ცენტრი და აღზრდის ინსტიტუტი არ არის.

ციხეების პოპულარიზაცია გაიზარდა სამნახევარჯერ, ეს არ არის კარგი. მაგრამ, ამავე დროს, დანაშაული სწორედ ამდენჯერ შემცირდა.

ამგვარად ჩვენი ლოზუნგი - ნულოვანი ტოლერანტობა მცირე დანაშაულს - ამართლებს. ეს ლოზუნგი არ მოსწონს ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომელთა კავშირი საერთაშორისო მაფიასთან უკვე კარგად არის დადასტურებული, მეორე ნაწილი, ვიზეც არის ეს გათვილილი, არის მთლიანობაში ქართული საზოგადოება.

დღეს დედები შვილებს მშვიდად უშვებენ ეზოში სათამაშოდ, სადაც ავტოფარეხების  ნაცვლად, განათლებული ეზოები და სათამაშო მოედნებია. შეგვიძლია მანქანები არ დავკეტოთ და წყნარად ვიყოთ, რადგან არავინ აღარ დაშლის მას ნაწილებად. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც საჯარო ღონისძიებაზე ვუშვებთ ჩვენი ოჯახის წევრს. აღარც ბაზრობებზეა იმდენად ქურდობა და ძარცვა-გლეჯვა. ჯიბგირები ნაკლებია ქუჩაში... ეს იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი უცებ გამოსწორდა.  ეს  იმის წყალობით მოხდა, რომ არსებობს თქვენი სამინისტრო, არსებობს პროკურატურა,  სასამართლოები და მთელი ის კონტიგენტი, რომელიც ადრე ჯიბიდან გაცლიდათ საფულეს, მოსაკლავად ან გასაუპატიურებლად დასდევდა თქვენს შვილს და მუშტრის თვალით უყურებდა თქვენს ახალ მანქანას, იმყოფება იმ დაწესებულებაში, რომელსაც თქვენ მართავთ.

ყოველივე ამას აქვს თვისობრივი კავშირი. საქართველოში დანაშაულის დონე არის რამდენჯერმე დაბალი, ვიდრე ვიდრე რუსეთში და უკრაინაში.

ევროკავშირის ბოლო გამოკვლევით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დანაშაულის მქონე ქვეყანა ევროპის მასშტაბით. ამას მივაღწიეთ ციხეების პოპულარიზაციით, ამ სფეროში თანხის ჩადებით.

მე ბევრად უფრო მეტად მსიამოვნებს, როდესაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ საავადმყოფოების, სკოლების, უნივერსიტეტების, გზების, შადრევნების მშენებლობაზე, მაგრამ, ახალი ციხეები არის ასაშენებელი. ამიტომ ახალი ციხე, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ლაითურში იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რასაც ჩვენს დიდ მიღწევად მივიჩნევ.

ბოლო პერიოდში, პრემიერ-მინისტრთან  ერთად, დავდივარ უწყებებში. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენს თანამშრომლებს ჩავხედოთ თვალებში, ვნახოთ მათი კომპეტენტურობის და მოტივაციის დონე და მიხარია, რომ ბევრ უწყებაში, რა თქმა უნდა არის გამონაკლისები,  ჩვენი სამოქალაქო სამსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

ხელფასები, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი უნდა გქონდეთ, ვიდრე გაქვთ, სახელმწიფოს მხრიდან წახალისებაც უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ჯერ ვცხოვრობთ საკმაოდ პრობლემურ ეკონომიკურ გარემოში.

მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ საქართველოში პენსია ჯერ კიდევ მიზერულია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი, რაც, ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, ძალზე მაღალი მაჩვენებელია.

გავითვალისწინოთ ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, დიდი ნაწილი დასაქმებულია მაგრამ თვლის, რომ არ არის რეალიზებული, რაც არანაკლებ დიდი პრობლემაა.

უმუშევრობა არ არის 40 პროცენტზე მეტი, მაგრამ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40 პროცენტი ამბობს, რომ ისინი არ არიან დასაქმებული განათლებისა და პროფესიის მიხედვით.

მე მესმის ამ ადამიანების, მაგრამ შრომის ბაზარი ძალიან მოქნილია და ადამიანის მთავარი ღირსებაა ის, როდესაც ოჯახს თავისი შემოსავლით არჩენს.

ეს არის მთავარი რამ, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და ადამიანს უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა სამსახურში. 

რასაც თქვენ აკეთებთ, თუნდაც ის, რომ პრობაციონერებს შემდგომი დასაქმების მიზნით, საშუალებას აძლევთ აითვისონ პროფესიები, რათა შრომის ბაზარს მოერგონ. ყოველივე ეს ახალ ეკონომიკურ მოდელზეა მორგებულია და ამისთვის დიდად მადლობელი ვარ თქვენი.

საბოლოოდ, ეს ხალხი ბრუნდება საზოგადოებაში. საზოგადოებისთვის ისინი არ უნდა იყვნენ საშიში.

ძალიან მიხარია, რომ 7 პროცენტამდე  შემცირდა მათ მიერ ხელახლა ჩადენილი დანაშაული. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც შეგვეძლო წარმოგვედგინა. ადრე ასეთი იყო პირობითად გათავისუფლებულთა ნახევარზე მეტი.

მივესალმები მინისტრის ინიციატივას, რომ შეწყალების წინ შემოწმება გაიარონ სამინისტროში. ადრე ჩაწყობის ინსტიტუტი მძლავრად იყო ფეხმოკიდებული. თქვენზე უკეთესად მართლა არავინ არ იცის, ვინ იმსახურებს შეწყალებას ან დროზე ადრე გათავისუფლებას. საიდანაც არ უნდა მოვიდეს სია, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ესა თუ ის პატიმარი ამას არ იმსახურებს, შეწყალება არ უნდა მოხდეს.

ამ მხრივ, სისტემა გვაქვს გადასაწყობი. 

სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე  მთელი რიგი სამსახურების დეკრიმინალიზაცია და სხვა სახით ზემოქმედება  ძალზე მნიშვნელოვანია. სასჯელის შემცირება მისასალმებელია, რადგან, როდესაც ვლაპარაკობთ შეკრებით სასჯელზე და რამდენიმე ათეული წელი გამოდის, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ჩვენ მთლად ამერიკის სისტემაზე ვერ გადავალთ. ევროპულ სისტემას უნდა დავუახლოვდეთ, რადგან ევროპული მოდელი უფრო ლიბერალურია, მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა პრინციპულობის გამოჩენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე ამის უკან საზოგადოება და მისი ინტერესები დგას.  

მსურს დიდი მადლობა ვუთხრა ხათუნა კალმახელიძეს იმისთვის, რაც მან მოახერხა. სხვათა შორის, ბევრი იყო საკამათო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის წინ. დაგვენიშნა ადამიანი, რომელიც, მთელი ცხოვრება საზღვარგარეთ იყო და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოასწრო აქ მუშობა დიდ რისკს შეიცავდა; რამდენიმე უცხოური დიპლომის მიუხედავად,  სამუშაო გამოცდილება მას, პრაქტიკულად, არ ჰქონდა. სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის გამოცდილება, პრაქტიკულად, არც ჰქონია და ჩვენი მეგობარი პროკურორები ამის გამო ყოყმანობდნენ კიდეც, მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ გარედან მოსული ადამიანი ამ სისტემას უფრო კარგად მოერგებოდა. ის სწორედ იმას ამჩნევს, რასაც ტრადიციული პროფესიონალები ვეღარც ამჩნევენ-ხოლმე. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხათუნა ქალბატონია, რადგან ჰუმანიზმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სისტემისთვის.

მინდა გთხოვოთ, რომ ასე გააგრძელოთ მუშაობა.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შეგიწყოთ. ვიცი, რომ ამ ეტაპზე ბევრი პრობლემაა, მაგრამ იმაზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა სამი-ოთხი წლის წინათ, მაშინ, როდესაც სერიოზული რეფორმა დავიწყეთ.

პირველმა ბაჩო ახალაიამ დაამყარა წესრიგი ამ სისტემაში და ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს ეს ყველაფერი კიდევ უფრო განმტკიცდა და გამყარდა.

საკადრო პოლიტიკაში ჩვენ ვიღებთ სარისკო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ასეთ საქმეში გარკვეული რისკი საჭიროა, რადგან ჩვენი სახელმწიფო თითქმის შეუძლებელ ამოცანებს ეჭიდება. ეს ყველამ კარგად ვიცით. 

მე სიამოვნებით გადავცემ თქვენს დამსახურებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოებს.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)