Google+

სიახლეები

18.07.2010
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბათუმში იმყოფება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. საქართველოსა და  აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მოლაპარაკების ძირითადი საკითხები ორმხრივი ურთიერთობა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იყო. ლაპარაკი შეეხო ტურიზმის განვითარების თემასაც. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად  იზრდება.

გაიმართა გაფართოებული შეხვედრაც, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა - გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სატრანზიტო დერეფნის თაობაზე იმუშავებს. ლაპარაკია, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შუააზიიდან და ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. მოლაპარაკებების დროს ყურადღება ასევე გაამახვილეს ყარსი-თბილისი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალისა და იმ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც თბილისიდან რუსთავის გავლით ბაქოს ავტობანს დაუკავშირდება.

"ჩვენ ვისაუბრეთ მუდმივმოქმედი ჯგუფის შექნის თაობაზე, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის საკითხს განავითარებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩინეთიდან და შუა აზიიდან მკვეთრად იზრდება ტვირთბრუნვა ევროპის მიმართულებით. კონკურენციის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გვქონდეს ზუსტი კოორდინაცია, რათა შემოსავლის ზრდა ჩვენს ეკონომიკაში, ხალხის დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა ერთობლივი მოქმედებებით უზრუნველვყოთ. ეს უზარმაზარი პროექტებია, ისევე როგორც, იმ რკინიგზის მშენებლობა, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე "ტრანსსიბირ"-ის მაგისტრალი და ბევრი სხვა რკინიგზა ევროპაში; ბაქოდან ბათუმამდე შენდება ავტობანი, 2012 წელს აზერბაიჯანის გზის დიდი, 4-ხაზიანი ნაწილი მოვა ჩვენს საზღვრამდე. თბილისიდანაც აზერბაიჯანის საზღვრამდე მივა ასევე 4-ხაზიანი ამაგისტრალი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსთავი ხდება თბილისის გარეუბანი. იქ ჩასვლა 7-8 წუთში გახდება შესაძლებელი, ხოლო აზერბაიჯანის საზღვრამდე მხოლოდ 20 წუთი იქნება საჭირო. ბაქოსთვის ეს იქნება მაგისტრალი, რომლის მეშვეობით, ბათუმის გავლით, დაუკავშირდება სტამბულს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოში განხორციელებული თუ ამჟამად მიმდინარე არქიტექტურული პროექტების ფოტოგამოფენაც დაათვალიერებინა.  აზერბაიჯანის ლიდერმა ორი წლის წინანდელი ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბათუმი საგრძნობლად გალამაზდა. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა განახლებულ ბათუმში გაასეირნა.

ბათუმის ღირსშესანიშნაობები პრეზიდენტების მეუღლეებმაც დაათვალიერეს - მეჰრიბან ალიევას საქართველოს პირველ ქალბატონი სანდრა ელისაბეტ რულოვსი მასპინძლობდა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)