Google+

სიახლეები

15.07.2010
მიხეილ სააკაშვილმა და ბერნარ კუშნერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ამ ბრიფინგზე ცნობილი გახდა ოფიციალური პარიზის მთავარი გზავნილები რუსეთის მიმართ. ბერნარ კუშნერმა იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე ისაუბრა, რომელთა ინიციატორიც ორი წლის წინათ საფრანგეთი იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  საქართველოსთვის საფრანგეთის პრინციპული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბერნარ კუშნერმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ეს ქართული რეგიონებია და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. სწორედ ამ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მოიწონეს საფრანგეთის მიერ ინიცირებული ეს შეთანხმება, დღემდე რჩება პუნქტები, რომლებიც არ სრულდება. მე განვაგრძობ ამ საკითხზე მუშაობას. რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დაიკავონ პირვანდელი მდგომარეობა. ამ საკითხში თითოეული ჩვენგანი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ცდილობდეს წინსვლას. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტს მივაღწიოთ ჟენევის ფორმატში. ამას ვაკეთებთ ცალკეც, ამ მოლაპარაკებების მიღმა. რუსეთის ხალისუფლებამ აღიარა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მათ მხოლოდ ორმა ქვეყანამ მიბაძა. ამ კონტექსტში აუციელებლია განვაგრძოთ ზემოქმედება, რათა რუსეთმა 6 პუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს. მე შემიძლია ვთქვა სიტყვა "ოკუპაცია", მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი გავიდნენ ამ ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, შემიძლია გამოვიყენო სიტყვა "ოკუპაცია", მაგრამ არ მიმაჩნია, რომ საქმის ამგვარად დარეგულირება შესაძებელია ", - განაცხადა საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, ტერმინებზე ყურადღება მიხეილ სააკაშვილმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც, მორალური თვალსაზრისით.

"რუსეთის ჯარი არის აქ და მათ ჩვენს მიწაზე ფეხი მოიკიდეს. საქართველოში მათ ეთნიკური წმენდა განახორციელეს. რა ქვია ამ საქციელს? ამას აფხაზეთის სანაპიროზე სამხედრო ტურიზმს ვერ დავარქმევთ. მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმს არ აძლევს ცალკე კოდს, ამას რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მათ განაცხადეს, რომ ისინი ტურისტებს სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოიყვანენ, ანუ ბილეთები, რომლებსაც რუს ტურისტებს მისცემენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნება გაცემული. ამიტომ არის ეს ტერმინები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი. ამას მორალური დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებული გახდნენ საკუთარი სახლების დაეტოვებინათ. ჩვენ გახსნილი ვართ და მივესალმებით რუს ტურისტებს, ბევრი მათგანი აჭარაშიც არის ჩამოსული, მაგრამ ამ განსაზღვრებას და განმარტებას ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც კუშნერმა განაცხადა, საფრანგეთი 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მთავარი გარანტორია, ამიტომაც ოფიციალური პარიზი ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზემოქმედებას მომავალშიც განაგრძობს. ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებასთან ერთად, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისას საფრანგეთი საქართველოს მთავარი ლობისტი იქნება.  

"წინააღმდეგობების მიუხედავად, მიზანს უნდა მივაღწიოთ. რუსეთი არ გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში 27 წევრია და 600 მილიონი ადამიანი. სარკოზის იდეა - შეიქმნას ახალი ზონა, რომელიც იქნება ევროკავშირის გარშემო, კარგია. უდავოა, რომ ჩვენ გვინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ამიტომ მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი. უნდა დავივიწყოთ ომი და ადამიანების განადგურება. ჩვენ მოხარული ვართ და ვეხმარებით საქართველოს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში", - აღნიშნა ბერნარ კუშნერმა.

"აღმოსავლეთის პარტნიორობა ჩვენთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებაა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირთან დაახლოების გზით. ლაპარაკი იმაზე, გავხდეთ თუ არა ევროკავშირის წევრი, ნაადრევია - თავად არ ვიცით როგორი იქნება ევროკავშირი რამდენიმე ათწლეულის, ან თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შევქმნათ კონკრეტული სტრუქტურა.  დსთ, პრაქტიკულად, დემორალიზებულია და არ მუშაობს.  ძალიან მინდა რომ მოგვიხსნან ღვინის ემბარგო. მაგალითად, მოლდოვას მოუხსნეს ემბარგო, მაგრამ როგორც კი მისმა პრეზიდენტმა არასასურველი რამ თქვა, ისევ დაუწესეს. ასე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც და ამით ვერაფერს ვერ მივიღებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

15 ივლისს ბერნარ კუშნერმა ოფიციალური მოლაპარაკებების ნაწილი დაასრულა და თბილისი დატოვა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)