ქობულეთში მსოფლიო ბანკის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5-6 წელიწადში საქართველო დუბაისა და სინგაპურის მსგავსი ქვეყანა უნდა გახდეს.
”ძალიან მნიშვნელოვანია რომ მსოფლიო ბანკმა პირველად დაიწყო ლაპარაკი ფართოდ საქართველოს ფენომენზე. ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ჩამოწერილი იყო, ხოლო ორი წლის წინათ არეულობას, სრულ ეკონომიკურ კოლაფსსა და სამოქალაქო დაპირისპირებას უწინასწარმეტყველებდნენ, გადარჩა და ძალზე დინამიურად ვითარდება. ახლახან დუბაიში ვიყავი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ თუ საქართველოს განვითარება ასე გაგრძელდება, დუბაის 5-7 წელიწადში დავეწევით. ერთი მხრივ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიღარიბე და გაჭირვება ჯერ კიდევ არის, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უიმედობაც შეიმჩნევა, მაგრამ მეორე მხრივ, უკრაინული ჟურნალში კორესპონდენტი ქართულ სასწაულზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ქართული რევოლუცია და ქართველი ახალგაზრდობა გადაქცევს საქართველოს სინგაპურისა და ჰონ-კონგის მსგავს ქვეყნად. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს მათ მიერ გამოხატული აღფრთოვანებაა საქართველოს მიმართ. ამას წინათ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ილაპარაკა, რომ ის უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ბევრი რამ ისწავლოს ჩვენი გამოცდილებიდან და რეფორმებიდან. ბოლო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 66 პროცენტი მიიღო. ჩემთვის მთავარი ინდიკატორი იყო ის, რომ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდობის 80 პროცენტზე მეტი უპირობოდ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ე.ი. ჩვენი რეფორმების კურსს. ჩვენ მხარს გვიჭერს ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილიც. ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს იმედი, რომელიც ამ რეფორმებიდან გამოსჭვივის. უდავოა, რომ ეს იყო დიდი სოციალური დაპირისპირება და ჩვენ არასდროს არ გამოვკიდებივართ პოპულარობას. პოპულარობა ვალუტას ჰგავს - მოიპოვებ, შემდეგ ხარჯავ რეფორმებში, რომლებიც მოგიტანს შედეგს და შემდეგი არჩევნებისთვის გაძლევს დივიდენდს. თუ არ აგირჩევენ, განხორციელებული რეფორმების შედეგების შეუქცევადობა მაინც უნდა უზრუნველყო. მინდა გითხრათ, რომ ეს სოციალური ტრანსფორმაცია ყველას შეეხო. არის ხალხი, რომლებსაც არ მოვწონვართ და რომლებსაც პრინციპულად არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, რომელიც ალბათ ყველაზე სწრაფად დაემსგავსება დუბაისა და სინგაპურს. ჩვენ გამოცემული გვაქვს ბროშურები, რომლებშიც ასახულია ბათუმში დაგეგმილი და მიმდინარე მშენებლობები, მაგრამ მას შემდეგ დავამტკიცეთ 40 სართულიანი, ნამდვილი არქიტექტურული სასწაულის პროექტი; ასევე მას შემდეგ დავამტკიცეთ ანძის პროექტი, რომელიც წლის დამლევს გაიხსნება. თუმცა არის ხალხი, რომელიც საკუთარი მდგომარეობისა და შესაძლებლობების მიუხედავად, მუდმივად უკმაყოფილოა. მაგალითად, შარშან ბათუმის ერთ-ერთ კაფეში ვისხედით. გვერდით ისხდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბათუმი არ მოსწონდათ და დასასვენებლად ნიცასა და სარდინიას სტუმრობდნენ. მათ მკითხეს: რატომ ხარჯავთ ფულს ამდენ სისულელეზე, როცა ხალხი მშიერიაო. თავად არც მშივრები იყვნენ, კარგი მანქანებითაც დადიოდნენ და საუკეთესო უცხოურ კურორებზეც ისვენებდნენ. დავინტერესდი კერძოდ რას ითხოვდნენ ისინი მთავრობისგან. ცოტა იყოყმანეს და ერთ-ერთმა მითხრა: იმაზე რას გვეტყვით, ღირსება რომ წაგვართვითო. ეს არის ხალხი, რომელმაც თავად არ იცის რა არის მისი უკმაყოფილების მიზეზი. არის კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და კორუფციის გზით შოულობდა ფულს და იმ პერიოდის დაბრუნებს სურს. განათლებული ხალხი მხარს უჭერს ჩვენს რეფორმებს. მაგალითად, იყო საქსტანდარტის უფროსი და მხოლოდ იმიტომ, რომ იყო თანამდებობის პირი სხვადასხვა ბიზნესის წილებს იღებდა. მათ ბინებიც დარჩათ, მიწებიც, ფულიც და მაინც ძველი კორუმპირებული ცხოვრება უნდათ. ეს ხალხი, ახალ ცხოვრებას ვერ მოერგო, მაგრამ ასეთი უმცირესობის უმცირესობაა. ამ ხალხში, ვინც ყველაზე საზრიანი იყო, მიხვდა, რომ უნდა ისწავლოს ახალი ცხოვრება და გაითავისოს თამაშის ახალი წესები, რაც განათლებას, ნიჭს, უნარს და პროფესიონალიზმს ემყარება. ჩვენი რეფორმების შემდგომი ეტაპი, განათლების მოდერნიზებული სისტემის შექმნა და საზოგადოების მოდერნიზაციაა განათლების მეშვეობით. დიდად დავაფასებთ, თუ განათლების სფეროს რეფორმირების საქმეში მსოფლიო ბანკი მხარში ამოგვიდგება, რადგან, საბოლოოდ, განათლებამ, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, უნდა ამოგვიყვანოს ამ სიღარიბიდან. დღეს გამოვაცხადეთ სწავლული აგრონომების ახალი პროგრამა, რომლის საშუალებით სოფელი უნდა გამოვიყვანოთ სიდუხჭირიდან. ასევე პირველი კლასიდან უნდა დაეუფლონ ბავშვები კომპიუტერს, პირველი კლასიდან უნდა ვასწავლოთ მათ უცხო ენა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ემსახურება ხალხს - ხალხი უნდა იყოს კმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.