Google+

სიახლეები

12.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კუსდამთავრებულებს შეხვდა

უწინარესად, მინდა მოგესალმოთ.

ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი თქვენს სკოლაში. მიხარია, რომ მიუხედავად ეკონომიკური სიძნელეებისა ეს სკოლა გარემონტდა.

ამ სკოლის არსის მნიშვნელობისა და განსაკუთრებულობის გადამეტებულად შეფასება შეუძლებელია.

ეს არის სკოლა, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ემზადებიან იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის  მართვაში, იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და ამ ქვეყნით უნდა ამაყობდნენ ამ ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანლები, სომხები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, უკრაინელები, რუსები და ამავე დროს, მზად იყვნენ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს აღმშენებლობაში, იბრძოლონ და თავი გაწირონ საქართველოს კეთილდღეობისთვის.

საბჭოთა კავშირი ისე გვმართავდა, რომ სხვადასხვა ჯგუფად გვყოფდა. თბილისში მყოფებს უფლებას აძლევდნენ დაეჩაგრათ ეთნიკური სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი და აფხაზი, მაგრამ აფხაზეთში აფხაზებს შეეძლოთ შეევიწროვებინათ სომხები, ბერძნები, ქართველები, უკრაინელები... აი, ცხინვალში მცხოვრებთ შეეძლოთ კომპენსირება სხვა ეთნოსის წარმომადგენლების დაჩაგვრის ხარჯზე მოეხდინათ.   

სწორედ ეს „ნაღმები" აგვიფეთქდა ხელში, რაც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა.

კარგად მახსოვს 1989 წელს, როდესაც პირველად წამოიჭრა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხი, მოსკოვში ვიყავი მშვიდობის კომიტეტში დისკუსიაზე როგორც საბჭოთა კავშირის გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი.

მაშინ პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებდით, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა ნიშნავდა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, სვანეთის, იმერეთისა და სამეგრელოს დამოუკიდებლობას. ის ამბობდა: „თქვენ გგონიათ, რომ შეძლებთ აზერბაიჯანელებისა და სომხების ერთმანეთზე თავდასხმის თავიდან აცილებას?"  

თქვენ ხედავთ, რა ხდება დღეს ყირგიზეთში. ეს სცენარი ჩვენთვის უცხო არ არის, რადგან 1991-92 წლებში იგივე განვითარდა საქართველოშიც. როგორი ცუდი ქვეყანაც არ უნდა ყოფილიყო რუსეთი განვითარების თვალსაზრისით, როგორი ჩამორჩენილი, კორუმპირებული და არაორგანიზებულიც არ უნდა ყოფილიყო, ყველა საბჭოთა რესპუბლიკა იყო მოჯადოებულ წრეში, როგორც ბორბალში მოტრიალე ციყვი, რომელიც მუდამ ბრუნდება საწყის პოზიციაზე.

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ გვეშველებოდა, უცხოელებს კი ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ თვითონ მოგვივლიდნენ.

ზუსტად ამ არჩევანს გვაძლევდა ჩვენ ვლადიმერ პუტინი. მე ვინ დამასწრებდა, რომელი ჩვენი კოლაბორაციონისტი და ღალატის ინსტიქტით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ვერც ერთ ჩვენგანთან ქვეყნის სიყვარულისა და პატრიოტიზმის თვალსაზრისით ახლოს ვერ მოვა, წასვლასა და მოლაპარაკებას, თუ რაიმე კარგს მივიღებდით ქვეყნისთვის.

მე უარი ვთქვი ამერჩია ცუდსა და უარესს შორის. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს უკეთესად, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სხვანაირი. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ და ამას ერთად მივაღწიეთ.

არასდროს დაგვავიწყდება, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ფრონტზე თავი გაწირა უამრავმა აზერბაიჯანელმა. მათი გვარები უამრავ დავთარში და მათ შორის, გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული.

არასდროს დაგვავიწყდება, როდესაც რუსული ტანკები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯავახეთში გაიჯლიგინებდნენ, მათ წინ ახალქალაქის ომონი გადაუდგა.

მათ უთხრეს, რომ ისინი ქართველი სომხები იყვნენ. ამ ქალაქში დამალული იყო ჩვენი არტილერია. ყველამ იცოდა სად იყო შენახული იარაღი, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ დაურეკავს და ამის შესახებ არ უთქვამს.

როდესაც რუსები ახალგორში შევიდნენ, ამ სოფლიდან ჯართან და პოლიციასთან ერთად პირველები ეთნიკური ოსები გამოვიდნენ.

საქართველო უკვე შედგა და ეს ვერ უპატიებია ჩვენთვის ამ ქვეყანას. მათ სწორედ ეს სურს - მოაწყონ არეულობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის და შემდეგ ვთხოვოთ მათ შემოვიდნენ წესრიგის დასამყარებლად.  

ვინ იყო ზურაბ ჟვანია და რატომ ატარებს ეს სკოლა მის სახელს?

ზურაბ ჟვანია იყო ძალიან საინტერესო ფენომენი ქართულ პოლიტიკაში. დღეს საქართველო არის ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც პოლიტიკური კლასი მთლიანად გამოიცვალა და კომუნისტური ნომენკლატურიდან არც ერთი თანამდებობის პირი არ გვყავს. ეს განგვასხვავებს ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნისა და ბევრი სხვა ქვეყნისგან.  

სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველომ ბევრი გამოწვევის დაძლევა შეძლო.

1992 წელს საქართველოში გადატრიალება მოხდა, მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა ძველი კომუნისტური ელიტა.

ყოფილი რაიკომის მდივნები ისევ გამგებლის კაბინეტში დასხდნენ.

არც მილიციის უფროსები შეცვლილან. სახელმწიფო კანცელარიაშიც დარჩა ყველა საკუთარ თანამდებობაზე - მხოლოდ აბრები შეიცვალა კაბინეტების კარებებზე...

ეს იყო ხალხი, რომელიც მიიჩნევდა, რომ კარგი დრო დადგა - რადგან რუსეთიდან არავინ ჩავიდოდა და შეამოწმებდა იპარავდნენ თუ არა ფულს. დანარჩენი, რასაც მოსკოვიდან გვეტყოდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა.

მე 1995 წელს ჩამოვედი, ეს იყო დრო, როდესაც ყველა გაბოდა საქართველოდან.  დღს პრეზიდენტის ფონდიდან რამდენიმე ასეული სტუდენტი გავუშვით სასწავლებლად და 4-5 კაცის გარდა ყველა დაბრუნდა უკან. ამ დღეებში პარიზში ვიყავი, საიდანაც რამდენიმე საინტერესო და კვალიფიციური კადრი ბრუნდება.

მაშინ ყველა გარბოდა საქართველოდან.

1995 წელს სიტუაციის დასაზვერად ჩამოვედი, ნიუ-იორკში მქონდა კარგი იურიდიული პრაქტიკა და იქ რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, მულტიმილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე გული აქეთ მომიწევდა.

მახსოვს, მივედი ერთი ცნობილი პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე დასაზვერად, სადაც ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც კი ტელევიზიით მყავდა ნანახი, საკუთარი თავის მნიშვნელობის წარმოჩენით იყო დაკავებული. ყველა უსმენდა საკუთარ ხმას და არ  აინტერესებდა სხვა რას ლაპარაკობდა - საკუთრი თავის გარდა ვერავის ამჩნევდნენ.  

შემიძლია წარმოვიდგინო, რომ საქართველო 1918-1921 წლებში ასეთი იყო, სწორედ ამიტომ დაგვემხო თავზე ყველაფერი. ეს რომ დარჩენილიყო ჩვენს პოლიტიკურ კლასად, შეიძლება საერთოდ არ ვყოფილიყავით, ან ვიქნებოდით იქ, სადაც არის სხვა ჩვენი წარსულის მქონე ბევრი ქვეყანა.

შემდეგ მოქალაქეთა კავშირის პარტიის ყრილობაზე დამპატიჟა გია ბარამიძემ, რომელიც ჩემი მეგობარი იყო -  1992 წელს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე.

თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ვიცოდი, რომ ამ პარტიაში იყო ავთანდილ მარგიანი, ლევან მამალაძე და ბევრი სხვა.

თუმცა, გიას გარდა, იქ რამდენიმე საინტერესო ადამიანიც შემხვდა. იქ იყო დავით ტყეშელაშვილი, ასევე სხვა ბევრი ახალგარზდა, რომელიც დღეს აღარ არის პოლიტიკაში - ზოგი მეცნიერებაში წავიდა და ზოგმა ბიზნესი წამოიწყო. ასევე იქ იყო ზურაბ ჟვანია.

გეგონებოდა, რომ ყველანი მარტო მე მელოდნენ. ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ უნდოდათ მეც მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. მივხვდი, რომ ეს იყო გუნდი, რომელთან ერთადაც შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება; ეს იყო გუნდი, სადაც ეთნიკურობას, რელიგიურ მრწამსს, წარმოშობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმას როგორი იყავი და როგორ მუშაობდი.

მას შემდეგ ეს არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მნიშვნელოვანია მუდმივი განახლება. ყველაფერი ეფუძნება ადამიანის ნიჭიერებას, მნიშვნელობა არ აქვს სად დაიბადა ის - ვაკის ცენტრში თუ სოფელ უდეში, მარნეულში თუ ახალქალაქში.

მას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ყველა გზა და შესაძლებლობა უნდა გაეხსნას წარმატების მისაღწევად.

სწორედ ასეთები ხართ თქვენ.

მე ძალიან ვამაყობ იმით და მადლობელი ვარ, რომ ყველა ბოლო არჩევნებზე ეთნიკურ  უმცირესობათა წარმომადგენლები აქტიურობენ სამთავრობო კურსის მხარდასაჭერად.

ეს არ არის ერთი პარტიის მხარდაჭერა, ეს არის რეფორმებისა და ახალი ქართული საზოგადოებრივი კონცეფციის მხარდაჭერა.

ჩვენ ყველა ერთიანი ვართ და ყველა ერთად ვქმნით საქართველოს. თუ ვინმეს სომეხი ეზიზღება, ვიქნები სომეხი, აზერბაიჯანელი არ უყვარს? ვიქნები აზერბაიჯანელი! ებრაელი თუ არ ეყვარება ვინმეს, მისთვის გავხდები ებრაელი. მაგრამ ყველაზე დიდი ქართველი პატრიოტი ვიქნები. მოკლედ, ვიქნები მუსულმანი ქართველიც, კათოლიკეც,სომეხი გრიგორიანელი, ებრაელიც და ქრისტიანიც...

საქართველოს დიდი მეფე დავით აღმაშენებელი ერთ დღეს დადიოდა მეჩეთში, მეორე დღეს მიდიოდა სინაგოგაში, ხოლო მესამედღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ ჩვენს სამშობლოს.

ჩვენი ქვეყანა დღეს დგას ძალიან დიდი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე. შევძელით შეგვექმნა ის, რაც არის ჩვენ გარშემო. მრავალი ასწლეულის განმავლობაში პირველად შევქმენით თანამედროვე სახელმწიფო კავკასიის ტერიტორიაზე.

სახელმწიფოებრიობას დაცვა და გადარჩენა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავრჩეთ. თუკი ვიქნებით ყველაზე წარმატებული, აუცილებლად გადავრჩებით. საქართველო არის უნიკალურ მდგომარეობაში - ჩვენ ან ძლიან სწრაფად წავალთ წინ, ან სახელმწიფოდ ვერ დავრჩებით.

საქართველოს გადარჩენისათვის კი განათლება არის გადამწყვეტი დაწყებული 5 წლის  ბავშვებიდან. წელს სკოლაში ვიღებთ ხუთი წლის ბავშებს. ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან მიიღებს კომპიუტერს უფასოდ.

მომავალ წელს 130 ათასი პირველკლასელი გვეყოლება და ამდენივე ოჯახში დამატებით შევა კომპიუტერი.

ეს უკვე სხვა მენტალიტეტი და სხვა ფსიქოლოგიაა.

ასევე ამ წლის განმავლობაში ჩამოგვყავს 2 ათასამდე უცხოელი პედაგოგი, რათა მათ ინგლისური ასწავლონ ჩვენს ბავშვებს.  

ამაში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ გარღვევას, რადგან ადამიანი ყველა ასაკში სწავლობს. მეც მუდმივად მაქვს მოთხოვნა ვისწავლო და გავიგო ახალი, ასეთივე მოთხოვნა აქვს დედაჩემს, ასეთივე მოთხოვნა აქვს ბებიაჩემს. ადამიანი მანამ არის ახალგაზრდა, სანამ არ დაუკარგავს სწავლისა და განვითარების სურვილი. ეს არ არის დამოკიდებული წლებზე. მე მინახავს ნაადრევად დაბერებული ძალიან ახალგაზრდა და ნორჩი ადამიანი.

ჩვენი ამოცანა არის პოლიტიკური სისტემის განვითარება.

ჩვენი ხალხი - მრავალეთნიკური ქართული საზოგადოება ძალიან ბრძენია. აქ სხედხართ ქართველი სომხები და ქართველი აზერბაიჯანელები მიუხედავად დაძაბულობისა ამ ორ ქვეყანას შორის. ეს თავისთავად ტრაგედიაა, რადგან კავკასია უნდა იყოს ერთიანი.

ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ერთმანეთზე ვიყოთ გადაკიდებული. ხალხი ყველგან ერთნაირია, ყველგან უნდათ მშვიდობა, განვითარება და უკეთესი მომავალი საკუთარი შვილებისათვის.

საქართველოში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სომხები და მათ შორის არ მომხდარა არც ერთი სერიოზული კონფლიქტი ან შეტაკება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რამ.

მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, შევარდნაძის მთავრობა ზოგჯერ ტელევიზიით აცხადებდა, თითქოს მე სომეხი ვარ. შემდეგ პროკლამაციები გაავრცელეს ახალქალაქში - დედა ჰყავს პროზერბაიჯანელი თურქიო.

მამალაძის ტელევიზიაში გაკეთებული კლიპები იმის თაობაზე, რომ მე ვარ სომეხი, რომლებიც განკუთვნილი იყო აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის, წავიღეთ ახალქალაქში და მათთვის განკუთვნილი პროკლამაციები დედაჩემის პროაზერბაიჯანული თურქობის შესახებ, წავიღეთ მარნეულში.

მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს როგორ გადაემტერებინათ ეს ორი რეგიონი...

სამწუხაროა, მაგრამ ასე იმართებოდა ეს ქვეყანა.

მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეთნიკური უმცირესობების მგრძნობიარობა. ჩემი ოსი ნაცნობი სკოლის მასწავლებელი მიყვებოდა, როგორ ავიდა ავტობუსში ერთი ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არაქართველებს ვერ იტანდა.

ასეთი დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ დარჩა წარსულში.

ჩვენ ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პირველად,  პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს არჩევნების შედეგები.  

 ჰოი, საოცრებავ! ამ არჩევნებზე სხვანაირად მოხდა, წინასწარ გამოაცხადეს გაყალბდებაო, მაგრამ რომ არჩევნების შემდეგ თქვეს, არ გაყალბდაო.

ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიები გავიდნენ ხალხში და  მიხვდნენ, რომ ხალხს მათი ინტრიგები არ აინტერესებს.

ისინი მიხვდნენ, რომ რაც უფრო დაძაბავენ სიტუაციას, მათთვის უფრო ცუდი იქნება; მიხვდნენ, რომ ჩვენმა ხალხმა, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, გაზარდა პოლიტიკური სპექტრი.

ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩავალ პუტინს თვალს ჩავუკრავ, წითელ მოედანზე ვიტირებ იმ ჯარისკაცების დანახვისას, რომლებიც ჩვენს 500 ათას მოქალაქეს, მათ შორის უამრავ სომეხს, აზერბაიჯანელს, უკრაინელს, ესტონელს არ უშვებენ საკუთარ სახლებში. ჩვენმა ხალხმა მიიღო დიდი გამოცდილება და კარგად იცის რა არის ღალატი და რა -პატრიოტიზმი. ხალხს ვერც გააცურებ და ვერც მოატყუებ.

ახლა დამთავრდა არჩევნები და მთავარი დებატები მიდის იმაზე, თუ რა მოხდება 2013 წელს, წავა თუ არა სააკაშვილი.

ჩვენ არასდროს არ ვიქნებით რომელიღაც ბანტუსტანი, სადაც კონსტიტუცია და კანონები მორგებულია კონკრეტულ ადამიანებზე.

კონსტიტუციური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, იქნება დემოკრატიული, ყველაზე ევროპული და გახსნილი მოდელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მაქსიმალურ რაოდენობას მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში.

ჩვენ გადავიტანეთ ეკონომიკური ემბარგო და გავძლიერდით; გადავიტანეთ არჩევნები, რომელიც აღიარეს ყველაზე დემოკრატიულად პოსტსაბჭოთა სივრცეში; ზოგიერთებს სურთ, რომ არჩევნებიდან მესამე დღესვე ავწიოთ მუხტი, და ვთქვათ, რომ 2013 წელს ყველაფერი იქნება ცუდად.

პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

რა თქმა უნდა, გამოჩნდება ბევრი ახალი ლიდერი, საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ეყოლება მაქსიმალურად წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესებს და სწორედ ქართველი ხალხის კონტროლის ქვეშ იქნება.

მე ვისურვებდი, რომ რეფორმატორთა გუნდმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა, რათა ეს რეფორმები შეუქცევადი იყოს. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, ჩემი თავი ან რომელიმე ჩემი მეგობარი შევინარჩუნო პოლიტიკაში, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს რეფორმები.

საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს კანონიერი ქურდი; არასდროს უნდა წამოაძახონ ვინმეს, რომ ის ოსია ან სომეხი; ქრთამი აღარ უნდა აიღონ სახელმწიფო სამსახურში; პოლიციელი ჯოხით აღარ იდგას ქუჩებში.

ერთხელ ბათუმში ვხსნიდით ქარხანას, შემდეგ მე და ვარშალომიძე მანქანით მოვდიოდით, მომხვდა თვალში, რომ მილიციელი იდგა გაის ფორმით, ტრასაზე გამოვიდა და ჯოხი დაგვიქნია. აღვშფოთდი. ლევანმა მითხრა, რომ ეს ადგილობრივი ფსიქიკურად დაავადებული იყო და ასე თამაშობდა.

მაშინ მთელი ქვეყანა ასე ფსიქიკურად დაავადებული იყო.

მახსოვს, როცა შევარდნაძეს ვეხვეწებოდი, რომ პატრულები მოეხსნა მარნეულის გზიდან, რომლებიც გლეხებს ბოლო კართოფილსა და ცოცხებს ართმევდნენ. ამის არ სჯეროდათ, მაგრამ ბოლოს ვიდეოკამერით გადავიღე მსგავსი ფაქტები.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა და არა პიროვნებებისა და პერსონალიების, არამედ ამის შენარჩუნებაა ჩვენი ამოცანა.

ეს იქნება იმ პოლიტიკური რეფორმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად გავატარებთ.

ეს ქვეყანა ყველას ერთად გვეკუთვნის, თითოეული ჩვენგანი იქნება მაგრად, როდესაც ქვეყანა იქნება მაგრად.

ამას ყველა ერთად მივაღწევთ.

მინდა გისურვოთ წარმატება, თქვენ ძალიან კარგ და რთულ საქმეს მოკიდეთ ხელი.

ხშირად ვეუბნები ხოლმე პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსიაზე მოსულ ბავშვებს, რომ ისინი მომავალი პრეზიდენტები და პრემიერები არიან, მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან.  თქვენ კი რეალური შანსი გაქვთ, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები მალე გახდეთ.  

ასეთია საქართველო.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)