Google+

სიახლეები

20.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰარვარდში კენედის პოლიტიკურ სკოლაში მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლის მთავარი თემა საქართველო და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო და მას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზედასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ დარბაზში მოსახვედრად, ლატარია გათამაშდა. გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, აგვისტოს ომზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყნის სწრაფვას ნატოსკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მან პოლონეთის პრეზიდენტიც გაიხსენა და მისი, როგორც გმირის, დამსახურებების შესახებ ილაპარაკა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"2008 წლის აგვისტოში ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დიპლომატიის განადგურებას შეეცადნენ, თუმცა ჩვენი განვითარების პროცესი ისეთი ძლიერია, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია. ჩვენ ხანგრძლივ პროცესზე ვლაპარაკობთ, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. ვიმედოვნებ, რომ უცხო ქვეყნის ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრით ხელს აღარ შეგვიშლის. ჩვენი ხალხი აღარ დაუბრუნდება კორუფციას, ავტორიტარიზმსა და ნიჰილიზმს. ისინი მერიტოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს მიეჩვივნენ. დღეს ეს ჩვენი მთავარი წარმატებაა. წარმატება, რომელიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველა ქუჩაზე, ყველა გაკვეთილზე, უნივერსიტეტსა თუ სკოლაში, პოლიციაში, არმიის დანაყოფებში, ქვეყნის ყველა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტში. ჩვენ მოვახდინეთ საქართველოში იმის დემონსტრირება, რომ მთავრობის არჩევა არ არის დაყვანილი არაპროგნოზირებადი ვითარების ან ქაოსის მდგომარეობამდე. ჩვენს მხარეში შესაძლებელია ნორმალური, დემოკრატიული ღია საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც მოქალაქეები დაცული არიან და აქვთ მომავალი. ისინი თავად განაგებენ საკუთარ ცხოვრებას და არა ავტორიტარი ლიდერები და უშიშროების სამსახურები. ჩვენ კვლავ საცდელ პერიოდში ვიმყოფებით იმ ზემოქმედების ფონზე, რომელსაც კრემლი ჩვენს ერზე ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პოსტსაბჭოთა მთავრობას არ უღიარებია საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია. დემოკრატიის მშენებლობა ჩვენი მეკავშირეებისა და მეგობრების მუდმივ ჩართულობას მოითხოვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჰარვარდში გამოსვლისას სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. შეკითხვები ძირითადად ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, საქართველოს მიმართ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას შეეხო.

"მე ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღე პრეზიდენტ ობამასგან არა მხოლოდ ბირთვული სამიტის დროს - ჩვენ მანამდეც რამდენჯერმე გვქონდა საუბარი. ბევრი ძლიერი მხარდამჭერი განცხადება მოვისმინეთ შეერთებული შტატების მხრიდან. ამ ქვეყანასთან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომლის სისრულეში მოყვანაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ურთიერთობის ყველა დონეზე დაგვიჭირა მხარი. ჩვენ არასდროს გვყოლია ამდენი მეგობარი, არ გვქონია ამდენი სამუშაო შეხვედრა. დროთა განმავლობაში ხალხმა გაიგო საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. თუმცა ეს იმის გამოც მოხდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან კარგი ლიდერია. იგი სწრაფად რეაგირებს მოვლენებზე. მჯერა ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობების.

ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ საკმაოდ გარკვევით განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია უკანონოა. მათ არავინ აღიარებს, რამდენიმე სახელმწიფოს ბანდიტური დიქტატორის გარდა, როგორიცაა ჩავესი და ნიკარაგუას ლიდერი. ამ ცვლილებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. ისტორიული ანალოგების თვალსაზრისით, შეიძლება ვიფიქროთ გერმანიის გაერთიანებაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი იძულებით იყო ორიენტირებული აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე კი, ნებაყოფლობით - დასავლეთისკენ. ეს დაყოფა თითქმის ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა, შემდეგ კი ისტორიული კონტექსტი გერმანიის გაერთიანებაში გადაიზარდა. საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა. ეს არ არის იდენტური შემთხვევა, თუმცა კი მსგავსია. ჩვენი ქვეყანა იძულებითაა გაყოფილი რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ. ქვეყნის ერთი ნაწილი იძულებით ორიენტირებულია რუსეთზე, მეორეს კი დასავლური ორიენტაცია აქვს შერჩეული. დარწმუნებული ვარ, საქართველოს შემთხვევაშიც ისე მოხდება, როგორც გერმანიაში მოხდა - დასავლეთ გერმანია გახდა მიმზიდველი ქვეყნის მეორე ნაწილისთვის და გაერთიანება გარდაუვალი აღმოჩნდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა და გამოსვლა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვებით დაასრულა.

"ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო ლეხ კაჩინსკის სიტყვებით, რომელიც მან ომის რთულ პერიოდში მითხრა: "არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველომ არ უნდა მიაღწიოს იმას, რასაც დანარჩენმა ევროპამ მიაღწია, რასაც პოლონეთმა მიაღწია. პოლონეთი ბევრჯერ იყო ოკუპირებული. მან დასძლია კომუნიზმის მემკვიდრეობა და ეს ლიდერების ერთგულებისა და მოქალაქეთა სიმამაცის წყალობით მოახერხა". ეს არის ჩემი ოცნება ჩემი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ეს ოცნება ჯერაც ცოცხალია და ის ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა ჩვენთვის, რადგან არ არსებობს გზა საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად. არ არსებობს სხვა გამოსავალი პოსტსაბჭოთა ქაოსიდან, ვიდრე სოციალური გარდაქმნა და დასავლურ საზოგადოებრიობაში ინტეგრაცია. ამას წინათ, ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მკითხა და მას ვუპასუხე, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ არჩევნების კარგად ჩასატარებლად. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. აუცილებელია კარგი არჩევნების გამართვა და დემოკრატიული პროცესის გაძლიერება. სწორედ ეს ქმნის საქართველოს უფრო უსაფრთხოს, მის საზოგადოებას კი -უფრო დაცულს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)