21.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგს შეხვდა. მათ მერიის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ თბილისში ნიუ-იორკის მსგავსად შესაძლოა მოწევა ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აიკრძალოს, ხოლო უსაფრთხოების ღვედის გაკეთება კი, ქუჩებში მოძრაობისას სავალდებულო გახდეს.
"ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქია. ჩვენ ბლუმბერგს შევთავაზეთ საქართველოშიც გავატაროთ იგივე კამპანიები, რაც მან აქ აწარმოა მოწევისა და მოძრაობის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
ჩვენს ფოტოგრაფთან, ირაკლი გედენიძესთან ერთად გადავიღეთ ფოტოები დასაბმელი ქამრით და მართლაც პირადად მე, ამ ქამარმა ერთი- ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს.
საქართველოში დანაშაული შევამცირეთ და ვერაფრით ვერ შევამცირეთ უბედური შემთხვევები.ამიტომ ნიუიორკისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
მერი თვითონ ზის ოთახში და ყველა თავის თანამშრომელი უზის გარშემო. ინტრიგები ამ ოთახში არ ხდება, ყველა ყველას უყურებს.
ვერავინ ვერავის ზურგს უკან ვერაფერს ვერ აკეთებს.
გარდა პოლიტიკური შეხვედრებისა, პირველად ვხედავ, რომ ბიზნეს დონე ამერიკაში ძალიან კარგი გვაქვს .ახლა საქართველო ხალხს აინტერესებს ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
ნახევარი საათის წინ, ტელეკომპანია "სი-ენ-ენ-ზე" გავიდა გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა თქვა, "მე ვიმოგზაურე მთელ მსოფლიოში. ისეთი სასწაული, რაც ხდება ბათუმში, მე არ მინახავს არსად მსოფლიოში". ჩვენ შეიძლება ვცხოვრობთ და ბევრ რაღაცას ვერ ვამჩნევთ და ათასჯერ მეტია გასაკეთებელი, მაგრამ ეს არ არის არც ჩემი ნათქვამი და არც ეგრეთწოდებული პიარი. "სი-ენ-ენ"-თან ჩაწყობები რომ არ მოსულა ეს ყველამ ვიცით.
როცა ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი, ამაზე გაუბედურებული ქალაქი არ არსებობდა, ვირთხები ჭამდნენ ამ ქალაქს. ჩემ თვალწინ შეიცვალა ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ არის ხელმძღვანელობაში."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური