სიახლეები
23.04.2005
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. გოკა გაბაშვილმა სამინისტროს ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, კულტურის სფეროში რეფორმები 2009 წლამდე განხორციელდება.
სამინისტროს მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში კულტურული აღორძინების პროცესი დაიწყო. მის თქმით, "საქართველოს კულტურული ფუნქცია, რომელიც მას ასწლეულების განმავლობაში ჰქონდა, პოლიტიკურ და ისტორიულ მისიაში გადაიზარდა. დღეს კი, ამ მისიას ჩვენი ქვეყანა ასრულებს როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ასევე მთელ მსოფლიოში."
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კულტურულმა ცხოვრებამ რეგიონებშიც უნდა გამოიღვიძოს.
მიხეილ სააკაშვილი კულტურისა და სპორტის სფეროების დაფინანსების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომავალში როგორც კონკრეტული დარგების, ისე ამ სფეროების მოღვაწეთა დაფინანსება მკვეთრად გაიზრდება. მისი თქმით, წელს კულტურული ძეგლების რესტავრაციისათვის მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად ასჯერ მეტია საჭირო.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას აღუთქვა, რომ კონკრეტული შენობების (სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ქორეოგრაფიული სასწავლებელი და სხვა) რეკონსტრუქციის პროცესიც მალე დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური