სიახლეები
27.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელსა და ადმინისტრაციის უფროსს გიგი უგულავას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და ადმინისტრაციის უფროსს გიგი უგულავას შეხვდა, რომლებმაც ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზიდენტს ანგარიში ჩააბარეს. ამის თაობაზე პრეზიდენტმა განცხადებაც გააკეთა და მათ სპეციალური დავალებები მისცა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა მათ წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დროებით საცხოვრებელ ბანაკებში დაბინავება და მათთვის სპეციალური საველე სამზარეულოების მოწყობა დაავალა. "ხალხი მშვიდად უნდა იყოს, რადგან სახელმწიფო მათ არ მიატოვებს და მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას მატერიალურ ზარალსაც აუნაზღაურებენ.
რაც შეეხება საერთო ზარალს, მისი დაანგარიშება, პრეზიდენტის აზრით, მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც სტიქია ჩაწყნარდება, რადგან წყალდიდობა ჯერ კიდევ მოსალოდნელია ქვეყნის აღმოსავლეთში, ქვემო ქართლში, ბორჯომის ხეობასა და რამდენიმე სხვა რეგიონშიც.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური