Google+

სიახლეები

23.10.2005
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საპატიო მოქალაქეებს წოდების მინიჭება პირადად მიულოცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელგანთქმული სპორტსმენი ვიქტორ სანეევი, პროფესორი, მხატვარ-მონუმენტალისტი ემირ ბურჯანაძე და გერმანელი სტუმარი, საარბრუკენის მერიის აზომვითი სამსახურის ხელმძღვანელი გერჰარდ ლაუფსი სახელმწიფო კანცელარიაში მიიწვია და მათ საპატიო თბილისელის წოდების მიღება პირადად მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში თბილისი განსაკუთრებულად გალამაზდა. "ბევრი ევროპელი, მათ შორის, ალექსანდრე დიუმა თბილისს "აღმოსავლეთის პარიზს" უწოდებდა და ჩვენ მას რეალურად ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ვაქცევთ... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო არქიტექტორების რესურსები, ასევე ვიწვევთ არქიტექტორებს დანიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, რათა ჩვენი ქალაქის სილამაზე და მიმზიდველობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდეს", - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აქ ცხოვრების დონის ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად, კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება; თუმცა მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ თბილისი ყველაზე კომფორტულ ქალაქად, უპირველეს ყოვლისა, მისი მცხოვრებლებისთვის უნდა იქცეს. პრეზიდენტმა ქალაქის ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა. დღეს მან შესაბამის ორგანოებს კიდევ 100 ახალი, ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნის აშენება დაავალა. "ჩვენ გვსურს, რომ თბილისში ყველა სკოლა შეკეთდეს, მთელი ქალაქი განათდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ თბილისი გაუბედურებული და ჩაბნელებული ქალაქი აღარ იყოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ვიქტორ სანეევის დამსახურებაზე ისაუბრა და მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. "მაშინ, როდესაც სანეევმა ჩვენი ქვეყანა დატოვა, საქართველო დაშლილი და განადგურებული იყო, ხოლო დღეს მისი დაბრუნება ახალი საქართველოს აღიარებას ნიშნავს. ეს ჩემთვის ძალზე საამაყოა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)