სიახლეები
01.02.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაჭრეთის წისქვილკომბინატი გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაჭრეთის წისქვილკომბინატი გახსნა და დანადგარები თავად აამუშავა. კომბინატი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უმოქმედო იყო, დღეიდან დღე-ღამეში 250 ტონა ხორბლის გადამუშავებას დაიწყებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში რთულ პირობებში იყო, მას შემდეგ კი, რაც ქვეყანამ ინტენსიური განვითარება დაიწყო და მსგავსი პრობლემებისგან გათავისუფლდა, გარკვეულმა გარეშე პირებმა პრობლემების შექმნა გადაწყვიტეს.
"ჩვენ არ გვაქვს ბევრი გაზი და ნავთობი, მაგრამ გვაქვს თავისუფლება. აღდგენილ ღირსებას ვერავინ დაგვაკარგინებს."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა შიდა ქართლში ქართველებსა და რუს სამშვიდობოებს შორის მომხდარ ინცინდენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს, თუმცა ისეთი რადიკალურ და იმპულსურ მოქმედებებს, რომლებიც საქართველოს დააზარალებს, არ აპირებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური