საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვდა. რეზიდენციაში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჟურნალისტებისთვის ღია ცის ქვეშ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვიზიტი რუსი ოფიცრების დაკავებას უკავშირდება, ქართულმა მხარემ ისინი ეუთოს უნდა გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ ოფიცრებს შპიონაჟი უკვე დაუდასტურდათ და ქართული მხარე ამის სათანადო მტკიცებულებებს და კიდევ დამატებით მასალებს ეუთოს გადასცემს.
ჯაშუშების სკანდალთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ რუსეთის რეაქციაზეც კონკრეტული შეფასებები გააკეთეს. კარელ დე გუხტის თქმით, რუსეთის მიერ კომუნიკაციების შეწყვეტა და რუსეთში მცხოვრები ქართველების დაკავება საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება და ნებისმიერი სახის გაურკვევლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის არა რეაქციებით, არამედ მაგიდასთან დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება სურს, თუმცა საქართველო მის ტერიტორიაზე უშიშროების ქმედებების გაგრძელებას არ დაუშვებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან 'ჩასაჭრელი' აღარაფერი დარჩა, შარშან რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა, შემდეგ ღვინის ექსპორტი, რის შემდეგაც ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე თავისუფლების ღვინოც კი დაარქვეს. მიუხედავად ამისა, საქართველო არანაირ ურთიერთობას არ წყვეტს მეზობელ ქვეყანასთან, არამედ მისგან მხოლოდ კეთილმეზობლურ კონსტრუქციული დამოკიდებულებას მოითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსი სამშვიდობოების უმოქმედობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ უფუნქციო ძალების ჩანაცვლება საერთაშორისო პოლიციური ძალებით.
„21 საუკუნეში ერთმანეთს ასე არ უნდა მოვექცეთ. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განვაცხადე, რომ საქართველოდან არა მარტო რუსული ბაზები უნდა გავიდეს, არამედ რუსი მშვიდობისმყოფელებიც, რომლებიც საერთაშორისო ძალებმა უნდა შეცვალონ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური