დღეს ბაქოში სუამის სამიტის პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და მოლდოვას პრემირმინისტრმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, შემდეგ კი ხელი მოაწერეს დეკლარაციას რეგიონული თანამშრომლობის შესახებ.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა სუამის მნიშვნელობაზე, მის პერსპექტივებზე და ყურადღება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებაზე გაამახვილა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არიან როგორც სეპარატისტული, ისე ის ძალები, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა. ასეთ ძალად მიხეილ სააკაშვილს დიმიტრი სანაკოევი და მისი გუნდი მიაჩნია. მისი თქმით, მათთან შესაძლებელია ფართო ავტონომაზე საუბარი და ამ ფაქტს მან პოსტსაბჭოთა სივრვეში უპრეცენდენტო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, სუამის ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ საქმეში რუსეთის ფედერაციის როლიც საკმაოდ დიდია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაფართოებული ავტონომიების შეთავაზების იდეას უპრეცენდენტოდ მიიჩნევს ევროპული სტრუქტურებიც და მას მხარს საერთაშორისო ორგანიცებიც უჭერენ.
სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა რამდენიმე დეკლარაციას მოაწერეს ხელი და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლიდერებმა, ძირითადად, კონფლიქტურ ზონებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კოკოითის წამზომი ჩართულია და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის ბატონობა რამდენიმე თვეში დასრულდება. მიხეილ სააკაშვილი კოკოითს საბოლოო გაფრთხილებას აძლევს.
"არავითარი გაყინული კონფლიქტი იქ არ არსებობს და არც ხალხს შორის ყოფილა როდესმე უთანხმოება. არის მხოლოდ კონკრეტული კრიმინალური ქმედება, ჩადენილი რამდენიმე კრიმინალური აწმყოსა და წარსულის მქონე კონკრეტული ადგილობრივი პირის მიერ. მინდა გავაფრთხილო კოკოითი - მისი დრო იწურება! ავტონომიის თაობაზე ვიწყებთ დიალოგს დიმიტრი სანაკოევის მთავრობასთან. ჩვენ ოსებს მივცემთ ყველაფერს, რაზეც ისინი როდესმე ოცნებობდნენ. ამ საკითხის გადაწყვეტა უახლოესი რამდენიმე თვის საქმეა. საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეს საკითხი დროულად და სწრაფად მოაგვაროს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს საქმე დაუსრულებლად გადავდოთ, რადგან ყოველგვარ მოთმინებას საზღვარი აქვს და მით უმეტეს თუ საქმე ამ "ბატონებს" შეეხება. ჩვენ გვიყვარს ოსები და მზად ვართ, რომ ინტეგრაციის პროცესი დიდხანს და მოთმინებით წარვმართოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ სუამი არის ოგანიზაცია, რომელმაც რეგიონში გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას უნდა შეუწყოს ხელი. ვიქტორ იუშჩენკომ კონფლიქტის ზონებში სუამის სამშვიდობო კონტიგენტით ჩანაცვლებაზეც ილაპარაკა.
"როგორც ორგანიზაცია, სუამს კონფლიქტის მოწესრიგების მექანიზმი არ გააჩნია. სუამი არის ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მას მკვეთრი პოზიცია აქვს და ეს პოზიცია ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოკუპაციის შეწყვეტასა და სეპარატისტული რეჟიმის დასრულებას ითვალისწინებს. ჩვენ მრავალეროვან ქვეყნებს წარმოვადგენთ და ამ ქვეყნების თითოეული მოქალაქე მშვიდობიანად, თანხმობაში უნდა ცხოვრობდეს. უნდა გავითვალისწინოთ ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ევროპასა და მსოფლიოს ავტონომიებთან მიმართებაში დაუგროვდა", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური