Google+

სიახლეები

25.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბისეკის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

დღეს სტამბოლში "ბისეკ"-ის საიუბილეო, მე-15-ე სამიტი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შავი ზღვის რეგიონის 11 ლიდერთან ერთად შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტსა და ენერგეტიკულ კონფერენციაში მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯდეთ სეზერს და პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

დღესვე ჩირაღამის სასახლეში „ბისეკ"-ის სამიტის ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელსაც მთავრობათა მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი სადილის დროს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ მედიას განუცხადა, რომ მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი სამიტზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მან მსოფლიო თანამეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემებია. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელმაც ამ ორგანიზაციას ჩაუყარა საფუძველი.

"თითოეული ჩვენგანის მისწრაფება არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია. ეს პრეზიდენტმა ალიევმაც აღნიშნა გამოსვლისას. ჩვენი მიზანია, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპას დაუკავშიროს აზია. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი არსებული პრობლემების ერთობლივად დაძლევა და ჩვენი ქვეყნების განვითარებაში ხელშეწყობა იყო. დღეს, თანამშრომლობის მხრივ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა აზიიდან ევროპისკენ გასასვლელი გზა ლიმიტირებული არ იყოს და ევროპამ ცენტრალური აზიის პოტენციალი ბოლომდე შეიგრძნოს. ამისათვის ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და გამოვიყენოთ როგორც პოლიტიკური ნება, ისე ეკონომიკური შესაძლებლობები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა "რაც მთავარია, ენერგოდივერსიფიკაცია როგორც ევროპას, ისე მსოფლიო ბაზარს სტაბილურობას მოუტანს. საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად მზადაა, რომ ამისათვის უფრო მეტი გააკეთოს - ებრძოლოს ტერორიზმს და ნარკოტიკების არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს!"

"ბისეკ"-ის ტრიბუნიდან საუბარი კონფლიქტურ რეგიონებსაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს პრობლემა დღეს ბევრ ქვეყანას აწუხებს, მათ შორის საქართველოსაც. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, კერძოდ, ფართო ავტონომიას.

„გეოპოლიტიკური რევოლუციის შედეგად, ეს რეგიონი ევროპის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩვენ ვართ ევროპა და აქ განვითარებული პროცესები ევროპის მთლიანობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნების საზღვრების მთლიანობის დარღვევა რეგიონის სტაბილურობისთვის დამანგრეველი იქნება. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თურქეთის ინტეგრაციას ევროკავშირში. ეს კარგი იქნება, როგორც თურქეთისთვის, ისე ევროპისათვის. რა თქმა უნდა, ყველას გვაწუხებს საშინაო პრობლემები. პრობლემა - სეპარატიზმი - საქართველოს მემკვიდრეობით ერგო, თუმცა ჩვენ ეთნიკური შუღლის პოლიტიკას ვემიჯნებით. ჩვენ გვჯერა ერთობის, რაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზეა დამოკიდებული. რიტორიკული განცხადებები რეგიონში ახალი საზღვრების თაობაზე, დაუშვებელია და არაჰუმანური. საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ყველა ეთნიკურ ჯგუფს, აფხაზს თუ ოსს, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, კეთილდღეობა ჰქონდეს. ვფიქრობ, ახლოს ვართ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან. ოს ხალხს ვთავაზობთ ყველაფერს, რაზეც მათ ოდესმე უოცნებიათ. სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაცია ჩამოვაყალიბეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სწორედ ეს ადმინისტრაცია პირდება მშვიდობას. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და მის პოლიტიკურ ხედვას ახალ ბრიუსელში ისმენენ. საუბრის დრო დასრულდა, ახლა მოქმედების დროა. დაუშვებელია იყოს გაყინული ვითარება. დევნილი ხალხი საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს უნდა დაუბრუნდეს. ჩემი გამოსვლა მინდა ათათურქის სიტყვებით დავასრულო: წარმატება ელის მას, ვინც საქმის დაწყებისას ამბობს, რომ წარმატებულია და ვისაც შეუძლია იგივე გაიმეოროს საქმის დასრულებისას. ვიმედოვნებ, რომ აქ შეკრებილნი შევძლებთ განვაცხადოთ, რომ მიზანს მივაღწიეთ და წარმატებული ვართ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი კონფლიქტური რეგიონებია. სტამბოლში ვიქტორ იუშჩენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა სამშვიდობოების ჩანაცვლების თემაზე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტების ზონაში იმ ქვეყნების წარმომადგენლები უნდა იდგნენ, რომლებსაც ენდობიან. უკრაინა მზად არის სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა, თუკი მას საერთაშორისო მანდატს მიაკუთვნებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)