Google+

სიახლეები

25.07.2007
მთავრობის სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა ყვარლის რაიონში, კერძოდ, გრემის მონასტერთან გაიმართა. საქართველოს მთავრობამ ოთხი საკითხი განიხილა, მათ შორის - ასი აგროსამრეწველო საწარმოს გახსნის პროგრამა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის დასაქმების თვალსაზრისით აღნიშნულ პროგრამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი განცხადებით, ამ პროექტის მიღმა მთავრობის არც ერთი წევრი არ უნდა დარჩეს და მისი განხორციელების პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველამ თანაბრად უნდა იკისროს.

"ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი ასი ახალი საწარმო შეიქმნება. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი გათვლებით, რამდენიმე ათეული და შესაძლოა ასი ათასი ქართველი დავასაქმოთ. თითოეული საწარმო, სადაც მინიმუმ 200 ადამიანი იმუშავებს, რამდენიმე ათას ადამიანს ასაქმებს მოწოდების სფეროში. თუ ისეთივე მონდომებით და სქემით ვიმუშავებთ, როგორც რადიკალური რეფორმების მხრივ ვიმუშავეთ, დამატებით მინიმუმ ასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეგვიძლია სოფლის მეურნეობის სფეროში და აგროსამრეწველო კომპლექსში. დღეს მთავარია, რომ მიწის სანაცვლოდ ახალი სამუშაო ადგილები მივიღოთ. პრივატიზაციის ახალ ეტაპზე კარგი საინვესტიციო პროგრამები გვჭირდება, რათა შევძლოთ ფულის მოზიდვა არა მარტო ინფრასტრუქტურის, განათლების სისტემის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სფეროების გასავითარებლად, არამედ სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ მიწის შეძენის ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მეწარმე მიწის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტს, თანაც იმ პირობით, რომ იგი ერთ წელიწადში ან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ახალ გადამამუშავებელ საწარმოს აამუშავებს, ხოლო მის მიერ შეძენილი მიწის ღირებულების 80 პროცენტი დარჩება მეწარმეს საკუთარი მიზნების მისაღწევად და მოგების გასაზრდელად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამ პროგრამის ამოქმედების პირველივე წელს 30-40 მილიონ ლარი დაუბრუნდებათ ამ მეწარმეებს წარმოების შემდგომი განვითარებისთვის. ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და ამ ადამიანების წარმატებული მუშაობისთვის საქართველოს სახელმწიფო ამ სექტორში სამი წლის განმავლობაში დამატებით 600-700 მილიონ ლარს ჩადებს", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უმუშევრობის დონე გაცილებით მეტია სოფლად და ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდება სოფლის მცხოვრებთა დასაქმება.

"ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მიწა და ამუშავებდეს მას, მაგრამ თუ ის ეკონომიკურ ბრუნვაში არ მონაწილეობს, დასაქმებულად ვერ ჩაითვლება. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ხალხის კვალიფიციური დასაქმება. გასულ წელს დასაქმების ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის წყალობითაც ხელახალი მომზადება გაიარა 50 ათასმა ადამიანმა, ხოლო მათგან 10 ათასმა მუდმივი სამუშაო მოიპოვა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, დღესდღეობით კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია და ახლადგახსნილი სპეციალური სასწავლებლები ამ პრობლემის მოგვარებას დიდად შეუწყობს ხელს. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია სპეციალისტების კვალიფიკაციის დონესთან", - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო რეფორმატორებს შორის საქართველო წამყვან ადგილს შეინარჩუნებს. ამას გარდა, მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის დამლევამდე ყველა ძირითადი მაგისტრალი და თითოეულ რაიონულ ცენტრამდე მისასვლელი გზა საუკეთესო უნდა იყოს. როგორც მან თქვა, შესაბამისი პროგრამა საქართველოს მთავრობას აქვს კიდეც.

პრეზიდენტის განცხადებით, სოფლად წარმოების განვითარების დამაბრკოლებელი ერთადერთი პრობლემა ელექტროენერგიის დეფიციტი იყო და ბევრი გადამამუშავებელი საწარმო გენერატორებზე მუშაობდა. ასე კი წარმოების განვიტარება წარმოუდგენელი იყო.

"ენერგოკრიზისი, პრაქტიკულად, გადავლახეთ. წელს უკვე მომარაგების რამდენიმე საიმედო წყარო გვაქვს. ამჯერად, საქართველოს გაზმომარაგება სრულად ხდება აზერბაიჯანიდან. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ელექტროენერგიის ექპორტს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაშიც. ამ მხრივ ზამთარშიც არ ველით გართულებას და ხალხი მშვიდად უნდა იყოს. ჩვენ ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, შეუზღუდავად შევძლებთ ყველა გადამამუშავებელი საწარმოს მომარაგებას. ელექტროენერგიის ტარიფი ყველაზე დაბალია რეგიონებში და შეღავათები სოფლის მეურნეობის დარგზეც განვავრცეთ. სასოფლო სამეურნეო პროდუქტების პირველადი მოწოდება და გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარება მთლიანად გავათავისუფლეთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მთლიანად გავათავისუფლეთ დაბეგვრისგან მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიების იმპორტი, რამაც შედეგი დაუყოვნებლივ მოგვცა - შარშან რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ასევე შევინარჩუნეთ საბაჟო გადასახადები გარკვეულ პროდუქტზე. სოფლის მეურნეობის დასაცავად ქვეყნის შიგნით, გარდამავალ ეტაპზე ეს აუცილებელი ღონისძიება იყო. შედეგები ამ მხრივაც გვაქვს, ჩვენ უკვე კვერცხის ექსპორტს ვაწარმოებთ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2 წლის წინათ, როდესაც ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ საქართველო თავის სამყოფი კვერცხის 30 პროცენტსაც არ აწარმოებდა, ხოლო დღესდღეობით, საქართველოდან თვეში 20 ათასი ყუთი კვერცხი ექპორტის სახით გადის, რაც წელიწადში მილიონ 800 ათას ლარს გვაძლევს. ეს კარგი დასაწყისია იმ წარმოებისთვის, რომელიც რამდემინე წლის წინათ მთლიანად ჩავარდნილი იყო. ასევე ვაწარმოებთ ცხვრის ხორცის ექსპორტს. ამ პროდუქციაზე არაბულ ქვეყნებში გაჩნდა ბაზარი და შესაბამისად ცხვრის ხორცის ექსპორტიც გაიზრდება. ასე რომ, რეალურად, ქართული პროდუქციით არა მარტო შიდა ბაზრის დაკმაყოფილების პოტენციალი გვაქვს, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებისაც. ახლა უპირველესი ამოცანაა ექსპორტის განვითარება, მით უმეტეს, რომ რუსეთის ემბარგოს პირველი შოკის გადატანის შემდეგ, სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქცია 12 ახალ ბაზარზე გადის. თუმცა გასაკეთებელი ბევრად მეტია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით წელს ეკონომიკური ზრდა 12-15 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მთავრობის მუშაობა წლის მეორე ნახევარში. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალზე მაღალი შედეგია, თუმცა აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობისა და სწორი პოლიტიკის შედეგად ის მთელ ეკონომიკაზე თანაბრად გადანაწილდეს.

"ასი საწარმოს პროგრამა ეს არის სახელმწიფოს გზავნილი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის", - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა ქართული ღვინის ხარისხსა და მისი გასაღების გზებზე ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ღვინის რამდენიმე მწარმოებელმა საკმაოდ კარგად აუღო ალღო ბაზრის მოთხოვნებს და კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებს. რაც მისი აზრით საკმაოდ მაღალ კონკურენტულ გარემოში მეტად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს საკმაოდ კარგ შესაძლებლობას აძლევს, აღნიშნული პროდუქცია უფრო მეტი რაოდენობით შევიტანოთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. თუმცა, მისი თქმით, საამისოდ მომზადება, ხელშეწყობა და სიჩქარეა საჭირო.

პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო კანონპროექტები უკვე მზადაა.

ამას გარდა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კახეთის მხარის გუბერნატორს და გარემოს დაცვის მინისტრს კარგი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ რეგიონი შესაშურად არის დასუფთავებული. ასევე აღნიშნა კულტურის სამინისტროს მუშაობა ისტორიული ძეგლების აღდგენის თვალსაზრისით.

სხდომაზე მიხელ სააკაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ გია ხევიაშვილთან დაკავშირებული ფაქტითაც დაინტერესდა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის განმარტების (ჯანდაცვის სამინისტროს გია ხევიაშვილის მკურნალობისთვის თანხა არ გადაურიცხავს) შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.

"საზოგადოებას ყველაფერი კარგად უნდა განვუმარტოთ, რათა ყველა კითხვა მოიხსნას. არ მინდა ვთქვა, რომ მთავრობის წევრებს არ უნდა ვუმკურნალოთ და მთელ რიგ უწყებებს დაზღვევის პრაქტიკა უკვე აქვს. საქართველოში, როგორც უმწეოთა დაზღვევაა, რომელიც საკმაოდ კარგად ამოქმედდა, ასევე უნდა იყოს დაზღვეული მთავრობის თითოეული წევრი, თუმცა საკუთარი სახსრებით - სადაზღვევო თანხას ყველა საკუთრი ხელფასიდან უნდა იხდიდეს. თუ სადაზღვევო პოლისი სამკურნალო თანხას სრულად ვერ ფარავს, ფული თქვენივე ჯიბიდან გადაიხადეთ. სახელმწიფო საკმაოდ კარგ ხელფასს გაძლევთ, სხვა ბევრი კარგი პირობა გაქვთ იმისათვის, რომ იმუშავოთ პატიოსნად, იყოთ არაკორუმპირებულები და სახელმწიფოს ზედმეტი არაფერი არ გამოართვათ. დამატებით შენახვის ფული ქვეყანას არა აქვს. ვფიქრობ ეს ყველასთვის გაფრთხილება და კარგი რჩევაა. მომავალში ყველა კითხვას პასუხი ოპერატიულად, გადადებისა და ორაზროვნების გარეშე უნდა გაეცეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)