19.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ლადო გურგენიძეს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ლადო გურგენიძეს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს ახალი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა მას დავალებები მისცა და ყურადღების გამახვილება სოციალურ პროგრამებზე ურჩია. მათ ასევე უახლოეს პერიოდში პენსიებისა და პედაგოგთათვის ხელფასების გაზრდის შესახებ იმსჯელეს. ლადო გურგენიძის განცხადებით 1 დეკემბრიდან მინიმალური პენსია 55 ლარი გახდება, ხოლო შემდეგი წლის განმავლობაში მისი ოდენობა 76 ლარს მიაღწევს.
"ეს ცვლილება 820 ათასზე მეტ პენსიონერს მოიცავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 მილიონ ლარამდე გამოიყოფა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. ლადო გურგენიძის თქმით, პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მიენიჭოს, რათა ასაკის მიუხედავად, შრომისუნარიან ყველა ადამიანს მუშაობის საშუალება ჰქონდეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოების იმ ფენებს, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათები ეკუთვნით, საჭიროა გასაგებად და რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული პროცესების გარეშე გააცნონ მათი უფლებები. მას მიაჩნია, რომ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში ხალხს განსხვავებული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, რადგან "მაგალითად, თბილისში უფრო ძვირია ცხოვრება, ვიდრე სხვაგან. სოფლის მასწავლებელს, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთიც აქვს შიმშილის პრობლემა, ფაქტობრივად, არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გაჭირვების პრობლემა პედაგოგს ყველგან აქვს, ამიტომ ზუსტი გრადაცია უნდა მოვახდინოთ და ფორმალური საუბრის ნაცვლად, ყველას ადამიანური, გასაგები და ინდივიდუალური ენით ველაპარაკოთ, თუ ვის როგორი ხელფასი და ვაუჩერი ექნება".
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიალოგი ნორმალურია და მთავრობასა და თითოეულ მოქალაქეს შორის დისტანცია არ უნდა იყოს.
დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: "კარგია, რომ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც მზადაა ქართული საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან დიალოგი აწარმოოს და მთავრობის გადაწყვეტილებები მოსახლეობამდე საკმაოდ მარტივად მიიტანოს".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური