Google+

სიახლეები

20.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტსმენებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ სპორტსმენებს შეხვდა. ქვეყნაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში სპორტსმენების პრინციპულმა პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოში სპორტის განვითარება მისი პრესტიჟის საკითხია.

"მიმაჩნია, რომ ეს არის ეროვნული ჯანმრთელობის, სიჯანსაღის, სულისკვეთების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი", - მისივე თქმით, ქვეყნას ახალი ჩემპიონები სჭირდება, თუმცა, ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სპორტული რესპუბლიკა იყო.

"ჩემთვის ყოველთვის მტკივნეული იყო, როდესაც ქართველი გაიმარჯვებდა, აიწეოდა წითელი, ნამგალ-უროიანი დროშა, შემდეგ გამოაცხადებდნენ, ზოგჯერ, რომ ეს იყო რუსი სპორტსმენი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში სპორტთან მიმართებაში კარგი შედეგები ფიქსირდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ისინი აშკარად ქვემოდ ჩამოვიდა.

"შედეგები ჩამოგვივარდა იმის გამო, რომ იყო გაუმთბარი დარბაზები, ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მწვრთნელები ვერ იღებდნენ ხელფასებს და ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიქცა საზღვარგარეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ეს ვითარება შეიცვალა და ძალიან მტკივნეულია, როდესაც ქართველი სპორტსმენები რომელიმე ქვეყნის სახელით ასპარეზობენ. საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სპორტსმენებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო თანდათან სპორტული სახელმწიფო ხდება. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ეს უკეთესად გაკეთდეს და დიდი წარმატებები იყოს მიღწეული, უშუალოდ სპორტსმენების რჩევებია საჭირო.

"თუ ჩვენ შევძელით სპორტის მასობრიობის მიღწევა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით იქნება ძალიან ჯანსაღი ქვეყნა ",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 400 ერთეული ხელოვნურსაფარიანი და 200 მინი მოდეანი აშენდა. „მე მახსოვს, ჩემს ეზოში, სადაც ფეხბურთს ვთამაშობდით, ცუდი ასფალტის მოედანი გქვონდა, მაგრამ გვქონდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა, ზოგმა მოედნის ადგილზე ავტოფარეხი, ზოგმა კი ჯიხური ჩადგა. "ეს ყველაფერი მორჩა, ახლა ჩვენ ყველგან ვაშენებთ სტადიონებს. როდესაც გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო ორი მოქმედი საცურაო აუზი, ახლა არის რამდენიმე ათეული - ან უკვე გაკეთებული ან კეთდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამდენი საცურაო აუზი, მოედანი და დიდი სპორტული დარბაზი საქართველოში არ ყოფილა. „ქუთაისში გავხსენით უმაღლესი დონის სპორტის სასახლე. მე კალათბურთი მითამაშია ქუთაისის დარბაზებში და ვიცი, რა კატასტროფული დარბაზები იყო იქ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილ სპორტსმენს ვახტანგ ბალავაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა, მომავალი იუბილის აღსანიშნავად, ოლიმპიურ ჩემპიონ რომან რურუას წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ სპორტსმენებს მხარდაჭერასა და დაფინანსების გაზრდას დაპირდა.

სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, პროფესიული სპორტის ყველა სახეობის დაფინანსება, განსაკუთრებით კი ოლიმპიური წარმატების პერსეპქტივის მქონე სახეობების, მკვეთრად გაიზრდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაიზრდება პრემიები ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნაკრების მწვრთნელებისთვის, გაიზრდება ასევე ექიმთა ჯგუფების საპრიზო ფონდებიც.

პრეზიდენტმა სპორტსმენებს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადისთვის სერიოზული მზადებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი პრემიის სახით, 100 000 დოლარს, ვერცხლის მედლის მფლობელი - 60 000 დოლარს, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი - 40 000 დოლარს მიიღებს.

"ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი მოტივაციაა. თქვენი გამარჯვებები განსაკუთრებული განცდის მომტანია ქვეყნისთვის", - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების წარმატებული მონაწილეობა იქნება.

მისივე თქმით, ქართულ ფეხბურთში იმედის მომცემი პროცესები დაიწყო და ამის ნათელი დასტური შოტლანდიის ნაკრების დამარცხებაა.

"ჩემი მეორე ვადის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად სპორტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასა და კარგი შედეგის მიღებას ვხედავ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას, თავის დროზე, მაფია მართავდა, რომელიც ფეხბურთელების გაყიდვით აკეთებდა ფულს, ამასთანავე იყო ისეთივე კორუფცია, როგორიც - მთელ ქვეყანაში. ახლა კი, ამ სფეროში წესრიგის დამყარება დაიწყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)