Google+

სიახლეები

27.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი აჭარას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რეგიონს ესტუმრა და სარფში ახალი ეკლესიის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი 5 წლის ბიჭს დაპირდა, რომ ტაძრის მშენებლობას მანამდე დაასრულებს, ვიდრე ის სკოლაში წავა.

ტაძარი სარფში საზღვართან ახლოს შენდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ტაძრის კურთხევას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი დაესწრო.

"საქართველოს კარიბჭესთან ჩვენ სრული მასშტაბით ვიწყებთ ტაძრის მშენებლობას... ამ მშენებლობას პირადად ავიყვან კონტროლზე. ორგანიზაციულ და დაფინანსების საკითხებს უკვე ვაგვარებთ. მსურს მადლობა მოვახსენო მეუფე დიმიტრის იმისათვის, რომ ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში, ასევე მათ, ვინც მეუფეს მხარში ამოუდგა, მათ შორის გივი თარგამაძეს, და ყოველ წუთს გვახსენებს ამ ადგილზე ტაძრის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე. მინდა მეუფეს ვუთხრა, რომ ეს ტაძარი მისივე ხელმძღვანელობითა და ლოცვა კურთხევით, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ღირსება გახდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის ახლადდამტკიცებულ მინისტრებს შეხვდა და ბათუმში "შერატონის" ქსელის ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობის მიმდინარეობით დაინტერესდა. მისი თქმით, ყველა ზომას უნდა მიმართონ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვით რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მოხერხდეს.

"მთავრობამ, განათლების სამინისტრომ და ყველამ უკლებლივ, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ წლის დამლევს პრაქტიკულად ყველა მუშა, რომელიც მშენებლობაზე იმუშავებს აჭარაში, იქნება ადგილობრივი მოქალაქე, მათ ექნებათ კვალიფიკაცია და კარგი ხელფასი. ამ ხალხს უნდა მივხედოთ და გამოვიყვანოთ სიღარიბიდან. მთელი სიმდიდრე, რომელიც აქ იქმნება, იქმნება იმისათვის, რომ სიღარიბე აღარ იყოს. და არა იმისათვის, რომ სიღარიბე და სიმდიდრე ისევ ერთმანეთის გვერდით აგრძელებდეს არსებობას. სადაც იქმნება სიმდიდრე, იქ სიღარიბე აღარ უნდა იყოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)