Google+

სიახლეები

24.06.2008
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები იკრიბებიან თბილისში კორუფციასთან ბრძოლის გასააქტიურებლად

25-27 ივნისი, 2008 წელი, თბილისი, საქართველო

მაღალი რანგის თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანზაციები და ბიზნეს ჯგუფები 30-მდე ქვეყნიდან 25-27 ივნისს შეიკრიბებიან თბილისში და შერატონ მეტეხი პალასში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEСD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ანტიკორუფციული ქსელის (AСN) მე-7 გენერალურ შეხვედრაში.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორუფციის წინააღმდეგ დიდი ძალისხმევით იბრძოდნენ, თუმცა პროგრესი ჯერ კიდევ მცირეა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ახალმა წევრ-სახელმწიფოებმა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი განიცადეს, რეგიონის უმეტეს სახელმწიფოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ანტიკორუფციული საქმიანობის მდგრადობას მიაღწიოს და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფციის დონე ჯერ კიდევ მაღალია; ზოგან ვითარების გაუარესებაც კი შეინიშნება.

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნული კონფერენციის თბილისში ჩატარება სწორედ ამ ქვეყნის ანტიკორუფციული ძალისხმევის აღიარებას ნიშნავს. თუმცა, ამ მხრივ, საქმე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელია და ანტიკორუფციული რეფორმები კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

კორუფციასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ნება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტიან მეთოდებთან ხელმისაწვდომობა. თბილისში დელეგატები იმსჯელებენ თუ როგორ გააძლიერონ თავიანთი ანტიკორუფციული მუშაობა.

  • საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად განიხილავენ ანტიკორუფციული კონვენციების და მათი მონიტორინგის მექანიზმების დამატებით მნიშვნელობას ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭრად.
  • სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება რთული და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებასა და დასჯას.
  • თანამდებობის პირები ესტონეთიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან განიხილავენ საჯარო ადმინისტრირების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის ეფექტიან საშუალებებს.
  • პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან გამართავენ დისკუსიას თუ როგორ გააძლიერონ მოქალაქეთა მხარდაჭერა ანტიკორუფციული რეფორმებისადმი.
  • ბიზნეს ასოციაციები და კერძო ფირმები OEСD და AСN-ის ქვეყნებიდან განიხილავენ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და კორუფციასთან ბრძოლის გზებს.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან კორუფციასთან ბრძოლის როგორც საუკეთესო, ისე ცუდ მაგალითებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას რეგიონში. ასევე მოსალოდნელია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დელეგატები შეთანხმდებიან მონიტორინგის პროგრამის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარეობს AСN-ის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნების მიერ ურთიერთკონტროლი ანტიკორუფციული რეფორმების დასაჩქარებლად.

შეხვედრას მასპინძლობს საქართველოს მთავრობა, ხოლო ორგანიზებას უწევს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OEСD, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია OSСE, აშშ-ს იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველო (ABA/ROL Initiative) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ინფორმაცია

ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის (ACN) 1998 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. ACN-ი მოიცავს გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებს ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან OECD-ს წევრი სახელმწიფოებიც. ACN-ის საქმიანობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები, დონორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნეს ასიციაციები. ACN-ის სამდივნო განთავსებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ რეგულარულად განახლებული ინფორმაცია ქვეყნდება ACN-ის ვებ-გვერდზე www.oecd.org/corruption/acn.

ACN-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლაში მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ანტიკორუფციული საქმიანობის წასახალისებისთვის რეგიონალური ფორუმის ორგანიზების, ინფორმაციის გაცვლის, საუკეთესო გამოცდილების გამოვლენის და დონორების კოორდინაციის გზით. ACN-ი თავის საქმიანობას სუბ-რეგიონალური ინიციატივების, თემატური საქმიანობებისა და გენერალური შეხვედრების მეშვეობით აწარმოებს.

ამჟამად, ACN-ის ძირითად სუბ-რეგიონალურ ინიციატივას წარმოადგენს სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც 2003 წელს დაიწყო და მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი. სამოქმედო გეგმის განხორციელების საწყისი ეტაპი მოიცავდა ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ინსტიტუციების განხილვებს და რეკომენდაციების შემუშავებას თითოეული ქვეყნისთვის. ამას მოჰყვა მონიტორინიგის პირველი რაუნდი, რომლის დროსაც თითოეული ქვეყნის მიერ რეკომენდაციების განხორციელების მიმდინარეობა შემდეგნაირად შეფასდა - სრული განხორციელება, მეტწილად განხორციელება, ნაწილობრივი განხორციელება, არ განხორციელდა. ACN-ის თბილისის მე-7 გენერალურ შეხევდრაზე მოსალოდნელია მონიტორინგის მეორე რაუნდის ჩატარების შესახებ წინადადების განხილვა და მიღება. მონიტორინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2008 წლის მეორე ნახევარში.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის გენერალური შეხვედრები წარმოადგენს უნიკალურ რეგიონალურ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს მრავალი დაინტერესებული მხარე; ფორუმს აქვს მოქნილი სტრუქტურა და ესწრებიან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები. მე-7 გენერალურ შეხვედრაზე კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლაში წევრი-სახელმწიფოების მიერ მიღწეულ შედეგებს განიხილავენ და რეგიონში კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლის მთავარ პრიორიტეტულ სფეროებში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.

შეხვედრის მსვლელობისას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ბოლოდროინდელ გამოცდილებას სპეციალური სესია მიეძღვნება. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა საშუალებას მისცემს დახმარების გამწევ ორმხრივ და მრავალმხრივ სააგენტოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ თავიანთი შეხედულებები რეგიონში ანტიკორუფციული პრიორიტეტებისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ACN-ის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც გენერალური შეხვედრის პარალელურად გაიმართება, ACN-ის სამომავლო საქმიანობა განიხილება, მათ შორის, სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ოფიციალური პროგრამის გარდა, შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის არაოფიციალური გაცვლა და პირადი ურთიერთობების დამყარება.

ისევე როგორც წინა შეხვედრებზე, ორგანიზატორები 100-მდე მონაწილეს ელიან ACN-ის წევრი-სახელმწიფოებიდან (ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ხორვატია, ყაზახეთი, ყირგიზეთი), OECD-ის წევრი სახელემწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)