Google+

სიახლეები

24.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ბიუროს წევრებს შეხვდა

მოგესალმებით!

პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ამ დღეებში გამოჩენილი საოცარი ორგანიზებულობისათვის და ერთიანობისათვის.

დღეს თუ რამე არის მტრისათვის სახრჩობელა, ეს ჩვენი ერთიანობაა.

დღეს ჩვენ გვესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. გუშინ მე ვნახე ტელევიზიით, თუ როგორ ჩავიდა გორში გიორგი თარგამაძე. ამ დღეებში მე ვადევნებ თვალ-ყურს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებზე. თუ რაიმეს ლუსტრუცია უნდა მომხდარიყო, ამ დღეებში მოხდა. ლუსტრაციის კანონი საქართველოს არაფერში არ ჭირდება. კარგად გადახედეთ და ნახავთ, ვინ რა განცხადებები გააკეთა ამ დღეებში.

მეორეს მხრივ, ნახეთ პარლამენტში ვინ როგორ მოიქცა, ვინ როგორ მოიქცა უცხოელებთან. დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა საქართველოს დამარცხება შეუძლია მხოლოდ ერთ ძალას, ესენი არიან ქართველები.

ახლა თუ ჩვენ საკუთარ თავს არ გავუსწორდით, თუ ჩვენ საკუთარი ერთიანობა არ შევარყიეთ, ვერაინაირი ტანკიები ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებს.

მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. დრო ჭირდება ყველაფერს - დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების პაკეტს.

გუშინ ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველოსთვის ახალ მარშალის გეგმაზე დაიწყო საუბარი. ეს არის გეგმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპა ფეხზე დააყენა.

1 სექტემბერს პარიზში იკრიბება ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურთა საგანგებო საბჭო, არ მახსოვს ეს მექანიზმი ბოლოს როდის იყო გამოყენებული. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა.

მთავარი პროგრამა იქნება საქართველოს ეკონომიკური აღორძინება.

საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ძალიან მოკლე ხანში მკვეთრად გაიზრდება.

ჩვენ გავხდებით განვითარებული ევროპული ქვეყანა, თუ მანამდე საკუთარ თავს თვითონ არ გამოვჭერით ყელი. რამ მიგვიყვანა ამ მოვლენებამდე? რა იყო რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შტრიხები და როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც ვართ დღეს?

2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მოსკოვში.

შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ შეხვედრა იყო კარგი. ვისაუბრეთ გახსნილად. მან გამოთქვა სურვილი, რომ უნდოდა საქართველოსთან უთრთიერთობის განვითარება. ჩვენც ვუთხარით, რომ ძალიან მოქნილები ვართ. პირველი, რაც მან მთხოვა, ეს იყო საზღვრის გამაგრება და ჩრდილო-კავკასიაში ოპერაციის ჩატარებაში ხელისშეწყობა.

მას ჰქონდა პრეტენზიები ედუარდ შევარდნაძესთან, რომ მის პერიოდში საზღვრები იყო ღია, პანკისში შედიოდა იარაღი, ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას.

მინდა ვაღიარო,რომ ჩვენ მაშინ მართლაც დავეხმარეთ რუსეთს.

ჩვენ დავიწყეთ მათთან ერთად ფრენები საზღვართან, აღარ შევუშვით იქ იარაღი, შევწყვიტეთ ხალხის წინ და უკან მოძრაობა. მათთვის წესრიგირს დამყარებაში ხელი არ შეგვიშლია და შევქმენით სერიოზული ფაქტორი, რომლითაც მათ ამ ამოცანის შესრულება გაუადვილდათ. შემდეგ იყო აჭარის მოვლენები, ნაცვლად იმისა, რომ იგორ ივანოვი ჩამოსულიყო თბილისში და შემდეგ უკვე ჩვენი გარანტიებით, აბაშიძის წასვლის შემთხვევაში, ჩვენ მას არ შევეხებოდით. მოულოდნელად მისი თვითმფრიანვი დაჯდა ბათუმში. დაგვირეკა, და უკან დახევისკენ და დაწყნარებისაკენ მიგვითითა. ამით მას დროის მოგება სურდა. იგორ ივანოვი თავის მოქმედებას აგრძელებდა. ამასობაში ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ასლან აბაშიძე ივანოვის თვითმფრიანავით გაფრინდა.

ერთი სიტყვით, მანამდე ბათუმში ჩასული იყო რუსი გენერალი, რომელიც ასლან აბაშიძეს ყველანაირად ეხმარებოდა.

ასლან აბაშიძეს მისცეს რამოდენიმე ტანკი მასკარადისათვის, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ მას ტანკები ჰყავდა.

ეს საქმე დასრულდა ისე, როგორც ყველამ იცით.

მეორე დღეს დავურეკე ვლადიმერ პუტინს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ცინიკური განცხადებების გაკეთება, მსგავსი განცხადებები მათ ამ დღეებშიც გააკეთეს. მე ჩავთვალე საჭიროდ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა.

მე მას მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ გაგებით მოეკიდნენ ამ სიტუაციას. მახსოვს კარგად ეს ზარი, მან შემაწყვეტინა საუბარი და მითხრა - აჭარაში ჩვენ არ ჩავერიეთ, მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთში ჩვენგან თქვენ არანაირი საჩუქრები აღარ გექნებათ.

შემდეგ იყო პროვოკაციების სერია ცხინვალში. მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვლითი გზიდან გაგვეყვანა ჩვენი საჯარისო კონტიგენტი. ეს იყო მომენტი, როცა რუსებმა დაიწყეს ცხინვალის კონტროლი, თავად და არა სეპარატისტების მეშვეობით. მაშინ მათ გაყარეს მთავრობის რამოდენიმე წევრი, ჩაანაცვლეს ისინი რუსი გენერლებით და გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა.

წლების განმავლობაში ცხინვალში იდევნებოდა ყველა, ვისაც რაიმე სახით მოლაპარაკება უნდოდა საქართველოსთან. ცხინვალის ციხიდან ახლახან გავათავისუფლეთ ფარასტაევი, რომელიც იყო სეპარატისტების ლიდერი 90-იან წლებში. რუსებმა შეამჩნიეს, რომ მას გაეღვიძა მოლაპარაკების სურვილისაქართველოსთან, რისთისაც დაიჭირეს და სასტიკად აწამეს. იგივე ეხებოდა სანაკოევს, ქარქუსოვს. უშიშროების საბჭოს მდივანი ბარანკიევიჩი ააფეთქეს საკუთარ სახლში სწორედ იმის გამო, რომ იგი რამოდენიმეჯერ შეხვდა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს.

2004 წლის განმავლობაში შედარებით ნაკლები იყო წნეხი ჩვენზე, მაგრამ უკრაინის რევოლუციის შედეგ რუსეთის მთავრობამ დაინახა სასიკვდილო საფრთხე. ამიტომ მათ მოახდინეს აქტიური ჩარევა აფხაზეთის მოვლენებში.

2006 წლის იანვარში საქართველოზე ენერგეტიკული ხაზების აფეთქების კუთხით, პირველი სერიოზული დარტყმა განხორციელდა.

მანამდე, დეკემბერში დაიბარეს რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები კრემლში და კითხეს მათ, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვა? რაზეც მათ მხრები აიჩეჩეს და განაცხადეს, რომ ეს, რუსეთის ენერგეტიკასაც დააზარალებდა. ამის შედეგ იანვრის თვეში კავკასიაში ელექროგადაცემის ხაზებისა და გაზის სისტემების აფეთქება რამოდენიმე ადგილას მოხდა. ეს მაშინ ტერორისტებს დაბრალდათ. ამისათვის გამოყენებული იქნა სპეციალური პლასტიკური ასაფეთქებელი, რომელსაც მხოლოდ სპეცნაზი იყენებს.

სპეც-სამსახურების გათვლა იყო ასეთი - ხალხი უნდა გამოსულიყო ქუჩაში, ჩაებნელებინათ ქალაქი და მთავრობა უნდა დაემხოთ. მსგავსი არაფერი არ მოხდა. საზოგადოებამ კონსოლიდაცია განიცადა. ამის შემდეგ ჩვენ ენერგოსექტორში მკვეთრი ფულის ჩადება დავიწყეთ. ერთი წლის შედეგ, ჩვენ გავხდით დენის ექსპორტიორები რუსეთში. ამან ენერგეტიკული კუთხით გაგვაძლიერა. ეს იყო ჩვენი დესტაბილიზაციის პირველი თავი.

2006 წელს რუსეთის სპეც-სამსახურები გათავხედდნენ. დაიწყეს არასამთავრობოების შექმნა, იგორ გიორგაძის ჯგუფების დაფინანსება. ფულის ჩადება პრეს-საშუალებებში.

2006 წელს მოხდა პირველი ტერაქტი - გორში პოლიციის აფეთქება. ამისათვის ჩვენ დავაკავეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი - ბოიკო. ჩვენ გვქონდა მტკიცებულება, რუსეთმა გვთხოვა მისი გაშვება, ეს იყო ნამდვილი ტერორისტი, თუმცა რუსეთმა ეს არ გაახმოვანა.

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რუსეთი ამას დააფასებდა. გავაკეთეთ ის, რასაც ბევრი ქვეყანა არ გააკეთებდა. ვფიქრობ, შეცდომით, მაგრამ ბოიკო გადავეცით რუსებს. მათ ის გაუშვეს, შესაძლოა ორდენითაც კი დააჯილდოვეს. ეს იყო ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოხატვის ჟესტი. ამის შემდეგ მათი აგენტები ასჯერ მეტად გააქტიურდნენ. 2006 წლის შემოდგომაზე, იძულებული ვიყავით დემონსტრატიულად დაგვეკავებინა მათი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი. ამას დიდი ამბავი მოყვა. მანამდე საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ღვინის და პროდუქტის ემბარგო. შეწყვიტეს ფრენებიც საქართველოში. ჩვენ ეს ოფიცრებიც გადავეცით უკან. გვბონად ურთიერთობების შენარჩუნების იმედი.

ამ ხნის მანძილზე ბევრი სხვა პროვოკაციაც ხორციელდებოდა. მინდა შეგახსენოთ, კობა დავითაშვილზე ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა. ამა მოჰყვა ასეთი განვითარება. კობა დავითაშვილი გამოვიტა ტელევიზიით, მომაყენა შეურაცხოფა და განაცხადა, რომ ახალა გინდა მომკალით და რაც გინდა ის ქენითო. შემდეგ კი განაცხადა, რომ მასზე მოაწყვეს ტერაქტი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა შინაგან საქმენთა მინისტრი და განაცხადა, რომ თურმე კობა დავითაშვილზე მართლაც სურდათ ტერაქტის განხორციელება. მას წარმოშობით ცხინვალელი კაცი - ეთნიკური ოსი დარაჯობდა, რომელიც წეროვანში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობდა. კობა დავითაშვილის მეზობელს, რომელსაც რაღაც პირადი პრობლმეები ქონდა, მოეჩვენა, რომ ეს კაცი მას ჩაუსაფრდა, შევიდა მასთან ბრძოლაში, მან გაისროლა, დაჭრა და გაქცევის შემდაგ მის ნივთებში აღმოჩნდა დავითაშვილის მონაცემები და გაზეთში ამოჭრილის მისი ფოტოც.

ჩვენ მივყევით მის კვალს მოსკოვში. გადავუღეთ ვიოკადრები და პირდაპირ რუსეთს მივმართეთ, რომ ეს კაცი იყო ოპოზიციური ლიდერის -კობა დავითაშვილის მკვლელი. მაშინ რომ კობა დავითაშვილი მოეკლათ, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ ამ სისხლიანმა ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი, დავითაშვილი და მოდით ეს სისხლიანი ხელისუფლება გადავაგდოთო.

ეს იყო აიფფასიანი და ზუსტად გათვლილი პროვოკაცია. ამის შემდეგ ჩვენ აღვკვეთეთ საქართველოს დაზვერვის უფროსის მოადგილის მკვლელობა რუსეთის სპეც-სამსახურის მიერ. დიდი შვიდიანის შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებაზე კი, ამ საქმეს სწავლობდნენ, როგორც რუსების მიერ ახალი ტაქტიკის გამოყენების კლასიკურ შემთხვევას. ეკონომიკურმა ემბარგომ არ გაჭრა, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა და მთავრობა არ დაამხო.

გასული წლის ნოემბრის მოვლენების წინ, დასავლეთის სპეც-სამსახურების ცნობით, საქართველოში და სომხეთში ჩამოსული იყვნენ კანონიერი ქურდები - ივანკოვი, იგივე „იაპონჩიკი", რომელიც ახლოს არის რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან და მეორე - თუ არ ვცდები უსოიანი. ისინი იხილავდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სხვადასვა ვარიანტს განიხილავდნენ. როცა მე ეს ინფორმაცია მოვისმინე, დაუჯერებლად მომეჩვენა. ვერ წარმომედგინა, რომ ვიღაც „იაპონჩიკს" შეეძლო რევოლუციის მოწყობა. მე ეს სერიოზულად არ მივიღე. შემდეგ ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. შედეგი რუსებმა ვერ მიიღეს. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10 პროცენტით, შარშან 12 პროცენტით. წელს, ხელი რომ არ შეეშალათ, 11 პროცენტით. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, თუ არ ჩავთვლით ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნებს.

2006 წელს, როცა ემბარგო შემოიღეს და ვერაფერს გახდნენ, 2007 წელს უკე რუსეთის მთავრობამ დაიწყო ფიქრი სამხედრო ინტერვენციაზე. ამის რამოდენიმე დამადასტურებელი საბუთი არსებობს. რუსეთი გამოვიდა ჩვეულებრივი იარაღის შეზღუდვის ხელშეკურლებიდან, რომელიც ამიერკავკასიაში ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზღუდავდა. ამის შესახებ მან შარშან დაიწყო საუბარი და ამავე წელს გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.

საქართველოში შემოვიდა სამი ათასამდე ჯავშანტექნიკა. არცერთი ხელშეკრულებით წლევანდელ წლამდე რუსეთს ამის უფლება არ ქონდა. ჩვენ გვყავდა ორასი ტანკი, ვინაიდან მეტის ყოფნის უფლება არ გვქონდა, რუსეთმა მოიხსნა ეს ვალდებულება და იმდენი ჯავშანტექნიკა ქონდა, რამდენიც მოისურვა. ის ფაქტი, რომ რუსეთს 2007 წელს ჩეჩნეთში არ ჭირდებოდა ამდენი ტანკი, იყო დღესავით ნათელი.

მე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხარი - რუსეთი აკეთებს ჯავშანტექნიკის კონცენტრაციას საქართველოს საზღვართან. ნუთუ ეს არ არის სიგნალი იმისათვის, რომ რაღაცა მზადდება?

გახსოვთ, შარშან პუტინი დაღესტანში ხსნიდა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს და იკითხა, ეს გზა სად მიდისო? მას უთხრეს, რომ ეს არის გზა, რომელიც მიდის საქართველოსკენ. მან განაცხადა, რომ სასწრაფოდ ეს გზა უნდა შევაკეთოთ, რათა გვქონდეს კიდევ ერთი გზა მიმავალი საქართველოსკენ. ნუთუ ამ გამონათქვამს არ უნდა შეეღვიძებინა მთელი მსოფლიო? რომელ სამხედრო ნაწილს უკეთებდა გზას საქართველოში, როცა ლარსი ერთი წლის ჩაკეტილი იყო? რუსეთის ტელევიზია კონტროლდება. როცა ჩანაწერში ამას უშვებდნენ, ეს იმას ნიშნავ, რომ მას სურდა ყველას გაეგო იმის შესახებ, რომ ამ თემაზე იგი ფიქრობს. ამის თაობაზე მსოფლიოს მხრიდან იყო ნულოვანი რეაქცია. მან დაინახა, რომ შესაძლოა ბევრი არაფერი მომხდარიყო.

ჩვენ თებერვალში მასთან პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა გვქონდა. როცა გამოვედით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ მითხა - ესენი ომით გვემუქრებიანო.

შედეგი იყო აპრილის სამიტი ბუქარესტში, რომელმაც დაუშვა სტრატეგიული შეცდომა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის მოეცათ მაპი, მათ თქვეს, საქართველოს მაპს არ ვაძლევთ, ვინაიდან მას აქვს კონფლიქტები და ამ თემას დავუბრუნდებით დეკემბერში.

ამის შემდეგ რამოდენიმე დასავლელ ლიდერთან საუბარში პუტინმა განაცხადა, თუ უკრაინა და საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციას, ამ ქვეყნებში იქნება ომი. რა არჩევანი გვქონდა ჩვენ.? იმ შემხთვევაშიც, თუ ჩვენ არ წავიდოდით ნატოში, არ გარანტია ამოცანის გადაწყვეტის, სამწუხაროდ არა. უკრაინას ბევრად მეტი შეიარაღებული ძალა ჰყავს, ისიც ამბობს, რომ ერთადერთი გარანტი თავის დაცვის, არის ნატოში შესვლა. სხვა საშუალება, ნამდვილად მათაც არ აქვთ. ჩვენ ვადევნებდით თვალ-ყურს როგორ ხდებოდა ინტერვენციის მომზადება მთელი ამხნის განმავლობაში. ჯერ რაც მოხდა აფხაზეთში -პირდაპირი კავშირების დამყარება, შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებით რკინიგზის აღდგენა.

მე ეს ავუხსენი გერმანიის კანცლერს, ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკის სახელმწიფო მდივანსაც და ბევრ სხვა ლიდერს ევროპაში,რომ მთლიანად დაცარიელებულ ოჩამჩირესა და გალში რკინიგზის აღდგენა მოსახლეობისათვის იგივეა, როგორც უდაბნოში ყინულის გაკეთება. იქ რკინიგზას სამოქალაქო ფუნქცია არ აქვს. ერთადერთი ფუნქცია რკინიგზას შეიძლება ჰქონდეს ჯავშანტექნიკის შემოყვანის თვალსაზრისით. მათ შემოიყვანეს სადესანტო რაზმები. ისინი იქ არ შემოსულან გალის დასაცავად. რაზმები დადიოდნენ ტყვარჩელში და დაკავებულები იყვნენ არე-მარეს დაზვერვით და კოდორზე შეტევის მომზადებით. ვინაიდან ტყვარჩელიდან იკეტება კოდორის გზა, სწორედ ამიტომ კოდორის მოგლეჯვის სქემას გავდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობდა სადაზვერვო და დანაღმვითი სამუშაოები კოდორის გარშემო. მიდიოდა აშკარა მზადება ზემო აფხაზეთზე თავდასხმისათვის. მინდა ვთქვა, რომ ვცადე რუსეთთან მოლაპარაკება. მე ეს არ გამიხმაურებია, თუმცა ახლა ვამბობ. მივწერე წერილი რუსეთის პრეზიდენტს, სადაც ვთხოვე მოლაპარაკების თაობაზე. ვუთხარი, იქნებ შევთანხმდეთ ასე - მდინარე კოდორამდე, სადაც ხალხი არ ცხოვრობს, პირველ ეტაპზე შევიყვანოთ ჩვენი დევნილები, თქვენი სამშვიდობოები გადაიყვანეთ მდინარე კოდორზე და ჩვენ მზად ვართ ახალ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული და რაღაც სახის ხელშეკრულება თვენთან გვექნება და თქვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მინიმუმ აფაზეთის ნახევარში ამ ეტაპზე შევიყვანთ დევნილებს, ვნახავთ ეტაპობრივად როგორ მოხერხდება კონფლიქტის გადაწყვეტა. რუსეთს სურვილი რომ ყოფილიყო შეთანხმება და ომის თავიდან აცილება, ამაზე კარგ წინადადებას ისინი ვერ მიიღებდნენ. ისინი ამით რეალურად თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს იცავდნენ, საკუთარი თავის ლეგალიზაციას ახდენდნენ საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებში, მხოლოდ ჩვენი ნებართვით. მეორეს მხრივ, ჩვენც ვიწყებდით ეკონომიკური სივრცეების ათვისებას, ხალხის შეყვანას და ამ ყველაფრის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანას. აფხაზეთისა და ქართველების ურთიერთობის აღდგენას და იმის ჩვენებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურად ამ რეგიონის აღდგენა და მშვიდობიანად ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს წერილი გავუგზავნე მედვედევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვივიდა დამცინავი პასუხი - დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთში ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია. ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან ივნისში შედგა და კარგი იყო. მისი შემოთავაზება იყო ასეთი - შევხვედროდით ერთმანეთს ივლისში და ყველა საკითხი გაგვეხილა.

ასტანაში ისევ შევხვდი მედვედევს და მისი განწყობა უკე შეცვლილი იყო . მას აშკარად ეტყობოდა, რომ სხვა ძალები ამოქმედდნენ იქ. მან შორს დაიჭირა თავი შეხვედრის იდეისაგან. დაიწყო ახალი პირობების წამოყენება - გაგვიცხადეს, რომ დაუყონებლივ გავსულიყავით კოდორიდან. კოდორიდან ნებით გასვლა ნიშნავდა პრაქტიკულად ზემო აფხაზეთის ჩაბარებას უბრძოლველად. გასაგები იყო, რომ მათ მოლაპარაკების სურვილი არ ჰქონდათ. უკვე ივლისში გამიჩნდა განცდა, რომ მან იცის რაღაც, რაც მე არ ვიცი. ივლისის ბოლოს უნდა შემდგარიყო შტაინმაიერთან შეხვედრა, იგი უნდა ჩამოსულიყო თავისი გეგმით. რუსებმა და აფხაზებმა ეს შეხვედრა ჩაშალეს, მათ განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა გადაიდო აგვისტოს ბოლოსთვის. მაისში ერთ-ერთი წამყვანი რუსული სამხედრო ექსპერტი ვარაუდობდა, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმა ივლისში ან აგვისტოში მოხდებოდა. ასტანაში მედვედევთან მოკლე ურთიერთობით მე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. როცა შეხვედრის შემდაგ პრეზიდენტმა ნაზარბაევმა მნახა, აღნიშნა, რომ ასეთ ცუდ ხასიათზე მე მას არ ვუნახივარ. მძიმე ხასიათზე ვიყავი, მქონდა ცუდი განცდა იმის თაობაზე, რომ ესენი კარგი საქმისათვის არ იყვნენ მზად. აგვისტოს დასაწყისში მათ დაამთავრეს რკინიგზის აღდგენა. ივლისში დაიწყო თავდასხმები სანაკოევზე. აფხაზეთში ჩამოგვიგდეს უპილოტო თვითმფრინავი, რაც შემდეგ უარყვეს და განაცხადეს, რომ ქართველებს ეს მოეჩვენათ. მერე დაადასტურეს, მაგრამ როცა ისინი ივლისში შემოვიდნენ და აღიარეს ეს ფაქტი, ისინი აშკარად ცდიდნენ დასავლეთის რეაქციას. ექვსი დღეს დაჭირდა ევროკავშირს, რომ ამაზე გაეკეთებინა განცხადება. განცხადება იყო შემდეგი შინაარსის- ორივე მხარეს მოვუწოდებ პროვოკაციისაგან შეიკავონ თავი. ეს იყო პირდაპირი „დაპატიჟება" შემდგომი რაღაცეების გასაკეთებლად. პრაქტიკულად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით. აშკარად,მათ ჰქონდათ გეგმა და ამ გეგმისაკენ ზუსტად მოქმედებდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ აფაზეთში არის ძალის დიდი კონცენტრაცია. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩრდილო-ოსეთში არის ძალების დიდი კონცენტრაცია. ისინი ამას არ მალავდნენ. მათ ჩაატარეს მანევრები მშვიდობის, და იძულებითი ოპერაციისა საქართველოში. ამასაც მსოფლიოს გასაგონად ამბობდნენ, თუმცა არავინ არაფერი არ თქვა. მათ სულ აინტერესებდათ, მთა მიერ გადადგმულ ამა თუ იმ ნაბიჯზე ნატოს ექნება თუ არა რეაქცია? დაემუქრება თუ არა ჯარების შემოყვანით? გემებს და თვითმფრინავებს თუ შემოიყვანენ? პრინციპში რეაქცია იყო ნულოვანი. მე ამის შესახებ დასავლელ ლიდერებთან მქონდა საუბარი. მე როცა მათ ვეუბნებოდი, რომ რუსებმა შესაძლოა დაგვბომბონ, მათ ეგონათ, რომ მე ამას ვაზვიადებდი. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ აგვისტოს დასაწყისში იყო ძალების დიდი კონცენტრაცია. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის ფაქტი, რომ ივნისის დასაწყისში დაიწყეს ჩრდილო კავკასიაში ხელის მოჭრა საქართველოსთან ურთიერთობებზე. რამოდენიმე ადამიანი დაიჭირეს და გამოაცხადეს, რომ ისინი იყვნენ ქართველი ჯაშუშები. შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს საქართველოსთან კავშირის მქონე ყველა ადამიანი. ეს აშკარად წააგავდა შეიარაღებული მოქმედებისათვის მზადყოფნას. ამას ყოველთვის აკეთებენ კლასიკურად, როცა ემზადებიან დიდი კამპანიისათვის. გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი აფხაზეთის მონაკვეთზე. იმდენად დაიძაბა სიტუაცია ჩრდილო კავკასიაში, რომ სოჩაში საკურორტო სეზონიც კი ჩავარდა. ადგილზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა. ყველა ემზადებოდა რუსულ -ქართული ომისათვის აფხაზეთის მონაკვეთზე. მართალი გითხრათ, ჩვენც ვემზადებოდით აფხაზეთის მონაკვეთზე თავდასხმისათვის. რატომ არ გვეგონა, რომ ისინი დაგვესხმებოდნენ თავს ცხინვალში? იმიტომ, რომ ცხინვალში განლაგება საჭადრაკო დაფასავით არის. მეორე- ცხინვალზე შემოჭრა ნიშნავს თბილისზე შეტევას. თუ მათ უნდა გაერისკათ, მაშინ ძალიან დიდი ძალით უნდა წამოსულიყვნენ თბილისზე. მარტო ცხინვალზე შემოჭრას სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცხინვალში ჩვენ ამ კამპანიას ვიგებდით. ყველა ნამდვილი ოსი სეპარატისტი გადმოვიდა საქართველოს მხარეს. სანაკოევი, ფარასტაევი, ქარქუსოვი. ქურთა, თამარაშენი ავაშენეთ, წარმოუდგენლად ლამაზი გახდა იქაურობა. გზები გავაკეთეთ, ხელფასები მოვუმატეთ. სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ცხინვალიდან თბილისში სიარული. თბილისში გავხსენით ოსური სკოლა, მასწავლებლები ჩამოვიყვანეთ. ამიტომ ვფიქრობდით, რომ ცხინვალზე არ უნდა გვედარდა. ცხინვალში რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ იქ რეაგირებას არ ვახდენდით, ჩავთვლიდით, რომ ეს იყო პროვოკაცია. ვამბობდით, რომ ცხინვალში თუ რამე დაიწყო, ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთში იწყებენ რაღაცას და მთელი ძალები უნდა გვყავდეს მობილიზებული აფხაზეთის მიმართულებით. 7 აგვისტომდე რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო კაზაკების გაწვევა -ჩრდილო კავკასიაში სწორედ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. გაიწვიეს მფრინავებიც რეზერვიდან. მათ ჰყავთ ბევრად მეტი თვითმფრინავი, ვიდრე მფრინავი. ერთ-ერთი მფრინავი, რომელიც ჩამოვაგდეთ, მას რამოდენიმე წელია არ უფრენია. ასევე ერთ-ერთი მფრინავი, რომელიც ჩვენ დავაპატიმრეთ. მათ რეზერვიდან გამოიწვიეს პენსიონრები. ეს მოხდა ერთი კვირით ადრე ოპერაციის დაწყებამდე. რკალი სულ უფრო ვიწროვდებოდა. მე მქონდა სურვილი და იმედი იმისა, რომ იქნებ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ჩამცხრალიყო. 7 აგვისტოს მე ვაპირებდი ოლიმპიადაზე გამგზავრებას. ჯერ 12 საათზე მივფრინავდი, შემდეგ გადავდე 7 საათისათვის. შვიდს აკლდა ოცი წუთი, როცა ჩემმა პროტოკოლის უფროსმა მითხრა, თუ არ ვაპირებთ გამგზავრებას, უნდა ვთვათ, რადგან ჩინეთში თვითმფრინავების დაჯდომაზე იყო რიგი. მე გადავწყვიტე დარჩენა.

ცხინვალთან ჩვენ მივწიეთ მხოლოდ ერთი ბრიგადა, მოგვიანებით, კიდევ ერთი. ძირითადი ძალები ჩვენ დასავლეთში გვყავდა. სენაკშიც დავტოვეთ ბრიგადა და არ გამოგვიწვევია ბრიგადა ერაყიან. ადრეც, როცა სიტუაცია იძაბებოდა, მოგვყავდა ახლომდებარე ბრიგადები მზადყოფნაში, მაგრამ მე მაინც ბოლომდე მწამდა, რომ რუსეთი ამხელა პროვოკაციებზე არ წამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვიშენდნენ 120 მილიმეტრიან ქვემეხებს. როცა მე გამოვაცხადე ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, ამ დროს სოფელ ავნებში ჩვენ გვყავდა მოკლული ჩვენი ჯარისკაცი და გვყავდა 4 დაჭრილი ჯარისკაცი. დავით კეზერაშვილი ჩამივარდა მუხლებში და თქვა, მომეცი უფლება გავხსნა საარტილერიო ცეცხლი. სხვანაირად მე ვერ გამომყავს ჯარისკაცები გზიდან. ეს გზა გადაკეტილია, გვიშენენ ნაღმებსო. ჩემი პასუხი ამაზე იყო ასეთი- რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ეხლა ცეცხლს ვერ გავხსნით. რაღაცნაირად ცოტაც გავძლოთ. ჩვენ დავიწყეთ რეკვა რუსეთში, წინა დღეს გამოვიძახეთ პოპოვი, მან უარი თქვა ცხინვლში ჩასვლაზე. დავით იაკობაშვილი გავაგზავნეთ, რათა ეს ყველაფერი ჩაგვეცხრო, პოპოვმა იაკობაშვილს განუცხადა, რომ მას ცხინვალთან ახლოს საბურავი დაეშვა. იქ იყო კულახმეტოვი, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოს ოსები ისროდნენ. კოკოითი რამოდენიმე დღით ადრე იყო რუსეთში და აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით, მოსკოვის ოლქთან კულტურულ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც თითიდან გამოწოვილი იყო. მთელი რუსული გაზეთები წინა დღეებში იყო ცხინვალზე სტატიებით სავსე. ცხინვალიდან დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. თავიდან როცა დაიწყეს ევაკუაცია, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მგონი ეს პიარია და ეს ხალხი ახალგაზრდულ ბანაკებში მიჰყავთო. შემდეგ, როცა კარგად გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ მათ ყველა სამოქალაქო პირი გაჰყავდათ. ასეთი რამ მათ არასოდეს არ გაუკეთებიათ. ამას დაემატა მობილიზაცია ჩრდილო-კავკასიაში, დაემატა მფრინავების გაწვევა. კაზაკები როცა გაიწვიეს თითოეულ მათგანს ერთი ოპერაციის ჩატარებაზე 10 000 რუსული რუბლს დაპირდნენ დაპირდნენ. ერთი სიტყვით მათ აგზავნიდნენ საძარცვავად. ჩვენი ყველა მცდელობა დავკავშირებოდით რუსეთის ხელმძვანელობას, დამთავრდა არაფრით. პრეზიდენტი მედვედევი ისვენებდა ვოლგაზე. პუტინს არ ჰქონდა საუბრის სურვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ მათ არ იცოდნენ არაფერი. კოკოითი აღარ ემორჩილებათ მათ. ამასობაში ვხედავდით, რომ რუსეთში არის მობილიზაცია. 6 აგვისტოს ღამეს, რუსეთის მესაზღვრეები გადმოვიდნენ როკის გვირაბიდან და განაცხადეს , რომ ამიერიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარები გააკონტროლებენ გვირაბის მეორე მხარესაც. ესეც ინტერვენციის დაწყების პირდაპირი ნიშანი იყო. ჯავაში მთელი ზაფხულის განმავლობაში შენდებოდა სამხედრო ბაზა და 1200 ევროს უხდიდნენ თითო მუშას, რაც წარმოუდგენელი თანხაა. მათ რამოდენიმე ასეთი ბაზა ააშენეს ოჩამჩირესა და გალში და ჩამოიტანეს უამრავი რაოდენობის საწვავი. ეს იყო 100 ათას კაცზე გათვალისწინებული საწვავი. როცა ვანო მერაბიშვილს ვკითხე, მან მხრები აიჩეჩა და თქვა, რომ ან 100 ათასი კაცის მზადყოფნით შემოსვლა მზადდება, ან უბრალოდ ამ საწვავის შავ ბაზარზე გაყიდვა უნდათ, სხვა შემთხვევაში ასეთი რაოდენობის საწვავი გალში არავის ჭირდება. ივლისის ბოლო გვქონდა ინფორმაცია, რომ ორასი ტანკი დაიტვირთა სოჩაში, მას ეწერა აფხაზია. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ ვერც დაადასტურეს და ვერც უარყვეს ეს ინფორმაცია. 2006 წელს პუტინმა მითხრა, რომ ჩვენ თქვენ მოგიწყობთ ჩრდილო კვიპროსსო. ჩრდილო კვიპროსის სცენარი სულ წარმომედგინა აფხაზეთში. ვფიქრობდი, რომ დაიკავებდნენ ხაზას ენგურზე და შემოვიდოდნენ დიდი სამხედრო ძალით. როცა გავიგე ეს ამბავი, გამახსენდა პუტინის ნათქვამი, სამხედროებს ვკითხეთ, შეგვეძლო თუ არა ამ ტანკების შეჩერება.? მათ გვითხრეს,თუ შემოგვასწრებენ, უნდა შევიმუშავოთ გეგმა რა უნდა უქნათ ორას შემოსულ ტანკს აფხაზეთში. ეს სრულად ცვლიდა ბალანსს ძალთა განლაგების. მათ სურდათ ამ ტანკებით ენგურის გამაგრება, რათა არ შევსულიყავით კოდორის გასამაგრებლად, დესანტნიკებით ახალი გზის ჩაკეტვა ტყვარჩელთან, შემდაგ დესანტის გადასხმა ზემო კოდორში და კოდორის გაწმენდა ჩვენი პოლიციისაგან და იქაური მოსახლეობისაგან. ზუსტად ეს სცენარი განახორციელეს იმ დანამატით, რომ პირველი დარტყმა მოვიდა ცხინვალზე. ეს იყო წინა ისტორია. 7 აგვისტოს ესკალირებული იყო რამოდენიმე ჩვენი სოფელი, უშენდნენ ხეთაგუროვიდან და სხვა საცეცხლე წერტილებიდან, რუსეთის სამშვიდობო პუნქტებიდან, რასაც ისინი უარყოფდნენ. მაგრამ როცა ღამე უკე წამოვიდა ინფორმაცია, რომ მოდიოდა სამხედრო ტექნიკა როკზე, მაშინ უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცავდით ბოლომდე სამშვიდობო ხელშეკრულებას, შესაძლოა ეს იყო ჩვენი შეცდომა. ჩვენ თამარაშენში, ქურთაში და სხვა სოფლებში არ გვქონდა მძიმე ტექნიკა და მძიმე შეიარაღება, რადგან ეს გათვალისწინებული იყო ამ სამშვიდობო ხელშეკრულებით. ძალების შეყვანა ამ დროს შეუძლებელი იყო, ვინაიდან გზას უკვე ბომბავდნენ. ერთადერთი გზა, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ დაუცველ სოფლებში, იყო საშუალო არტილერიის გამოყენება და დიდი გუბთის ხიდისა და როკის გვირაბის აფეთქება. როგორც კი ამ პოზიციებს გადმოლახავდნენ, შემოვიდოდნენ თამარაშენსა და ცხინვალში.

ამიტომ, როცა მათ შემოსვლა დაიწყეს, რამდენიმე წუთის შემდეგ მივიღეთ მტრის მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობდით ოსური პოზიციებიდან გახსნილ ცეცხლს - ცხინვალის ცენტრიდან - მთავრობის სასახლიდან და მათი თავდაცვის სამინისტროდან.

ჯარს უმკაცრესი მითითება მივეცი გვეპასუხა ცეცხლისთვის, შეგვეჩერებინა ჯავშქანტექნიკის შემოსვლა, არავითარ შემთხვევაში არ დაგვებომბა ცხინვალი ჰაერიდან და არავითარ შემთხვევაში არ დაგვერყა სამოქალაქო ობიექტებისთვის ცხინვალიდან.

ამას უმკაცრესად ვაკონტროლებდი და შესრულებულა კიდეც.

ჩვენი პირველი საჰაერო გაფრენა დილით ადრე, გარიჟრაჟზე ჯავა-როკის მიმართულებით განხორციელდა.

ჩვენ მფრინავებმა მაშინვე გადმოგვცეს, რომ მთელი გზა სავეს იყო რუსული სამხედრო ტექნიკითა და ჯარისკაცებით.

შეუძლებელია, ხალხო, 120 კილომეტრის გამოვლა 2-3 საათში თუ უკვე იქ არ ხარ! თუკი მათი გასვლის ტემპს შევადარებთ შემოსვლისას და იგივე ქრონომეტრაჟით ავითვლით ამ პროცესებს, ნათლად გამოჩნდება, რომ ისინი უკვე, უდავოდ, შემოსულები იყვნენ აღარაფერს ვამბობ ჩვენს იქ მყოფ წყაროებზე. რა თქმა უნდა, ცხინვალში დაზვერვის საქმე კარგად გვქონდა აწყობილი.

ჩვენმა არტილერიამ ამ ტექნიკის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენმა მეოთხე ბრიგადამ და კოჯრის ბრიგადამ, დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა - რამდენიმე ასეული შემოჭრილი ჯარისკაცი გაანადგურეს, ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის თქმა არ მახარებს.

არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც მანამდე სამხრეთ ოსეთში მსახურობდა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის წევრი, დაიჭრა და თავის მძღოლთან ერთად გაიქცა, მიატოვა ტექნიკა და ცოცხალი ჩავიდა ვლადიკავკაზში.

ამასობაში, იქ ჩადის პუტინი კრებს ახალ ძალას და, პრაქტიკულად, მთელ ძალას, რაც ჰყავდათ, საქართველოსკენ ძრავს. მარტო 58 არმიის დიდი ნაწილი უკვე მწყობრიდან იყო გამოყვანილი.

200 საბრძოლო გაფრენა გაკეთდა - ფაქტობრივად, მთელი მათი საჰაერო ძალები დაფრინავდა; შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, ოჩამჩირეში შემოვიდა.

სხვათა შორის, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოჩამჩირის პორტის გაწმენდა 9 თვის წინ, შარშან დეკემბერში დაიწყო. მაშინვე გაგვიჩნდა ეჭი, რომ ყველაფერი ამისთვის კეთდებოდა; სხვა მიზეზი არ არსებობდა - გემები იქ არ შედის და შესაბამისად, წყლის სიღმის გაწმენდა წყალმცენარეებისგან რუს სამხედრო ინჟინრებს სხვა არაფრისთვის დასჭირდებოდათ.

ერთი სიტყვით, ეს იყო მრავალი თვის წინათ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია.

დავუბრუნდეთ ახლანდელ მოვლენებს - ისინი ჩვენ შევაჩერეთ პირველ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს და როცა წინ წამოიწევა ვეღარ შეძლეს, ლარსს კიდევ 500 რუსული ჯავშანტექნიკა მოადგა.

მე მაშინვე დავუკავშირდი ჩვენებს; ვანო მერაბიშვილმა მითხრა: წავალ და მათ შეჩერებას 200 კაცით შევეცდები, მაგრამ დიდი ხნით ვერ შევძლებ. მართალია, ჩვენ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება განსაზღვრული რაოდენობით გვაქვს, მაგრამ 500 ერთეული ჯავშანტექნიკის შეჩერება, რომელიც ჩვენზე სროლით მოდის, გაგვიჭირდება - ალყას უკნიდან დაარტყამენ ჩვენს ჯარს.

ამ სიტუაციაში ჯარი იქიდან რომ არ გამოგვეყვანა, მას მთლიანად გაანადგურებდნენ; ეს ნიშნავდა არა მხოლოდ ჯარის მთლიანად განადგურებას, არამედ გარშემო ყველა სოფლის, ქალაქ გორის, კასპის, ხაშურისა და ყველა სხვა მიმდებარე ადგილის მთლიანად განადგურებას.

ეს გადაწყვეტილება უკვე იყო მისაღები.

ეს ის პერიოდი იყო, როცა მსოფლიო გამოფხიზლდა და ოლიმპიადისა და სხვა ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტი ბუში ამერიკაში დაბრუნდა და ამერიკელებმა უმკაცრესი განცხადებები გააკეთეს; ძალზე მკვეთრი ნაბიჯები გადადგა და განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა სარკოზიმ მაშინ, როდესაც იგი საქართველოში ჩამოვიდა.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც ტანკები თბილისისკენ დაიძრნენ, ფრანგებმა ამის შესახებ გაგვაფრთხილეს; იყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ისინი ჩვენს დასამხობად, ე.ი. საქართველოს გასანადგურებლად მოდიოდნენ.

ლავროვმა თავის რამდენიმე პარტნიორს განუცხადა კიდეც, რომ მათი მიზანი საქართველოს ანიჰილაცია, საქართველოს განადგურება იყო. ასე თქვა სიტყვა სიტყვით, ცხინვალზე აღარაფერს ვამბობ.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებებიდან ერთ საათში თბილისისკენ მომავალი ტანკები გაჩერდნენ, ხოლო შემდეგ ერთ საათში გვერდზე გადაუხვიეს.

ეს იყო მრავალი თვის და, შესაძლოა, წლების წინათ დაგეგმილი სამხედრო აგრესია და ინტერვენცია.

დრო ძალიან ზუსტად იყო შერჩეული - დეკემბერში ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს; ამერიკის ადმინისტრაცია მალე უნდა შეიცვალოს, ე.ი. ეს ადმინისტრაცია მათი თვალსაზრისით გადაწყვეტილების მიღების უნარიანი აღარ არის; წლის დამლევს ამერიკელები ამცირებენ სამხედრო კონტიგენტს ერაყში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარი სხვა რეგიონებისთვის გაუთავისუფლდებათ; დარტყმა აუცილებელი იყო აგვისტოში, რადგან ოქტომბრის დამლევიდან შესაძლო იყო, რომ ცხინვალშიც და კოდორშიც კლიმატური პირობების გამო ბრძოლა მკვეთრად გასჭირვებოდათ.

ასეთი სახის შეტევის განსახორციელებლად აგვისტო იდეალური თვე იყო, თანაც ოლიმპიადაც დაემთხვა, როცა ამას მთლიანად უნდა გადაეფარა.

პირველი კლიშე იყო ის, რომ ქართველებმა გაანადგურეს 2000 კაცი მაშინ, როდესაც ჩვენი შესვლის დროს 2000 კაცი ცხინვალში საერთოდ არ ყოფილა - ყველა ევეკუირებული იყო და იყო მხოლოდ რუსი სამხედროები.

მათაც აღიარეს ის, რომ დაიღუპა რუსეთის არმიის 50 გაწვეული პირი.

მაგრამ, რა უნდოდა რუსეთის არმიის პრიზივნიკებს ცხინვალში და რატომ იყვნენ ისინი იქ იმ დროს? ამას აღარ ამბობენ.

ვფიქრობ, ჩვენმა ჯარმა ძალიან მაგრად იომა.

შეიძლება დაგეგმარებაში შეცდომებიც იყო და ყველა ოფიცერი უმაღლესი დონის პროფესიონალი არ იყო, მაგრამ მათ ძალიან გმირულად იბრძოლეს და ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც ისინი გამოაკლდნენ ჩვენი ჯარის რიგებს.

რომ მათი სამდღიანი თავგანწირვა, რუსის ჯარი ისე გადაუვლიდა თბილისს, რომ როდესაც მეოთხე დღეს მსოფლიო გამოფხიზლდებოდა, თბილისი და საქართველო აღარ იარსებებდა; ყველა ამოიოხრავდა და წუხილით შემოიფარგლებოდა.

საქართველოს წინ აღუდგა და ომი გამოუცხადა ყველაზე უფრო ძლიერმა თუ არა, მსოფლიოში ყველაზე დაუნდობელმა და თავზეხელაღებულმა სამხედრო ძალამ.

ეს ბოლოს, 1939 წელს ფინეთმა გააკეთა. რუსის ჯარი ჩეხოსლოვაკიაშიც, უნგრეთშიც და ავღანეთშიც, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე შევიდა.

საქართველოში ამ დღეების განმავლობაში მათ შემოიყვანეს 80 ათასი სამხედრო მოსამსახურე და დაქირავებული პირი - იმდენივე, რამდენიც თავიდან შევიდა ავღანეთში; იმაზე ცოტა ნაკლები, რამდენიც ჩეხოსლოვაკიაში შევიდა და რითაც სტალინი ეომებოდა მარენგეიმს - პირველი არმია, რომლითაც სტალინი ამ, ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე შევიდა, 120-130 ათასკაციანი იყო.

შეადარეთ ავღანეთის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიას და შემდეგ განსაზღვრეთ რას ნიშნავს ჩვენთვის 80 ათასი კაცი და 3 ათასამდე ერთეული ჯავშანტექნიკა.

ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გამოიწვია ეს მოვლენები, კარგად დათვალოს როგორ შეიძლება ამდენად დიდი რაოდენობის ტექნიკის შემოტანა რამდენიმე საათში თუკი ეს მრავალი თვის განმავლობაში მომზადებული გეგმა და სცენარი არ იყო და თუკი ეს ტექნიკა მათ გამზადებული არ ჰქონდათ.

სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დასავლეთის პარტნიორებს ვეუბნებით, რომ უნდა დაენახათ, რომ მსგავსი რამ მზადდებოდა, ისინი გვპასუხობენ, რომ მათი ყურადღება სხვაგან იყო გადატანილი და სატელიტები, ძირითადად, ერაყისკენ იყო მიმართული.

ერთი სიტყვით, რეალურად, ეს საერთაშორისო დაზვერვის სერიოზული ჩავარდნა იყო.

ეს მათ რომ სცოდნოდათ, არც ჩვენ არ დაგვიმალავდენენ, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იცოდნენ.

ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მოხდებოდა - ჩვენ ვიცოდით, რომ აფხაზეთს 200 ტანკი მოადგა, მათ კი - არა.

რა არის რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მოტივაცია? რამდენადაც არ უნდა სურდეს ვინმეს ამის დაჯერება, ეს მოტივაცია პიროვნული არ არის; სისულელეა, რომ მე პრეზიდენტ პუტინს ოდესღაც შეურაცხყოფა მივაყენე და ეს ამის გამო მოხდა - ეს თავად მოიგონეს, თავადვე დაიჯერს და უნდათ, რომ სხვებიც დააჯერონ ამაში.

ზრდილობიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი შეთავაზების გარდა, არასოდეს არაფერი ნამდვილად არ ყოფილა.

ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ მზად ვართ ყოველგვარ შეთანხმებაზე, ოღონდ ჩვენს ტერიტორიას ნუ ეპოტინებით. მათი თქმით ჩვენ ჯერ უნდა გამოვსწორებულიყავით, ცოტა სხვანაირად მოვქცეულიყავით და შეთანხმებაზე შემდეგ დაგველაპარაკებოდნენ.

აი, ეს იყო, ძირითადად, ჩვენი საუბრის თემა - ჯერ ქათამი, თუ კვერცხი?

ყოველი შეხვედრისას ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, რომ ჩვენთვის არც ამერიკაა მთავარი და არც ევროპა - ჩვენთვის მთავარია საქართველო!

საქმე იმაშია, რომ საქართველომ შექმნა არა უბრალოდ რიტორიკა, ეს წინა ხელისუფლების საქმე იყო, არამედ ქვეყნის განვითარების ისეთი მოდელი, როგორიც ფუნდამენტურად მიუღებელია რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური კლასისთვის.

ჩვენ შევქმენით დემოკრატიული სისტემა.

ჩვენი ტელევიზიებიც ასევე აშუქენებნ მათ ინტერვენციას ისე, როგორც ამას დემოკრატიული ევროპული ქვეყნების ტელევიზიები აკეთებენ.

ჩვენ შევქმენით საზოგადოება, რომელიც არ გატყდა. მათ წარმოედგინათ, რომ ტანკებით მოადგებოდნენ თბილისს და როგორც 1921 წელს მთავრობა გაიქცეოდა, ყველანი საკუთარი თვითმფრინავებით გაიქცეოდნენ და თავიანთ დამალულ პირად ანგარიშებს მიაკითხავდა შვეიცარიაში. არც პირადი თვითმფრინავები გვყავს, ( ერთი სამთავრობო თვითმფრინავი არსებობს) არც პირადი ანგარიშები გვაქვს და რაც მთავარია სამშობოლო არ გვყავს დასაკარგი და მათთვის ჩასაბარებელი.

მათ ეგონათ, რომ საქართველო დაიშლებოდა მარტივ მამრავლებად, სამეგრელოში მოხდებოდა აჯანყება, სხვადასხვა მხარეებში კი - არეულობა. მოხდებოდა გამოსვლები ჯავახეთში, მარნეულში აჭარაში, ასეთი იყო მათი წარმოდგენა.

დღეს წარმოუდგენელი კონსოლიდაციაა სამეგრელოში, ეს არის ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოს პოლიცია ვერ შედიოდა ჯაავხეთში, იქ იდგა რუსული სამხედრო ნაწილი და ეს ტერიტორია პრაქტიკულად ოკუპაციის ქვეშ იყო, ადგილობრივ პოლიციაზე აღარ ვსაუბრობ, ის საერთოდ არ გვემორჩილებოდა.

ამ დღეებში პირველმა, ვინც რუსული ტანკები გააჩერა, ეს ახალქალაქის ეთნიკურად სომხური მოსახლეობით დაკომპლექტებული სპეცნაზი იყო. ისინი გმირულად გადაუდგნენ რუსულ ჯარს წინ და არ გაატარეს. აი, ეს არის ახალი საქართველო.

იყო დაწოლა ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომ რამე ამ მიმართულებითაც განეხორციელებინათ, მათ ყველგან ცივი პასუხი მიიღეს.

მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქართული პოლიცია ქრთამს აღარ იღებს.

მათი პროპაგანდა ასეთი იყო -ქართველები შიმშილით კვდებიან, ყველაფერი ჩამონგრეულია, აჩვენებდნენ ორმოებს, აცხადებდნენ, ნახეთ როგორ ცხოვრობენ ეს უბედურები, ეს არის მათი რევოლუცია.

მერე ამას ვეღარ ამბობდნენ. მე კარგად მახსოვს ანატოლი ჩუბაისმა თქვა, ჩვენ უნდა მივბაძოთ საქართველოს ეკონომიურ მოდელს და არა ვენესუელისასო.

ჩუბაისი ვინმე სხვა ხომ არ არის, ის მათი წარმომადგენელია. ბევრი რუსი აღიარებდა ჩვენს სწრაფ განვითარებას.

მე როცა ვთქვი, რომ ბათუმი იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე სოჭი, კი არ ვაზვიადებდი, მართლაც ასე იქნება. მთელი ამ ომის განმავლობაში ბათუმში ერთი დღეც არ შეჩერებულა მშენებლობები.

რატომ იყო რომ სპეციალურად ქართული პოლიციის განადგურება უნდოდათ? თვითმფრიანვები ყველაზე ახლოს მიდიოდნენ პოლიციასთან და იქვე ყრიდნენ ყუმბარებს.

პოლიციაზე ჰქონდათ განსაკუთრებული ნადირობა. როგორც კი პოლიცია მოიშლებოდა, მარადიორები გამოვიდოდნენ ქუჩაში, დახოცავდნენ ხალხს და იქნებოდა 1992-93 წლის სიტუაცია.

ამ დღეებში საქართველოში დანაშაულის დონე კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. სამეგრელოში პოლიციამ, რომელსაც იარაღი ჩამოართვეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იარაღის გარეშე მოახერხა. ეს არი მათი გაღიზიანების წყარო. საქართველოში შეიქმნა ნამდვილი ევროპული საზოგადოება, ნამდვილი ევროპული სახელმწიფო აპარატი და ნამდვილი ევროპული პოლიტიკური კლასი.

ისე როგორც ამ დღეებში იქცეოდა ყველა თქვენგანი, ასე იქცევიან ევროპული პოლიტიკოსები. მათ ეს ვერ წარმოუდგენიათ. მათი წარმოდგენით, ეს არის ველური ქვეყანა, სადაც საკმარისია ოდნავ მოეშვე, რომ ყველა დაუბრუნდება თავის პირვანდელ პოზიციას. უცებ აღმოჩნდა, რომ ისინი შევიდნენ განვითარებულ ევროუპულ ქვეყანაში. სადაც ხალხი ავტომატს არ ისვრის, მაგრამ მათ არ ემორჩილება, სადაც ხალხს თვალებში შიში არ აქვს, სადაც ამბობენ, რომ ჩვენი ვართ ნორმალური ქვეყანა და მათი ადგილი აქ არ არის.

თქვენ ნახეთ, რომ თბილისში მთელი ქართული საზოგადოებრიობა შეკრება. რუსეთის საელჩო ამ დღეებში ატარებდა საზოგადეობრივი აზრის გამოკვლევას (ნამდვილი სურათის მისაღებად, მათ ეს თავიანთ აგენეტებს შეუკვეთეს).

მეოთხე დღეს მათ გააკეთეს შეკრება და განაცხადეს, ეს ქართველები ხომ ადამიანები არ არიან, ყოველივე ამის შემდეგ, ისინი კვლავ მხარს უჭერენ საკუთარ მთავრობასო. ისინი ასე უბრალოდ არსად არ წავიდოდნენ, მათ რაც უფრო დაუხრი თავს, უფრო მოგაჯდებიან. მათი ფსიქოლოგია ასეთია - როცა გრძნობენ რომ გეშინია, კიდევ უფრო მეტად გაშინებენ.

საქართველოში დღეს წყდება ევროპის ბედი.

მსოფლიო წესრიგი უკუღმა დატრიალდა. გერმანია, რუსეთის მიმართ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე უფრო კეთილგანწყობილი იყო ევროპაში. დღეს კი, გერმანული პრესის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ისეთია, როგორიც არც ერთი ქვეყნის მიმართ არასოდეს არ ყოფილა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)