სიახლეები
03.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა კოტე კუბლაშვილისგან სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მთავარი ცენტრი სასამართლო ხელისუფლება უნდა გახდეს. მისი თქმით, საქართველომ მიაღწია იმას, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს - საქართველოში სასამართლოში ქრთამს პრაქტიკულად აღარ იღებენ და კორუფცია შემცირდა.
"თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხშირად მოსამართლემ წინასწარ იცის თავისი გადაწყვეტილება, წინასწარ მომზადებული აქვს თავისი აზრი ან ნაკარნახევი აქვს, რაც მალე უნდა დასრულდეს",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სისტემაში უნდა იყოს ბევრი მაკონტროლებელი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მოსამართლეს კი დაცვის მეტი გარანტიები უნდა მიეცეს. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით, სასამართლოსადმი ნდობა გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის არ უნდა ეშინოდეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური