Google+

სიახლეები

30.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს შვედეთში ჩავიდა, მანამდე კი ნორვეგიის მეფეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ნობელის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ჩვენ ვცდილობდით რუსეთთან დიალოგს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ვცდილობდით, არ გვეპასუხა მათი აგრესიისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდმა ცხადყო, რომ ეს შეუძლებელი იყო. რუსეთმა საფრთხე ბუქარესტის სამიტის შემდეგ იგრძნო, როცა ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდებიან. რუსეთი ღიად აცხადებდა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რისთვისაც მზად ვართ. რუსეთმა უბრალოდ ვერ აიტანა განვითარებადი და დემოკრატიის მაძიებელი მეზობელი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ნორვეგიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტი შვედეთში, სამეფოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან იან ბიორკმანთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ მას შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა უმასპინძლა, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკური მხარდაჭერის გარდა, შვედეთი საქართველოს პოლიტიკურად უჭერს მხარს. მისი თქმით, შვედეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას. სწორედ ეს საკითხები იყო მთავარი ბრიფინგზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და ფრედერიკ რეინფელდტმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართეს.

"შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. შეხვედრისას, მე და პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობაზე და გაერთიანების გზებზე ვისაუბრეთ. დონორთა კონფერენციაზე ჩვენმა მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად 40 მილიონი ევრო გამოყო, ჩვენი ქვეყანა სადამკვირვებლო მისიაშიც არის ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთი მუდმივად არის მზად მხარში ამოუდგეს ქართველ ხალხს", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსებმა ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო ეთნიკური, არამედ პოლიტიკური წმენდა განახორციელეს.

"რუსეთი ამ აგრესიისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ჩვენ გენოციდზე კი არა, პოლიტიკურ-ეთნიკურ წმენდაზე ვლაპარაკობთ. ეს რეალობაა. ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ, ჩამობრძანდეთ და თავად დარწმუნდეთ, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარე კონფლიქტის ზონაში შეგიშვებთ. ამ საკითხებს სპეციალური კომისია იძიებს და ჩვენ კიდევ უფრო გამჭვირვალე პროცესის მომხრე ვართ. რაც შეეხება ჩვენს მომავალს, ეს ევროპული სივრცეა. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა და ამ გზას არასდროს გადავუხვევთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შევედეთის პრემიერთან შეხვედრაზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი წარადგინა.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი მოხსენების თემა იყო "საქართველოს ინტერვენციის შემდეგ - ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები". შეხვედრას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა გამოსვლისას იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა წინაშეც ქვეყანა ჯერ კიდევ დგას. მისი თქმით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება დემოკრატიული რეფორმები. შეკითხვების უმეტესი ნაწილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს, ძირითადად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს შეეხებოდა.

"ეს იყო რუსეთის მხრიდან კარგად ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი აგრესია, რომლის შედეგადაც ქვეყანას ყველა მიმართულებით მიაყენეს ზიანი. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია და გვყავს უამრავი დევნილი. ევროკავშირის მონიტორებს, რომლებიც ცდილობენ თავისი საქმე შეასრულონ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ აძლევს. ამ ომის შემდგომ ერთ-ერთი ამოცანა საქართველოს მთლიანი რეაბილიტაციაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ პოლიტიკური მხარდაჭერა კვლავაც განაგრძოს, რომელიც რუსეთის ინტერვენციის პირველსავე დღეებში აღმოგვიჩინეს", - განაცხადა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი შვედური კომპანიის "ერიქსონის" ოფისში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)