Google+

სიახლეები

22.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით!

ხვალ 23 ნოემბერია. დღე, რომელიც ჩვენს უახლოეს ისტორიაში დამსახურებულად აღინიშნება როგორც ქვეყნის გარდამტეხი დღე.

ხუთი წლის წინ, ჩვენ ყველამ ერთად - მრავალეთნიკურმა ქართველმა ხალხმა განვაცხადეთ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეგვეძლო.

განვუცხადეთ კმარა კორუფციას, უგზოობას, უშუქობას, უგზოობას, უხელფასობას, უპენსიობას, გაუსაძლის, უიმედო ყოფას. განვუცხადეთ კმარა იმ მარაზმს, რომელიც დამკვიდრებული იყო ჩვენს ქვეყანაში. განვუცხადეთ კმარა მრავალი წლის იმედგაცრუებას, კრიმინალების თარეშს. იმ სიტუაციას, როცა საქართველოს მართავდნენ კანონიერი ქურდები.

გათიშულობის, დაპირისპირების, მუდმივი ქიშპის შემდეგ, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მას უნდა უკეთესი ცხოვრება და მომავალი, უფრო ცივილიზებული და ნორმალური არჩევანი საკუთარი თავისათვის და შვილებისათვის.

ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წამამდე არ დამავიწყდება გაცისკროვნებული თვალები იმ ადამიანებისა, ვინც გამოვიდა ქუჩაში.

ეს იყო აღმავლობა, იმედი, აღმაფრენა და ლტოლვა თავისუფლებისაკენ.

ვარდების რევოლუციამ ვერ გაამართლა ყველა მოლოდინი და იმედი. ჩვენი იმედი და მოლოდინი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა შეიძლება მეტის გაკეთებაც, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ უკეთესი ქვეყნის აშენების შესაძლებლობა მოგვეცა.

საქართველო, როგორც სახელმწიფო ნამდვილად შედგა.

დღეს, ხუთი წლის თავზე ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენი ხალხის თავდადების შედეგად, უფრო ძლიერი ეკონომიკაა, უფრო კარგი გზები, უკეთესი სკოლები, საავადმყოფოები და მეტი სამუშაო ადგილები გვაქვს.

ჩვენ აღარ ვზივართ სიბნელებში და გვყავს ისეთი პოლიცია, რომელსაც ვენდობით და პატივს ვცემთ.

აგვისტოს დღეებში, როცა მე მოვდიოდი ზუგდიდიან, როცა ამ გზით შემოდიოდნენ რუსული ტანკები და რომელსაც ბომბავდნენ რუსული თვიმფრინავები, ეს იყო უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში.

ერთი რამ არასოდეს დამავიწყდება - ჩვენი ხალხის სიმშვიდე ამ გზაზე.

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთის უმწეობის განცდა იყო მძიმე, იმიტომ რომ ვერ ვშველოდი იმ ხალხს, რომელმაც ნდობის მანდატი მომცა დაცვისათვის.

აღსანიშნავია განსაკუთრებული გმირობა ჩვენი პოლიციისა, რომლებიც ამ სიტუაციაში წარბშეუხრელად იდგნენ გზაჯვარედინებზე, რიკოთზე, ქუთაისისაკენ, სენაკისაკენ და არეგულირებდნენ საგზაო მოძრაობას.

ვარდების რევოლუციის ხუთი წლის თავს ჩვენ ძალიან დიდი სიძნელეებით ვხვდებით.

ჩვენ გავხდით ყველაზე დიდი აგრესიის მთავარი სამიზნე და თავდასხმის ობიექტი.

ეს სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების წარმატების შედეგია. არავის სჯეროდა, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ნამდვილი სახელმწიფოებრიობის აშენება.

საქართველო გახდა მნიშვნელოვანი ქვეყანა, რამაც ბევრი მეგობარი, მაგრამ ასევე გავლენიანი მტრებიც გაგვიჩინა.

საქართველოს ხშირად ვამსგავსებ კავკასიის მთებზე მიჯაჭვულ ამირანს, რომელიც გათავისუფლების ყოველ მცდელობაზე, ყვავ-ყორნების საჯიჯგნი ობიექტი ხდებოდა. ეს იყო იმპერიის ბოლო გაბრძოლება ჩვენს წინააღმდეგ.

ამ თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რამხელა ბოროტი იმპერია გვიპირისპირდება.

ჩვენ მოსაშუშებელი გვაქვს ღრმა ჭრილობები. ათი ათასობით ჩვენი ოჯახი დარჩენილია უსახლკაროდ. ამას დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რაც დიდ სიძნელეებს უქმნის ქართულ ეკონომიკას და თითოეული ჩვენგანის ეკონომიკურ პერსპექტივას.

ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე უმუშევარია, ებრძვის სიღარიბესა და უიმედობას. რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმე და დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას.

ამას გარდა, ყველა ეთნიკური წარმომავლობის ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ამ აგრესიას ემსხვერპლა.

ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა.

საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე თავისი ისტორიული განვითარების გზაზე.

ჩვენ, როგორც არასოდეს გვამრთებს სიფრთხილე, წინდახედულება და გამბედაობა. იმპერიის საქმე კარგად არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი საქმე იყოს კარგად, ჩვენ გვჭირდება მოთმინება, გამძლეობა. იმისათვის, რომ გვქონდეს გამძლეობა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. იმისათვის, რომ გვქონდეს მოთმინება, ჩვენ გვჭირდება შევინარჩუნოთ ხვალინდელი დღის და მომავლის იმედი.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გამბედაობა, რომელიც შოკის მომგვრელია ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, ეკონომიკურად ძლიერი ხალხისათვის და სახელმწიფოსათვის.

ხვალ ზეიმის ნაცვლად , ჩვენ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, მიზანდასახულობა, ვიდრე ადრე გვქონდა.

ჩვენ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორიც გამოვავლინეთ 23 ნოემბერს - გიორგობა დღეს.

ჩვენ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა დღეს არსებული პრობლემების გადასალახად, ბოროტებაზე გასამარჯვებლად და უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად.

ჩვენ ეს შეგვიძლია. ხუთი წლის წინ დავინახეთ, რომ ეროვნული ერთიანობით სასწაულების მოხდენა შეგვიძლია.

ჩვენ ეს დავინახეთ თბილისში, ბათუმში. მე ვამაყობ იმით, რომ ყველგან სადაც არ არის საოკუპაციო ჯარები, შევინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა, სხვადახვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნორმალური მეგობრული თანაცხოვრება.

როდესაც მე ვხვდები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თანამოქალაქეებს, რომლებიც 5 წლის წინ ერთ სიტყვას არ ამბობდნენ ქართულად და არ ჰქონდათ განცდა, რომ ერთიან საქართველოში ცხოვრობდნენ, დღეს ეს ხალხი ყველაზე საიმედო დასაყრდენია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ეს განსაკუთრებით რუსული აგრესიის დღეებში გამოჩნდა.

ხვალ მე, თქვენთან ერთად სიამაყით და განსაკუთრებული ემოციით გავიხსენებ იმას, თუ როგორ დავიწყეთ განვითარება ხუთი წლის წინ, მაგრამ მთავარი ჩვენი ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაა. მთავარი არის ზრუნვა ჩვენი ხალხის დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევაზე.

მე ხვალ მინდა მოვინახულო ის ადგილები, სადაც იქმნება სამუშაო ადგილები და ასევე ის ადგილები, სადაც მსოფლო კრიზისის პირობებში ვიბრძვით არსებული სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად ბოლო ხუთი წლის მიღწევებისა, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს, ჩვენი რევოლუცია არ დამთავრდება მანამ, სანამ არ მოიძებნება დასაქმების საშუალება ყველა იმ ქართველისათვის, ვისაც მუშაობა შეუძლია და ამის სურვილი აქვს.

ჩვენი რევოლუცია არ დამთავრდება მანამ, სანამ არ გვექნება დიდი პროგრესი საქართველოს სიღარიბისაგან გათავისუფლების საკითხში.

სიღარიბე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემცირდა ორჯერ. ეკონომიკა თითქმის გასამმაგდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ცხოვრობს ქრონიკულ სიღარიბეში. მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, მე ვიცნობ ამ ადამიანებს არა სტატისტიკიდან, არამედ მე ვიცნობ ბევრ მათგანს სახელითა და გვარით. მე მათთან მქონია ურთიერთობა ამ წლებში, ყველაზე მეტი საზრუნავი სხვა საკითხებთან ერთად, არის ამ ხალხის გამოყვანა სიღარიბიდან და მათი შვილების გარზდა ისეთ პირობებში, როცა მათ არ ექნებათ სიღარიბის, სიდუხჭირის სტრესი და სიმძიმე.

ისინი ნორმალურად გაიზრდებიან, წამოვა ახალი თაობები და ამ ხალხსაც აუცილებლად ვუშველით.

ჩვენი მთავარი მტერი, ამას ჩვენ ხშირად ვიმეორებთ და კიდევ გავიმეორებ, არის სიღარიბე და უმუშევრობა.

ხვალ მე მინდა შევუერთდე იმ ხალხის მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის კვირეულს, ვინც სახლ-კარი დაკარგა.

ჩვენ ავაშენეთ და ვასრულებთ 5 ათასი სახლის მშენებლობას, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი - რაც არ უნდა კარგად იყოს ეს სახლები აშენებული, გალამაზებული და გამთბარი, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს და, განსაკუთრებით, ამ აგრესიის შედეგად დაზარალებულებს.

სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დიდი ძალა და ეროვნული სიმტკიცე გვაქვს, ჩვენს წინაშე აღმართული წარმოუდგენელი ბარიერის დასაძლევად და წინსვლის გასაგრძელებლად; იმისათვის, რომ დავამარცხოთ იმპერია, ე.ი. აღვადგინოთ საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობა და დავამარცხოთ უმუშევრობა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო სრულიად თავისუფალი გახდეს, იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა პოლიტიკური ლიბერალიზმის თვალსაზრისით, სადაც ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლება, ყველაზე მიუღებელი აზრის გამოთქმაც კი, გარანტირებულია პრაქტიკულად და არა მხოლოდ კანონის ძალით; სადაც ყველაზე მძაფრი პოლიტიკური დებატებიც კი, ემსახურება საზოგადოების პროგრესს და არა რაიმე დაბრკოლების შექმნას და საზოგადოების წინსვლის შეჩერებას; სადაც ადამიანები კამათობენ, არ თანხმდებიან, ძალიან ბევრს, შესაძლოა, არც მოსწონდეს ერთმანეთი, მაგრამ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ერთმანეთს არასდროს არ გაიმეტებენ ეროვნული დაპირისპირებისთვის, შუღლისთვის, ძალადობისთვის და სხვა დაუშვებელი გამოვლინებისთვის; სადაც ყველას ექნება იმის განცდა, რომ ჩვენი საერთო მომავალი, ჩვენი თავისუფლება თითოეული ჩვენგანის საშენებელია.

როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, უნდა შევძლოთ ყველაზე მთავარ საკითხებზე შეთანხმება.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო თვეებისა და წლების სერიოზული კატაკლიზმების შემდეგ, ამ მიმართულებით, საოცრად პოზიტიური ნაბიჯები გადავდგით.

ძალიან ცოტა ცივილიზებული და ჩვენზე უფრო მდიდარი ერი თუ გაუძლებდა იმ შემოტევას, რომელიც აგვისტოში მოგვიწყვეს და ახლაც გრძელდება.

ამ ხალხისა და ამ მთავრობების უმეტესობა, პრაქტიკულად, დაიშლებოდა - ამ სახელმწიფოთა უმეტესობა უბრალოდ შეწყვეტდა არსებობას.

აგრესორმა აქამდე ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს - რეალურად მისი მიზანი ხომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის კონტროლი და ოკუპაცია არ არის.

მან მშვენივრად იცის, რომ თუ საქართველო გადარჩა და გაძლიერდა, საქართველოს ღია ოკუპაციის არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ გააჩნია.

მსოფლიოში არც ერთ აგრესორს ბევრად უფრო რთულ დროებში და ბევრად უფრო ნაკლებად ცივილიზებულ ეპოქებში, ასეთი ტიპის აგრესია და ოკუპაცია არ შერჩენია.

ის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, მისი სისუსტის გამოვლინებაა და არა სიძლიერის.

მათი სამიზნე ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევა იყო და თავს ნუ დავიმშვიდებთ, მათი სამიზნე დღესაც არის ქართული სახელმწიფოებისა და ქართული დემოკრატიის ბოლომდე მოშლა, ზოგიერთი მათგანის ველურ ოცნებებში რუკიდან საქართველოს ბოლომდე გაქრობა.

სწორედ ამიტომ უნდა გვესმოდეს თუ რა გამოწვევასთან გვაქვს საქმე, და ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევით, დაბომბვის საფრთხის ქვეშ, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი. ყველა ეთნიკური წარმომავლობის მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ, მილიონობით ქართველმა სექტემბრის დასაწყისში ერთმანეთს ჩაჰკიდა ხელი.

ჩვენ შევძელით მთავარ საკითხებზე ცივილიზებული დიალოგის წარმოება.

ჩვენი დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდა და სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკური რეფორმები გაგრძელდება. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მსოფლიო კრიზის უკეთესად გაუძლო, ვიდრე ჩვენზე ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყნებში განვითარებულმა ეკონომიკებმა და მთავრობებმა.

რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს პერსპექტივა.

5 წლის წინათ ჩვენ ყველამ ვიგრძენით როგორ გაგვიძღვა წმინდა გიორგი წინ გამარჯვებისაკენ.

ახლაც ის დროა, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს წმინდა გიორგის ძალა.

იმ განსაკუთრებულ გამოცდას, რომელიც განგებამ მოგვიწყო, თავაწეული უნდა შევხვდეთ.

გამარჯვებისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა, არ არის ია-ვარდით მოფენილი.

ჩვენ ეროვნული ინსტიქტი გვაქვს იმისა, რომ, საბოლოოდ, საქართველო გამარჯვებული გამოვა.

ბევრი იმპერიის სახელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას იპყრობდა, დღეს მხოლოდ ისტორიკოსებს თუ ახსოვთ. ჩვენი ქვეყანა კი არსებობდა და კვლავაც არსებობს.

დღეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში წმინდა გიორგის ძალა და შეუპოვრობა უნდა ვიგრძნოთ.

თუ ეს ასე იქნება, და ეს აუცილებლად ასე იქნება, ჩვენი საბოლოო გამარჯვება სრულიად გარდაუვალია.

წინასწარ გილოცავთ წმინდა გიორგობას.

გილოცავთ ვარდების რევოლუციის 5 წლისთავს.

გისურვებთ გამარჯვებას.

მაღალი ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი საქართველოს მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)