სიახლეები
23.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დილიდან სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქადაგების შემდეგ, მოსახლეობას გიორგობა პრეზიდენტმა მიულოცა.
"მინდა დიდი კმაყოფილება გამოვხატო მისი უწმინდესობის გამოჯანმრთელების გამო, მინდა თქვენი სახელით მივულოცო პატრიარქსაც და ყველა ჩვენგანს მისი გამოჯანმრთელება, ვუსურვო მხნეობა და საქართველოს საკეთილდღეოდ, დიდი ეროვნული საქმის კეთება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
"მინდა ორიოდ სიტყვა დავამატო იმას, რაც აქ უკვე ითქვა. საქართველო იმყოფება ბრძოლაში, საქართველოს დაარტყეს, თუმცა მუხლებზე ვერ დასცეს - ჩვენ ვერასდროს ვეღარ დაგვაჩოქებენ. ჩვენ ძალიან დიდი ძალა დაგვიპირისპირდა. ასეთი დარტყმის შედეგად, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები კი არა, ჩვენზე ბევრად დიდი, ბევრად მრავალრიცხოვანი, ბევრად უფრო კარგად აღჭურვილი, შეიარაღებული და ფიზიკურად მომზადებული ერები ნადგურდებოდნენ. ასეთია საქართველოს ხვედრი - ჩვენ ყოველთვის გვესხმოდნენ თავს დიდი იმპერიები. ზოგიერთი მათგანის სახელი ისტორიკოსებსაც სუსტად ახსოვთ, საქართველო კი იყო და იქნება - საქართველო იქნება მუდმივად. ხალხი, რომელიც საქართველოს არარსებობას ლამობს, აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი ბრძოლა. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი.
"მინდა მივესალმო ყველა გამარჯვებულ ქართველს, ყველა ჩვენს წარმატებულ თანამემამულეს, იქნება ეს სახელმწიფო სამსახური თუ ბიზნესი. მიმაჩნია, რომ ქართველი რომელიც ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, წარმატებას და გამარჯვებას საკუთრი ხალხის საკეთილდღეოდ აღწევს. გუშინ ჩვენი პატარების ანსამბლმა გაიმარჯვა ევროვიზიის კონკურსზე. თქვენ იცით, რომ ქართველებს განსაკუთრებულად ხელს არავინ უწყობს. გამარჯვებისთვის ქართველს სჭირდება იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა დიდი ერების წარმომადგენლები. მინდა ამ ბავშვებს მივესლმო და წარმატება მივულოცო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური