სიახლეები
29.01.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ფერმის გახსნას დაესწრო
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ თელეთში იმყოფებოდა, სადაც ახალი სანაშენე ფერმის გახსნას დაესწრო. ფერმაში უკვე დასაქმებულია 40 ადგილობრივი და აქ კიდევ 50 ადამიანის დასაქმება იგეგმება. მიხეილ სააკაშვილმა ფერმა დაათვალიერა და იქ მიმსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე აუცილებელია, რომ ასეთმა ფერმებმა აქტიურად იმუშაონ.
"საქართველოში 40-50 ასეთი ფერმა მაინც უნდა გვქონდეს. კარგია, რომ ერთი უკვე შეიქმნა და სტანდარტი უკვე ვიცით. ეს ახალი სოფლის მეურნეობისა და ახალი ეკონომიკის სტანდარტია. ახლა მთავრია სხვებმა აიღონ თქვენგან მაგალითი. ჩვენი ეკონომიკა თქვენნაირ ოპტიმისტებზე დგას და თქვენნაირი ხალხისა და სწორი მართვის პირობებში ყველაფერს მივაღწევთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პროექტ "100 ახალი საწარმოს" ფარგლებში შპს "ნ-არგოს" ფერმისთვის საჭირო ტერიტორია - 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეღავათიან ფასად გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური