სიახლეები
04.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მალე მეტალურგიული ქარხანა ამუშავდება. შპს"ევრაზიან სტილი"ქართულ-ინდური საწარმოა. ქარხანა წელიწადში 100 ტონა მაღალი ხასრისხის სამშენებლო ლითონს დაამზადებს. წარმოებული პროდუქცია უკრაინიდან და თურქეთიდან შემოტანილ ლითონს შეცვლის და ბაზრის 60 პროცენტს აითვისებს. საწარმო, რომელიც ექვს თვეში ამოქმედდება, 500 ადამიანს დაასაქმებს.
პრეზიდენტის განცხადებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქუთაისში სამშენებლო პროცესი დღევანდელ რთულ პირობებშიც არ ჩერდება.
"მსოფლიოში მშენებლობების 80 პროცენტი გაჩერებულია. მაშინ, როდესაც მსოფლიო ყვაოდა, ქუთაისში ყველაფერი გაჩერებული იყო. ახლა, როდესაც მსოფლიოშიც და მათ შორის, საქართველოშიც პრობლემებია, ხოლო ქუთაისში მშენებლობა არ ჩერდება და ვქმნით სამუშაო ადგილებს, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. თქვენ იცით, რომ ქალაქის ცენტრი აღვადგინეთ, მაგრამ მთავარი არა ქალაქის იერსახეა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არამედ ის, რომ ამ ქალაქში ხალხი იყოს დასაქმებული. თბილისისა და რუსთავის შემდეგ, ინდუსტრიული გიგანტი სწორედ ქუთაისი იყო. 15 წლის განმავლობაში ჩვენ სპეციალისტების მთელი თაობა დაგვეკარგა, თუ ამ კრიზისის გამო კიდევ რამდენიმე წელიწადს დავკარგავთ, ხალხის გარეშე დავრჩებით. ახლა მთავარია, არსებული კადრები გამოვიყენოთ, რომლებიც საქმესთან ერთად, ახალ სპეციალისტებს მოამზადებენ. კატასტროფა იქნება, თუ ეკონომიკა გაჩერდება - ამას ისტორიული ტრაგიკული შედეგი ექნება. ამიტომ თითოეულ სამუშაო ადგილს უნდა გავუფრთხილდეთ და ყველა ინვესტორს იდეალური პირობები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური