სიახლეები
10.03.2009
მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით , აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძეც ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა, სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა გამოუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აგვისტოს ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის ოჯახი თბილისში საცხოვრებელ ბინას აეროპორტის გზაზე მდებარე მშენებარე სახლებში მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაღუპულების მეუღლეებს მიხეილ სააკაშვილმა თავად გააცნო. „თბილისი გადარჩა მათი სიცოცხლის ფასად. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რუსები მოდიოდნენ თბილისზე. ეს იყო პუტინის გეგმა, სტრატეგია და საბოლოო მიზანიც. ის, რომ ჩვენ გადავრჩით და დაცულები ვართ, ეს თქვენი მეუღლეების დამსახურებაა. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც საქართველოსთვის გაწირავს თავს, რომ მისი ოჯახი დაცული, მოვლილი და ხელშეწყობილი იქნება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობას უნდა დაცვა. ჩვენი ამოცანა და მოვალეობა არის ის, რომ მათი დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. საქართველო არასოდეს შეეგუება იმას, რაც მტერმა ჩვენს ტერიტორიაზე დაამკვიდრა. თქვენმა მეუღლეებმა გადაარჩინეს დედაქალაქი, ყველამ ერთად გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. დღეს კი, ყველამ დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანა უნდა განვავითაროდ, დავიცვათ და მშვიდობიანად გავაერთიანოთ" - განუცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური