სიახლეები
26.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-10 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველ დღე გრძელდება.
"დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ დღევანდელ დღეს აღსანიშნავი და გასახსენებელი დღე. დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით, რათა ვიცხოვოროთ უკეთეს ქვეყანაში და მოგვეცეს უკეთესი მომავლის შანსი. დამოუკიდებლობა არის თავისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის, გამოწვევების, სოციალური გაჭირვების, პოლიტიკური კულტურის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლობის პირობებში, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, ისეთი გარემო და ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი ქვეყანა გახდეს შეუქცევადად თავისუფალი, ხოლო ჩვენი მომავალი - შეუქცევადად დაცული. ვერავინ ვერ უნდა დაგჩაგროთ იმის გამო, რომ ვიღაცის აზრით, "სწორი" უბნიდან არ ხართ, "სწორი" ოჯახიდან არა ხართ, "სწორი" ეთნიკური წარმომავლობის არა ხართ. თქვენ უნდა შეგაფასონ იმის მიხედვით თუ როგორ ისწავლეთ, რა ნიჭისა და უნარის მქონე ხართ, როგორ აზროვნებთ და როგორ გიყვართ თქვენი ქვეყანა, თქვენი სამშობლო. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ვიქნებით თანამედროვე ევროპული ქვეყანა და ვიქნებით კავკასიის (კავკასიონის ქედის ორივე მხარეს) მთავარი დასაყრდენი ევროპაში ინტეგრაციის დროს", - განაცხადა პრეზიდენტმა მოზარდებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური