Google+

სიახლეები

29.05.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიას არაოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტალიაში იმყოფება. ვიზიტი არაოფიციალურია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ იტალია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას გაამყარებასა და სავიზო რეჟიმს გამარტივების თაობაზე განაცხადა.

"საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირში მისი ასოცირებულ წევრად მიღების გადაწყვეტილებას წლის დამლევამდე მიიღებენ", - აღნიშნა ფრანკო ფრატინიმ.

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ჟანფრანკო ფინიმ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

"რუსეთთან, როგორც დიდ სახელმწიფოსთან, ურთიერთობა კარგია, მაგრამ მთავარია საერთაშორისო კონვენციებისა და ვალდებულებების დაცვა, რომლებიც სახელმწიფოებს შორის მოქმედებს. იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უჭერს მხარს და გმობს მისი ტერიტორიების ოკუპაციას", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილმა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ: " საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს".

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა იტალიის პარლამენტის დეპუტატმა პაოლო გუცანტიმ, რომელიც სილვიო ბერლუსკონის პარტიის წევრი იყო, თუმცა იმის გამო, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ომის დროს პრორუსული პოზიცია დაიკავა, პროტესტის ნიშნად დატოვა სამთავრობო პარტია და ოპოზიციაში გადაინაცვლა. მისი თქმით, პოლიტიკურ ძალთა დიდი ნაწილი გმობს რუსეთის აგრესიას, იტალიის ხელისუფლება კი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის აღიარებს.

იტალიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ რაფაელ გლუკსმანის წიგნის პრეზენტაციაც მოეწყო. წიგნი სახელწოდებით "მე თავისუფლებაზე გელაპარაკებით" შეეხება აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას და ახალგაზრდა ხელისუფლების ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის.

"აგვისტოს ომის დროს საქართველოში ვიყავი და ვხედავდი 21-ე საუკუნის უსამართლობას და აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ. გამიჩნდა სურვილი, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანისთვის მიმეწოდებინა სიმართლე", - აღნიშნა ფრანგმა მწერალმა პრეზენტაციისას. ღონისძიება რომის მერიაში, იტალიის სიმბოლოდ წოდებულ პროტომოტეკას დარბაზში გაიმართა და ის რომის მერმა გახსნა. პრეზენტაციას როგორც პოლიტიკოსთა ფართო სპექტრი, ისე საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. რომის კომუნის სახელით გიდასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას. ვიცით, რომ უაღრესად ქარიზმატული ლიდერი ბრძანდებით, რომელიც დემოკრატიისთვის დაუღალავად იბრძვის", - აღნიშნა მერმა.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.

"ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით დემოკრატიისათვის. მთავარი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდობა ძალიან კარგად აფასებს შექმნილ ვითარებას. ვეცდებით, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად".

საქართველოს პრეზიდენტის შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოგვიანებით მილანშიც შედგა.

26 მაისის დღის აღსანიშნავად ვატიკანში საქართველოს საელჩოში მიღება გამართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იტალიის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)