Google+

სიახლეები

12.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ეკონომიკურ სფეროში მოღვაწე ქართველ თანამემამულეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სფეროში მოღვაწე ქართველ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების გზების დასახვა იყო. მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სერიოზულად შეეხო საქართველოს, ამას შიდა პოლიტიკური დაძაბულობა დაემატა, რის შედეგადაც ქვეყანამ რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიცია და ათეული ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისა და ეკონომისტების გამოცდილების გაზიარება.

"უწინარეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ლადო გურგენიძეს იმისათვის, რომ ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ქართველი ექსპერტები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისევ შეიკრიბეთ თბილისში. ჩვენი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ერთად გადავხედოთ საქართველოს ეკონომიკას და ერთად მოვნახოთ სიძნელეების გადალახვის საშუალებები. ბოლო თვეებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სერიოზულად შეეხო საქართველოს. ეს იგრძნობა არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ გადასახადების აკრეფის თვალსაზრისითაც - რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მხრივ ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ამოქმედდა. საბანკო სექტორი კრედიტების გაცემის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, გაჩერდა. ამ მხრივ, მართალია, ძალიან ნელა და ფრთხილად, მაგრამ ისევ ვიწყებთ გამოცოცხლებას. კრიზისმა დაარტყა თითოეული მხარჯველის ჯიბეს, თბილისში დაიკარგა ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს ასევე დაკავშირებული იყო იმ პოლიტიკურ ლოზუნგებთან და მუქარასთან, რომელიც ისმოდა ყოველი ქუჩის კუთხეში და ყველაფრის დანგრევისა და არეულობის გამოწვევის საფრთხეს ქმნიდა. ეს მუდმივად გადაიცემოდა ტელევიზიით. ყოველივე ამას აქვს ეკონომიკური ფასი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე უარესად ყოფნა შეუძლებელია და მომიტინგეებს უერთდება. თუმცა, მერწმუნეთ, ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ასეთი საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელიც ძალიან ცუდ სიტუაციაშია. რამდენიმე წლის წინათ მათ რიცხვში საქართველოც შედიოდა და ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს რას ნიშნავს მართლა ცუდად ყოფნა. რა თქმა უნდა, ხალხს ძალიან უჭირს, ბიზნესების მთელი რიგი დაიხურა, სერიოზული პრობლემაა კრედიტების დაბრუნების მხრივ, ასევე სერიოზული სირთულეებია სამშენებლო სექტორში, თუმცა არა მთელი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს ბათუმში შენდება მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი, თბილისშიც დაახლოებით ასეთივე მასშტაბის მშენებლობაა, მაგრამ ბათუმი თბილისზე ათჯერ პატარაა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ კრიზისის დარტყმა საქართველოში მაქსიმალურად შემცირდეს. ეს საქართველოსთვის არა მარტო ეკონომიკური და მიმდინარე პოლიტიკური საკითხია, არამედ, შეიძლება ითქვას, მისი გადარჩენის საკითხიც, დღევანდელი ძალზე რთული რეგიონალური ვითარების გათვალისწინებით. მით უმეტეს, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია აგრესიული, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ.

"ამ სიტუაციაში თქვენი გამოცდილება და რჩევა ძალიან გვჭირდება. მიხარია, რომ ლადო გურგენიძე აქტიურად არის ამ საქმეში ჩართული. ამჟამად იგი რამდენიმე განვითარებად ქვეყანაში მიიწვიეს როგორც წამყვანი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და, შესაბამისად, რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებით არის დაკავებული. ეს იმ სამუშაოს ძალზე მაღალი შეფასებაა, რომელიც მან საქართველოს პრემიერმინისტრობის დროს გაწია. ლადო გურგენიძის დამსახურებაა, რომ შარშან აგვისტოსა და სექტემბრის რთულ დღეებში, როდესაც საქართველოში მტერმა ყველა კომუნიკაცია ჩაკეტა, საქართველოს ეკონომიკა ფუნქციონირებდა ისე, რომ მისი არც ერთი ასპექტი არ ყოფილა პარალიზებული. ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ სიტუაციაზე, რომელსაც ბევრი განვითარებული ევროპული ქვეყანა სამი ან ხუთი დღის განმავლობაშიც ვერ გაუძლებდა, ჩვენ კი, პრაქტიკულად, ორი თვის მანძილზე ვიყავით ამ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია, რომ ლადო სხვა ქვეყნების აღორძინებას უწყობს ხელს, მაგრამ მთავარია, რომ საინვესტიციო პაკეტის გათვალისწინებით, ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა. ჩვენ გვაქვს ძალზე საინტერესო საინვესტიციო პაკეტი და ახლა ის დროა, ეს შესაძლებლობა ჩვენმა ბიზნესმენებმა გამოიყენონ. ბიზნესმენების უმეტესობა ამ ბოლო კვირების განმავლობაში დაშინებული იყო - ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ აქ მოხდებოდა სამოქალაქო ომი, ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ მთავრობა პარალიზებული იქნებოდა, ვიღაცამ დაიჯერა, რომ რეფორმები შეჩერდებოდა - ახლა ყველა უნდა მიხვდეს და დაიჯეროს, რომ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება, საქართველოში იქნება სტაბილურობა და არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის საშუალებას. საკითხი თუთოეული ქართველის შემოსავალს შეეხება. ჩვენ არ გადავაყოლებთ ჩვენი გაჭირვებული ოჯახების მომავალს ცალკეული პოლიტიკოსების სულსწრაფ ამბიციებს. ჩვენ ისედაც უამრავი გამოწვევა გვაქვს და არ ვაპირებთ კომპრომისს ფუნდამენტური საკითხების - ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტუქტურის და ინვესტიციების ხარჯზე. ის დრო დამთავრდა, როდესაც ინვესტორი ვერ მოგვყავდა სამთავრობო შენობაში იმის გამო, რომ შენობა დაბლოკილი იყო; როდესაც სავახშმოდ წაყვანილ სტუმრებს რამდენიმე ხულიგანი გარედან მეგაფონით დაჰყვიროდა. ამ "ექსპერიმენტების" შედეგად, ასობით მილიონის ინვესტიციები დავკარგეთ.

რატომ შენდება ბათუმში ათჯერ მეტი, ვიდრე თბილისში? იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა არც ერთი გალია და არც ერთი სერიოზული აქცია. იქაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ ზუსტად იციან რა კავშირია მათ კეთილდღეობას, ზოგადად, სიღარიბის დაძლევასა და სტაბილურობას შორის. ეს აქ, თბილისშიც კარგად ვიცით და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. დადგა დრო, დავსერიოზულდეთ. ვფიქრობ, საზოგადოებამ მშვენივრად აჩვენა, რომ მას შეუძლია სტაბილურობისა და სიმტკიცის შენარჩუნება.

დღეს ჩვენი ამოცანაა მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს და ასევე მოგისმინოთ თქვენ. ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ უცხოეთში წარმატებული ქართველები, მაგრამ ჩვენი ამოცანა და ამბიციაა, რომ ქართველები, უწინარეს ყოვლისა, წარმატებული იყვნენ საქართველოში. ამას განასახიერებს ლადო გურგენიძე, ეკატერინე შარაშიძე, ჩვენი მთავრობის ბევრი წევრი. ჩვენ გვინდა, რომ ბევრად აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეში. დღეს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების უმეტესობა, უცხოეთში მოღვაწე ქართველების დამსახურებაა. ფულის ჩადება სამუშაო ადგილებს წარმოქმნის, სამუშაო ადგილები კეთილდღეობის საწინდარია, კეთილდღეობა კი ეკონომიკაში ფულის დაბრუნებას, ახალ დიდ პროექტებს, საქართველოს გაძლიერებას და გარე აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნისათვის მეტ იმუნიტეტს ნიშნავს. ეს არის ჩვენი დასკვნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)