Google+

სიახლეები

24.07.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

საუბარის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის შედეგები იყო.

საპარლამენტო უმრავლესობასთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ბელორუსის ხელისუფლების მოწოდებას ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს კანონმდებლობა დაიცვან.

‘'ეს არის ბელორუსის მხრიდან თამამი და გაბედული გადაწყვეტილება'', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პირველი მერცხალი მსოფლიოში ამ მიმართულებით და ეს პროცესი მსოფლიო თანამეგობრობაში აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.

‘'მსოფლიომ უკვე ბევრჯერ დაინახა, როგორ მოიქცა ბელორუსი რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამგზავრების შემთხვევაში საქართველოს კანონები დაიცვან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაადგილება შეზღუდულია. ამ რეგიონებში ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან - ზუგდიდისა და გორის რაიონებიდან."-აქნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინის გეგმა, რომელიც საქართველოს საბოლოო ოკუპაციას და განადგურებას ეხება, საბოლოოდ ჩაშლილია. " დღეს უკვე სხვა მსოფლიოა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის სხვა დონე არსებობს და ერიც შეცვლილია, რაც ნათლად აჩვენა ბოლო პერიოდის შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა. საქართველომ სერიოზული დიპლომატიური გამარჯვებები მოიპოვა, ნათლად გამოიკვეთა, რომ ეს არ არის ადგილობრივი პრობლემა და მსოფლიო მნიშვნელობის მძიმე, ძნელად გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პრობლემის საერთო მასშტაბებზე დაყენება. ბაიდენმა ჩვენი პრობლემა ბერლინის კედელის პრობლემას შეადარა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს უკვე აღარ არის ჩვენი მტკიცება. მან ისაუბრა ოკუპაციაზე და შედარება გააკეთა ბერლინის კედელთან",- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაიდენის განცხადებები ისტორიული იყო.

"გუშინ, როგორც არასდროს, მძაფრად და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა საქართველოს თავისუფლების, მომავლის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ჩვენი დამპყრობლის, მტრის მიერ დანერგილი აზრი საქართველოს გარშემო და შიგნით, რომ საქართველოს პატივს არავინ სცემს, ქვეყნის დემოკრატიას და თავისუფლებას მომავალი არ აქვს, რომ მთავრობა გამოსაცვლელია, გუშინდელის შემდეგ სასაცილოდ გამოიყურება. ეს თავიდან ბოლომდე იყო მტკნარი სიცრუე",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის არჩევანი აშშ-ის მსოფლმხედველობაა. ‘'პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე გორიდან დევნილი ფერმერთა ოჯახი იყო მოწვეული, რომელსაც რუსებმა ყანა, ხეხილი დაუბომბეს და ტანკებით გადაუარეს, ხოლო რაც დარჩა, გადაწვეს. ამერიკელები სამ კვირაში ჩამოვიდნენ იმ ფულის გამო, რომელიც ბაიდენმა კბილებით გაიტანა. უფასოდ უმაღლესი კლასის ხორბალი დაუთესეს და ახლა მოსავალს იღებენ. ერთმა გადაუწვა და მეორემ გაუკეთა. ავირჩიოთ - გადამწველები თუ გამკეთებლები. არჩევანი დღესავით ნათელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის არჩევანი",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებთან ბაიდენის გუშინდელი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ემოციები ვერ შეიკავა.

"აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმაც ვერ შეიკავა ემოციები. ამ ბავშვებს დიდი ხანია ვუყურებ და კარგად ვიცი, მათ რა დაკარგეს. ეს არიან ბვშვები, რომლებსაც სახლები გადაუწვეს, საკუთარი ოჯახის წევრები, კლასელები ჩააკვდათ ხელში. ისინი ძალიან კარგად სწავლობენ. ეს არის ახალი საქართველო და მტერი ვერასდროს გაიმარჯვებს. იმ ხალხისთვის, ვინც დაობს, კიდევ რა არის არჩევანი თავისუფალ სამყაროსა და უკან დაბრუნებას შორის, კითხვა მინდა, დაუსვან საკუთარ თავს - რომელი რუსი მოხელე შეძლებდა ქართველებთან ისეთ ლაპარაკს, როგორც გუშინ ეს ბაიდენმა შეძლო? ამდენ პიროვნულ დამოკიდებულებას, ამდენ სოლიდარობას, ადამიანობას, შენს მდგომარეობაში შესვლისა და გაზიარების გამოხატვას, რომელი რუსი პოლიტიკოსი შეძლებდა. ბაიდენმა შუადღისას შეიტყო ილია ჭავჭავაძის შესახებ და საღამოს მისი ლექსები მოიკითხა, რუსებს ეს 200 წლის განმავლობაში არ მოუკითხავს. ეს მსოფლმხედველობრივი კითხვაა, რომელიც უნდა დაუსვა ყველას, მათ შორის მასაც, ვინც გვექაჩება უკან, სადაც დასაბრუნებელი არ არის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)