საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. საუბრის თემა, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურის საკითხები იყო. იგი ასევე დასაქმების პრობლემებს შეეხო.
"ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს ტელევიზორით, ყველაზე მეტადაა დაშორებული თქვენი პრობლემებიდან. საქართველოში ერთ მხარეს არის პოლიტიკოსთა დიდი ჯგუფი, რომელთათვისაც ლაპარაკი ბიზნესია და მეორე მხარეს ხალხი. პოლიტიკოსები ტელეწამყვანებად იქცნენ და, ფაქტობრივად, ლაპარაკობენ იმ ხალხზე, რომელიც მათ არ უნახავთ, ლაპარაკობენ იმ პრობლემებზე, რომელთა შესახებ არაფერი იციან. აქ თქვენს მოსასმენად მოვედი. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ბევრად უფრო ადვილია ხალხთან პირისპირ ლაპარაკი, ვიდრე ტელევიზიით ყოველ საღამოს ერთი და იგივეს გამეორება. ჩვენი აუდიტორია არა ტელევიზიის სტუდია, არამედ ხართ თქვენ, რომლებსაც ყოველდღიური ბრძოლა გიწევთ არსებობისთვის. ამიტომ, მთავრობას დავავალე, რომ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას შეხვდეს და ადგილზე გაეცნოს პრობლემებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობა სოციალური შეღავათების, პენსიების მატებასა და დასაქმების პრობლემაზე, ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ეკითხებოდა.
"ყველა წარმატების წინაპირობაა საქართველოს სტაბილურობა და ამ სტაბილურობაზე ნებისმიერი თავდასხმა ქვეყნის მომავალს ემუქრება. ეს არის თავდასხმა იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ამ რაიონში პატარა საწარმოს, მაღაზიის, საამქროს გახსნას ფიქრობდნენ. ისინი უფრთხიან ვითარების გაუარესებას და საქმე წინ აღარ მიდის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეკითხვა მას გლდანის ნაგავსაყრელთან დაკავშირებითაც დაუსვეს. ამ პრობლემის გადაწყვეტა შეხვედრაზევე გადაწყდა და აღინიშნა, რომ ის 2010 წლისთვის მოგვარდება - სექტემბერში გამოცხადდება ტენდერი და ნაგავსაყრელს ნორიოში გადაიტანენ.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ინფრასტრუქტურის საკითხებზეც გაამახვილა. მან ისიც გაიხსენა, როგორ კეთდებოდა გლდანის გზა, პარკი, დევნილთა თავშესაფარი. საუბრისას, პრეზიდენტმა ლასკალას ქართველი ვარსკვლავიც ახსენა, რომელიც ამავე რაიონიდანაა.
"იტალიაში ჩასვლისას, არავინ არ იცოდა ჩემი სახელი და გვარი, სამაგიეროდ ყველამ იცოდა ერთი ქართველი გოგონას სახელი - ანიტა, რომელიც მილანში ყველაზე დიდი საოპერო ვარსკვლავია. წელს სწორედ ის ხსნის საოპერო სეზონს. ეს სენსაციაა, რადგან 22-23 წლის უცხოელ სტუდენტს არასდროს არ ჰქონია ამ დონის მიღწევა. შეხვედრისას მან ამაყად მითხრა, რომ გლდანის მე-8 მიკრორაიონის მკვიდრია. დღეს აქაც დარბიან პატარები, რომლებმაც შეიძლება მსოფლიო გააკვირვონ. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი განათლების მიღებაში და ფიზიკურ განვითარებაში, რათა ეს ასპარეზი მათაც გაეხსნათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი მსგავს შეხვედრებს სხვა თბილისის რაიონებშიც გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური