საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებული ფორმატით გამართა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა გამართა და მსგავსი სხდომების რეგულარულად ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, ხელისუფლებასთან ერთად საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიკრიბა.
როგორც პრეზიდენტმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, სხდომებს ფორმალური მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ გამოძებნეს საკუთარ თავში ძალა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი პოზიციით გამოსულიყვნენ.
"ჩვენ ვიწყებთ უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომების ჩატარებას, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებას, ამ სხდომებს მუდმივ ხასიათი ექნება და აქ პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას მოვიწვევთ. არ მინდა, რომ ეს ფორმალური ღონისძიებები იყოს და არ გვაქვს სურვილი, რომ ეს ტელეკამერებისთვის კეთდებოდეს. მსურს, რომ ჩვენ სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებდეს ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს განვითარების შესახებ განსხვავებული პოლიტიკური აზრებისა და ხედვის მიუხედავად, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას, აქვს ერთიანი პოზიცია სამშობლოს დაცვის და მტრის წინააღმდეგ ერთიანი პოზიციით გამოსვლის საკითხში.
"მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური აზრების მიუხედავად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე მკვეთრად განსხვავებული შეხედულებებისა მიუხედავად, ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ - ეს არის სამშობლოს სიყვარული. და მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მთავრობაში და ვინ სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ გაერთიანება და ძირითად საკითხებზე კონსესუსი. მივესალმებით იმას, რომ ყველამ გამოვნახეთ საკუთარ თავში ძალა, დავდგეთ ამ საკითხებში ყოველგვარ პირად ამბიციებზე მაღლა. ასევე მივესალმებით იმას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქმის ყველა ძალამ, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ხმამაღლა აღნიშნა ის, რომ პოლიტიკურ ძალებსა და მთავრობას შორის დიალოგი და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა არის ის გზა, რომლითაც ნებისმიერ პოლიტიკურ და ყველაზე მწვავე პრობლემის გადაწყვეტასაც კი შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დახურული თემები თქვენთვის არ გვაქვს, აქ წარმოდგენილია მთელი მთავრობა და, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე. ყველა მასალა რომელიც ჩვეულებრივ გაეცნობა ხოლმე უშიშროების საბჭოს წევრებს, გაგეცნობათ თქვენც, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, ჩვენი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით - იქნება ეს უსაფრთხოება, საქართველოს დეოკუპაცია, თუ ჩვენი მომავლის განვითარების პერსპექტივები", - აღნიშნა სხდომის მსვლელობისას საქართველოს პრეზიდენმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური