სიახლეები
09.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მყოფ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. ახალი ინიციატივით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებს გაუზიარა, 15 სექტემბრიდან კვირაში ორჯერ პრეზიდენტის სასახლეს დამთვალიერებლები ეყოლება. პრეზიდენტმა მოზარდებს ხელისუფლების შტოების სიმბოლო - მოძრავი მონუმენტი აჩვენა, ისინი სასახლის გუმბათზე აიყვანა და შეხვედრების ოთახი, სტუმრების მისაღები და პრეზიდენტის კაბინეტი დაათვალიერებინა. მიხეილ სააკაშვილი ბავშვებს იმ პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ორ წელიწადში გეგმავს.
"მთავარია, რომ ყველა პრეზიდენტმა რაღაც შექმნას და დატოვოს, ხოლო შემდეგ დანარჩენებმა გააგრძელონ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა უკვე 2000 წელია არსებობს და ჩვენ არ გვქონია კარგი სამეფო სასახლე. ქართველებს არასდროს არ ეცალათ სასახლეების ასაშენებლად. ეს პირველი დიდი სასახლეა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ", - აღნიშნა მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.
26-მა მოზარდმა სასახლეში ექსკურსიის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისაგან საჩუქრებიც მიიღო და პრეზიდენტთან ერთად მთაწმინდის პარკშიც გაისეირნა.
"ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი იყოს ყველაზე კარგი ქალაქი ევროპაში. 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დასასაქმებელთა დეფიციტი იქნება. მინდა იცოდეთ, რომ 2005 წლიდან უფრო მეტი ქართველი ბრუნდება საქართველოში, ვიდრე მიდის. მაგალითად, ფოთსა და ბათუმში ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალისტების პრობლემა", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური