Google+

სიახლეები

02.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პირველ პრეზიდენტს ვიტაუტას ლანდსბერგისს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პირველ პრეზიდენტს ვიტაუტას ლანდსბერგისს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა.

უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში შედგა, რომელსაც ლიტვის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ ნოდარ ნათაძე, ნემო ბურჭულაძე, აკაკი ასათიანი და კონსტანტინე გამსახურდია.

"ჩვენთვის დიდი პატივია ლიტვის პირველი პრეზიდენტის, ევროპარლამენტის ერთ-ერთი ლიდერის ვიტაუტას ლანდსბერგისის ვიზიტი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის დღეები, როცა ლიტვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ლიტველმა ხალხმა შეძლო დამოუკიდებლობის საქმის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ორი ყველაზე აქტიური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო საქართველოსა და ლიტვაში. შარშან ყველაზე უშიშრად და გაბედულად საქართველო ლიტვამ დაიცვა. ჩემთვის პირადად, ვიტაუტას ლანდსბერგისი არის გმირი, ისევე როგორც აქ წარმოდგენილი სხვა ადამიანები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჰაიდი ტალიავინის კომისიამ დაადასტურა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ შარშან ვამბობდით, სიმართლე იყო.

"ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთი აიარაღებდა სეპარატისტებს, ეს დადასტურდა; ვამბობდით, რომ იყო უკანონო პასპორტიზაცია, რაც დადასტურდა; ვამბობდით, რომ რუსეთს საქართველოში დასაცავი მოქალაქეები არ ჰყავდა, რაც ასევე დადასტურდა; ვამბობდით, რომ რუსული რეგულარული ჯარი შემოვიდა საქართველოში 7 აგვისტომდე და ესეც დადასტურდა. გამზადებულია საბრალდებო დასკვნა, პირველად ისტორიაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი დაადანაშაულეს ეთნიკურ წმენდაში და აგრესიაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჰაიდი ტალიავინის კომისია იყო ფაქტების დამდგენი მისია და ამ მისიის ფუნქცია არ ყოფილა დასკვნების გაკეთება.

"მისიამ მაინც აიღო თავის თავზე დასკვნების გაკეთება - მართალია, რუსების ჯარი იყო შემოსული საქართველოში, მაგრამ საქართველომ მაინც პირველმა გაისროლა და ეს არის გარკვეული ნორმების დარღვევა. როდესაც უცხო ქვეყნის კარგად შეიარაღებული სადესანტო ჯარები შემოდის საქართველოში, ამას ჰქვია უცხო ქვეყნის პირდაპირი აგრესია. ასე რომ, პირდაპირ, ხელბორკილი უნდა დაადონ და დაიჭირონ. ამის თავი კი არ აქვთ. ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს იმის თავი არ აქვს, აღიაროს რომ, ეს ასეა. ჩვენი სიმართლე დადასტურდა და უნდა გაგვიხარდეს, უნდა ვიბრძლოთ იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. ალტერნატივა დემოკრატიულ, ევროპულ არჩევანს საქართველოში არ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ყველა ჩვენგანის წმინდათა წმინდა მოვალეობა იყო, როცა უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის შენს ქვეყანაში, მას გაუწიო ყველანაირი წინააღმდეგობა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და მე ამას ერთი წუთით არ ვნანობ. მე ვამაყობ, რომ არც ერთი ქალი და ბავშვი ჩვენი ოპერაციის შედეგად არ დაღუპულა და ეს დადასტურდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)