დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის №3-ე საჯარო სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემის პრიორიტეტებზე, ამ სისტემაში დაშვებულ შეცდომებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე. მისი თქმით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა 2011 წლიდან დამამთავრებელ კლასში მიღებული შეფასებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტის განმარტებით, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ სამი მისაღები გამოცდით აღარ მოხდება. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეს გამოცდა 10 საგანში ექნება ჩასაბარებელი, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ატესტატის ქულებსა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობას. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საგამოცდო საგნების რიცხვში აუცილებლად შევა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია... ასევე აუცილებელი იქნება გამოცდის ჩაბარება ინფორმატიკაში, ვინაიდან მიაჩნია, რომ კომპიუტერის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია მიაღწიო თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტებს. პრეზიდენტის თქმით, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ სკოლის ატესტატმა და მაღალ კლასებში სწავლამ ფასი დაკარგა - განსაკუთრებით ბოლო კლასებში, მოსწავლეები სკოლაში საერთოდ აღარ დადიან, რადგან ემზადებიან მხოლოდ უნარ-ჩვევებში, რაც უმაღლესში მოსახვედრად არის საჭირო.
„უმაღლესში ჩასაბარებლად საჭირო აღარ არის ძირითადი საგნები და მივიღეთ ექიმბაშური ვითარება, როდესაც უნარ-ჩვევების ხარჯზე შეგვიძლია უმაღლესში მოხვედრა. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სკოლის ატესტატისა და მთავარი საგნების პრესტიჟი", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ილაპარაკა ისეთი საგნების შემოღების აუცილებლობაზეც, როგორიცაა სამხედრო-პატრიოტული აღზრდა და კულტუროლოგია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი დიდადაა დამოკიდებული განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი სოფელი თუ კუთხე.
პრეზიდენტმა განათლების სისტემაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის შესახებაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა უმეცარი უწოდა მას, ვინც საგნების ე.წ. სეზონური სწავლება შემოიღო, ასევე, გააკრიტიკა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება, სპეცსკოლების გაუქმება და სკოლების სახელმძღვანელოების ყოველწლიური ცვლა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს სახელმძღვანელოების სტანდარტი, რომელიც კლასიდან კლასში გადავა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია სკოლებში ბავშვები სპორტით დააინტერესონ. ამიტომ საშუალო სკოლებმა უნდა ითანამშრომლონ სხვადასხვა სპორტსკოლებთან და ბავშვები, მათი ინტერესის მიხედვით, ამა თუ იმ სპორტით დაკავდნენ.
პრეზიდენტმა სკოლებში უსაფრთხოებისა და კვების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვთა კვების საკითხი დღეს ძირითადად ნაცნობობით წყდება, რაც, მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელია. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია სკოლებში შევიდეს დიდი კომპანიები, რომლებიც ხარისხიან კვებაზე იქნებიან პასუხისმგებელი. პრეზიდენტის განცხადებით ასევე დაუშვებელია, ბავშვებს ფულთან ჰქონდეს შეხება.
"მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თითოეული ლარი, რომელსაც იგი შვილს მისცემს, ბავშვის კვებას მოხმარდება და არა სიგარეტის ყიდვას, ან უფრო უარესის - ნარკოტიკების შეძენას. ამიტომ აუცილებელია შემოვიღოთ საკრედიტო ბარათები, რომლის საშუალებითაც ბავშვები საკვებს შეიძენენ", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სწავლის პროცესში აუცილებელია უფროსკლასელებისა და უმცროსკლასელების დაცალკევება, რათა უფროსკლასელების კონტროლი უფრო მეტად იყოს შესაძლებელი.
პედაგოგებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სკოლის მოსწავლეებში პოლიტიკური კულტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ბავშვებში კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად და რეალური დემოკრატიის შესაჩვევად საჭიროა სკოლებში კლასის ან სკოლის პრეზიდენტების არჩევა.
მან საქართველოს ოპოზიციურ სპექტრზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის ქმედებიდან გამომდინარე, „წარმოუდგენელია მათ ხმა მისცეს ამომრჩეველმა". პრეზიდენტის თქმით, ბევრი ჩამორჩა განვითარებას და ჭაობში ჩაეფლო. მისი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ პოლიტიკაში შემთხვევითი ხალხი ხვდება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სკოლებში ბავშვებმა კრიტიკული აზროვნება უნდა ისწავლონ და პოლიტიკურ კულტურას დაეუფლონ.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა მათ კვალიფიკაციასთან იქნება დაკავშირებული. იგი არ აპირებს მის მიერვე გაუქმებული ატესტაციის შემოღებას, მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს მაღალკვალიფიციური პედაგოგების წახალისებას. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, ხელფასის გაზრდა დამოკიდებული იქნება მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მისივე განცხადებით, განათლების სისტემაში სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას დებს და ეს ხარჯი გამართლებული უნდა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური