სიახლეები
26.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მეზღვაურების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი დღეს გამართულ ბრიფინგზე ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხს შეეხო. როგორც მან განაცხადა, სასამართლო პროცესზე საქართველოს მოქალაქეები უდანაშაულოდ ცნეს. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. პრეზიდენტის უშუალო დავალებით, საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, რის შედეგადაც 2009 წლის 21 აგვისტოდან პატიმრობაში მყოფ მეზღვაურებს მოეხსნათ იარაღის კონტრაბანდისა და არალეგალური ტრანსპორტირების ბრალდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე ბრალდებები სასამართლომ საქართველოს 13 მოქალაქეს მოუხსნა, ისინი ამჟამადაც იმყოფებიან დროებით საემიგრაციო ბიუროში, ვინაიდან არალეგალ მიგრანტებად ითვლებიან და მორიგი სასამართლო პროცესის მოლოდინში რჩებიან. პრეზიდენტის საგანგებო დავალებით, უახლოეს დღეებში ფილიპინებში გაემგზავრება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მათი გათავისფლების მიზნით, ამ და სხვა პროცედურული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური