საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე
დღეს მე ძალიან მიმძიმს ლაპარაკი.
როგორც უკვე ყველამ იცით, გუშინ ღამით, ზურაბ ჟვანია დაიღუპა, მასთან ერთად დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი რაულ უსუპოვი.
ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის.
საქართველომ დიდი პატრიოტი დაკარგა, რომლის მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს ეძღვნებოდა.
მე დავკარგე ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც გამაჩნდა, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე.
ეხლა, ჩემი და სანდრას, ჩემი ოჯახის, თითოეული თქვენგანის ფიქრები არის ზურაბის ოჯახთან, მის მეუღლე ნინოსთან, დედასთან - ქალბატონ რემასთან და მის სამ უმშვენიერეს, ულამაზეს შვილთან.
ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასათვის ამ მძიმე წუთებში, მინდა მოგიწოდოთ სიმტკიცისკენ და გამძლეობისკენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ რთულ პერიოდში, ჩვენთვის არ არსებობს უფრო დიდი სამსახური, მაღალი მოვალეობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურია.
ამას მიუძღვნა მთელი ცხოვრება ზურაბ ჟვანიამ და ეს ჩვენი ყველაზე წმინდათა წმინდა მოვალეობაა.
რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ბოლომდე დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ბოლომდე მივუძღვნათ ჩვენი მოღვაწეობა, საქმიანობის ყოველი წუთი ჩვენს ქვეყანას - საქართველოს.
მე მინდა მივუსამძიმრო ორივე ოჯახს, თითოეულ ჩვენგანს, მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ სიმტკიცე, მთელ საქართველოს ვუსურვო სიმტკიცე და მინდა, მე მისურვოთ სიმტკიცე, რადგან ჩვენ ეხლა ყველაზე მეტად სწორედ ეს გვჭირდება.
ჩვენი საქმე უნდა გაგრძელდეს.
მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.
ცხოვრება ისეთია, როგორიც დავინახეთ და ყველას ერთმანეთის გვერდით დგომა გვმართებს.
მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს თანამებრძოლთა ხსოვნას...
ეხლა ყველაზე მეტად ნუგეში მის ოჯახს სჭირდება, გთხოვთ შემომიერთდეთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური