Google+

სიახლეები

23.02.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოტე კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოში წარადგინა

მოგესალმებით ყველას.

ნამდვილად უჩვეულოა, რომ რამდენიმე თვეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენა მეორედ ხდება.

ასეა, როდესაც თანამდებობაზე აქტიური პოლიტიკოსი მოდის, რადგან მათ თანამდებობების ცვლა ახასიათებთ.

კოტე კუბლაშვილი პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა.

არც პარტიულ ან პოლიტიკურ საკითხებში ყოფილა ჩართული, თუმცა, თავისთავად, ეს ადამიანისათვის მინუსი არ არის.

იგი თავისი ტემპერამენტით, ხასიათით, ზნეობრივი და პროფესიული თვისებებით მოსამართლის და, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იდეალურად შეესაბამება.

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ საქართველოში ბევრი რამ ადვილად წყდება.

დღეს, პარლამენტმა 85 დეპუტატით შემცირების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო.

ეს ის ამოცანაა, რომელიც აქამდე საქართველოს ვერცერთმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა.

ჩვენ საკითხებს ხელის ერთი მოსმით ვწყვეტთ, იმიტომ, რომ ხალხის ხელისუფლება ვართ.

ის, რისი შეცვლაც ვერ წარმოგვედგინა, ორ თვეში მთლიანად შეიცვალა - სრულიად ახალი პოლიცია ჩამოყალიბდა, ახალი სახელმწიფო სამსახური შეიქმნა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ახალი ურთიერთობა წარმოიშვა.

ასევე, საკანონმდებლო ცვლილები განხორციელდა.

მე, ერთი წლის განმავლობაში პირადი პოპულარობის მოსახვეჭად არ მიმუშავია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, განუზომლად ამაღლებულიყო და ეს ინსტიტუტები საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტული გამხდარიყო.

მაშინ, როდესაც 1999-2001 წლებში სასამართლო რეფორმა განვახორციელეთ, მას ძალიან დიდი რეკლამა გავუკეთეთ და სწორად დავაკომპლექტეთ, სასამართლო თავისი ნდობის მიხედვით, საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანო იყო.

ბევრი ჩვენგანი ამ პროცესების მონაწილე იყო.

მაშინ ეს ორგანო ბევრად უსწრებდა პოლიციას, პროკურატურას, პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს.

დღეს კი, პირიქითაა და ამას ნებისმიერი გამოკითხვა მოწმობს.

ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ რატომ ხდება ასე.

არა იმიტომ, რომ ვიღაც სასამართლოს ლანძღავს, დარწმუნებული ვარ ლანძღვას არც პრეზიდენტის ინსტიტუტს აკლებენ, არც პოლიციასა და პროკურატურას.

პოლიციას საზოგადოების მხოლოდ მხოლოდ 6 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი ეს მაჩვენებელი 95 პროცენტს შეადგენს.

პოპულარობის ხარისხი გაიზარდა.

პოლიციაში პროფესიონალი და ამაყი ხალხი მოვიდა.

პროკურატრაშიც იგივე ხდება და ბევრი თქვენგანი სწორედ ამ სისტმებიდან არის მოსული.

პროკურორებს გაუჩნდათ სურვილი, რომ საზოგადოებასთან სხვაგვარი დამოკიდებულება ქონდეთ.

ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ შეიქმნა პრობლემები სასამართლო სისტემაში და ეს თითოეულმა მოსამართლემ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კანომდებლობის რეფორმირების გზით მივდივართ და ახალ ინსტიტუტებს ვაყალიბებთ.

ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ მუშაობს სისხლის სამართლის სისტემა საქართველოში.

ადრე, ქურდის "გაფუჭება" თუ უნდოდათ, მისთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედოთ და თავიდან ასე იშორებდნენ.

ეხლა ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულების შექმნა ხელოვნურად აღარ შეიძლება.

გამონაკლისები თუ კიდევ არიან, ძალიან გთხოვთ მწვავე რეაქცია გქონდეთ.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის დაბრუნებას მივესალმებით.

ასევე იცით, რომ საქართველოში დაბრუნდნენ ცნობილი მოცეკვავეები, მომღერლები, მეცნიერები, სპორტცმენები, უბრალო ადამიანები და ბიზნესმენები.

გაიგეს რა ეს კანონიერმა ქურდებმა და გაიხარეს რა, რომ საქართველოში ხელისუფლება ხელოვნურად ასეთ მტკიცებულებებს აღარ ქმნის, მათაც დაბრუნება დაიწყეს.

ჩემი და ჩემი ხელისუფლების მთავარი დამსახურება ისა არის, რომ ეს ხალხი საქართველოდან გავაძევეთ და მათ დაბრუნებას ჩვენ არ მივესალმებით.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაში ცვლილებები შეგვაქვს.

ეს კი საშუალებას მოგცემთ, რომ ქურდულ შეკრებებში და გარჩევებში ნებისმიერი მონაწილეობა, ოფიციალურად, კანონის მიერ იყოს კრიმინალიზებული და დასჯილი.

საქართველოს პარლამენტში ამ ცვლილებს განსახილველად შემდეგ კვირას შევიტანთ.

ჩვენ გარიგებით სამართალზეც ვლაპარაკობთ.

საქართველოში გარიგებითი სამართალი მუშაობს, თუმცა ეს ბევრი ევროპელი ექსპერტის გაკვირვებას იწვევს.

ადამიანი ფულს ოფიციალურად იხდის და შემდეგ იგი სასჯელს, პრაქტიკულად, პირობით იხდის.

ევროპელისათვის, სადაც შეიძლება პოლიტიკოსებმა, ასობით მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში, ასობით ათასი მოიპარონ, ეს გაუგებარია, ჩვენთვის კი, ცდუნება დიდი იყო.

ჩვენ გვყავდა ისეთი თანამდებობის პირები, რომლებმაც თავისუფლების სანაცვლოდ სერიოზული თანხა გადაიხადეს.

ერთ-ერთმა იმდენი გადაიხადა, რომ პენსიონრებს სამი თვის დავალიანება გავუსტუმრეთ.

ჩვენი არჩევანი დღესავით ნათელი იყო.

მალე კოდექსში ცვლილებს შევიტანთ, იმედია, ეს ერთ თვეში განხორციელდება, ჩვენ ნორმალურ სასამართლო სისტემაზე გადავალთ და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს ყველა კანონის შესაბამისად მოიხდის.

ეს მეორე რეფორმაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ.

ჩვენ კორუფციასთან სერიოზულ ბრძოლას ვაგრძელებთ და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ეს ბრძოლა ოდნავ მაინც შესუსტდება.

საზოგადოებაში არის ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მე რაღაცეებს ვერ ვამჩნევ.

ტყუილად გგონიათ, რომ რამე მავიწყდება.

ისიც ტყუილად გგონიათ, რომ სახელმწიფოს ვინმეს დავაკარგვინებთ.

ათი წელი რომ გავიდეს მაინც მემახსოვრება, თუ როგორ იქცეოდა თითოეული მოქალაქე ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში, იმიტომ რომ მე, ჩემს მეგობრებთან და საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან ერთად, ამ ქვეყნისათვის სიცოცხლე მაქვს გადადებული.

თქვენ იცით, რომ არცერთ თქვენგანთან არცერთ საქმესთან დაკავშირებით არ დამირეკავს და ამის გაკეთებას არც ვაპირებ.

დღეს აქ, თქვენ იღებთ მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ჩემთვის სამართლიანობისა და წესიერების განსახიერებაა.

ბევრი მოსამართლე, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან ღირსეული, მნიშვნელოვანი თვისებების მატარებელია, რისთვისაც თითოეული თქვენგანის მადლიერი ვარ.

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობაა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

მაშინ, როდესაც აღარ იქნება სააკაშვილი (ეს ცვლა ჩვეულებრივად, ბევრად უფრო გვიან მოხდება და არა იმ დროს როგორც ეს ბევრს ჰგონია), თანამდებობაზე აღარ იქნება თითოეული თქვენგანი (თუმცა სიცოცოხლეს დიდხანს ვაპირებთ), ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები და კანონები, ასევე, ავტომატურ რეჟიმში გადასული წესიერება, პატიოსნება და სამართლიანობის განცდა დარჩება.

ეს არის ჩემი ამბიცია, ჩვენ ახალ ქვეყანას ვქმნით.

ერთ წელიწადში სასწაული მოვახდინეთ.

პარლამენტართა რაოდენობის შემცირება ერთ-ერთი ასეთი სასწაულთაგანია.

ეს, ჩემი და თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი ხალხის მიერ მოხდენილი რევოლუციის პირდაპირი შედეგია.

კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ.

ათი წელი სასამართლოში მოსვლას აღარ ვაპირებ, თუ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გარეთ (შიგნით აღარ შემოვალ) ხალხთან ერთად მოსვლას არ მაიძულებთ.

არ მინდა ჩათვალოთ, რომ სასამართლოს საქმეებში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ გთხოვთ, ობიექტურობის, სამართლიანობისა და საზოგადოებასთან სოლიდარობის გრძნობას ნურცერთი წუთით ნუ დაკარგავთ.

საბოლოოდ ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ეს არაფერზე გაიცვლება.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ უზენაეს მოსამართლეს მხარი დაუჭიროთ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)