საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში არის ბევრი დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიონალური ტელეკომპანია.
დღეს აქ გვესწრებიან აჭარის, თრიალეთის, ოდიშის, ფოთის, ბორჯომის, გურიის, ქუთაისის, მცხეთა-თიანეთის, ქვემო-ქართლისა და თელავის ტელეკომპანიათა წარმომადგენლები.
მე აქ შემთხვევით არ მომიწვევიხართ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა, თანამოქალაქემ და ადამიანმა მივმართო იმ ხალხს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს.
მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა გასაჭირი აქვს ხალხს რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა და აქედან გამომდინარე, დასაქმება ჩვენი მთავარი ამოცანაა, ასევეა ელექტროენერგიის დეფიციტი.
მსურს ყველას ვუთხრა, რომ მზად გვაქვს 18 თვიანი პროგრამა და მინდა მოგცეთ სიტყვა, რომ ამ 18 თვის თავზე გაუმჯობესება დაიწყება, ელექტროენერგიის პრობლემა უნდა მოიხსნას.
ეს ჩემი მკაცრი დავალებაა და ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ.
რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას?
მთავრობას საწარმოების ძველი გადასახადებისგან გათავისუფლება შეუძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ.
მას შეუძლია დაეხმაროს მცირე ბიზნესს და მე მზად ვარ, რომ მცირე ბიზნესის ყოველი ახალი საწარმოს გახსნას დავესწრო.
10 სამუშაო ადგილიც რომ შეიქმნას, მთავრობამ ამას მხარი უნდა დაუჭიროს. ხელისუფლებას შეუძლია გზების მშენებლობა, რადგან გლეხი პროდუქტს ქმნის და მას ნორმალური გზა სჭირდება, რომ ის ბაზარზე გაიტანოს.
საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, სადაც ეს პრობლემა არ მოგვარდება.
ამჟამად ჩვენი მიმდინარე პრობლემა მიწის საგაზაფხულო სამუშაობებია.
მივიღე გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრსაც დავავალე, რომ 10 დღის განმავლობაში გემებით, მატარებლებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის საწვავი შემოვიტანოთ და 20 ლიტრი თითოეულ ოჯახს უსასყიდლოდ დავურიგოთ.
ასეთი რამ საქართველიში არ მომხდარა.
მანამდე ამის საშუალება არ გვქონდა, ეხლა კი, პრივატიზაციიდან შემოსული თანხით ამას განვახორციელებთ.
20 ლიტრი ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ გლეხმა თუნდაც ნახევარი ჰექტარი მიწა კარგად დაამუშავოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საწვავი ძვირი ღირს.
ყველა გუბერნატორსა და გამგებელს ვავალებ - ერთი ლიტრიც რომ დაიკარგოს და უსამართლოდ რომ გადანაწილდეს, პასუხი უმკაცრესად მოეთხოვებათ.
ამას პირადად გავაკონტროლებ.
ეს, რა თქმა უნდა, ერთდროულად არ განხორციელდება.
საწვავი ჯერ ქართლსა და კახეთში დარიგდება, შემდეგ სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.
კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი, მესმის, რომ გაორმაგებული პენსია, გასტუმრებული დავალიანება და თუნდაც ის, რომ ქუჩაში პოლიცია ხალხს ფულს აღარ ართმევს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ცხოვრება მკვეთრად გაუმჯობესდეს.
მთავრობამ ერთ წელიწადში, პრაქტიკულად, შეუძლებელი მოახერხა.
არავის სჯეროდა, რომ ამის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა.
ვიცი, რომ ხალხი სამართლიანად ჩივის, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო, რომ შექმნილი სიტუაციიდან ყველა ერთად გამოვიდეთ.
ვაპირებ, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ენერგეტიკული პრობლემა მოვაგვაროთ.
საქართველოში არ იქნება არც ერთი სახლი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ვფიქრობ, რომ ეს წელი და მომავალი წლის პირველი ნახევარი გადამწყვეტი იქნება.
მსურს, რომ ქვეყანაში გზების, ანუ ინფრასტრუქტურის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.
საქართველოში არ დარჩება ადგილი, საიდანაც პროდუქციის გატანა და გადაადგილება ძნელი იქნება.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი განსაზღვრულ მინიმუმზე მეტი უნდა ჰქონდეთ - 80 პროცენტს უკვე ასე აქვს და მსურს, რომ დანარჩენ 20 პროცენტსაც, მაგალითად, პედაგოგებსაც მსგავსი ხელფასი ჰქონდეთ.
თუ ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და დავინახავთ იმასაც, რომ მთავრობა კარგად მუშაობს და არ იპარავს, თუ ჩვენ უფრო მეტს მოვითმენთ, მაშინ ფეხზე დადგომასაც შევძლებთ.
მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არაფერს აზრი არა აქვს, უფრო მეტს ველით (რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო მეტს ველით) და ეს ხელისუფლებაც ვერაფერს აკეთებს, მაშინ ვფიქრობ, რომ შანსი არ გვაქვს.
მაგრამ მე თქვენი საღი აზრისა და გონიერების იმედი მაქვს, იმისი, რისიც ყოველთვის გვშველოდა, როგორც ერსა და ქვეყანას.
შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივი სიძნელეების მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური