საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ბრიფინგი გამართა
დღეს მოსკოვში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მინდა განცხადება გავაკეთო.
საქართველომ და რუსეთმა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების საბოლოოდ გაყვანის თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
ჩემო თანამოქალაქეებო, მინდა შეგახსენოთ, თუ რაზეა საუბარი.
საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნა 200 წელიწადზე მეტს ითვლის და ჩვენი დამოუკიდებლობის მოკლე, 3-წლიანი პერიოდის გამოკლებით, ამ ხნის განმავლობაში ძალაში იყო.
1995 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს სახელით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის გახანგრძლივებას 25 წლით - 2020 წლამდე ითვალისწინებდა. შემდეგ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ის შემადგენლობა, რომლის სათავეში ზურაბ ჟვანია ედგა, ხოლო უმრავლესობას ჩვენ წარმოვადგენდით.
ამ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ.
ამის კვალდაკვალ, 1999 წელს სტამბულში ხელი მოეწერა ახალ შთანხმებას, რომლის თანახმადაც მხოლოდ ორი ბაზა უნდა გაეყვანათ.
აქედან, ვაზიანის ბაზა, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ბაზებს შორის ყველაზე უმნიშვნელო იყო, ხოლო რაც შეეხება გუდაუთის ბაზას, პრეზიდენტი შევარდნაძე ამ ბაზას დსთ-სა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო და მუდმივმოქმედ ცენტრად განიხილავდა და, პრაქტიკულად, მის დაკანონებასა და ლეგალიზებას ცდილობდა.
შარშან, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოსკოვს ჯერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ეწვია, ხოლო შემდეგ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.
ორივე ვიზიტის დროს ჩვენ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი წამოვაყენეთ, მაგრამ რუსეთის გენერალური შტაბის მიერ დასახელებული პირველი ვადები ჯერ 17 წელიწადს შეადგენდა, შემდეგ 15-ს, შემდეგ 13-ს და ყველაზე ოპტიმალური ვადა, რომლის შესახებაც უკვე წელს დაიწყო საუბარი, 10-11 წელიწადს ითვლიდა, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი იყო.
დღეს მრავალთვიანი მოლაპარაკებისა და განხილვის შედეგად (მოგეხსენებათ ეს მოლაპარაკება ჯერ კიდევ 9 მაისის ზეიმამდე უნდა გამართულიყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხერხდა), საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მიღწეული იქნა შემდეგი პოლიტიკური შეთანხმება - ერთი და მთავარი - რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.
ხელშეკრულების დადების დღიდან ისინი გასვლის რეჟიმში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალისა და ტექნიკის გაცვლა და შევსება ვეღარ მოხდება და მძიმე ტექნიკის გაყვანა დაუყოვნებლივ დაიწყება.
ამ ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი წელს შემოდგომაზე საქართველოს ტერიტორიას დატოვებს.
ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს გადმოეცემა თბილისში მდებარე ტანკების სარემონტო ქარხანა, რომელიც უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ობიექტია, გონიოს პოლიგონის ძირითადი ნაწილი, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო და რამდენიმე სტრატეგიული სამხედრო ობიექტი.
საქართველოდან ახალქალაქის სამხედრო ბაზა პირველი გავა, მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებაც მომავალი წლის დამლევამდე დასრულდება, ბაზა, როგორც სამხედრო ერთეული ფუნქციონირებას შეწყვეტს და ეს არის მთავარი, ხოლო პერსონალის გაყვანა წელს დაიწყება.
ბათუმის სამხედრო ბაზიდან ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება 2007 წლის დამლევამდე გაყვანილი იქნება.
ისიც შეწყვეტს ფუნქციონირებას და დაიხურება, რადგან სამხედრო მნიშვნელობა აღარ ექნება.
ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ როგორც თბილისში, ისე ბათუმში განლაგებულ სამხედრო პერსონალს სოციალური პრობლემები აქვს და ამიტომ დავთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც ბაზა ფუნქციონირებას შეწყვეტს, საბოლოოდ, 2008 წლის განმავლობაში გაიყვანონ.
თუმცა ეს პროცესი დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება და შეუქცევად ხასიათს იღებს.
გუდაუთის ბაზის დახურვის საკითხი გადაწყვეტილია და ამ ბაზის რაიმე სხვა სახით, მათ შორის დსთ-ს და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ გამოყენების საკითხი, დღის წესრიგში არ დგას.
მძიმე განხილვების მიუხედავად, ეს პუნქტი აღნიშნულ შეთანხმებაში არ შესულა.
ვფიქრობ ის, რაც დღეს მოსკოვში მოხდა ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.
ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენაა.
ეს იყო ერთ-ერთი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ორი მტკივნეული საკითხიდან - ყოფილი საბჭოთა რუსული სამხედრო ბაზები გაყვანისა და კონფლიქტების დარეგულირების თემა.
დღეს მიღწეული შეთანხმებით, ამ ორი საკითხიდან ერთი უკვე წყდება.
ეს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებული მოლაპარაკების პირველი პრეცედენტია.
მოლაპარაკება ორივე მხარისთვის წარმატებულია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის ინტერესსაც წარმოადგენს და საკითხის ასეთი დიპლომატიური შედეგით გადაწყვეტა მართლაც რომ პირველია.
ასევე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გამოიჩინა გამბედაობა, აჩვენა მშვენიერი პოლიტიკური ალღო, საღი აზროვნების და თამამი პოლიტიკური ნაბიჯის დემონსტრირება მოახდინა და მე არ შემიძლია, რომ ეს არ დავაფასო.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი უკიდურესად კონსტრუქციული იყო.
მთავარი, რასაც ჩვენ ვაღწევთ, რაც ჩემი ამოცანა იყო, არის ის, რომ ჩემს პირველ საპრეზიდენტო ვადაში (რა ვადითაც საქართველოს პრეზიდენტი აირჩიეს შემდეგი არჩევნები კი 2009 წელსაა), საქართველო უნდა დატოვოს უცხოეთის სამხედრო ძალებმა, საქართველო უნდა გაძლიერდეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხის მოხსნით, ჩვენ შევძლებთ ბევრად უფრო კონსტრუქციული ურთიერთობის აწყობას, შევძლებთ დავაახლოვოთ პოზიციები, დავივიწყოთ წარსული წყენა და მომავალზე ორიენტირებული, ორივე ხალხის ინტერესებში შემავალი პოლიტიკა ვაწარმოოთ.
საქართველოს რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა სურს.
საქართველო რუსეთს პრობლემებს არასოდეს შეუქმნის.
საქართველო მზად არის ყველა, მათ შორის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, ასევე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები გაითვალისწინოს, მით უმეტეს, რომ ხშირად ეს ინტერესები ჩვენსას ემთხვევა.
ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველგვარი დაძაბულობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ამავე დროს, ვიცით, რომ ამ ბაზებთან სოციალური საკითხებიც არის დაკავშირებული.
ვიცი, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზა, ბევრი იქაური მცხოვრებლისათვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჯერ ერთი, იმ პირობებში, როდესაც ბაზა მომავალ წელს იხურება, პერსონალის დატოვების საკითხი რამდენიმე თვით გადავწიეთ და ამით შემხვედრ ინიციატივაზე წავედით.
მეორე, ძალიან ადამიანურად ვუდგებით მათი საცხოვრებელი ბინების შენარჩუნების საკითხს და რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოში დარჩენა სურს და საქართველოს მოქალაქეა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ვამსახუროთ, სხვა სახის დასაქმების გარანტია მივცეთ, ან სოციალური დახმარება გავუწიოთ.
ამ რეგიონის ფუნდამენტური სოციალური რეაბილიტაცია ჩვენი ამოცანაა.
წელს შემოდგომაზე ასობით მილიონი ლარის ღირებულების დიდი გზის მშენებლობას ვიწყებთ, უკვე დავიწყეთ შიდა გზებისა და სკოლების რეაბილიტაცია და ბევრი სხვა ღონისძიების განხორციელება, რაც წინა მთავრობის მიერ ამ უსამართლოდ მიტოვებულ რეგიონს საერთო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, პოლიტიკურ ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩაბმის საშუალებას მისცემს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველა შედეგი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ ჩვენი ერთიანობის შედეგია.
ძალა ერთობაშია!
ერთიანობით უფრო მეტს მივაღწევთ, ურთიერთდაპირისპირებით კი, ყველაფერს დავკარგავთ.
განსაკუთრებით მადლობელი ვარ საქართველოს პარლამენტის, პრინციპული, გამბედავი პოზიციისთვის.
პრაქტიკულად, ბაზების დახურვა ამ პარლამენტის მოქმედების ვადაში ხდება, თუმცა საბოლოო პერსონალის გასვლა, კიდევ ვიმეორებ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე და ხელშეკრულების მიხედვით, ბევრად უფრო ადრეც მოხდება.
თუ მუშაობას ასე გავაგრძელებთ, ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს საკითხი, თუნდაც მრავალი საუკუნის ისტორიის მქონე, რომელსაც ერთად ვერ გადავჭრით.
ჩვენ ამის უნდა გვწამდეს, მაგალითებიც სახეზეა და მხოლოდ ურწმუნოს, პოლიტიკური თვალსაზრისით ბრმასა და ყრუს არ შეუძლია ამის დანახვა და დაფასება.
დაბოლოს, განსაკუთრებით მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს დელეგაციას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე.
ბოლოს და ბოლოს რაღაც შედეგს მივაღწიეთ და ამ ხელშეკრულების დასრულებას ერთად უმოკლეს ვადებში შევძლებთ, რადგან დღევანდელი პოლიტიკური პრინციპული შეთანხმების გარდა, ამ ხელშეკრულების იურიდიულად გაფორმებაა საჭირო.
თუმცა პოლიტიკური ვალდებულება სახეზეა და ის უნდა შესრულდეს.
ეს ასეც იქნება, ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც გააკონტროლებს და ასევე, ჩვენი რუსი კოლეგებისა და პარტნიორების კოლეგიალურობისა და ურთიერთგაგების დიდი იმედიც გვაქვს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური