Google+

სიახლეები

04.07.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორია გახსნა

მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა!

ჩემთვის დიდი პატივია, სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ საღამოს ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა.

ჟანი კალანდაძე გურიის გუბერნატორი და ქართველი ახალგაზრდობის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წრმომადგენელი იყო.

ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიამ, ასევე მე ქართულ პოლიტიკაში ბევრს გავუხსენით გზა და ვამაყობ, რომ ჟანის და მის მეგობრებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მივეცით. ამას დღესაც ვაკეთებთ.

ჟანი იმის განსხიერება იყო, თუ როგორი უნდა იყოს ახალი საქართველოს ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე.

იგი მებრძოლი, წესიერი ადამიანი იყო.

ჩვენ არა მხოლოდ წესიერი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც თავად არაფერს აშვებენ, არამედ ისეთები, რომლებსაც წესიერების დამკვიდრების ნიჭიც აქვთ.

ჟანი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელიც განათლებით, პატრიოტიზმითა და განსაკუთებული იდეალიზმით გამოირჩევა.

იმას გარდა, რომ ჟანი ბრწყინვალე დეპუტატი იყო, შემიძლია სხვა რამ გავიხსენო.

მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჟანი კალანდაძე პარლამენტარის ხელფასს ორთაჭალაში მდებარე ქუჩის ბავშვთა თავშესაფარს ახარჯავდა და უვლიდა მათ, რის გამოც თავად ხელმოკლედ ცხოვრობდა.

იქ მყოფმა ბავშვებმა ჟანის სახით მამა, უფროსი ძმა და ერთგული მეგობარი დაკარგეს.

მახსოვს, მაშინ, როდესაც ჟანის გუბერნატორობა შევთავაზე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ პარლამენტარის პენსიის დანიშვნისთვის მას ორი თუ სამი თვე სჭირდებოდა და შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში თუნდაც არსად არ ემუშავა, ჟანის პარლამენტარის მაღალი პენსია გარანტირებული ექნებოდა.

მე მას ამის შესახებ ვუთხარი თუმცა ჟანიმ მიპასუხა, რომ პენსიონერობას არ ვაპირებო.

სამწუხაროდ ეს ასეც აღმოჩნდა.

სახელმწიფო აპარატში ჩვენ სრულიად ახალი ხალხი გვყავს.

ალბათ მოისმინეთ კიდეც, რომ მიშა ქუთათელაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალზე ღირსეული წარმომადგენელი, ერაყში დაიჭრა.

მას სასთუმალთან 15-20 წუთის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს შესახებ ესაუბრებოდა.

მიშას მამა ბესო ქუთათელაძე ცხინვალის კამპანიის დროს დაიღუპა. ყოფილი საბჭოთა ჯარის ოფიცრებმა იგი მუხანათურად მოკლეს. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირი იყო.

მისი შვილი მამის კვალს დაადგა და სწორედ ასეთი ხალხი გაჩნდა საქართველოში.

გვყავს მიშა ქუთათელაძის მსგავსი ხალხი, რომელსაც შეუძლია დასახიჩრებულმა - კიდურდაკარგულმა და თვალდაკარგულმა ამაყად და ღირსეულად წარადგინოს საკუთარი ქვეყანა ყველაზე დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტის წინაშე.

არასოდეს დამავიწყდებაის მღელვარება, როდესაც პრეზიდენტი ბუში თბილისში ჩამოვიდა.

ყველანი ვნერვიულობდით, მე - განსაკუთრებით, რადგან მთავარი მასპინძელი ვიყავი.

საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებდა და ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.

ამას ისიც დაემატა, რომ იმ საღამოს ჟანის დაღუპვის ამბავი გავიგე.

თანაც ჩემი მეუღლე ფეხმძიმობის პირველ კვირებში იყო და საკმაოდ შეუძლოდ გახლდათ, და რა საკვირველია, ეს მღელვარება ჩემზეც ძალიან მოქმედებდა.

ყველა ამ "სიკეთეს" ისიც დაერთო, რომ ამერიკელების ჩამოტანილი ხმის აპარატურა სწორედ საქართველოს ჰიმნის დროს გაითიშა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, რადგან ყველა ელოდებოდა თუ რა მოხდებოდა.

ამ დროს მთელმა მოედანმა (გახსოვთ, რომ იქ, დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი იმყოფებოდა) მსოფლიოს დასანახად საკუთარი ქვეყნის ჰიმნი ერთხმად იმღერა.

მაშინ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგა.

გუშინ ბორჯომში მეთერთმეტეკლასელების გამოსაშვებ ღონისძიებაზე გახლდით და, ალბათ, ყველამ ნახეთ თუ როგორი განწყობა იყო ხალხში.

საქართველოში ყოველთვის ორი მენტალიტეტის ადამიანები იყვნენ.

პოლიტიკური ბრძოლა ნორმალური მოვალენაა.

ისიც ნორმალური მოვლენაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს რაღაც მრწამსის გამო ექიშპებიან, რადგან ეს დემოკრატიის თანმდევია; მაგრამ თუ ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ ლომაია, სააკაშვილი, ან ნებისმიერი სხვა, ამას სულ სხვა ელფერი დაჰკრავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი ტრადიცია არ გაგვაჩნია.

იცით ალბათ, როდესაც აღა-მაჰმად ხანი საქართველოში შემოდიოდა, ერეკლე მეფემ, რომელიც უპრობლემოდ აგროვებდა-ხოლმე 30-40-50 ათას ადამიანს, 3 ათასზე მეტი მებრძოლის შეგროვება ვერ შეძლო.

ეს იმიტომ მოხდა, რომ მარკოზაშვილის დარბაზელები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ აღა-მაჰმად ხანის ჯარი 80 ათასიანი კი არა, სინამდვილეში 300 ათასიანია, ერეკლე გაქცეულია, ჩვენ ბრძოლისუუნარონი ვართ და მოუწოდებდნენ მათ, რომ საბრძოლველად არ გამოსულიყვნენ.

საქართველო მაშინ საბოლოოდ სწორედ ამის გამო განადგურდა.

დავუშვებთ დღეს ჩვენ იმას, რომ ახალმა მარკოზაშვილის დარბაზელებმა საქართველოს ბოლო იმედი ფეხქვეშ გათელონ? - რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ.

ჩვენ ვიცით, რომ ძალზე მწვავე იქნება, მაგრამ შუა გზაში არ გავჩერდებით.

ჩვენ ვთქვით, რომ შევებრძოლებოდით კორუფციას; ბოლომდე მივყვებით ამ გზას და ერთი წუთით არ შევჩერდებით.

ჩვენ ვთქვით, რომ შევებრძოლებოდით ორგანიზებულ დანაშაულს და აღმოვფხვრით კიდეც; წინა დღეებმა ხომ დაგვანახა.

ქართულმა პოლიციამ რამდენიმე ბრწყინვალე ოპერაცია განახორციელა.

ხომ ნახეთ, როგორ არის ფესვგადგმული საქართველოში ორგანიზებული დანაშაული - მას შეღწეული აქვს ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები აქვს.

მას შეღწეული აქვს პოლიტიკაშიც და ისეთი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ქუჩაში ბანდიტების დასაცავად, რომ პირადად მე გაკვირვებისგან სახტად დავრჩი.

ჩვენ არ ვაპირებთ რომ ამას შევეგუოთ და ეს ასე დავტოვოთ.

ვსარგებლობ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით და ამ დღეებში პარლამენტში შემაქვს "ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კანონი", რომელიც კრიმინალს არა მარტო ინდივიდუალურად დასჯის, არამედ ისევე, როგორც ეს ამერიკაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებშია, დაისჯება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

ზოგ უბნებში არის ადამიანი, რომელსაც "უბნის მაყურებელს" უწოდებენ და, სამწუხაროდ, სოციალური პრობლემების გამოა ამაში ჩათრეული, ზოგიერთი ახალგაზრდისათვის ის, ლამის, მისაბაძი გმირი ხდება.

"უბნის მაყურებელი", თუ დამტკიცდა, რომ ასეთად არის გამოცხადებული, საპატიმროში აღმოჩნდება.

კანონიერი ქურდი ავტომატურად აღმოჩნდება საპატიმროში, მიუხედავად იმისა, თვითონ ქურდობს, თუ სხვებთან დადის ფულის გამოძალვის მიზნით.

ორგანიზებულ დანაშაულს ჩვენ ყველა გზას ჩავუჭრით და ისეთ კანონს მივიღებთ, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება.

გინდა იყო ე.წ. კარგი ბიჭი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი? _ შეგიძლია, მაგრამ იყავი მხოლოდ ქართულ საპატიმროში და არა თავისუფლებაში საქართველოს ნებისმიერ ადგილას.

ეს არის პირველი ინიციატივა, რომლისკენაც მივდივართ.

მეორე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი და თავდაცვის მინისტრთან ერთად ამაზე დღეს ვმსჯელობდით.

ახლოვდება რუსეთის ჯარების გაყვანის თარიღი.

იცით, რომ ჯავახეთის მოსახლეობაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პრობლემები ყოველთვის იყო იმის გამო, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ბაზებს ამარაგებენ.

ისინი ამით ცხოვრობენ.

რუსეთის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე მარაგდება ნინოწმინდისა და ახალქალაქის კარტოფილით ყველით, რძის პროდუქტებით და ამით მოსახლეობა საარსებო მინიმუმს შოულობს.

ბუნებრივია, მათ ყოველთვის ჰქონდა გარკვეული შიში, რომ რუსეთის ბაზების გასვლით მათ პრობლემები შეექმნებოდათ.

დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე მთლიანად მომარაგდება მათი პროდუქტებით და ჩვენს ჯარს უკეთესი კვება ექნება, ვიდრე რუსეთის სამხედრო ნაწილებში ჰქონდათ.

ჩვენი ნაწილები მთლიანად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგდება.

ჩვენ ვიყიდით ამ პროდუქციას ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რათა სომეხი წარმომავლობის არც ერთ ჩვენს თანამემმულეს ოდნავადაც არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ისინი შემოსავლის იმის გამო გარეშე დარჩებიან, რომ ქართული სახელმწიფო ძლიერდება და სხვა სახელმწიფოს გავლენა სუსტდება.

რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და დღეს ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილი ჩამოვთვალე.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ევროპულად დადგენილი სტანდარტების ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რაც კატასტროფული პრობლემაა.

თქვენ იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არამარტო უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არა აქვთ, არამედ ჯერ კიდევ სკოლაში სიარულისაც.

მაგრამ არსებობს ორი მიდგომა - ამაზე ბერნარდ შოუ ამბობდა: არსებობს ხალხი, რომელიც ხედავს არსებულს და სვამს კითხვას, რატომ არის ეს ასე? და არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ოცნებობენ იმაზე თუ რა უნდა იყოს და სვამს კითხვას, რატომაც არა?

აი, ჟანი კალანდაძე და ჩვენ ყველანი ამ ბოლო კატეგორიას მივეკუთვნებით.

ჩვენ ამ კითხვას მუდმივად ვცემდით პასუხს.

შარშან, როდესაც ნიღბიანმა შეიარაღებულმა ადამიანებმა საქართველოს პრეზიდენტი არ შეუშვეს ჩოლოქზე და, შესაბამისად აჭარაში, წარმოუდგენელი ოცნება იყო ის, რაც საქართველომ ბათუმში 5 მაისს ნახა, როცა ქვეყნის ხელისუფლება ბათუმში შევიდა.

მაშინ ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ამბობდა, რომ მოკლე ხანში ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო, ამის მოსაგვარებლად წამოწყებული ყველა ქმედება იყო პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული, მკვეთრი და ზედმეტად რევოლუციური მოქმედება.

ოცნებას ჰგავს ის, რომ ამ კვირის დამლევს ბათუმში, იმ დარბაზებში, რომლებშიც წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაქუცმაცებულიყო შემდგომში საქართველო, ჩვენ, ოსი წარმომავლობის მოქალაქეებთან ერთად გავმართავთ კონფერენციას ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.

და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გაძლევთ პირობას, რომ ეს კონფლიქტი ძალიან მოკლე ვადებში მოგვარდება.

თუმცა მაშინ, როდესაც ზემოხსენებული პოლიტიკოსები აჭარასთან დაკავშირებით მოთქვამდნენ და ვიშვიშებდნენ, ჩვენ ვამბობდით, რატომაც არა, ყველაფერი კარგად იქნება.

იცით, რომ შარშან წარმოუდგენელი იყო, რომ ქართველ ხალხს როდესმე ეყვარებოდა პოლიცია.

ეს ხომ მართლაც წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს სხვა მენტალიტეტი აქვს - თუ საგადასახადო მუშაკს 150 ათასი ლარის ოდენობის ქრთამზე დავაკავებთ, სახელმწიფო ცუდია; თუ პანკისში კრიმინალს ანადგურებს, სახელმწიფო ისევ ცუდია; ეს კი იმის გამო ხდება, რომ პოლიტიკოსთა ამ კატეგორიისთვის ეს სახელმწიფო არის უცხო - თუ ოკუპაციურ ხელისუფლებას რამეს მოპარავდი მაშინ იყავი კარგი კაცი.

ეს ქართული სახელმწიფოა და საქართველოს მოსახლეობისთვის მოპარული ფულია.

შარშან პოლიციაში სამსახური, პოლიციელისთვის ხელის ჩამორთმევა, უბანში პოლიციელთან ერთად ვინმეს რომ დაენახე, სირცხვილი იყო და უბნის ბიჭების შავ სიაში ავტომატურად ხვდებოდი.

ჩვენ ხალხს შევაყვარეთ პოლიცია. რატომაც არა? გაიხედეთ თბილისის ქუჩებში და ნახეთ როგორი დამოკიდებულებაა დღეს პოლიციის სამსახურის მიმართ.

ამ დღეებში ამ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების შენობებში მოეწყობა მისაღები გამოცდები.

თქვენ ჩვენი სტუდენტობის საუკეთესო წარმომადგენლები ხართ და იცით, თუ როგორი ძნელი იყო უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, რადგან ჩაწყობის, ნაცნობ-მეგობრობის, კორუფციის ქსელი ფართოდ იყო მოდებული.

ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ყველაფერი ყოველივე ამის გარეშეც შესაძლებელია და რატომაც არა?

ჩვენ ამას მივაღწევთ.

წელიწადნახევრის წინათ, მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ვამბობდი, რომ საქართველოში სასწრაფო დახმარება იქნებოდა უფასო.

მაშინ, ე.წ. ანალიტიკოსების 80 პროცენტი დემაგოგებს და სოციალურ პოპულისტებს გვიწოდებდა, ჩვენ ვთქვით, რატომაც არა და დღეს მთელ საქართველოში სასწრაფო დახმარება უფასოა.

ასეულობით ადამიანი გვიხდის მადლობას, ამბობენ როგორი კარგები არიან ახალი სასწრაფო დახმარების ბრიგადები და რამდენად კარგად მუშაობენ ისინი ყოველგვარი ზედმეტი ფულის გარეშე.

დღეს საქართველოში ენერგეტიკული პრობლემაა.

იცით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ყველა სიხშირე და სიმძლავრე განადგურდა, მაგრამ საქართველოს ყველა ოჯახს დენი სჭირდება.

ანალიტიკოსების უმეტესობას ბოლო დრომდე მიაჩნდა, რომ ეს შეუძლებელია.

მე გეუბნებით, რომ ეს შესაძლებელია და რატომაც არა? ოღონდ მუშაობაა საჭირო და ჩვენ ამასაც მივაღწევთ.

ერთი წლის წინათ იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთის ბაზების გაყვანა შეუძლებელია და ამ ფაქტის შეგუებას ამჯობინებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს საკითხები აქ არ წყდება და საქართველოს დიპლომატიისთვის ეს მიუწვდომელია.

ჩვენ ვთქვით, რომ ამის მოგვარება სწორედ აქ საქართველოშია შესაძლებელი და რატომაც არა? ჩვენ დავდგებით ერთად და მივაღწევთ ამასაც.

ხომ მივაღწიეთ? ხომ მოეწერა შეთანხმებას ხელი? და ხომ დაიწყო რეალურად ეს პროცესი?

დღეს ძალიან ბევრი, ვისაც საკუთარი ქვეყნის არ სჯერა ამბობს, რომ აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია.

ცოტა ხნის წინათ მონაკოში კონფერენციაზე ვიმყოფებოდი (სადაც პრესტიჟული პრემია გადმომცეს) და მინდა გითხრათ, რომ ბიჭვინთა, გაგრა, კვარიათი, გონიო კარგად მოვლის პირობებში ბევრად უკეთესი ადგილებია.

ამის შესახებ რომ იქ მყოფ ერთ-ერთ ჩემს თანამემამულეს ვუთხარი, დამეთანხმა, მაგრამ ბიჭვინტისა და გაგრის შემთხვევაში შეუძლებლად მიიჩნია.

რატომაც არა? რა თქმა უნდა, კი! ჩვენ ამას მივაღწევთ და გავაკეთებთ.

მოვდიოდი დღეს გზაზე და წერია "აფხაზეთი ჩვენი ტკივილია". რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ლოზუნგები უნდა ჩამოვხსნათ და მოვემზადოთ.

უნდა მოვძლიერდეთ და ამ ტკივილს ვძლიოთ.

ყველაფერი ცუდი, რაც მოსახდენი იყო, მოხდა.

ახლა ფეხზე წამოდგომისა და ყველაფრის გამოსწორების დროა.

შეიძლება თუ არა, რომ საქართველო როდესმე განვითარებული, ევროპული ქვეყანა გახდეს?

და დღეს, მე მინდა განსაკუთრებით, ჟანის და თქვენი სახელით, ჟანი კალანდაძესთან და თითოეულ თქვენგანთან, ქართული საზოგადოებისა და ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად ვთქვა, რატომაც არა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)