Google+

სიახლეები

10.07.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე - “საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით”

მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საქართველოს აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული და უცხოური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ეთნიკური კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი, ამ გადაწყვეტისთვის ახალი ენერგიის მიცემის კუთხით.

მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებაში მოვედით, პირველი, რაც ვთქვით იყო ის, რომ საქართველოს სახელმწიფოდ ვაქცევდით და მის დანაწევრებას ბოლოს მოვუღებდით.

მაშინ ამ თეზისმა სერიოზული კამათი გამოიწვია და ბევრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ზედმეტად აგრესიულები ვიყავით.

ჩვენ კარგად გვახსოვს, მაშინ, როდესაც შარშან მარტში არ შემოგვიშვეს აჭარაში და რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა გზა გადაგვიკეტა, მსოფლიოში ძალიან ბევრმა თქვა, რომ ჩვენ უკან უნდა დაგვეხია, გავჩერებულიყავით და აჭარის საკითხის გადაწყვეტის მცდელობისათვის თავი უნდა დაგვენებებინა.

მახსოვს ისიც, მთელ მსოფლიოში საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ საქართველოში ომი და შინააშლილობა დაიწყებოდა.

კარგად მახსოვს ის სქემაც, რომელსაც ხატავდნენ - პრეზიდენტმა გამსახურდიამ ცხინვალის რეგიონზე დაკარგა კონტროლი, პრეზიდენტმა შევარდნაძემ - აფხაზეთზე, სააკაშვილი კი აჭარას დაკარგავსო.

მახსოვს, თუ რა სტატიები ქვეყნდებოდა მაშინ - ჩვენ აგრესიულობაში, საკითხებისადმი არაფრთხილ მიდგომაში გვადანაშაულებდნენ.

ქვეყნდებოდა არა მარტო სტატიები, არამედ საკმაოდ მაღალი რანგის მთელი რიგი პოლიტიკოსებისა, მირეკავდა, მაფრთხილებდა, რომ ამ საკითხში ჩვენ უკან უნდა დაგვეხია.

დღეს ამ კონფერენციას აჭარაში, ბათუმში ვმართავთ, სადაც ერთი წლის წინანდელი დაპირისპირების კვალიც კი არ ჩანს.

თანაც ამ კონფერენციას ვატარებთ იმ პირობებში, რომ არც უკან დავიხიეთ, გაერთიანებაც მოვახერხეთ და შედეგები სახეზეა - ბათუმში თითოეული ადამიანი მოგიყვებათ თუ რა შეიცვალა მას შემდეგ.

აქ იყო ლიდერი, რომელიც ქალაქის ქუჩებს მხოლოდ იმისათვის კეტავდა, რომ მის შვილს მაღალი სიჩქარე განევითარებინა მისი "ლამბორჯინის" მარკის ავტომანქანით, ან იმისათვის, რომ მის შვილიშვილს პატარა "კარტინგით" ესეირნა.

აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი მათ ეკუთვნოდათ.

12 წლის განმავლობაში აჭარაში მხოლოდ ორი კილომეტრი გზა აშენდა, მაშინ ადამიანებს ჩხრეკდნენ და ამცირებდნენ არა მხოლოდ აჭარის შემოსასვლელში, არამედ ყველგან.

ნებისმიერი ადამიანის დაკავება, მისი უფლებების დარღვევა ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ.

აჭარაში 14 წლის განმავლობაში გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი შეკეთდა, ამ ერთ წელიწადში კი ჩვენ დაახლოებით 90 კილომეტრი გზის აშენება მოვახერხეთ და ამ მხრივ მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ.

მაღალმთიანი აჭარის ყველა დასახლებული პუნქტი ბათუმთან გზით არის შეერთებული.

ბათუმთან შენდება გზები და ავტობანი, მშენებლობა კი შემოდგომაზე დასრულდება.

წელს, გერმანელებთან ერთად ბათუმის წყალსადენისა და კანალიზაციის მთლიან რეაბილიტაციას ვიწყებთ და ბათუმს მრავალი ათწლეულის განმავლობაში წყალსადენი პირველად ექნება.

აქ, ასევე,ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო.

აჭარაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება, სკოლების ნაწილი რემონტდება და წელს, პირველ სექტემბრამდე მოხდება აჭარის სრული ინტერნეტიზაცია, ყველა სკოლა კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება, ბათუმში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.

აჭარის საბაჟოზე, რომელიც ყველა ქართველისთვის დამცირების ადგილი იყო, შარშან მწვანე დერეფანი გაიხსნა, სადაც ადამიანი 2 წუთზე მეტს არ დაყოვნდება - ბევრმა თქვენგანმა ეს უკვე ნახა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯიფ თაიფ ერდოგანთან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ასეთივე მწვანე დერეფანი ზაფხულში თურქეთის მხრიდანაც გაიხსნება და, პრაქტიკულად, ეს ძალიან ადვილად გასავლელი საზღვარი იქნება.

ის, რაც აჭარაში მოხდა, ჩვენი გამბედაობისა და ერთიანობის შედეგია.

დარწმუნებული ვარ, აჭარაში ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ვერ მივაღწევდით.

ამ ბაზების გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია და ის შეუქცევად ხასიათს ატარებს, ესეც საქართველოს სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.

მინდა შეგახსენოთ, რომ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირება დაიწყო, წელს 5-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს.

ჩვენ ძირითადი სახელმწიფო სრუქტურების რეფორმირება მოვახერხეთ, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს და მინდა, რომ ამ პრობლემებს ეტაპობრივად მივუდგეთ.

დარჩა ორი მთავარი პრობლემა - ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) და აფხაზეთი.

ამ პრობლემებს შორის ცხინვალის პრობლემა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ბევრად უფრო მარტივია.

ერთის მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალზე პატარა ტერიტორიაა.

რუსეთში იმ ნაციონალისტებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიერთებასა და მის რუსეთის ნაწილად ქცევას ფიქრობენ, გეოგრაფია არ იციან.

სამხრეთ ოსეთის შეერთება და ოკუპირება შეუძლებელია, ამისათვის საქართველოს დაპყრობაა საჭირო.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი თბილისთან, თბილისი-კასპის მონაკვეთზე იწყება.

ბევრმა ქართველმა არც იცის, რომ თბილისის შემოსასვლელთან რამდენიმე მეტრში „ყოფილი სამხრეთ ოსეთის" ტერიტორია იწყება.

თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას იერთებ, მაშინ საქართველოს მთავარი ცენტრის ინტეგრაცია უნდა მოახდინო, ე.ი. საქართველო უნდა დაიპყრო.

ეს ყველაზე უფრო ველური ფანტაზიის მქონე ადამიანებსაც კი ვერ წარმოუდგენიათ, ამ ტერიტორიის მიერთება საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს.

ეს საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესობამაც არ იცის.

ეს ტერიტორია ცალკე აღებული არ არსებობს.

ეს საჭადრაკო დაფასავითაა, ყოფილ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს არც ერთი დასახლებული პუნქტი (როკის გვირაბთან მდებარე ერთი-ორი სოფლის გამოკლებით), რომლის იქით არ იყოს ის სოფლები (მე მათ არ ვუწოდებდი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფელს, რადგან იქ ქართველებიც ცხოვრობენ, ოსებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც), რომლებიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის უფლებამოსილებას აღიარებდნენ.

ცხინვალის ოსური საზოგადოება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურად ქართული საზოგადოების ნაწილია - ისინი, ძირითადად, საქართველოს ტელეარხებს უყურებენ, მათი უმეტესობა ქართულად სრულიად უაქცენტოდ ლაპარაკობს, დადიან თბილისში და მას საკუთარ ცენტრად მიიჩნევენ.

ოსი ხალხი საქართველოში მრავალი ასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა, ისინი ქართული ისტორიის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

ჩვენ ათასწლეულებზე ვლაპარაკობთ და იმაზე, რომ შერეულ ქორწინებათა ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველებსა და ოსებს შორის იყო და ეს ქართველმა მეფეებმა დაიწყეს.

თამარ მეფის დედა იყო ოსი.

შერეული ქორწინებები ყველაზე ცნობილი მეფეების ოჯახებში გვხვდებოდა.

მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეფემ მრავალათასიანი ოსური ჯარი მოიხმო დურგალელ დიდის მეთაურობით, რაც ცნობილი ფაქტია.

ეს ჯარი საქართველოს სამეფოს დაეხმარა, შემდეგ კი ქუთაისში 12-დღიანი წვეულება გაიმართა.

ყველამ იცის, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოს გასამაგრებლად მრავალათასიანი ყივჩაღური ჯარი ჩამოიყვანა.

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ოსების დახმარებით მოხდა, რადგან მან ამ ჯარის გამოტარებისა და მათი ჩამოსვლის თაობაზე შეთანხმებას წინასწარ სწორედ ოსებთან მიაღწია.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოსური მოსახლეობა ყოველთვის იყო საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ეთნიკური სტრუქტურის ინტეგრირებული ნაწილი და ერთმანეთთან ამდენად დაახლოებული ხალხი მსოფლიოში, ალბათ, ცოტა თუ არსებობს.

პირადად მე და ჩემი თაობა, ეს ჩვენი გამოცდილებაა, გავიზარდეთ ისე, რომ ოსები ქართველი ერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გვეგონა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ მათ აქვთ საკუთარი იდენტურობა, კულტურა, ისტორია, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

ამგვარად კონფლიქტი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ულტრანაციონალისტური და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების მიერ იყო პროვოცირებული, პირდაპირ რომ ვთქვათ, პროვოცირებული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონდა და ამგვარად ბოლომდე მისი დადანაშაულება სწორი არ არის, რიტორიკის შედეგადაც, და განსაკუთრებით ამ რიტორიკის შედეგად, რეალურად, ძალიან ძნელი გასაღვივებელი იყო.

90-იანი წლების დამდეგს ყველაფერი იმდენად არეული იყო, რომ ასეთი ძნელად გასაღვივებელი კოფლიქტებიც ღვივდებოდა, თუ ამას ძალიან მოინდომებდი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კონფლიქტს აქვს ელემენტები, რომლებიც შედარებით ადვილად გადაწყვეტადია.

მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ კონფლიქტის გადაწყვეტა სულ უფრო და უფრო რთული გახდება.

უკვე გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე თაობა, რომლებსაც დღევანდელისგან განსხვავებულ პირობებში ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

გაიზარდა ხალხი, რომლებიც, პრაქტიკულად, 12-13 წლის განმავლობაში სამხედრო ბანაკის პირობებში ცხოვრობს.

მათ შეუძლიათ დატოვონ ბანაკი, მაგალითად, სამკურნალოდ, ან გასართობად თბილისში ჩამოვიდნენ, მაგრამ ღამით ისევ ბანაკში დაბრუნდნენ და იქ დაიძინონ.

რეალურად, ეს ტერიტორია სამხედრო ბანაკად გადაიქცა, სადაც მუდმივი მზადყოფნაა იმისათვის, რომ რაღაც უნდა მოხდეს - შეტაკება, ან კონფრონტაცია.

და ეს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის შუაგულში ხდება.

სამწუხაროდ, შარშან, როდესაც სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია დავიწყეთ, ძალიან მარტივი მიზეზების გამო, ამ სიტუაციამ გამძაფრება დაიწყო.

რუსეთში სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქტები კონტრაბანდად არ ითვლება.

საქართველოშიც არ ითვლებოდა კონტრაბანდად ის, რაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა.

სამხრეთ ოსეთი კი, პრაქტიკულად, არაფერს აწარმოებს.

რუსეთისთვის ეს ძალზე პატარა პრობლემა იყო, რადგან ის დიდ სახელმწიფოს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს იქიდან შემოსული უკანონო და განუბაჟებელი პროდუქცია კატასტროფულ დარტყმას აყენებდა.

მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას არც ნავთობი აქვს არც სხვა რაიმე შემოსავალის წყარო - ჩვენ ვიღებთ გადასახადებს და თუ საგადასახადო სისტემა მოშლილია, ქვეყანა არ ფუნქციონირებს.

ვინაიდან როკის გვირაბს ვერ ვაკონტროლებთ, შარშან გადავწყვიტეთ, რომ გზებზე პოლიციის პოსტები დაგვეყენებინა, რათა კონტრაბანდა არ შემოსულიყო.

სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ამ პოსტებს ძალის გამოყენებით აიღებდა.

ამაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ძალას ჩვენ ძალას დავუპირისპირებდით, ამას კი, კონფრონტაცია მოყვებოდა.

ამან ვითარების ესკალაცია გამოიწვია.

შემდეგ იმ სოფლების იზოლაცია მოხდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას, მის უფლებამოსილებას აღიარებენ და ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.

ამის გამო, ჩვენ იძულებული გავხდით შემოვლითი გზა დაგვეცვა, მაგრამ სწორედ ამ გზაზე მოხდა შეტაკებები და შემოვლითი გზის დამცველებზე შეტევები განხორციელდა.

ამ დროს, ჩვენი შეიარაღებული კონტიგენტის გამოყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შარშან ბოლომდე მთელი ტერიტორიის აღება არ შეგვეძლო, არამედ იმიტომ, რომ ეს მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.

მიმაჩნია, რომ სისხლისღვრა და ყოველგვარი გართულება ბევრად უარესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე თუნდაც სერიოზული სირთულეების შექმნა ამ სოფლების მომარაგების საკითხში ან მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

შარშან, ამ ტერიტორიაზე ხაჩიროვის მეთაურობით მოქმედმა დივერსიულმა ჯგუფმა ელექტროგადამცემი ხაზები ააფეთქა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ელექტრომომარაგება, პრაქტიკულად, განახევრდა.

იყო სხვა გეგმებიც, რაც ჩვენმა სამსახურებმა დანამდვილებით იციან.

ეს ეხება სხვა კომუნიკაციებზე თავდასხმას.

მოქმედი ჯგუფები პირდაპირკავშირში არიან იანვარში გორში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან - როდესაც ნაღმი ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქდა.

ჩვენ ვიცით სხვა ფაქტებიც, რომლებიც იგეგმება, რომლის შესახებაც ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა იციან და უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ოთხი ადამიანის გატაცებისა და უგზოუკვლოდ გაუჩინარების ფაქტი მოხდა, ხშირია ადამიანების ნაღმზე აფეთქების ფაქტებიც და სხვა უბედური შემთხვევები და ინციდენტები.

ამის დაკონსერვება შეუძლებელია.

თუ რა სიტუაციას აქვს ადგილი ჩვენი პარტნიორის, რუსეთის მხრიდან, სხვა საკითხია.

თქვენ იცით, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება დამოუკიდებლობას არ ითხოვს.

მათ ესმით, რომ ეს ტერიტორია სადღაც უნდა იყოს - ეს შეიძლება იყოს საქართველოში, ან რუსეთში.

ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთში მალე ვიქნებით.

მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების მხრივ, ჯერჯერობით, ამ ფაქტის უარყოფის არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.

უფრო მეტიც, ყველა ქმედება, მინიმუმ ორაზროვან, უარეს შემთხვევაში, სრულიად ნათლად გამოხატულ ხასიათს ატარებს, რომ ერთ დღეს, ეს შეიძლება განხორციელდეს.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი ციმბირიდან ჩამოყვანილი მოქმედი რუსი სამხედრო მოსამსახურეა.

უშიშროების მინისტრი ბაშკირეთის ავტონომიის უშიშროების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი პირი იყო.

ყველა საზღვარს სცდება ის, რომ ახლა, პრემიერ-მინისტრად ბატონი მოროზოვი დაინიშნა, რომელიც ბაშკირეთშია დაბადებული, ცხოვრობდა კურსკში.

გამოქვეყნდა მისი ბიოგრაფია, რომელშიც ცალკე აღინიშნა ის, რომ იგი პრემიერ-მინისტრ ფრადკოვის მეგობარია.

მე ზუსტად არ ვიცი ეს რას ნიშნავს და რა სამსახურეობრივი მდგომარეობის დახასიათება შეიძლება იყოს.

იგივე ხდება აფხაზეთშიც.

აფხაზეთში და ცხინვალის ტერიტორიაზე დაარიგეს რუსული პასპორტები და მე არ მესმის რატომ არის მსოფლიო ამაზე გაჩუმებული.

ჩვენ აქ არა მარტო საქართველოსა და მის ტერიტორიაზე ვლაპარაკობთ, არამედ რუსულ დემოკრატიასა და მის მომავალზეც.

ჩვენ მოქმედების იმ სქემას ვეხებით, რომელიც არც რუსეთის, არც საქართველოსა და არც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს და მით უფრო, ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს ინტერესს.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომლის ძიება ჩვენ პირველი დღიდანვე დავიწყეთ.

საერთოდ, ჩვენ პირველი დღიდან იმას ვამბობთ, რომ საქართველო მასში მცხოვრები ყველა ადამიანის საკუთრებაა და ქვეყანაა.

გზაზე ნახავდით ბილბორდებს, რომლებზეც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები, რუსები არიან გამოსახული, ქვემოთ კი წარწერაა: საქართველო - ყველას სამშობლოა.

ეს ბილბორდები ჩვენი ერისადმი, ჩვენი მოსახლეობისადმი საქართველოს მთავრობის გზავნილია.

ეროვნების მიუხედავად, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, მაგრამ, ამავდროულად, ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ უმცირესობების ინტეგრაციისთვის ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.

წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლას ვხსნით, რომელშიც ასი სომეხი, ასი აზერბაიჯანელი ეროვნების წარმომადგენლებიც ისწავლიან და იმედი გვაქვს, რომ ამ სკოლას ოსი მსმენელებიც ეყოლება.

ენისა და ადმინისტრაციული უნარ-ჩვევების 6-თვიანი კურსების დასრულების შემდეგ, ეს ხალხი კვალიფიკაციის მიხედვით უნდა დაინიშნოს ადმინისტრაციულ აპარატში - საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში, პროკურატურასა და პოლიციაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში.

ერთი სიტყვით, ჩვენ პოზიტიური დისკრიმინაციის კურსს ვიღებთ.

ჩვენ ვიღებთ კურსს, რომელიც სახელმწიფო აპარატში მათ აგრესიულ ინტეგრაციამდე მიგვიყვანს და არ ველოდებით იმას, რომ ისინი თავად ისწავლიან და კარიერის შექმნას მოახერხებენ.

ამავე დროს, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ინტენსიური შესწავლის სახელმწიფო პროგრამას ვახორციელებთ.

თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ავუხსნათ, თუ რას მოუტანს მათ ენის შესწავლა და რა პერსპექტივა გაეხსნებათ ამით.

თქვენ იცით, რომ ჯავახეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები გვექმნება, რადგან რუსეთის ბაზა, რომელშიც 3000-მდე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა, იქ მაცხოვრებელი ხალხის მიერ წარმოებული პროდუქციით მარაგდება.

ერთი კვირის წინათ, თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართული რამდენიმე თათბირის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული არმია, რომელიც მთლიანობაში ტექნიკურ პერსონალთან ერთად 20 ათასი მოსამსახურისგან შედგება, მთლიანად ჯავახეთის რაიონში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით ექსკლუზიურად მომარაგდეს და ამის განხორციელება უკვე დავიწყეთ კიდეც.

ახალქალაქსა და ნინოწმინდას, ნაწილობრივ, ასპინძისა და წალკის პროდუქციაც შეეშველება.

დღესდღეობით, ამ მოსახლეობას ქართული ჯარის მოსამარაგებლად საკმარისი პროდუქტი არ აღმოაჩნდა, მაგალითად, საკმარისია კარტოფილი, მაგრამ არასაკმარისია ხორცი, რძის პროდუქტები.

აუცილებელია, რომ მათ წარმოება გაზარდონ, მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების საკითხი კი, რელურად, უკვე გადაწყვეტილია.

რა თქმა უნდა, ბრაზილიული ხორცი, შესაძლოა, ნინოწმინდაში წარმოებულზე უფრო იაფი ღირდეს, თუმცა განსხვავება საკმაოდ მცირეა.

შესაძლოა, მსგავსი პირობების შექმნა სხვა რეგიონებსაც ზუსტად ასევე სჭირდებათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეს კუთხე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონტაქტს განსაკუთრებით იყო მოკლებული.

ჯავახეთში მრავალი წლის განმავლობაში, პირველად წელს დაიწყო გზების მშენებლობა, ფასადების რესტავრაცია, სკოლების მშენებლობა და სხვა ღონისძიებები.

პირადად მე ერთ-ერთი სკოლის მშენებლობა დავიწყე, ერთი სკოლა ჩემი მეუღლის პატრონაჟის ქვეშ არის, სკოლები ყოველგვარი პატრონაჟის გარეშეც შენდება.

ახალქალაქის ცენტრში დაიწყო გზების შეკეთება, ჩვენ სხვა ღონისძიებებსაც ვახორციელებთ - შეიქმნა ახალგაზრდული ბანაკები, სადაც უკვე წელს ახალგაზრდული დეპარტამენტის პროგრამებით რამდენიმე ათასი ახალგაზრდა დაისვენებს.

დღესდღეობით, ახალგაზრდულ-პატრიოტულ ბანაკებში ზაფხულს 1600 ახალქალაქელი და ნინოწმინდელი ატარებს.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩვენ სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც დავიწყებთ და მომავალ წელს დავასრულებთ.

ზუსტად ასევე აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონების განვითარებასაც ვაქცევთ ყურადღებას.

მართალია, ისინი უფრო ინტეგრირებული იყვნენ საქართველოს ცენტრალურ უბნებთან და დედაქალაქთან, მაგრამ მათ შემდგომ ინტეგრაციას ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს.

თუმცა, უდავოა, რომ მცირე სიძნელეები და პრობლემები იქაც არის.

ერთი სიტყვით, ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდია კონტრასტი წინა ხელისუფლებასთან შედარებით.

საქართველოს წინა ხელისუფლება ეთნიკურ ფაქტორს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა.

საქართველოში, მაგალითად, მუდმივად იყო მითითებები იმაზე, რომ ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს რომელიღაც ნათესავი ეთნიკური ქართველი არ ჰყავს, თანამდებობის პირებს საჯაროდ უთქვამს ტელევიზიით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ეთნიკური ქართველი უნდა იყოს, საქართველოს მხოლოდ ქართველები უნდა მართავდნენ და სხვა.

ეს საბჭოთა ნომენკლატურული ინერციის გადმონაშთი იყო, საბჭოთა ნომენკლატურისთვის კი, ეთნიკური წარმომავლობითა და ეთნიკური წარმოშობით იფარგლებოდნენ.

ასე იღებდნენ ისინი თავის პრივილეგიებს.

ძალიან მიხარია, რომ უკრაინაში დღეს ყველა უკრაინულად ლაპარაკობს.

მეც ვსაუბრობ ამ ენაზე და ვამაყობ, რომ საშუალება მქონდა ასობით ათასი უკრაინელისთვის 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე კიევის მთავარ მოედანზე მათ ენაზე მიმემართა.

თუმცა მაშინ, როდესაც კიევში ვსწავლობდი, ნომენკლატურის წარმომადგენელთა ოჯახების გარდა, უკრაინულად არავინ არ ლაპარაკობდა.

თავად მე პრივილეგირებული ოჯახიდან არ ვიყავი, თუმცა კიევში ყველაზე პრივილეგირებულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ასე შემთხვევით მოხდა.

ჩემი კურსელები კი, თანამდებობის პირთა - მინისტრების, პოლიტბიუროს წევრების შვილები იყვნენ.

უკრაინას ჰყავდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, საქართველოს კი - ბიურო, ნომენკლატურის პრივილეგიებს შორის მხოლოდ ეს განსხვავება იყო. ნომენკლატურის ოჯახებში მაშინ ყველა უკრაინულად ლაპარაკობდა. რატომ? - იმიტომ, რომ ნომენკლატურის პრივილეგიის მინიჭება ენობრივი და ეთნიკური ნიშნებით ხდებოდა.

საქართველოს წინა მთავრობასაც ეს სჭირდა.

მათ მიაჩნდათ, რომ საკუთარი მოქალაქეები ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური ნიშნით უნდა განესხვავებინათ.

ჩვენ სრულიად ახლებული ხედვის ხელისუფლება ვართ.

მჯერა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა შესაძლებელია საბოლოოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ ყველა ეროვნების ინტეგრირებას მოახერხებს.

ჩემთვის დიდად საამაყოა ისიც, რომ ხალხს ახალი დროშა შევაყვარეთ, ეს დროშა ყველას უყვარს, ახალი ქართული ჰიმნი ყველამ და განსაკუთრებით ბავშვებმა ზეპირად იციან.

ამას წინათ, ქალაქგარეთ ვიყავი და იქ, ექსკურსიაზე მყოფი აზერბაიჯანული და სომხური წარმომავლობის ბავშვები შემხვდნენ, რომელთაგან საქართველოს დროშა ზოგს კისერზე ჰქონდა შემოხვეული, ზოდს კი სამკერდე ნიშანი ეკეთა.

ამით ისინი სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ.

სიამაყით ვიხსენებ იმ მომენტებს, როდესაც ჯავახეთის რეგიონში, რომელიც მოწყვეტილად და პრაქტიკულად მიტოვებულ ტერიტორიად ითვლებოდა, საკმაოდ არაორგანიზებულად ჩავსულვარ და ადგილობრივი სომხები ქართულ ჰიმნს მღეროდნენ.

მაშინ, როდესაც იქ პირველად ჩავედი, ერთ-ერთი გოგონა ჰიმნს ზეპირად წარმოთქვამდა, რადგან მის სკოლაში მაგნიტაფონის უქონლობის გამო, მუსიკა მოსმენილი არ ჰქონდა.

ეს ნინოწმინდის სოფელი განძაში იყო.

მათ, რა თქმა უნდა, მაგნიტოფონი გავუგზავნეთ და ახლა ამ სოფელში ახალ სკოლას ვაშენებთ.

როდესაც ამ სოფელში უკვე სკოლის მშენებლობის დაწყების გასახსნელად ჩავედით, მთელი სკოლა იდგა და ჩვენი გაგზავნილი კასეტიდან ნასწავლ ქართულ ჰიმნს მღეროდა.

აი, ეს არის ინტერგაციის პროცესი.

აი, ეს არის შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და, რეალურად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება.

წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, პროცენტულად, ეთნიკური უმცირესობების სამჯერ მეტი წარმომადგენელია გაწვეული, ვიდრე შარშან. ეთნიკური უმცირესობების ძალზე ბევრი წარმომადგენელი საკონტრაქტო პირობებით ნებაყოფლობითაა მოსული.

რეზერვისტთა ბანაკებში სომხები და აზერბაიჯანელები პირველად გამოჩნდნენ და ისინი იქ სრულიად ნებაყოფლობით გაერთიანდნენ.

როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს შევხვდი, მათ ერთ-ერთი რეზერვისტთა მე-10 ბატალიონის ხელმძღვანელის ვანო ქოჩქიანის ისტორია მოვუყევი.

თავის დროზე ვანო ქოჩქიანი აფხაზეთიდან გამოაძევეს და მან მთელი ქონება დაკარგა.

იგი ჩამოვიდა ქარელში, მას 1992 წელს ოსების მიერ მიტოვებული სახლი მისცეს, რომელიც გაარემონტა და კეთილმოაწყო.

შარშან ჩვენ საქართველოდან 1991-1992 წლებში წასული ეთნიკურად ოსების დაბრუნების პროგრამის განხორციელება დავიწყეთ.

ბატონ გოგა ხაინდრავასთან და ზინაიდა ბესტაევასთან ერთად რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე ჩამოვასახლეთ, მათ შორის, მიტარბის რაიონში და მზად ვართ, რომ კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ჩამოვასახლოთ.

ამ პროგრამაში ერთ-ერთი ოსური ოჯახი მოხვდა, რომელმაც ვანო ქოჩქიანს სახლის დაბრუნება მოსთხოვა.

დღეს ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროს გორის შენაერთში მსახურობს და მან უყოყმანოდ, ულაპარაკოდ გადასცა დაბრუნებულ ოსებს თავისი გარემონტებული, მოვლილი სახლი, რომელშიც ამდენი წელი გაატარა და ისევ უსახლკაროდ დარჩა.

ვანო ქოჩქიანმა საკუთარი სახლ-კარი, პირველად, სიძულვილის გამო დაკარგა - იგი გამოაგდეს, მეორედ კი, - ადამიანობისა და სიყვარულის გამო.

სხვათა შორის, ეს ისტორია სრულიად შემთხვევით გავიგე და სპეციალური განკარგულება გავეცი, რათა მას და მის ოჯახს დავეხმაროთ.

შესაძლოა, მსგავსი ისტორია სხვაც იყოს, რომელსაც ვერ გავიგებ.

ყოველივე ამას იმასთან დაკავშირებით ვამბობ, რომ ჩვენ მიდგომა მთლიანად შევიცვალეთ.

მაგალითად, საქართველოში ტერმინის "სამხრეთ ოსეთი" ხსენება პოლიტიკურად ტაბუდადებული იყო - საქართველოში ამ ტერმინის ხსენება პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავდა.

თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარიანტები: სამხრეთ ტიროლს ჰქვია სამხრეთ ტიროლი ავსტრიელებისთვის, და ალტო-ადიჯე იტალიელებისთვის. შემდგომში შეიძლება ასე დაკანონდეს.

პირადად მე, სამხრეთ ოსეთის ტერმინის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრობლემას ვერ ვხედავ.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში ითვლებოდა, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხის წამოჭრაც კი, აბსურდული პოლიტიკური გადაწყვეტილების ტოლფასია.

ჩვენ ეს გეგმა შარშან წარმოვადგინეთ, წელს იანვარში ევროპის საბჭოში ეს ჩემს მიერ უკვე კარგად არტიკულირებული თემა იყო და მინდა გითხრათ, რომ ის, ავტომატურად, განთავსდა ინტერნეტში.

ყოველივე ეს ჩვენ ოსურ ენაზეც დავბეჭდეთ.

აქედან გამომდინარე, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო ფორუმებიდან ვიწყებთ, სწორი არ არის.

ჩვენ იძულებული ვხდებით, რომ აქ ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ არ არის დიალოგი.

მე პირდაპირ ვამბობ, თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ბევრად უფრო გამიხარდებოდა ყოველივე ამაზე საუბარი, ვიდრე უცხოელ ელჩებთან და თუნდაც, უცხოეთიდან ჩამოსულ წარმომადგენლებთან.

ამ თემაზე თქვენთან შეხვედრა ჩემთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, რადგან დიალოგი პირისპირ უნდა შედგეს.

ჩვენ აქ სწორედ იმის გამო ვართ, რომ დიალოგი არ შედგა.

ჯერ კიდევ შარშან, გაეროში ნდობის აღდგენისა და შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების რამდენიმე ეტაპიანი გეგმა წარვადგინეთ და აღვნიშნეთ - ჩვენ გვესმის, რომ ამის საბოლოოდ გადაწყვეტას მრავალი წელი დასჭირდება.

ჩვენმა ზოგიერთმა რუსმა პარტნიორმა და ადგილობრივმა დეფაქტო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოიწონეს ჩვენი გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი და აღნიშნეს: ჩვენ ძალიან მოგვეწონა პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმის ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და ამას მრავალი წელი სჭირდებაო.

რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურ პასუხად.

შემდეგ, იანვარში, სტრასბურგში წარვადგინეთ გეგმა და ამაზე არანაირი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია.

ეს გეგმა, პრაქტიკულად, ოცნებათა სიაა - ყველაფერი, რაზეც ადგილობრივ ოსებს როდესმე უოცნებიათ და მოუთხოვიათ.

როდესაც ლუდვიგ ჩიბიროვი იყო პრეზიდენტი, შევარდნაძესთან იგი ბევრად ნაკლებსაც დათანხმდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შევარდნაძემ დიალოგზე უარი განაცხადა.

ეს ბევრი მიზეზის გამო მოხდა, მათ შორის, მისი სისუსტისა და ხასიათის გადაუწყვეტაობის გამო.

ეს ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ეს ეპოქა უკვე გავიარეთ.

როცა ჩვენ ამ თემაზე საუბარი დავიწყეთ, ოსები ამბობდნენ: საუბარი საჭიროა, მაგრამ იქნებ, ბოლო წლების განმავლობაში გავლილი ტანჯვისათვის, ჯერ კომპენსაცია მოგეცათო.

მაშინ სამშვიდობო ინიციატივაში ჩავწერეთ, რომ მზად ვართ რესტიტუცია მოვახდინოთ და შედეგიც სახეზეა - საქართველოს პარლამენტში რესტიტუციის კანონი უკვე არის.

ისინი ამბობდნენ, კარგი იქნება, რომ ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ სიმართლე აღიაროს.

ჩვენ ყველაფერი არა მარტო ცალმხრივად ვაღიარეთ, რასაც პირადად მე ვფიქრობ, არამედ, შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა სიმართლის კომისია და გამოძიება ერთად გვეწარმოებინა.

დავსაჯოთ ყველა დამნაშავე ან გამოვიძიოთ, ვინ არის დამნაშავე და შემდეგ მათი ბედის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღოთ.

სამწუხაროდ, ისინი ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.

ისინი ამბობენ, ჩვენ გვინდა თვითმმართველობა ადგილზე.

ამ გეგმაში ჩვენ სრული თვითმმართველობაც ჩავდეთ.

ზოგიერთი ადგილობრივი ოსი სვამდა კითხვას: კი, მაგრამ როგორ გვექნება რუსეთთან კონტაქტი?

ჩვენ მზად ვართ, რომ საზღვრის გადაკვეთის პრივილეგირებულ, გამარტივებულ რეჟიმზე ვისაუბროთ.

ბოლო შეხვედრაზე კოკოითმა ძალზე გაუბედავად იკითხა: ხომ არ განგვეხილა თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხი?

ჩვენ მზად ვართ გარკვეული ეკონომიკური ზონისა და ადგილზე საგადასახადო პრივილეგიების საკითხები განვიხილოთ.

მათ არ მოუთხოვიათ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ჰქონდეს სტატისტიკურად არაადეკვატური, თუმცა, შექმნილი სიტუაციის მიხედვით, ვფიქრობ, ადეკვატური რაოდენობის ადგილი.

ლაპარაკია კვოტაზე ამ ტერიტორიის ხელისუფლებისათვის საქართველოს პარლამენტში, შესაძლო მოლაპარაკებაზე საქართველოს მთავრობაში დაკანონებულ ადგილებზე.

განსახილველია ბევრი სხვა საკითხიც - ეს ეხება ლტოლვილების დაბრუნებას, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, განსაკუთრებულ კულტურულ ავტონომიაზე, სადაც სრულად გარანტირებულ იქნება ოსური ენა;

ისინი მოითხოვენ, რომ ოსური ენა და კულტურის დაცული იყოს.

ისინი კითხულობენ, თუ რა ბედი ეწევა მათ რუსულ პენსიებს - ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ ყველა პენსია, ყველა სოციალური გარანტია შენარჩუნდება მინიმუმ იმ რაოდენობით, რაც რუსეთშია;

ჩვენ ამის ფინანსური რესურსები გავქვს.

ჩვენ ვსაუბრობთ იქ განათლებაზე, ოსურ სკოლებზე და ა.შ;

აქვე, ურთიერთობის აღსადგენად დამატებითი ინიციატივებით გამოვდივართ. მზად ვართ, ცალმხრივი ნაბიჯები გადავდგათ, მე მზად ვარ ვისაუბრო იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დავაფიქსიროთ ავტონომიური სტატუსი, რადგან დღესდღეობით, საქართველოს კონსტიტუციაში ეს ტერიტორია მოხსენიებული არ არის;

მზად ვართ, საქართველოს საზოგადოებრივ ტელე-რადიო არხზე ოსურ მხარეს მათი პოზიციისა და პოლიტიკური პროცესების დასაფიქსირებლად, მთელი საქართველოს დასანახად, რეგულარულად 15 წუთი დავუთმოთ;

მზად ვართ, შევქმნათ რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელსაც ორივე მხარის მიერ შერჩეული საბჭო უხელმძღვანელებს;

მზადა ვართ ბევრი სხვა ღონისძიება განვახორციელოთ:

მზად ვართ, 1991 წლის შემდეგ არსებული საპენსიო დავალიანებების ანაზღაურება დაუყოვნებლივ დავიწყოთ და ეს თანხა 2006-2009 წლის პერსპექტიულ ბიუჯეტში გაიწეროს;

მზადა ვართ, ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისთვის; მზადა ვართ ამავე თვეში 50 აბიტურიენტი ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე მივიღოთ, ასევე, წელსვე უზრუნველვყოთ 50 სტუდენტის სახელმწიფო ხარჯზე უფასო სწავლა საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში;

ასევე მზად ვართ რესტიტუციის შესახებ კანონი საბოლოოდ მივიღოთ და კომპენსაციის გაცემა დავიწყოთ;

ჩვენ გვსურს დაუყოვნებლივ აღვადგინოთ დიალოგი;

მზად ვართ, ვენეციის კომისიასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის საკითხები განვიხილოთ და მივიღოთ ვენეციის კომისიის დასკვნები, ისევე, როგორც ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და საერთაშორისო ფორმატში ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებზე ვიმუშაოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ იგივეა აფხაზეთთან მიმართებაში - ჩვენ ამ სიტუაციას ხელოვნურად ვერ შევინარჩუნებთ, რადგან არის კონტრაბანდა, დანაშაულებრივი ქმედებები.

რამდენიმე დღის წინათ დააკავეს გემი თურქული ეკიპაჟით, რომელსაც კონტრაბანდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდა.

გემი ჩამორთმეულია, ეკიპაჟი დაპატიმრებულია და ძალიან დიდი ჯარიმაა გამოწერილი.

ისინი ამ ჯარიმას გადაიხდიან, ან გემის კონფისკაციას მოვახდენთ.

ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჩვენი ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი პარტნიორი თურქეთში, რომელთანაც ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ურთიერთგაგება გვაქვს.

ამ გემზე სხვა ტვირთებთან ერთად, კვების პროდუქტები გადაჰქონდათ და მზადა ვართ კვების პროდუქტები ჩვენის მხრივ ჰუმანიტარული ჟესტის სახით აფხაზეთს გადავცეთ, რადგან ეს ხალხისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვესმის, რომ იქ სიღარიბესა და კვების პროდუქტებთან დაკავშირებით უდიდესი პრობლემებია აქვთ.

თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა მაქსიმალურად შორს წავიდეს რამდენიმე პოსტულატზე დაფუძნებით: ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს დაყოფას და ჩვენი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის მიერ დამოუკიდებლობის სტატუსის დაკანონებას.

სრული დამოუკიდებლობის მიღება მიუღებელია და ყველანაირად გავუწევთ მაქსიმალურ წინააღმდეგობას.

სანამ საქართველო არსებობს და სანამ მას ხელისუფლება ჰყავს, ეს არასოდეს მოხდება.

ამის თაობაზე ილუზია ნურავის ექნება.

ყოველგვარი დიალოგი, რომელიც ტერიტორიის რაღაც ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის მიღებას დაეფუძნება, აპრიორი არის გაუგებარი, მიუღებელი და ჩვენ ამაზე არც ვაპირებთ საუბარს.

ეს საკითხი არ არის ღია, ეს საკითხი დახურული და გადაწყვეტილია, ეს ერთი. ჩვენ არა მხოლოდ მაქსიმალური ავტონომიის მინიჭებისთვის ვართ მზად, არამედ ხელისუფლების მაქსიმალური გაყოფისთვისაც იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ავტონომიები, სრულფასოვნად მონაწილეობდეს ქვეყნის ცენტრალურ მმართველობაში და ჰქონდეს თანასწორი, ძალზე მნიშვნელოვანი უფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მმართველობის განხორციელებისთვის.

ეს მეორე ფუძემდებლური პრინციპია.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ავტონომიაზე, არამედ ცენტრალური მთავრობის დონეზე ხელისუფლების განაწილებაზეც.

ეს არის მეორე მნიშვნელოვანი პოსტულატი.

საქართველოში მაცხოვრებელი ამ კონკრეტული ჯგუფების იდენტურობის, თვითმყოფადობის, მათთვის შესაბამისი გარანტიების მისაცემად, ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი არსებული ლეგიტიმური საერთაშორისო გარანტია დავაკანონოთ და დავუშვათ.

თუმცა, რამდენადაც მომთმენი არ უნდა ვიყოთ, რამდენადაც არ უნდა გვესმოდეს, რომ ამას დრო სჭირდება, რამდენადაც გახსნილები არ უნდა ვიყოთ დიალოგისთვის (და ჩვენ ვართ დიალოგის მაქსიმალურად მომხრენი და გახსნილნი ამისათვის), ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხების გადასაწყვეტად და არაორდინალური გადაწყვეტილებების მისაღებად, საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მანდატი აქვს მინიჭებული, რაც იშვიათია რომელიმე სხვა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დემოკრატიის პირობებში.

საქართველოში კი, არის დემოკრატია.

მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციაში ჩვენს პარტნიორებს ეს კარგად ესმით და ისინი მზად არიან ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც შესაძლოა კონკრეტულ მომენტში, საზოგადოებრივი აზრის მხრივ, ყველას მოსაწონი ყოველთვის არ იყოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვესმის რა როლი აქვს რუსეთს და ჩვენთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთგაგებას მივაღწიოთ, როგორც ეს სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით მოხდა.

ჩვენ რუსეთთან ყველა სადავო საკითხის მოხსნის სრულიად გულწრფელი სურვილი გვაქვს.

სადავო საკითხი კი, მხოლოდ, ორი დარჩა - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გაყინვა, სტატუს-კვოს შენარჩუნება ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შეუძლებელია, გაყინული კონფლიქტები კი, როგორც ტერმინი - აბსურდი და სისულელე.

პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავაკეთეთ, განვაიარაღეთ ე.წ. პარტიზანები, რომლებიც სინამდვილეში კრიმინალურ ელემენტებს წარმოადგენდნენ და ხშირ შემთხვევაში სამეგრელოში და ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ.

ბევრმა მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ისინი ყველას ერთნაირად აწუხებდნენ, არღვევდნენ კანონს და ეს აღვკვეთეთ.

მაგრამ რა იყო ამაზე ჩვენი რუსი პარტნიორების და აფხაზი პარტნიორების პასუხი? - არაფერი.

ჩვენ ეს გავაკეთეთ და მათ ჩათვალეს, რომ ამაში განსაკუთებული არაფერი იყო.

სინამდვილეში ეს ძალზე რთული ღონისძიება იყო.

ჩვენ ყოველგვარი კრიმინალური ბანდების თარეში აღვკვეთეთ იქ, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა, მაგალითად, ცხინვალის გარშემო.

ასევე ბევრგან დავამყარეთ კანონიერების რეჟიმი, ვიმეორებ, იქ, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა.

ეს რთულად გადასაწყვეტი საკითხია.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვართ ასეთი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამ საკითხების იგნორირება, უბრალოდ აღარ გამოვა.

მე არ მსურს, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ თვალი დახუჭოს იმაზე, რაც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

ეს, მთლიანობაში, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს, დემოკრატიის და უსაფრთხოების პრობლემაა.

ეს ასევე რუსეთის დემოკრატიისა და მისი მომავლის პრობლემაცაა.

უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ იმითაც არის განპირობებული, თუ როგორ გადაწყდება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რუსეთის შემდგომი განვითარებისა და მსოფლიო თანამეგობრობაში მისი ადგილის დამკვიდრებისაც.

ამიტომ ჩვენ ვართ გახსნილები.

ჩემი კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ეროვნულ უმცირესობათა უფლებების სპეციალისტმა დავიწყე.

ჯერ კიდევ კიევის უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემი სადიპლომი ნამუშევარი ეთნიკური უმცირესობების უფლებებს მივუძღვენი.

ჩემი სადიპლომო ნაშრომი მაშინდელი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემას ეხებოდა.

ამას ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში ვწერდი და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი გაეროს უმცირესობათა ქვეკომისიის თავმჯდომარე იყო, რომელიც ახლა ევროპის საბჭოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეა.

ადამიანის უფლებები, ჩემთვის ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები მრწამსის და პრინციპის საკითხია.

ეს არის ის, რითაც ჩემი საქმიანობა დავიწყე და რაც მინდა ჩემს საქმიანობის მთავარი მიღწევა იყოს.

ამავე დროს, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ჩემი ამომრჩევლების წინაშე კონსტიტუციური მოვალეობა მაქვს - ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა და მისი განვითარება უზრუნველვყო.

ამგვარად, ჩვენ არ გავჩერდებით.

ჩვენ თქვენი დახმარება იმისათვის გვჭირდება, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის პროცესი დაიძრას და ფორსირება მოხდეს.

ჯერჯერობით, ჩვენ ვართ სრული გაყინვის მდგომარეობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დეფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს, ამ ზონაში ეუთოს მოქმედების ინტენსიფიკაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ.

გამოსავალი არსებობს და ის რეალურად მიღწევადია.

ჩვენ აჭარაში, ბათუმში ვიმყოფებით.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ აჭარის ასეთი სწრაფი რეინტეგრაცია სრულიად შეუძლებლად ითვლებოდა.

საქართველოს რევოლუცია, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, აჭარაში განხორციელებული ღონისძიებები შეუძლებლის ხელოვნების დემონსტრაცია იყო.

პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და ეს კი, შეუძლებლის ხელოვნების დემონსტრაცია იყო.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მოქმედება არა ტანკებით, არა რაკეტებით, არა ვერტმფრენებით, არამედ ვარდებით და დროშებით უყვარს.

ჩემი არჩევნების წინა დღეს ცხინვალში ყოველგვარი დაცვის გარეშე ვიყავი.

ქალაქის ცენტრში მანქანიდან გადმოვედი და ხალხი ზუსტად ისე მხვდებოდა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში შემხვდებოდა - მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, ხელს მართმევდნენ.

10 წუთის შემდეგ გარშემო ბევრი პოლიციელი გამოჩნდა და მეგონა (მაშინ ქართულ პოლიციას ზუსტად ისეთი ფორმა ეცვა, როგორც საბჭოთა პოლიციას), რომ ისინი ჩემი დაცვის წევრები იყვნენ, რომლებიც ყველგან დამყვებოდნენ, ვიფიქრე, რომ დაცვა დამეწია (როგორც ხდება-ხოლმე, გავექცევი, დამეწევიან), და აღმოჩნდა, რომ ესენი ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

მოვიდა ჩემთან ერთი კაცი და რუსულად მითხრა (თავდაპირველად ლაპარაკი რუსულად დავიწყე, ისინი კი ქართულად მესაუბრებოდნენ. თუმცა, რამდენჯერმე ოსურად გამოსვლა ვცადე და ისევე, როგორც აფხაზურად. მე შევცდები, რომ ეს ენები მაქსიმალურად ავითვისო): « , ».

მე ვკითხე, შენ ვინღა ჯანდაბა ხარ-მეთქი?

მან მიპასუხა: " ».

პასუხად ვუთხარი, ახლა ამ ხალხს ვესაუბრები და მერე, როცა საჭირო იქნება, წავალ-თქო.

ძალიან ვნერვიულობდით, გარშემო სპეცდანიშნულების რაზმი იყო.

იქედან სოფელ თამარაშენის სკოლაში შეხვედრაზე მივდიოდი...

შემდეგ ჯერზე, როდესაც ცხინვალში ჩავალ, მინდა, რომ ხალხი ზუსტად ასევე დამხვდეს.

ბევრს ოსს ვიცნობ, რომელსაც სახლში ოსურთან ერთად ქართული დროშა აქვს შენახული.

ისევე როგორც სხვა ყვავილები, ცხინვალში ძალიან ლამაზი ვარდები იზრდება და ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი ლამაზად, ვარდივით გაკეთდეს.

ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ვიჯდეთ და ველოდოთ, რომ რაიმე თავისით გადაწყდება.

თავისით არაფერი წყდება და არაფერი ხდება.

ამ საკითხების გადაწყვეტაში ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება.

თქვენ ჩვენი პარტნიორები ხართ, რომლებსაც ცივილიზებული, საღი, აწონილ-დაწონილი და მოთმინებით მოქმედება შეუძლიათ.

თქვენ ხართ პარტნიორები, რომლებმაც იციან დემოკრატიული მოქმედების სტანდარტები.

თქვენ ხართ პარტნიორები, რომლებსაც სამშობლო და ეთნიკური წარმომავლობის, წარსულისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მისი ყველა მოქალაქე უყვარს.

ამგვარად ჩვენ ისეთს ვერაფერს გავაკეთებთ, რაც თუნდაც ყველაზე მაღალი იდეალების სასარგებლოდ რომელიმე მოქალაქეს დაჩაგრავს.

სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ძალა.

ჩვენ მზად ვართ ამ ქმედებისთვის და მოწოდებული, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

მსურს დიდი მადლობა გითხრათ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ვიცი, რომ არსებობს ტურისტულად უფრო ცნობილი ადგილებიც, იმისათვის, რომ ადამიანმა ივლისის თვე გაატაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც აჭარაში ჩამოვიდა, ნამდვილად არ ინანა.

ვფიქრობ, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო იმ ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრებაში პირველადაა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)