Google+

სიახლეები

15.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

მოგესალმებით!

მიხარია იმ ხალხთან შეხვედრა, რომლებიც ახალი საქართველოსათვის კარგი პარტნიორები არიან.

მინდა გითხრათ, რომ დღეს სამუშაო დღე 87-ე საშუალო სკოლაში მისვლით დავიწყე. ორი წლის წინათ ეს სკოლა განადგურებული და დანგრეული იყო.

მე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, როდესაც ამ სკოლას პირველად ვესტუმრე და მაშინ უიმდობისა და უპერსპექტივობის განცდა დამეუფლა.

დღეს ამ სკოლაში 18 ახალი კომპიუტერი დგას და კომპიუტერული დარბაზებიც მოვინახულე.

ამ სკოლის დირექტორს ხელფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე გაეზარდა, ასევე ყველა პედაგოგს.

ვნახე არა შემცირებული, არამედ გაზრდილი კოლექტივი, ვნახე დაწყებული სარემონტო სამუშაოები, რომელიც მალე დასრულდება და, ერთი სიტყვით, ვნახე გაუმჯობესებული ვითარება და პერსპექტივა.

რამდენიმე დღის წინათ, ქუთაისში ვიყავი, რომელიც იცით, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ, დეპრესირებული ქართული ქალაქია.

იქაური მოსახლეობა, ძალზე დაუმსახურებლად, გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ვნახე ახალი საავადმყოფო, რომლის მსგავსი მხოლოდ უმაღლეს განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ჰოლანდიაში თუ მინახავს - ისეთივე აპარატურით, მედპერსონალით, ფასადითა, თუ პალატებით.

ვნახე ახლადაშენებული ციხე, რომლის მსგავსი მხოლოდ სკანდინავიაში თუ არის.

ვნახე კინოთეატრი, რომელსაც რომანტიულად "სულიკო" უწოდეს, და მსგავსი კინოთეატრები ნიუ-იორკსა და პარიზში მინახავს.

სხვათა შორის, იმ კინოში ჩემთან ერთად ბევრი ქუთაისელი ბავშვი შემოვიდა.

ეს კინოთეატრი პირველია, რომელიც ქუთაისში ბოლო 15 წლის განმავლობაში გაიხსნა, თანაც ახალი ტექნოლოგიით.

მომსახურე პერსონალს სიახლის, თუ გამოუცდელობის გამო ფილმის გაშვება ცოტა ხნით შეაგვიანდა.

მახსოვს მსგავს შემთხვევაში ჩემს ბავშვობაში რა ამბავი ატყდებოდა, მაგრამ ჩემს გარშემო მყოფი ბავშვები დაბნეულები ისხდნენ და მაშინ მივხვდი, რომ მათი უმრავლესობა კინოში პირველად იყო.

ეს კინოთეატრი ჩემთვის ნორმალიზაციის სიმბოლოა - ჩვენ ვხდებით ნორმალური ქვეყანა, სადაც კინოც საავადმყოფოც გზაც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უკიდურესი სიღარიბეა, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ, ქართველებს შეგვძლებია იმ სტანდარტების შექმნა, როგორიც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს, რომ ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყანა, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით, შესაძლოა, მსოფლიოს მესამე ქვეყნების დონესაც შევესაბამებოდეთ.

ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ დღეს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გასამმაგებული და გაოთხმაგებული ხელფასები თქვენი დამსახურებაა.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, თანაც ამ ხელისუფლებას მემკვიდრეობით უზარმაზარი ვალები და განადგურებული ქვეყანა ერგო.

ბევრს არ ეგონა, რომ ამ ვალებს ოდესმე გავისტუმრებდით, თუმცა დავალიანებების (საპენსიო, სახელფასო, სამეცნიერო გრანტები და სხვა) უმეტესობა დავფარეთ.

ეხლახან გაირკვა, რომ ჰოლანდიაში საქაერონავიგაციის ანგარიში დააყადაღეს, რადგან წინა მთავრობას 20-30 მილიონიანი ვალი ჰქონია.

ჩვენ დაგვხვდა ქვეყანა, სადაც არა თუ კინოთეატრები, არამედ 15 წლის განმავლობაში გზები არ შეკეთებულა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, აქედან გამომდინარე კი, არავითარ ეკონომიკაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჩვენ თქვენთან ერთად დავიწყეთ ყველაფრის შექმნა.

როდესაც ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ ბიუჯეტი 4-5 ჯერ გავზარდეთ, ზოგ სექტორში ეს მაჩვენებელი 6-7-ჯერ გაიზარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ეს ფული თქვენი ჯიბიდან შემოვიდა.

ამისათვის ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ.

სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევდით.

ახლოვდება რევოლუციის წლისთავი და ჩემი სიამაყის მეორე საგანი არის ის, რომ საქართველოს ხალხს პატიოსანი და არაკორუმპირებული ხელისუფლება ჰყავს.

ეს თქვენზე უკეთ არავინ იცის.

მსურს ოფიციალურად განვაცხადო ის, რაც თქვენ ისედაც კარგად იცით: საქართველოში "წილში ჩაჯდომის" ინსტიტუტი აღარ არსებობს.

თუკი ვინმე ამ საკითხში ეჭვს შეიტანს, ის ქართული სახელმწიფოს, ჩვენი მომავლისა და პირადად ჩემი მტერია.

ჩემი, ნოღაიდელისა და ამ მინისტრების ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს შვილიშვილებს დავუტოვოთ ახალი სახელმწიფო, ახალი ქვეყანა.

გარწმუნებთ, ეს ინტერესი არავითარ ფულზე არ იყიდება, არავითარ კეთილდღეობაზე არ გაიცვლება.

უფრო მეტიც, ის, ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ზოგი რუსეთშია დამალული, ზოგიც - ციხეში და არავის არაფერი შერჩა.

ეს ნათელი გაკვეთილი ყველა იმ ჩინოვნიკისთვის, რომელიც მომავალში მგავსი რამის გამეორებას შეეცდება.

ჩვენ ასევე ვისწავლეთ ინტერაქცია იმისა, თუ სად იწყება და მთავრდება სახელმწიფო, სად იწყება თქვენი ინიციატივა და როდის უნდა ჩავერიოთ ჩვენ.

იმ პირობებში, როდესაც აქტიური მთავრომა და სახელმწიფო გვაქვს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიცოდეთ საზღვრები, რომლის იქით, მთავრობა არ უნდა გადავიდეს.

ჩვენ ვიცი, თუ როგორ უნდა შეგიწყოთ ხელი: მაგალითად, შავი ზღვის კურორტებზე ტურისტთა რაოდენობა წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა - რამდენიმე ასეული სომეხი დამსვენებლიც ჩამოვიდა.

ეს იმიტომ, რომ გზებზე აღარ დგას ინსპექცია, რომლებიც სომხებს აჩერებდა და ფულს სძალავდა.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ბევრად მეტი დამსვენებელი იქნება და საამისოდ ნიადაგსაც ვამზადებთ - ყაზახ ინვესტორებთან და ბევრ თქვენგანთან ერთად ახალ სასტუმროებს ვაშენებთ...

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს.

წინა წლებში სახელმწიფო გამოყოფდა კრედიტს, რომელიც ან შეხვდებოდა ვინმეს, ან არა, ამიტომაც ეს სექტორი სწრაფად ვერ ვითარდებოდა.

წელს ჩვენ კრედიტი არავისთვის მიგვიცია, თანაც წელს ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან და ყველას ეშინოდა, რომ ამ მოსავალს ვერ გავყიდდით.

თუმცა ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ქართულ ღვინოს აღარავის გავაყალბებინებდით.

უკრაინაში ვიზიტისას, პრეზიდენტმა იუშჩენკომ სოფელ-სოფელ მატარა და ყველა სოფელში ქართული ღვინო იყო, რომელსაც ქართული მისამართები და წარმოშობის ადგილი ეწერა.

ნებისმიერი უკრაინული რესტორნის მფლობელმა უკვე იცის, რომ ქართული ღვინო საქართველოდან უნდა შეიტანოს - მან უკვე ისწავლა, რომ მოლდოვაში და ბულგარეთში "ხვანჭკარას" არ ასხამენ.

თუმცა ხშირ შემთხვევაში ფირმები, რომლებიც ამ ღვინის ჩამოსხმას უზრუნველყოფს, არც თქვენ გაგიგიათ და არც მე.

წელს, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, ღვინის ფალსიფიკაციისთვის რამდენიმე ტექნოლოგი დავაპატიმრეთ.

ასევე, დავაკავეთ სოფელ ქინძმარაულის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც არაადგილობრივ ყურძენზე წარმოშობის ყალბი სერთიფიკატი გასცა.

ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე გავედით - ყაზახეთს, უკრაინას ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოვახსნევინეთ, ეხლა ამ მიმართულებით თურქეთთან ვმუშაობთ.

ერთი სიტყვით, დამაბრკოლებელი გარეშე ფაქტორების მოხსნით, რეკლამებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტ ღვინოს გავყიდით.

ეს სახელმწიფოს ჩარევის კლასიკური ნიმუშია.

ცოტა ხნის წინათ, რაჭაში ვიმყოფებოდი (ბატონი ნიკო ლეკიშვილი - ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი საპატიო მიზეზის გამო თან არ გვახლდა) და ვნახე, რომ ამბროლაურში ამ წლების განმავლობაში ხალხს პირველად ჰქონდა თვალები გაბრწყინებული.

კარგად მახსოვს, რა უბედურება იყო იქ შარშან და შარშანწინ.

ხალხმა მოწეული მოსავალი მთლიანად პირველად ჩააბარა და ბევრად უფრო მეტი მოსავლის აღების ინტერესი გაუჩნდა.

ეს იმიტომ ხდება, რომ საწარმოები ადგილზე იხსნება და სენაკშიც კი, აღარ ვლაპარაკობ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "ხვანჭკარას" ვაღარავინ აწარმოებს.

ეს ჩვენი თქვენთან ურთიერთთანამშრომლობის უმნიშვნელობანესი მომენტია.

ჩვენ უნიკალური ქვეყანა ვართ.

თქვენ იცით, რომ ნებართვებისა და ლიცენზიების უდიდესი ნაწილი გავაუქმეთ.

ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც სანიტარული ინსპექცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

ეს ნორმალური არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე წავედით, რადგან ამ სტრუქტურაში ვითარების შეცვლის მცდელობა, "მგლის თავზე სახარების კითხვას" ჰგავდა.

მივხვდით, რომ ჯობს, მომხმარებელი მეორედ აღარ შევიდეს საჭმელად რომელიმე კაფესა თუ რესტორანში, ვიდრე, თუნდაც თვეში ერთხელ, იქ სანიტარული ინსპექტორი შევიდეს და ობიექტს შემოსავლის ნაწილი წაართვას.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს მანქანის ტექნიკური დათვალიერების ინსტიტუტი, არც ეს არის ნორმალური, მაგრამ სანამ ამ სფეროში კორუფციის, თუნდაც ერთი პროცენტი, რისკი არსებობს, ტექნიკურ დათვალიერებას ვერ ვაწარმოებთ.

ასევე ბევრი საექსპორტო და საიმპორტო ლიცენზიები და ნებართვები გავაუქმეთ.

ეს ნაბიჯიც სრულიად შეგნებულად გადავდგით.

არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტის დროსაც ჩავერევით, მაგრამ უმეტეს საკითხებში თქვენთვის უმთავრესი რეცეპტი მაქსიმალური თავისუფლება და ელემენტარული განვითარებაა.

ამავე დროს, იცით, რომ ვარდების რევოლუციამდე ჩვენი შემოსავლები ("ჩათვლებითა და პრაკრუტკებით" ე.ი. ფულის ბრუნვით და ქაღალდიდან ქაღალდზე გადანაცვლებით) მაქსიმუმ 800 მილიონ ლარს შეადგენდა.

სინამდვილეში კი, მაქსიმუმ 550 მილიონი იყო დანარჩენი სხვადასხვა მაქინაციების წყალობით ჩანდა, რაც ყველამ კარგად ვიცით როგორც კეთდებოდა.

ამჟამად სუფთა შემოსავალი, დაახლოებით, 2 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს - ესეც თქვენი შემოტანილი შემოსავალია.

ყოველივე ეს, იმ პირობებში გახდა შესაძლებელი, როდესაც გადასახადების რაოდენობა 22-დან 7-მდე, სოციალური გადასახადი 33 პროცენტიდან 20 პროცენტამდე, პროგრესული საშემოსავლო გადასახადი 20-დან 12 პროცენტამდე და დამატებითი ღირებულების გადასახადი კი, 20-დან 18 პროცენტამდე შემცირდა.

აქედან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ გადასახადების შემცირებით შემოსავალი გაიზარდა.

ამით სტიმული მოგვეცა, რომ მომავალში გადასახადები კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რადგან დავინახეთ, რომ, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია შემოსავლის გაზრდა.

მაგრამ ეს ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის თემაა.

მეორე საკითხია ის, თუ სად ჩაიდება თქვენგან შემოსული თანხები.

არ შეიძლება, რომ ჩვენ ამდენად ღარიბები ვიყოთ - ჩემი სურვილია, რომ 1 მარტიდან პენსია 5 ლარით გავზარდოთ, ხოლო სექტემბრიდან კიდევ 5 ლარი დავამატოთ, რადგან პენსიონრები ყველაზე დაჩარგრულ ფენას წარმოადგენენ.

მათთვის, ვინც დღეს შიმშილის ზღვარზეა, სიღარიბის დაძლევის პროგრამა უნდა ავამოქმედოთ, რომელიც ამჟამად შემუშავების სტადიაშია და ყველას, ვისაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვს,ზემოაღნიშნული 38 ლარი საარსებო მინიმუმამდე უნდა შევუვსოთ.

მაგრამ თუ თქვენს შემოტანილ ფულს ჩვენ მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე დავხარჯავთ, რაც უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკა ვერ განვითარდება.

თუ თქვენ არ გექნებათ გზები, რომელიც ეკონომიკის მთავარ არტერიას წარმოადგენს, არაფერი გამოვა.

გზებთან დაკავშირებით შემიძლია მონაცემებიც მოვიყვანო: საქართველოში ქართული პოლიციის მიერ, ყოველდღიურად, 150 მანქანა რეგისტრირდება, 2003 წელს კი, დღეში მხოლოდ 25 რეგისტრირდებოდა.

პასპორტები 2,5-ჯერ მეტმა ადამიანმა აიღო ვიდრე 2003 წელს, პირადობის მოწმობების გაცემა 6,5-ჯერ გაიზარდა.

ხვალ მეტროში ახალი მატარებლის პრეზენტაცია გაიმართება (მთელი შემადგენლობის გამოცვლას 1 წელიწადი დასჭირდება) და აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მეტროთი წელს 2-ჯერ მეტი ადამიანი სარგებლობს, ვიდრე ერთი წლის წინათ.

თავდაპირველად, ახალი ავტობუსები თითქმის ცარიელი დადიოდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეხლა ყველა სავსე დადის.

საზოგადოება, ხალხი უფრო მობილური გახდა, მაგრამ ამისათვის ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო.

ასევე, გზებთან ერთად, უმთავრესია ენერგეტიკის საკითხი.

წელს გზების მშენებლობაზე ძალიან ბევრი ფული ჩაიდო და ასევე დიდი თანხა ენერგეტიკის განვითარებას მოვახმარეთ.

მომავალ წელს, ამ საქმისთვის უფრო მეტის დახარჯვას ვაპირებთ.

რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც საქართველოს რეგიონების აფსოლუტურ უმრავლესობას ამ წლამდე დენი საერთოდ არ ჰქონდა.

ჩვენ უფასო ელექტროენერგია არ გვაქვს, მისთვის ხალხმა ფული უნდა გადაიხადოს.

იცით, რომ პოპულისტებსაც გვიწოდებდნენ, მაგრამ გადახდის გარეშე დენს არავის ვაძლევდით.

თუმცა, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ წელს იყოს პირველი ზამთარი, როდესაც ავარიების (რის ალბათობასაც მოუწესრიგებელი ქსელების გამო არ გამოვრიცხავ) მიუხედავად, საქართველოს, თეორიულად, მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია ექნება.

ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი განვითარებაა.

მომავალი წლიდან საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში ახალი გზით ჩავალთ, ეს ერთი.

რევოლუციის წლისთავისთვის სამეგრელოში ავტორალის მოწყობასაც ვაპირებთ და ეს პირობა გზის მშენებლობის დაწყებისას დაიდო.

ეს ხუმრობა არ გეგონოთ და, თუ რომელიმე თქვენგანს სურვილი ექნება ავტორალის მონაწილე გახდეს, 16 ნოემბერს სამეგრელოს ახალ გზაზე თქვენც გიწვევთ.

მეორე, მომავალ წელს თბილისი-გორის ავტოსტრადის მშენებლობას ვიწყებთ.

თბილისი-კასპის მონაკვეთი მომავალ წელსვე დასრულდება, ეს ყველაზე საშიში ადგილია, რადგან ავარიების უმეტესობა სწორედ ამ მონაკვეთში ხდება.

2007 წლისთვის თბილისი-გორის მონაკვეთი დასრულდება, რასაც თბილისი-ბათუმის მონაკვეთი მოყვება, ხოლო ამის შემდეგ თბილისი-სოხუმის მონაკვეთის მშებებლობას შევუდგებით.

ამ შემთხვევაშიც ჩვენს პარტნიორობაზეა ლაპარაკი.

მაგალითად, გუშინ პრემიერ-მინისტრმა კასპირ რაიონში ასფალტის წარმოების ქარხანა დაათვალიერა.

ამ ქარხანას თვეში მაქსიმუმ 10 კილომეტრის გზის დაგება შეუძლია, რაც, პრაქტიკულად არაფერი არ არის.

ჩვენ იმაზეც ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს ფული და მომავალ წელს 300-400 სკოლის აშენებას ვგეგმავთ.

ამ დარბაზში სამშენებლო ფირმების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც მინდა ვკითხო: მზად ხართ ამ რაოდენობის სკოლები ააშენოთ? - თუ მზად ხართ 500 სკოლასაც ავაშენებთ.

სკოლების მშენებლობა აუცილებელია, რადგან ეს მომავლისთვის ჩადებული ფულია.

ამას წინათ შატილში ვიყავი, სადაც ახალი სკოლა გავხსენით.

მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერით აღჭურვილი ბავშვი შატილში, სინგაპურში, ლონდონსა, თუ სან-ფრანცისკოში კომპიუტერით აღჭურვილი ბავშვის თანასწორია.

ჩვენთვის ეს წაუგებელი ინვესტიციაა.

ბავშვები, რომლებიც ეხლა იზრდებიან, სხვა თაობაა და მათ სულ სხვა განწყობა აქვთ.

ჩვენ სწრაფად გვსურს წინსვლა და ფული უპირველესად განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ჩვენს მომავალ თაობაში უნდა ჩავდოთ.

აქაც თქვენი დახმარება გვჭირდება.

მაგალითად, აჭარაში ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია მოვახერხეთ, მაგრამ უმეტეს ფირმებს, რომლებიც ბათუმის სკოლების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, პრობლემები შეექმნათ და მომავალ წელს ამ სამუშაოებს თურქული კომპანიების დახმარებით გავაგრძელებთ.

თბილისში გზების სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე უცხოური ფირმა ასრულებს, რადგან ჩვენი ფირმები, რომლებმაც უნდა ითქვას, რომ კონკურენციის პირობებში კარგად მუშაობა ისწავლეს, მაინც ვერ აღმოჩნდნენ მზად იმ სიმძლავრეების დასაძლევად, რომელიც დედაქალაქში რეალურად იყო.

არადა, ჩვენ დრო არც ისე ბევრი გვაქვს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასწაულმომქმედი არავინ არის - საქართველო 12 წლის განმავლობაში ინგრეოდა.

1991 წელს ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც მაშინ - ლიტვასა და ესტონეთში.

ეხლა, ევროპული მაჩვენებლების მიხედვით, მათ 3-4-ჯერ ჩამოუვარდებით.

ნავთობის არ ქონის პირობებში ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელი შეიძლება 10-დან 13 პროცენტამდე იყოს.

წელს მოველოდებოდით, რომ ეს მაჩვენებელი 6-7 პროცენტს შეადგენდა, ამასთან ნავთობის ფასის ზრდამ ჩვენ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ნავთობის მქონე ქვეყანაში, რუსეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო, უკრაინაში, სადაც მართალია ნავთობი არ არის, მაგრამ მეტალურგიის წარმოებაა განვითარებული, აგვისტოში მინუს ორი პროცენტი იყო, რაც ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოსთვის ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ჩვენს ქვეყანაში კი, თუ ყველაფერი კარგად წავა, ეკონომიკური ზრდა 8,5-9 პროცენტს შეადგენს.

იმისათვის, რომ თუნდაც ყველაზე დაბალ დონეზე მყოფ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს დავეწიოთ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ციფრიანი ყოველწლიური ზრდა გვჭირდება, ანუ იმისათვის, რომ საქართველო რუმინეთის, ან ბულგარეთის დონეს მაღწიოს, ჩვენთვის მინიმუმ 10 პროცენტიანი ზრდაა აუცილებელი.

ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენ ბევრი გეოპოლიტიკური რისკის წინაშე ვდგავართ და თუ ვერ გავმდიდრდით, თუ თქვენ ვერ გამდიდრდით (თქვენ ამდიდრებთ ეკონომიკას), მაშინ ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიქნებით, რომელიც არა უბრალოდ გეოპოლიტიკურ რისკს შეიცავს, არამედ რისკს სეპარატიზმის გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, თავდაცვიუნარიანობის მხრივ, აღარ ვლაპარაკობ კონკურენტუნარიანობაზე და კიდევ სხვა მრავალ რისკს.

აქედან გამომდინარე, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამიტომ ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ.

მთავარს უკვე მივაღწიეთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მინისტრი, პარლამენტარი, ბიზნესმენი, თუ სხვა.

თუ გვსურს, რომ ეს პრინციპი სამუდამოდ დამკვიდრდეს, კანონის ყოველგვარი დარღვევა უნდა აღმოვფხვრათ.

ჯერჯერობით კიდევ არსებობს სოციალური გადასახადის დამალვის ფაქტები და ყალბი ჩათვლების ინსტიტუტი, რასაც ბოლო უნდა მოვუღოთ.

საბიუჯეტო სექტორიდან სოციალური გადასახადის სახით დღეს უფრო მეტი თანხა შემოდის, ვიდრე მთლი კერძო სექტორიდან ერთად აღებული.

ეს ნიშნავს, რომ ამ გადასახადს მალავენ, რადგან შეუძლებელია საბიუჯეტო სექტორიდან მიღებული თანხა (რომელიც ისევ თქვენგან შემოდის) ორჯერ მეტი იყოს, ვიდრე თქვენი გადახდილი ხელფასებიდან.

ეს უნდა გამოვასწოროთ.

ფალსიფიკაციის საკითხიც უნდა ამოვწუროთ და ამასაც ბოლომდე უნდა მივყვეთ, რადგან აქ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

აქ იმყოფება "ბორჯომის" წარმომადგენელი, რომლისთვისაც ამ მინერალური წყლის ფალსიფიკაცია კატასტროფაა.

ამ კომპანიამ ყველაზე რთულ წლებში დაიწყო ამ პრობლემასთან ბრძოლა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარებოდა.

აქ იმყოფებიან "თელიანი ველისა" და რამდენიმე სხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც რუსეთის, ყაზახეთის ბაზრებზე უკვე გავიდნენ და მომავალ წელს ანტალიის ბაზარზეც გავალთ, მაგრამ ფალსიფიკაციის აღმოფხვრის გარეშე თქვენი შესაძლებლობები შეზღუდული იქნება.

რაც შეეხება კონტრაბანდასა და აღურიცხავ საქონელს.

საბაჟოზე წესრიგი დავამყარეთ, მაგრამ ჩვენ თქვენთან პარტნიორობა გვსურს, რადგან სხვაგვარად ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდება.

საქართველოში მეფრინველეობა, დიდი სირთულეებით, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება.

ეს არ არის პროტექციონიზმი, ეს იმ ზომების დაცვაა, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის მისაღებია.

ამიტომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალზე სერიოზული კოორდინაცია და ურთიერთმოქმედებაა აუცილებელი.

ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა სოციალური პრობლემების მოგვარება, სიღარიბესთან ბრძოლა, სტანდარტების მოწესრიგება, თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნაა.

ჩვენ განათლების რეფორმა განვახორციელეთ და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალზე პრინციპულად ვიმოქმედეთ.

ერთი წლის წინათ კახა ლომაიას ყველა ლანძღავდა - ბევრი პედაგოგი მიმდინარე მოვლენებს სკეპტიკურად უყურებდა, აღარაფერს ვამბობ პარლამენტარებზე, ქუჩაშიც კი, გამვლელები მის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილი.

თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ლომაიას ხედვა სწორი იყო და ეს, პრინციპში ჩვენი საერთო ხედვა იყო.

ეს კლასიკური ნიმუშია იმისა, რომ მთავრობა იმაზე კი არ რეაგირებს, თუ რა განწყობაა დღეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, არამედ იქიდან გამოვდივართ თუ რა არის ჩვენი სამომავლო ხედვა და საბოლოოდ სად უნდა მივიდეთ.

როდესაც ლომაიამ და ჩვენ, ყველამ ერთად, მისაღები გამოცდები ჩავატარეთ, მთავარი რაც შეიცვალა იყო ის, რომ მათაც კი, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი, დაიჯერეს, რომ თურმე არ ვხუმრობთ.

რას ნიშნავდა ეს მისაღები გამოცდები? - ეს ნიშნავს, რომ ისეთი სისტემა შევქმენით, როდესაც სოციალური სამართლიანობა დაცულია, ანუ მიუხედავად იმისა ვისი შვილი აბარებს, რა კავშირები აქვს, რამდენი ფული აქვს, თუ კიდევ სხვა რამ, ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს.

უმაღლეს სასწავლებლებში წელს, პროცენტულად, ყველაზე მეტმა ადამიანმა ონიდან ჩააბარა.

ონი რაჭის ქალაქია, სადაც, პრაქტიკულად არ არსებობს რეპეტიტორის ცნება, ხალხს იმის ფული არა აქვს, რომ თბილისში ჩამოვიდეს და აქ მოემზადოს, მრავალი წლის განმავლობაში იქ საერთოდ არ იყო დენი და ბავშვებს სწავლა სანთლის შუქზე უწევდათ.

ამის მიუხედავად, ონელები დასხდნენ, გამოცდებისთვის დინჯად მოემზადნენ და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შედეგიც აჩვენეს.

ეს ძალიზნ დიდი სენსაცია იყო, რამაც საკუთარ ძალებსა და ჩვენი ერის შინაგან შესაძლებლობებში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

ეს უკვე სხვა ბავშვები და სხვა სტუდენტები არიან - მათ უკვე აღარაფრის შეეშინდებათ.

მათ იციან, რომ თუ მაგრები იქნებიან, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს და ყველაფერს მიაღწევენ.

თუმცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლებს მიღმა დარჩა.

ამავე დროს საზოგადოების მთავარი თემა სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

მომავალ წელს სამშენებლო სექტორში ასობით ათასი ადამიანი დაგვჭირდება - მარტო თბილისში ხუთი ცათამბჯენი, შავი ზღვისპირეთში რამდენიმე ათეული სასტუმრო აშენდება.

წელს სახელმწიფო დაკვეთით სკოლები, სამხედრო და სხვა ობიექტები შენდებოდა.

თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში სხვადასხვა სფეროების ელემენტარული პროფესიების წარმომადგენლების ნაკლებობაა, ჩვენ არ გვყავს შემდუღებლები, ზეინკლები, ხარატები, გზებისა და გვირაბების სპეციალისტები და სხვა.

ეს პროფესიები საქართველოში უკვე აღარ არსებობს.

ამიტომ მომავალი წლისთვის ჩვენი დავალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით და იქ, სადაც უმუშევრების რაოდენობა ყველაზე დიდია (გლდანში, ვარკეთილში, ლილოში, ქუთაისში, ტყიბულში და სხვა რაიონებში), გადამზადების ცენტრები შეიქმნება.

ამ ცენტრებში უპირველეს ყოვლისა მოვამზადებთ ოსტატებს, რადგან საქართველოში ოსტატების ნაკლებობაცაა და შემდეგ ისინი მოამზადებენ ხალხს, რომელსაც სწავლისთვის სტიპენდიასაც დავუნიშნავთ.

ჩვენ გვირაბების საუკეთესო სპეციალისტები გვყავდა, მაგრამ ისინი რუსეთში წავიდნენ.

მთელი ტექნიკა ვლადიკავკაზსა და სოჭშია გაყვანილი.

ეს ხალხი ისევ გვჭირდება.

ჩვენ ჩავდებთ ფულს იმისათვის, რომ ეს სპეციალისტები მოვამზადოთ და აქ მარტო ახალგაზრდობაზე არ არის ლაპარაკი.

უნდა მოვამზადოთ კომპიუტერისა და სერვისის სპეციალისტები, ხალხს სამშენებლო პროფესიები უნდა ვასწავლოთ.

საქართველოში უამრავი ტურისტული ობიექტი იხსნება.

წლის დამლევისათვის, შარშანდელთან შედარებით, 60-70 პროცენტით მეტი მგზავრი და ტურისტი იქნება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი, დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება.

გარწმუნებთ, დღეს საქართველო არ არის მზად იმისათვის, რომ სერვისის ხალხი მოამზადოს.

ჩვენ, როგორც სახელმწიფო მზად ვართ იმისათვის, რომ თქვენთან ერთად ჩავდოთ ფული და ტურიზმის, რესტორნის ბიზნესისა, თუ სხვა სახის მომსახურებისთვის ცალკე სკოლები გავხსნათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი გრძელვადიანი ინტერესია, რომ თქვენი ბიზნესის გაფართოებისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და დასაქმების პრობლემის გადაჭრის გზაა.

დღესდღეობით მოსახლეობის უმეტესობა რაღაც შემოსავლით ცხოვრობს, მაგრამ ეს დროებითი და შემთხვევითი შემოსავალია.

აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც თვეში 50-60 ლარს შოულობს, სრულად დასაქმებულად ვერ ჩაითვლება.

ასევე, ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულად, რომელსაც უბრალოდ აქვს მიწა და არა აქვს კარგი ტექნოლოგია, რადგან თუ ერთი და იგივე სოფელში ერთ ჰექტარზე 15 ტონა ყურძენი მოდის, ხოლო მეორე ჰექტარზე მხოლოდ ტონა ნახევარი, ეს მხოლოდ კლიმატის, სტიქიის, ან მორწყვის პრობლემა კი არა, ტექნოლოგიის პრობლემაა.

ამიტომ, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ.

მზად ვართ შემოვიყვანოთ ტრაქტორები და სპეციალური ბიზნეს-გეგმებიც შევიმუშაოთ, რომელთა საშუალებითაც ტექნიკას გლეხებს სარგებლობაში გრძელვადიანად გადავცემთ.

ამისათვის ჩვენ სერიოზული სისტემური მიდგომა გვჭირდება და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია.

მაგრამ თქვენი ბიზნესის უკეთესობისკენ შეცვლა მაინც თქვენს უნარზეა დამოკიდებული.

ჩვენ მზად ვართ, რომ უახლოეს ერთ თვეში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტში ახალი კანონპროექტების პაკეტი შევიტანოთ.

პირველი საგადასახადო კოდექსის შემდგომი გამარტივების საკითხია, მაგალითად საჭიროა ჟურნალის გაუქმება, რადგან მიმაჩნია, რომ საქმეში ეს ზედმეტი დამაბრკოლებელი რგოლია.

მეორე ექსპორტ-იმპორტის პროცედურების გამარტივებას შეეხება.

ამ მხრივ, დღესდღეობით ბევრი რამ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მართალია, ჩვენ უკვე ბევრი რამ გავამარტივეთ - მაგალითად, როდესაც ადამიანს მანქანა შემოჰყავდა, ერთი ტერმინალიდან მეორეში, მეორედან მესამეში უწევდა სიარული; ეხლა კი, ერთი ადგილი არსებობს, სადაც მაქსიმუმ 40 წუთში ყველა პროცედურის გავლაა შესაძლებელი.

სხვათა შორის, უმეტეს ქვეყნებში ეს ასე არ არის.

ეს მთელ ბიზნესზე უნდა გავრცელდეს - ექსპორტის გატანა, თუ იმპორტის შემოტანა უკიდურესად მარტივი, გამჭვირვალე და ხანმოკლე პროცედრა უნდა იყოს.

მესამე საკითხი შრომის კოდექსის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

დღევანდელი შრომის კოდექსი სოციალისტურ-კომუნისტურ დონეს შეესაბამება და იქ იმდენი ნორმაა ჩადებული, რომ ლეგალური მუშახელის ყოლის დიდი სურვილიც რომ გქონდეთ, ამ კოდექსის მიხედვით ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

დღეს შრომის ისეთი კოდექსი გვჭირდება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ წყობათან სრულ შესაბამისობაში იქნება - ადვილი უნდა იყოს ხალხის დასაქმება, ადვილი უნდა იყოს მეორე საწარმოს გახსნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს დახურვა, ან სხვაგან გადატანა.

ერთი სიტყვით, მეწარმისთვის საქმის ლეგალურად კეთება ადვილი უნდა იყოს.

ახალ შრომის კოდექსზე მუშაობას ჩვენ ორ კვირაში დავასრულებთ და მსურს, რომ ის თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ.

მინდა, რომ მართლაც დასაქმების კოდექსი მივიღოთ და არა ის ფორმალური ქაღალდი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც არავინ ასრულებს.

ეს ყველამ კარგად ვიცით.

შემდეგი სასამართლო რეფორმაა და სასამართლო პროცედურების უკიდურესი გამარტივების საკითხი.

ერთის მხრივ, ჩვენ კრიმინალს ვებრძვით და ამ საქმეში უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ.

ამ თვალსაზრისით, მეწარმეებთან თანამშრომლობა უნდა ავაწყოთ.

სხვათა შორის, საქართველოს რამდენიმე რაიონი შევისწავლეთ, სადაც ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა არ ვითარდება.

ეს ხდება არა იმიტომ, რომ იმ რაიონებში უნიჭო ხალხია, არამედ იმიტომ, რომ იქ კრიმინალები კიდევ არიან.

საქართველოში, პრაქტიკულად აღარ ხდება ადამიანთა გატაცების ფაქტები, ჩვენს ქვეყანაში აღარ არიან ორგანიზებული ავტორიტეტები, აქ არც ერთი ღიად მოქმედი კრიმინალური ბანდა აღარ არსებობს.

მაშინ, როდესაც ახალ საპატიმრო ადგილებს შევქმნით, პატიმრები მობილური ტელეფონებით ვეღარ ისარგებლებენ და ვერავის დაატერორებენ, რადგან ამ კავშირის საშუალებების ჩახშობას ვაპირებთ.

მაგალითად, ვატო ყიფიანი ვეღარ შეძლებს ზოგიერთი ბიზნესისა და პარლამენტის ზოგიერთი წევრის აზრების ციხიდან მართვას - ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ჩვენ კრიმინალების განეიტრალებას შევძლებთ, მაგრამ სასამართლოს გარეშე ბიზნესის დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სასამართლო არც პოლიციაა და არც პროკურატურა - ეს ცალკე სამყაროა.

ჩვენ გვსურს, რომ უსაშველო სასამართლო დავები აღარ არსებობდეს.

თუ ვინმე გიჩივლებთ, სასამართლო პროცესი 4 წელი არ უნდა გრძელდებოდეს, არ უნდა იყოს საჭირო, რომ 50 სხვადასხვა ინსტანციას მიმართოთ და საქმე გაჭიანურდეს.

ყველა სასამართლო პროცედურა მაქსიმუმ 5 თვეში უნდა დასრულდეს.

კანონის ენაც მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ.

ჩვენი ზოგიერთი კანონი ისეა დაწერილი, რომ ყველას, მათ შორის სასამართლოს, სხვადასხვაგვარად გაგება შეუძლია.

ჩვენ ყველა კანონი ისე უნდა დავწეროთ, რომ სასამართლომ მისი ინტერპრეტაცია ვერ მოახერხოს და თუ შემდეგ ამას მაინც გააკეთებს, დისციპლინარული კოლეგიის გავლენის ქვეშ მოხვდება.

ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, თქვენი დახმარება და რჩევა გვჭირდება.

სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მას კანონპროექტთა ახალი პაკეტის ნაწილად მივიჩნევ.

ყოველივე ამის შემდეგ, აუცილებელია საბანკო სისტემის გამარტივება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რომან გოცირიძესთან კონსულტაციები უკვე გვქონდა.

მართლაც მთელი რიგი პროცედურები უნდა გავამარტივოთ.

წინა წლებში, საქართველომ საკუთარ თავზე გაუაზრებლად ისეთი ვალდებულებები აიღო, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო.

ევროკავშირის ყველაზე განვითარებულმა წევრებმა, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდნენ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები რეალურად იყვნენ, სანამ 2-3 მილიარდიანი სუბსიდიები არ მიიღეს (ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კვიპროსს ვგულისხმობ), საკუთარი ცხოვრება ასე არ გაურთულებიათ.

ჩვენ კი, საბანკო პროცედურები, გაურკვეველი მოსაზრებებებით, რატომ გავირთულეთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი არ მივიღეთ და რატომ გააკეთა ეს წინა მთავრობამ, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

საბანკო პროცედურების მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ვაპირებთ; ასევე უცხოურ ბანკებს საქართველოში მუშაობისთვის მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ.

ჩვენ, თითქმის, ყველა მიმართულებით ნაკლები რეგულაცია გვჭირდება.

სახელმწიფოს ამ საკითხშიც ძალიან მარტივი, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ჩარევის საშუალება უნდა ჰქონდეს.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია იმისათვის, რომ საქართველოში მეტი კაპიტალი მოვიზიდოთ.

ჩვენ ლიცენზიების შემცირებას და, ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურ ლიბერალიზაციას გავაგრძელებთ.

მსოფლიო ბანკს ტყუილად არ უთქვამს, რომ მსოფლიოში, რეფორმების ტემპის მხრივ, საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, იმდენი წელი დავკარგეთ უაზროდ, რომ, ამ მხრივ, პირველ ადგილზეც უნდა ვიყოთ.

ამ ჭაობიდან ამოსასვლელად ბევრად უფრო მეტი რადიკალიზმი უნდა გამოვავლინოთ - ფაქტობრივად, საკუთარი სხეულის ამოყვანა, ჩვენივე თმებით გვიწევს.

ჩვენი დამხმარე არავინ იქნება, თუ ჩვენ, თქვენ საკუთარ თავს ამ პრობლემების დაძლევაში არ დავეხმარებით.

ბოლოს მსურს გითხრათ, რომ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას გავაგრძელებთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრივ მაღალი ნდობა გვაქვს.

როგორც მთავრობას ნდობა გვაქვს და ამას ბოლო არჩევნები მოწმობს, როდესაც ხუთივე რაიონში უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოიგეს, თანაც ისე, რომ ოპოზიციამაც, პირველად საქართველო ისტორიაში, ვერაფერი თქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ვამბობდით, რომ არჩევნები ყალბდებოდა, ეს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ხდებოდა.

ამ არჩევნებზე წინასწარ ატყდა აჟიოტაჟი, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა წააგეს, ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ან არაფერი თქვა, რაც ასევე დიდი მიღწევაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, საზოგადოების განწყობა სტაბილურია და მას სურს, რომ ეს კურსი გაგრძელდეს, მეორეს მხრივ კი, მთავარი მიღწევაა ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობა გაიზარდა.

ეს პარტიების, პიროვნებათა, ან პრეზიდენტის პოპულარობაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ვინც რა არ უნდა თქვას, ბოლო გამოკითხვების შედეგები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების პოპულარობა მაღალია.

პოლიციას ჩვენი საზოგადოების 5 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი, ამ მაჩვენებელმა 90 პროცენტს გადააჭარბა.

ეს უკვე შეუქცევადი პროცესია.

შესაძლოა ხვალ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიმე ჩვენგანმა ისეთი რამ გააკეთოს, რაც საზოგადოებას არ მოეწონოება და სხვისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ ინსტიტუტი დარჩება, რადგან 90-პროცენტიანი ნდობის მქონე პოლიცია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საგადასახადო სისტემას ნაკლები ნდობა აქვს, მაგრამ ნელ-ნელა, პარტნიორობის პირობებში, ჩვენ ისეთი საგადასახადო მოდელის შექმნას ვაპირებთ, რომ ამ სისტემასაც ანალოგიური მაჩვენებელი ექნება.

მათალია, შეიძლება საგადასახადოს მიმართ სიყვარული არ ჰქონდეთ (მე არ ვიცი ნორმალური მეწარმე და ბიზნესმენი, რომელსაც ეს სტრუქტურა უყვარს), მაგრამ გარკვეული ნდობის მოდელი შემუშავდება და მომავალშიც განვითარდება.

რევოლუციის ორი წლის თავზე ჩვენთვის ეს მთავარი მიღწევაა და ამით ვამაყობ.

ორი წლის წინათ ჩვენ სახელმწიფო არ ვიყავით, მაგრამ გავხდით.

თანაც ისეთი სახელმწიფო გავხდით, რომელმაც ორი წლის განმავლობაში იმას მიაღწია, რის მისაღწევადაც ჰოლანდიასა და გერმანიას ომის შემდეგ 10-15 წელიწადი დასჭირდა.

როგორც აღმოჩნდა, ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ქართველებს ორგანიზება, ერთმანეთის გატანა, მოთმენა და გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა არ შეუძლიათ, სრული სისულელე იყო და ეს იმ ხალხის მიერ იყო მოგონილი, რომელსაც თავად არ ჰქონდა არაფრის გაკეთების უნარი.

აღმოჩნდა, რომ ქართველები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საღად მოაზროვნე, საქმე-საქმეზე რომ მიდგება ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ხალხია.

ნახეთ მთელი რიგი უწყებების წარმომადგენლები და თუნდაც თქვენს ბიზნესში როგორ მუშაობენ ადამიანები.

ესე იგი, შეგვძლებია მუშაობაც და ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაც.

ორ წელიწადში, პრაქტიკულად არაფრისგან რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და ძალზე კარგად ამუშავდა.

აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაც შეგვძლებია და ნახეთ ერთ-ორ წელიწადში როგორი იქნება საქართველოს ქალაქები, თბილისის მეთაურობით.

როგორც, ოდესღაც, ისევ ვიტყვით, რომ ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ეს ასეც იყო, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს დაგვავიწყდა.

ერთი სიტყვით, პერსპექტივა კარგი გვაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ურთიერთგაგება გვჭირდება.

არ დაგპირდებით, რომ ვინმეს პრივილეგიას მივანიჭებ - ეს გამორიცხულია და სისულელეა, მაგრამ ყველასთვის რომ ვიბრძოლებ, რათა არავის უფლება არ შეილახოს და უსამართლოდ არავინ დაიჩაგროს, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ.

ერთ საკითხსაც უნდა შევეხო.

ბევრი ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ წილში არავის ვუჯდებით, მაგრამ მაინც მინდა ერთ ინიციატივას დავუჭირო მხარი:

აქ მყოფთაგან ბევრი სახელგანთქმულია ფილანტროპიით და, სხვათა შორის, ეს თეატრიც სწორედ ამის შედეგია.

იმის თქმა მსურს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ კატეგორიის ხალხისთვის უფასო სასადილოები უნდა შევქმნათ.

მე მივესალმებოდი, თუ თქვენ ამ საქმეში მიიღებდით მონაწილეობას.

სახელმწიფო უკვე ზრუნავს მსგავსი ობიექტების გახსნაზე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იქნება, როდესაც სახლში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სავახშმოდ დავსხდებით, თუ იმის განცდაც დაგვეუფლება, რომ ამ საღამოს საქართველოში არავის შია.

ეს სრულიად შესაძლებელია.

მე, რა თქმა უნდა, ამის გალეთებას არ გავალდებულებთ და ამით არც რაიმე პრივილეგია მოგენიჭებათ, თუმცა ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უკიდურესად თბილი იქნება.

ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობის გამოხატვა იქნება, ზოგიერთი თქვენგანი ამ საქმეში უკვე ჩაერთო და ამას ყოველმხრივ მივესალმები.

მსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ, ჩვენ კიდევ გვექნება არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ: ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რათა ამ გზიდან გადახვევის სურვილი არავის გაგვიჩნდეს.

ეს გზა წარმატებულ, მისაბაძ და სანიმუშო საქართველომდე აუცილებლად მიგვიყვანს, რაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მთავარი და სანუკვარი მიზანია.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)