Google+

სიახლეები

22.11.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ფორუმი ”ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია” გახსნა

მოგესალმებით!

მინდა განსაკუთრებული აღტაცება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის სტუმრების მიმართ და აღვნიშნო, რომ მათი სტუმრობა პირადად ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.

დღესვე ჩვენ რამდენიმე პრეზიდენტის ჩამოსვლას ველოდებით.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული, დემოკრატიისათვის მებრძოლი ადამიანების აქ ყოფნა, ჩვენთვის განსკუთრებული პატივია.

განსაკუთრებული პატივია დიდი ევროპელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოაზროვნის ანდრე გლუკსმანის საქართველოში ჩამოსვლა.

მე ბავშვობიდან მისი წიგნებისა და სტატიების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

16 წლის ასაკში, შესაძლოა ბევრი არ მესმოდა, თანაც მაშინ ამ წიგნების კითხვა საკმაოდ საშიში იყო.

მე განსაკუთრებულად ვაფასებ მის ნოვატორულ აზროვნებას და უნდა აღვნიშნო, რომ ის დღემდე ევროპის ერთ-ერთ დიდ მოაზროვნედ რჩება.

დიდი პატივია ნათან შარანსკის აქ ყოფნა.

იგი თავისუფლებისათვის ბრძოლის უმაღლეს იდეალს განასახიერებდა.

ის არის ადამიანი, რომელიც 1970-80-იან წლებში ანტისაბჭოთა წინაამღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

ეს არის ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც არავის არაფრის სჯეროდა.

ყველაზე დამაბნეველი იყო იმ ადამიანის გამოჩენა, რომელსაც გარკვეული იდეალები ჰქონდა, ეს იდეალები კი, იმის საწინააღმდეგო იყო, რასაც საბჭოთა რეჟიმი ქადაგებდა.

მე მისი წიგნების ერთგული მკითხველი ვარ.

მისი წიგნი დემოკრატიის შესახებ კლასიკური ახსნაა იმისა, თუ რა უპირატესობები აქვს დემოკრატიას ყველა სხვა რეჟიმთან შედარებით.

ჩერჩილმა ერთხელ ორაზროვნად თქვა: დემოკრატია არის ყველაზე უკეთესი ყველა უარეს სისტემათა შორის.

შარანსკიმ თავის წიგნში დაასაბუთა, რომ დემოკრატია ყველაზე უკეთესი და კარგი სისტემაა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.

ამ ორი პიროვნების ჩამოსვლა და ასევე ყველა თქვენთაგანის აქ ყოფნა, ნათელი დასტურია იმისა, თუ რას ნიშნავს ვარდების რევოლუცია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მე არ დავიწყებ დღეს საუბარს ვარდების რევოლუციისა და მისი შემდგომი ეტაპის შედეგებზე.

ამის შესახებ თავის გამოსვლაში აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკკეინმა დეტალურად ისაუბრა.

ეს იყო არა მხოლოდ მეგობრის, არამედ საქართველოს ყველაზე მიუკერძოებელი შემფასებლის სიტყვები.

ეს იყო ის სენატორი, რომელმაც შევარდნაძისდროინდელი რეჟიმის კორუმპირებულობაზე და უკანონო ქმედებებზე პირველმა აიმაღლა ხმა.

ეს ის სენატორია, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბევრ უცხოელ დამკვირვებელთან კონფლიქტში შევიდა.

სენატორმა მაკკეინმა აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა და ამ ადამიანებს სიმართლე უთხრა.

ხშირად ამბობენ, რომ რევოლუციის წინა პერიოდში უცხოეთი მხარს გვიჭერდა - ეს სრულ სიმართლეს არ შეესაბამება.

უცხოეთში ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს საშიში იყო და ძალადობის საფრთხეს შეიცავდა.

მე კარგად მახსოვს, რომ თბილისში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც წუთი-წუთზე ელოდნენ ძალადობის, სროლისა და სისხლისღვრის დაწყებას.

უკარაინაში ბევრი დიდი ქვეყნის ტელეკომპანია არ ჩავიდა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ იქ არაფერი საინტერესო არ მოხდებოდა - არჩევნები გაყალბდებოდა, მაგრამ არავინ გაისროდა და ყველა დაიშლებოდა.

მე თვითონ ვიმუშავე იმაზე, რომ უკრაინაში ჟურნალისტები ჩასულიყვნენ და პირველი, ვინც იქ ჩავიდა, ქართველი ჟურნალისტები იყვნენ.

იქაც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც საქართველოში.

მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ პირველი საბჭოთა ქვეყანა, სადაც ძველი პოლიტიკური კლასის არც ერთი წარმომადგენელი არ დარჩა და სადაც პოლიტიკური ელიტა მთლიანად გამოიცვალა.

ამაში დიდი როლი ზურაბ ჟვანიას ფაქტორმა და მისმა პიროვნებამ შეასრულა.

ის მსოფლიოს ყველა კუთხეში გვაგროვებდა, ისე, როგორც ამას შემდგომ ჩვენ ვაკეთებდით.

შედეგად, ქვეყნის სათავეში სრულიად სხვა ხალხი მოვიდა.

მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას მართავენ.

ქვეყნის სათავეში ჩვენი მოსვლისას სტერეოტიპები შეიქმნა იმის თაობაზე, რომ ჩვენ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, რომელიც ურთიერთობას დიდხანს ვერ შეძლებდა, დაიშლებოდა და ერთმანეთს გადაეკიდებოდა.

ამას ამბობდა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატთა უმრავლესობა.

ამას წერდა უცხოური და ჩვენი გაზეთების უმრავლესობაც.

გავიდა ორი წელი და არავინ არსად წასულა.

ყველა, ვინც ლიდერი იყო, ადგილზეა და ჩვენ, როგორც არასდროს, ერთიანები ვართ.

მეორე სტერეოტიპი იყო ის, რომ ეს გამოუცდელი ხელისუფლებაა, რომელსაც ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით წარმოდგენა არა აქვს.

პირველი თვეებიდან რაც გაკეთდა, ეს მწყობრი, გამართული გეგმის ნაწილი იყო.

ეს იყო ხელფასებისათვის ფულის მოპოვება, გადასახადების აკრეფის ზრდა, ამაზე დაფუძნებით, მთელი ბიუროკრატიის რეფორმირება, ამის პარალელურად, ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება, როგორც ეკონომიკური განვითარების საფუძველი, შემდეგ კი, ქვეყნის ინსტიტუციონალიზაცია.

ქვეყნის სათავეში რეფორმატორთა ჯგუფი მოვიდა, რომელმაც დამარცხებულ და წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით, გამოცდილება 1995 წლიდან დააგროვა.

მესამე სტერეოტიპი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ პოპულისტები, რომლებიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდნენ.

ქვეყანაში ეს შეხედულება მარტივად გაქრა.

მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

ენერგოსექტორის რეფორმირებისას წლის დამდეგს ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 7 პროცენტს ვაგროვებდით.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც თანხას არ გადაიხდიდა, ელექტროენერგიას ვერ მიიღებდა და ეს უკიდურესად არაპოპულარული განცხადება იყო.

სექტემბერში ტყიბულში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონია, საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ დეპუტატთა არჩევნები გვქონდა.

ამ პერიოდში ტყიბულს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რადგან მოსახლეობა დენის გადასახადს ვერ იხდიდა.

ხალხს იქ მართლაც ძალიან უჭირს, უმუშევრობის დონე მაღალია და ქალაქში, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

ჩვენი დეპუტატობის კანდიდატს კი ყველა პირობას უყენებდა: თუ დენს ჩართავთ, ხმას მოგცემთ, თუ არა და ოპოზიციას დავუჭერთ მხარსო.

ოპოზიცია უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.

არ დაგიმალავთ, რომ ამ საკითხს განვიხილავდით და, რაღაც მომენტში, მართლაც გადავწყვიტეთ, ელექტროენერგია რამდენიმე დღით მაინც ჩაგვერთო (ამ ხერხს ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობები მიმართავენ-ხოლმე).

თუმცა, არჩევნების წაგების ფასადაც კი, ეს ნაბიჯი არ გადავდგით და ჩვენმა კანდიდატმა, დენის არ ჩართვის პირობებში, ხმათა 87 პროცენტი დააგროვა.

მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ერთ-ერთი ყველაზე "ავი" მომხრე იყო იმისა, რომ ყველა შემთხვევაში დაგვეცვა წესები და არჩეული გზიდან არ გადაგვეხვია.

აგვისტოში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ესტუმრა და ბორჯომის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამთო კურორტზე, ბაკურიანში უნდა ავსულიყავით.

გზად, წაღვერში, სადაც ზოგადად ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, იმ დროს გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგია გათიშული იყო.

ელექტროენერგიის მოთხოვნით, მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა.

ამ ფაქტს კი, მსოფლიოს რამდენიმე ტელეკომპანია გააშუქებდა და ყველას უჩვენებდა როგორი "პოპულარულია" საქართველოს მთავრობა.

ჩვენ ამ მუქარის შიშითაც არ ჩავრთეთ დენი მანამ, სანამ ხალხმა დახარჯული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა; არც გზა გადაუკეტია ვინმეს, ბაკურიანიც დავათვალიერეთ და კმაყოფილიც დავრჩით.

ამ თვის ბოლოს დენის საფასაურის აკრეფის მაჩვენებელი უკვე 80 პროცენტს აღწევს - ე.ი. 7 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გავზარდეთ.

ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო ბრძენი, უფრო ორგანიზებული და გონებაგახსნილია, ვიდრე ეს ე.წ. პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილს წარმოედგინა.

ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა პოლიციის მიმართ.

საქართველოში წელიწადნახევრის წინათ პოლიციის ნდობის რეიტინგი 5 პროცენტს შეადგენდა, დღეს პოლიციის ნდობის რეიტინგი კი, ამერიკელების გამოკითხვების მიხედვით, 75 პროცენტს აღემატება.

ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში, შვეციასა და ნორვეგიაში თუ არის და მსგავსი არც იტალიაში ყოფილა, არც საფრანგეთსა და გერმანიაში.

რა შეიძლება იყოს ინსტიტუციონალიზმის ამაზე მეტი გამოვლინება?

ჩვენ ახალი საპროცესო კოდექსი შემოვიღეთ და ვთქვით, რომ მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს პოლიციასთან.

საქართველოში იყო შექმნილი სტერეოტიპი, რომ აქ ხალხს აწამებენ, მაგრამ დღეს უკვე არსებობს "ამნესტ ინტერნეშენალისა" და "ჰუმან რაითს ვოჩის"-ის გამოკვლევები, რომლებშიც ნათქვამია, რომ საქართველოში წამების არც ერთი ფაქტი აღარ ფიქსირდება.

ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ იხუმრა კიდეც, რომ "ამნესტ ინტერნეშენალის" ბოლო მოხსენება შეგვიძლია წითელ წიგნში შევიტანოთ, რადგან ამ ორგანიზაციას მსგავსი დადებითი გამოხმაურება არც ერთი ქვეყნის მიმართ არ ჰქონიაო.

ჩვენ აღარ ვცემთ ხალხს, მაგრამ დანაშაულის გასახსნელად საზოგადოების მხრივ თანამშროლობას ვითხოვთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება პოლიციას ინფორმაციით არ უზრუნველყოფს, დამნაშავეები თავისუფლად ივლიან.

პოლიტიკური კლასის უმეტესმა ნაწილმა სწორედ ამ ტერმინით "იყვირა", რომ ეს "ჩაშვების" დაკანონება იყო.

ამას ე.წ. სერიოზული პოლიტიკოსები და ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტის ტრიბუნიდან, გაზეთებით, პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ამბობდნენ.

ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ამბობდა, რომ "მთავრობამ დააკანონა ჩაშვება", ეს სიტყვები გუშინწინ პირადად მოვისმინე.

თუმცა ჩვენმა ხალხმა ეს გამონათქვამები არაფრად ჩააგდო.

მათ იციან, რომ ეს "ჩაშვება" კი არა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან თანამშრომლობაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას იმაზეც ვიღებთ, რომ ჩვენს სამეზობლოში არ იყვნენ ნარკოტიკებით მოვაჭრეები, კრიმინალები, რომლებმაც შესაძლოა ხვალ შვილი მოგვიკლან, დაგვისახიჩრონ, ან უკეთეს შემთხვევაში სცემონ.

საზოგადოება ბევრად უფრო მომზადებული, გონებაგახსნილი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი საჯარო პირი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს და მსჯელობს.

ამიტომ დღეს მადლიერება უნდა გამოვხატოთ და პატივი მივაგოთ არა ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს.

თუმცა აქ იმყოფება რევოლუციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერები, რომლებმაც დასახული მიზნის მისაღწევად, თავი გადადეს და, ფაქტობრივად, გაწირეს კიდეც.

ჩვენი აღტაცებაც, სწორედ, ხალხის მიმართ უნდა გამოვხატოთ, რადგან მან აჩვენა, რომ ბევრად უფრო მომზადებული, ორგანიზებული და ბევრად უფრო გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მნიშვნელობა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

უდაოა, რომ მოლოდინი ძალიან დიდი იყო.

ყველაზე დიდი წყევლა, რაც შეიძლება საქართველოს ხელისუფალისთვის ყოფილიყო, არჩევნებში ხმათა 96 პროცენტის მიღება იყო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ იმედის გაცრუება უსაზღვრო რაოდენობის ადამიანისთვის შეგეძლო.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული კვლევების შედეგად ორი წლისთავზე ხელისუფლების რეიტინგი 75 პროცენტზე მეტია.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მომთმენი და ბრძენი აღმოჩნდა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წინ დიდი გამოწვევები გვექნება, მაგრამ საქართველოში, მთავარი რამ, კულტურული რევოლუცია ხორციელდება.

საქართველოში ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენ პროცენტს შეაგროვებენ გამოკითხვების მიხედვით ესა თუ ის ლიდერები, მთავარია ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი უპრეცენდენტოდ გაიზარდა; მთავარია ის, რომ ჩვენ ნდობა მივიღეთ განათლების, სამართალდამცავ, საგადასახადო სისტემებში და ეს ჩვენი მთავარი კაპიტალია.

ლიდერების მიმართ ნდობა იწევს და იკლებს, ლიდერები, მინისტრები, მთავრობები შეიცვლებიან, მაგრამ მთავარი, რაც არ უნდა შეიცვალოს არის ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ.

ეს ვარდების რევოლუციის მთავარი გაკვეთილია.

ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მაჩვენებლები მაღალია, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია, მთავარი საფუძველი, რომელსაც ეს თაობა ქმნის არის ინსტიტუტებისადმი ნდობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ, კულტურული რევოლუცია დასრულებული არ არის.

მთავარი გამოწვევაც სწორედ ისაა, რომ თავისუფლების პირობებში საზოგადოების ყველა ფენაში პასუხისმგებლობის შეუქცევადი დამკვიდრება შევძლოთ, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკური სპექტრი, თუ მთლიანად საზოგადოება.

დღესდღეობით ბევრი ცნენის გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებრიობამ საკუთარი საზოგადოების საკუთრება თავის ხელში აიღო.

შემთხვევითი არ არის, რომ ყველას უყვარს ქართული დროშა.

ორი წლის წინათ, ქვეყნის დროშა სახლში არავის არ ჰქონდა და ქართველებმა ეს კარგად იციან.

დღეს კი არ არის ოჯახი, განსაკუთრებით რეგიონებში, ვის სახლშიც საქართველოს დროშა არ ინახება და ასეთი ოჯახი თბილისშიც ბევრია.

ამ დროშას სხვადასხვა დღესასწაულის დროს ხალხი თავად ფენს, რაც კომუნისტების პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული მოვლენაა.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა საქართველოს დროშა საგანგებოდ მოჰქონდათ-ხოლმე, რათა აივნიდან გადმოგვეფინა.

დღეს ამის თქმა არავის სჭირდება, ხალხი თავად აკეთებს ამას.

დღეს საქართველოში, ეროვნების მიუხედავად, არც ერთი ბავშვი არ არის, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ იცის.

ორი წლის წინათ საქართველოს ჰიმნის სიტყვები არავინ იცოდა, ჩემი, როგორც მინისტრისა და ოპოზიციონერის, ნებისმიერი თქვენგანისა და წინამორბედი პრეზიდენტის ჩათვლით.

ეს მხოლოდ სიმპტომებია და იმის გამოხატულება, თუ რა შეიცვალა.

ადამიანები გრძნობენ, რომ ეს მათი ქვეყანაა და დღეს თბილისის ყველა უბანში, კორპუსებში ამხანაგობები იქმნება, რომლებიც ბიუჯეტიდან ფულს ითხოვენ, რათა თავად შეაკეთონ გზები, გააკეთონ მოედნები.

ისინი ამბობენ, რომ მათ უკეთ იციან რისთვის უნდა დაიხარჯოს ფული და ისინი ამ ფულს მიიღებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)