Google+

სიახლეები

31.12.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადო მოღვაწეები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის!

ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

დღეს პატივი მაქვს საზოგადო მოღვაწეებს სახელმწიფო ჯილდოები გადავცე.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალზე იშვიათად ვიძლევით ჯილდოებს, რადგან მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ამ ჯილდოს განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდებოდეს და პატივს სცემდეს.

მედლებისა და ორდენების ხელსახოცებივით დარიგება უმწეო და უნიჭო სახელმწიფოს ფუნქციაა.

დღეს დაჯილდოებულების რაოდენობა რამდენჯერმე უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს, მაგრამ მაგრამ მათ შორის ყველაზე ღირსეულის ამორჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მეორეს მხრივ, თქვენ მართლაც განსაკუთრებული ხალხი ხართ და ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად ნიჭიერია ქართული საზოგადოება და რამდენად საინტერესო მოღვაწეები არიან საქართველოში.

ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი წელი იყო.

2005 წელს საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები მოხდა.

წელს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, თუმცა ამას წინ დიდი სამუშაო უძღოდა და კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს.

იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ ქართველებმა მოვლენების სათანადოდ შეფასება არ ვიცით.

პრეზიდენტ ბუშის საქართველოში ვიზიტი უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რადგანაც ამ ვიზიტისას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ქართველმა ერმა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი შექმნა, ქართველებმა შექმნეს ის, რამაც გათავისუფლების ტალღა ევროპის დარჩენილ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში ააგორა.

პირადად მე, არ მახსოვს ამერიკის მე-20 საუკუნის არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც რომელიმე სხვა ერის მიმართ ასე "დაერიგებინოს" ქათინაურები.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი საერთო მუშაობის შედეგია.

წელს პირველი პრეცენდენტი იყო, როდესაც აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწყობის გარეშე მოხვდნენ.

უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი ნაციონალური "სპორტი" ჩაწყობა, კორუფცია და მექრთამეობა იყო.

ეს ჩვენს ისტორიის ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო, რითაც საქართველო გამოირჩეოდა.

წელს მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ, თურმე, სხვაგვარადაც შეიძლება ცხოვრება.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, წლევანდელი წელი პირველია, როდესაც საქართველოს რეგიონებში ოქტომბრიდან დენი არ გათიშულა და ელექტროენერგია ყველას აქვს.

ეს დიდი ფსიქოლოგიური რევოლუციაა.

მთელი თაობა სანთლის შუქზე გაიზარდა.

მაგალითად, პროცენტულად, ონიდან ყველაზე მეტი აბიტურიენტი მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში და ამ ხალხს, სწორედ, სანთლის შუქზე უწევდა სწავლა, რადგან იქ დენი ბოლო 13 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

წელს პირველი ზამთარია, როდესაც ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან ადამიანს დავიწყება სჩვევია - როცა შუქია, სიბნელე აღარ ახსოვთ, როდესაც მახინჯი შენობის ნაცვლად ლამაზი შენდება, ძველი ავიწყდებათ, ხოლო ახალ გზებზე სიარულისას, არ ახსოვთ, რომ იქ ადრე ორმოები იყო.

თუ ჩვენ კარგის დაფასებას არ ვისწავლით, რა თქმა უნდა ჩვენი შემდგომი წინსვლა საკმაოდ გართულდება.

წელს საქართველოში აღმშენებლობა დაიწყო, რაც მომავალ წელს დიდ აღმშენებლობაში გადაიზრდება.

მომავალ წელს ავტოსტრადების, ათეულობით ახალი ტურისტული ობიექტისა და სასტუმროების მშენებლობას ვიწყებთ, დიდი საწარმოების ამუშავებასა და ახალი საწარმოების შექმნას.

ერთი სიტყვით, საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება.

ეს კი ძალიან ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა.

ვამაყობ იმით, რომ წელს პირველი წელია, როდესაც ქართულმა კინომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია მთელ მსოფლიოში.

თუმცა ქართველი რეჟისორები ყოველთვის იყვნენ განთქმული და ზოგი მათგანი ამ დარბაზშიც იმყოფება.

წელს დავიწყეთ არა მარტო ინფრასტრუქტურის, არამედ ჩვენი ქალაქების გარეგნული იერსახის გაუმჯობესება და მაქვს ამბიცია, რომ თბილისი მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს.

ასევე მაქვს ამბიცია, რომ შავი ზღვისპირეთში (ეს არის უზარმაზარი ზოლი - დაწყებული ბულგარეთიდან დამთავრებული თურქეთის სანაპირომდე) ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს.

გაძლევთ პირობას, რომ ერთ-ორ წელიწადში ეს ასეც იქნება.

საქართველო ყველას ჩამოწერილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ვცოცხლობთ და შეგვიძლია ყველაზე კარგები ვიყოთ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში თქვენ შეგაქვთ წვლილი.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არის საზოგადოება, თუმცა საზოგადოებრივი დებატები ძალზე ცხრეა და ზოგჯერ პრობლემურიც.

ჩვენთან ყველაფრის შესახებ შეიძლება აზრის გამოთქმა, ნებისმიერი ტელეარხითა თუ სხვა საშუალებებით შესაძლებელია ნებისმიერი აზრის გამოთქმა და კრიტიკა.

ეს დემოკრატიული საზოგადოების ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ მეორე მთავარი ატრიბუტი, რაც დემოკრატიას უნდა ახლდეს, არის პასუხისმგებლობა.

ერთია, როდესაც ყველაფრის ლაპარაკი შეგიძლია, ხოლო მეორეა, გესმოდეს, რომ შენს წინ ქართული საზოგადოება დგას და მისი მომავალი შენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიტყვა და კალამი გიჭრის და საზოგადოება ინტერესით გიყურებს.

ჩვენი ქვეყანა სამ ნაწილადაა დაყოფილი.

ამ ქვეყნის გაერთიანება კი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს კულტურის მოღვაწე, გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს.

ამ ადამიანს, შესაძლოა, ძალიან კარგად იცნობდეთ და ყოველ დღე ხვდებოდეთ მას.

ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საქართველოს კანონის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება.

ჩემთვის გაუგებარი მოტივაციით, ოპოზიციამ ამ კანონს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც უნდა ამოიღოს ხმა.

ეს ხელისუფლების ერთი ჯგუფის თემა არ არის, რადგან კულტურის მეორე მოღვაწე ტელევიზიით აცხადებს, რომ ხელისუფლებამ "ჩაშვების" ინსტიტუტი შექმნა და ეს არის ცუდი.

ეს ფრაზა ჩემთვის ძალზე პატივსაცემმა მსახიობმა თქვა.

როდესაც ამ ადამიანს ქუჩაში ცოლს გაუძარცვავენ, სადარბაზოში ქალიშვილს გაუუპატიურებენ და ვაჟიშვილი ნარკომანიით დაეღუპება, მერე ვნახავ თუ არ ითანამშრომლებს პოლიციასთან იმ უბედურების წინააღმდეგ, რომელიც ამას ავრცელებს.

ამის თქმა მას კარგი კაცობა ჰგონია, ხოლო პოლიციასთან თანამშრომლობა "ჩაშვება" და ცუდი ტონი.

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ არის უნივერსალური ფასეულობები და უნივერსალური წესები, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, კამათი ნორმალურია, საქართველოსთვის ყველაზე ცხარე კამათია დამახასიათებელი - ჩვენი ტემპერამენტით ვერც ნორვეგია ვიქნებით და ვერც შვეცია.

ჩვენ ასეთი ხასიათი გვაქვს - უნდა ვიხმაუროთ, ვიჩხუბოთ, ზოგჯერ ერთმანეთი გავლანძღოთ კიდეც, მაგრამ მინდა, რომ ქვეყანაში იყოს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება და პასუხისმგებლობის მქონე, კონსტრუქციული ოპოზიცია.

ისეთი ოპოზიცია არ გვჭირდება, რომელიც ხელისუფლებას ყველაფერში დაეთანხმება - ეს კონსტრუქციულობის ტოტალიტარული გაგებაა.

მაგალიტად, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ოპოზიციამ უნდა გვითხრას, რომ ის ნახევრად ცარიელია.

უნდა იყოს დისკუსია, შეთანხმება, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ ჭიქა სრულიად ცარიელია, ან საერთოდ არ არსებობს, კამათი ძალზე რთულია, რადგან კამათს თავისი ჩარჩოები აქვს.

ყოველივე ამის შემდეგ იწყება კონფრონტაცია, რაც საზოგადოების წინსვლას, რა თქმა უნდა, არ წაადგება.

ყოველივე ამაზე ტკივილით ვსაუბრობ, მაგრამ მთლიანობაში ქართული საზოგადოება ძალიან მაღალი დონისაა და ძალიან ძლიერია.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ძირითადად ნეგატიურ პოზიციებს აშუქებენ, ამერიკელების გამოკვლევლევის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების 75 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

ისინი ხედავენ პრობლემებს, მაგრამ მაინც მიიჩნევენ, რომ სწორ გზას ვადგავართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალი კლასისაა.

ჩვენს სოფლებში განათლებული, კულტურული, დახვეწილი ხალხი ცხოვრობს და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ამ ხალხის კულტივირება არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ეს თქვენი შექმნილიცაა.

ჩვენ ყველანი განათლებული საზოგადოება ვიყავით და მეტწილად ვართ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განათლების სისტემაში ბევრმა ცუდმა პროცესმა ჩვენი გავითარების ეს ყველაზე სენსიტიური სფერო ძალზე დააზარალა.

ჰიმნი მთელმა, რომელიც დავით მაღრაძემ დაწერა, მთელმა საქართველომ ზეპირად იცის და მღერის მას - ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს ღირსება.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც საკუთარი დროშა უყვარს; ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელშიც ადამიანებმა გაჭირვების დროს ერთად დგომა იციან; ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია არაკორუმპირებულად მუშაობა.

კომუნისტების შექმნილ ე.წ. ელიტას, ეს ვერ წარმოედგინა.

თუმცა შესაძლებელი ყოფილა არაკორუმპირებული გამოცდები, არაკორუმპირებული პოლიცია, არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, ბიზნესის პატიოსნად კეთება.

ვამაყობ იმით, რომ ჩვენ კულტურული აღორძინება ისევ დავიწყეთ, ჩვენი ფილმები ვახსენე...

დუტა სხირტლაძემ, ოთარ ეგაძემ, გურამ ქართველიშვილმა კი ჩვენი იტორიის ქრონიკები თეატრში დადგეს.

ვინც ეს სპექტაკლი ნახა ყველა მოხიბლულია, რადგან ჩვენს ქვეყანას საკუთარი ისტორია უნდა ვასწავლოთ და ამ ისტორიის სხვაგვარად გააზრება უნდა შევძლოთ.

უნდა დავძლიოთ კომპლექსი, რომ ჩვენზე არაორგანიზებული, საშინელი და უარესი ერი არ არსებობს.

ამას გეუბნებოდა და გვაგონებდა ის ჯგუფი, რომელიც იმ იმპერიამ ხელოვნურად შექმნა.

ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ გვქონოდა და გვგონებოდა, რომ მათ გარეშე დავიღუპებოდით, ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვერ მივაღწევდით.

ჩვენი ყოფილი იმპერიული ხელისუფლება დღეს ნავთობით ვითარდება, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ნავთობის გარეშეც და გაზის ფასის ზრდის პირობებშიც ორჯერ მეტია.

ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, ნახეთ მომავალ წლებში რა მოხდება.

მართალია, ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ შიდა რესურსები ვიპოვეთ, ადამიანური და ორგანიზაციული.

აღმოჩნდა, რომ ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, მათზე ორგანიზებულებიც შეიძლება ვიყოთ, წელგამართულებიც და ძლიერებიც.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ დიდ მადლობას.

დაჯილდოებულ პირთა სია

ღირსების ორდენით დაჯილდოვდა:

გიორგი (გოგი) ოჩიაური - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკდემიის პროფესორი, საქართველოს სახალხო მხატვარი

ნზორ ერქომაიშვილი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "რუსთავი" ხელმძღვანელი

ბაჩანა ბრეგვაძე - მწერალი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის საკრებულოს წევრი

ფრიდონ თოდუა - საქართველოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

იულონ გაგოშიძე - არქეოლოგი, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის საკრებულოს წევრი

გია ჯაფარიძე - მოქანდაკე

გია ბუღაძე - მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი

დავით მაღრაძე - პოეტი, ქართული პენ-ცენტრის პრეზიდენტი

ზურაბ ნიჟარაძე - საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი

გიორგი გაჩეჩილაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ნანა ჯორჯაძე - კინორეჟისორი

რუსუდან ფეტვიაშვილი - მხატვარი, ხელოვნებისა და რელიგიის აკადემიის საპატიო აკადემიკოსი

დავით ნინიძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გენერალური დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გიორგი (გოჩა) ინგოროყვა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კათედრის გამგე

დავით ზურაბაშვილი - მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის დირექტორი

თემურ ჯანჯღავა - ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიული ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი

ანზორ მელია - მედიცინიდ მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკა "გული"-ს დირექტორი

ქეთევან ბეზარაშვილი - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ლევან იმნაიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ლევან თუთბერიძე - კინორეჟისორი

ლევან კორინთელი - კინოპროდიუსერი

ღირსების მედლით დაჯილდოვდა:

ლევან წულაძე - რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეატრ "თეატრალური სარდაფის" დამფუძნებელი

დიმიტრი (დუტა) სხირტლაძე - მსახიობი

გურამ ქართველიშვილი - მწერალი, დრამატურგი

ოთარ ეგაძე - რეჟისორი

გიორგი უშიკიშვილი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, ანსამბლ "ლაშარი"-ს ხელმძღვანელი

ბესიკ წილოსანი - კომპანია "ორიონ ტექნოლოჯის" დამფუძნებელი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)